გადაწყვეტილება №23984/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№23984/2/2024
17 იანვარი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 12.12.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 23.09.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23984/2/2024).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 2.10.2023 წლის №24197 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 17.07.2024 წლის №021-60 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 16.08.2024 წლის №18975 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 406 361,88 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 177 788
დღგ - 136 793
საშემოსავლო გადასახადი - 40 995
ჯარიმა - 101 034
საურავი - 127 539,88
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 14.12.2021 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.04.2018 წლიდან 1.08.2021 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 21.12.2021 წლის №021-193 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 30.05.2022 წლის №13340 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. საბანკო ანგარიშიდან დირექტორის მიერ გატანილი თანხების ხელფასად განხილვის და დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვის განსაზღვრის საკითხებთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მათ შორის საჩივარზე თანდართული მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დღგ-ის ჩასათვლელი თანხის საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 30.05.2022 წლის №13340 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 5.07.2022 წლის დასკვნის საფუძველზე, შემოწმების აქტით დარიცხული თანხა დარჩა უცვლელი, რაზეც გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 2.08.2022 წლის №021- 79 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 9.01.2023 წლის №22 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 2.03.2023 წლის №18798/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 9.01.2023 წლის №22 ბრძანება. საბანკო ანგარიშიდან დირექტორის მიერ გატანილი თანხების ხელფასად განხილვის და დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვის განსაზღვრის საკითხებთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის 30.05.2022 წლის №13340 ბრძანების აღსრულების შესწავლის ნაწილში საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა საბჭოს 2.03.2023 წლის №18798/2/2023 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული საჩივარი და 2.10.2023 წლის №24197 ბრძანებით დააკმაყოფილა ნაწილობრივ, საბანკო ანგარიშიდან დირექტორის მიერ გატანილი თანხების ხელფასად განხილვის და დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვის განსაზღვრის საკითხებთან მიმართებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მათ შორის, საჩივარზე თანდართული მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2.10.2023 წლის №24197 ბრძანების აღსრულების შედეგად გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 28.06.2024 წლის დასკვნის მიხედვით, შემოწმების მიერ გადამხდელის თანამონაწილეობით განხორციელდა სადავო საკითხების შესწავლა/ანალიზი, რის შედეგადაც დაკორექტირდა/შემცირდა დირექტორის მიერ გატანილი თანხების ოდენობა, ვინაიდან შემოწმების პროცესში გადამხდელის თანამონაწილეობა იყო მინიმალური შესაბამისად შემოწმებამ იხელმძღვანელა მის ხელთ არსებული ელექტრონული ბაზების ინფორმაციით, რამაც გამოიწვია მონაცემების დუბლირება. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები საშემოსავლო გადასახადის ნაწილში შემცირდა.
აუდიტის დეპარტამენტის 28.06.2024 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 17.07.2024 წლის №021-60 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 16.08.2024 წლის №18975 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე და 304-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე 2.10.2023 წლის №24197 ბრძანების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით სადავო საკითხების დამატებით შესწავლის შედეგად განხორციელდა შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შემცირება, ხოლო რაც შეეხება დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლების მოთხოვნას, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ სადავო საკითხი გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტისთვის არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანიის საქმიანობის სფეროა სამშენებლო-სარემონტო მომსახურების გაწევა. შესამოწმებელ პერიოდში სამუშაოების დიდი ნაწილი განხორციელებული აქვს სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობის გზით. შემოწმებით დადგენილია, რომ საბანკო ანგარიშიდან გატანილი თანხებით ფაქტობრივად სრულად დაფარულია საქმიანობის პროცესში გაწეული ხარჯები. სახელმწიფო შესყიდვების პრინციპიდან გამომდინარე მუშაობა უწევს ძალიან დაბალი მარჟით. სიტუაცია გაართულა არსებულმა პანდემიურმა ვითარებამ, ვალუტის კურსის ცვლილების შედეგად გამოწვეულმა (არამარტო ამ მიზეზით) მასალების ფასების ზრდამ. შედეგად განხორციელებული პროექტების ძირითადი ნაწილი დასრულდა ფინანსური ზარალით. არათუ პირადად მოიხმარდა ბანკიდან განაღდებულ თანხებს, პირიქით უწევდა თანხების მოძიება, რომ არ დაკისრებოდა ჯარიმა სატენდერო პირობების დარღვევისათვის. შემოწმების შედეგები მიუთითებს, რომ კომპანიის მიერ მოხდა არა გადასახადისაგან თავის არიდება, არამედ კომპანიას არ გააჩნდა სახსრები საგადასახადო ვალდებულებების სრულყოფილად შესასრულებლად, რადგან არსებული თანხები სრულად ხმარდებოდა ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. ითხოვს აღნიშნული გარემოების გათვალისწინებას და საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად გათავისუფლდეს საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დარიცხული ჯარიმისა და საურავისაგან.
საგადასახადო შემოწმების აქტში აღნიშნულია, რომ კომპანიას სრულად არ აქვს დეკლარირებული დღგ. საქმიანობის პროცესში შესრულებული სამუშაოების ძირითად ნაწილზე გამოწერილი აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის გარეშე შეუძლებელია ჩაირიცხოს სატენდერო პირობების მიხედვით შესრულებული სამუშაოების სანაცვლოდ მისაღები თანხა. ერთეული შემთხვევების გარდა ყველა გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურა მიბმულია საგადასახადო დეკლარაციაზე, მოხდენილია დაბეგრილი ავანსების გაქვითვა და დეკლარირებულია შესაბამისი გადასახადი. რიგ შემთხვევებში დამკვეთმა დააკისრა ჯარიმა სამუშაოების არასრულფასოვნად შესრულების მოტივით, რაც შინაარსობრივად წარმოადგენს შესრულებული სამუშაოს ღირებულების კორექტირების საფუძველს. ითხოვს აღნიშნული ჯარიმის თანხების ოდენობით, რაც მკაფიოდ ჩანს შემოწმების მასალებში შეუმცირდეს დღგ-ის ნაწილში დარიცხული თანხების ოდენობა. ამასთან, ზემოაღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად გათავისუფლდეს საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დარიცხული ჯარიმისა და საურავისაგან.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს:
ა) მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა;
ბ) სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
შემოსავლების სამსახურის 2.10.2023 წლის №24197 ბრძანებით, საბანკო ანგარიშიდან დირექტორის მიერ გატანილი თანხების ხელფასად განხილვის და დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვის განსაზღვრის საკითხებთან მიმართებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მათ შორის, საჩივარზე თანდართული მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
აუდიტის დეპარტამენტის 28.06.2024 წლის დასკვნის მიხედვით, შემოწმების მიერ გადამხდელის თანამონაწილეობით განხორციელდა სადავო საკითხების შესწავლა/ანალიზი, რის შედეგადაც დაკორექტირდა/შემცირდა დირექტორის მიერ გატანილი თანხების ოდენობა, ვინაიდან შემოწმების პროცესში გადამხდელის თანამონაწილეობა იყო მინიმალური შესაბამისად შემოწმებამ იხელმძღვანელა მის ხელთ არსებული ელექტრონული ბაზების ინფორმაციით, რამაც გამოიწვია მონაცემების დუბლირება. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები საშემოსავლო გადასახადის ნაწილში შემცირდა.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას შესწავლილი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში გათვალისწინებული იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, შედეგად შემცირებას დაექვემდებარა გადასახადის და სანქციის თანხები.
აღნიშნულიდან გამომდინარე საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 28.06.2024 წლის დასკვნა გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 2.10.2023 წლის №24197 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.
მომჩივნის მოთხოვნაზე, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების თაობაზე, საბჭო მიუთითებს, რომ ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 2.10.2023 წლის №24197 ბრძანების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება აღსრულების შედეგებს.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის 2.10.2023 წლის №24197 ბრძანებით, საბანკო ანგარიშიდან დირექტორის მიერ გატანილი თანხების ხელფასად განხილვის და დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვის განსაზღვრის საკითხებთან მიმართებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მათ შორის, საჩივარზე თანდართული მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). აუდიტის დეპარტამენტის 28.06.2024 წლის დასკვნის მიხედვით, შემოწმების მიერ გადამხდელის თანამონაწილეობით განხორციელდა სადავო საკითხების შესწავლა/ანალიზი, რის შედეგადაც დაკორექტირდა/შემცირდა დირექტორის მიერ გატანილი თანხების ოდენობა, ვინაიდან შემოწმების პროცესში გადამხდელის თანამონაწილეობა იყო მინიმალური შესაბამისად შემოწმებამ იხელმძღვანელა მის ხელთ არსებული ელექტრონული ბაზების ინფორმაციით, რამაც გამოიწვია მონაცემების დუბლირება. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები საშემოსავლო გადასახადის ნაწილში შემცირდა. საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას შესწავლილი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში გათვალისწინებული იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, შედეგად შემცირებას დაექვემდებარა გადასახადის და სანქციის თანხები. აღნიშნულიდან გამომდინარე საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 28.06.2024 წლის დასკვნა გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 2.10.2023 წლის №24197 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიუთითებს, რომ ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 2.10.2023 წლის №24197 ბრძანების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 159; 304(21).
(2021 წლამდე მოქმედი): 160(ა); 161(1„ა“)