გადაწყვეტილება №19338/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19338/2/2023
2.06.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 2.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ----------- 5.04.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19338/2/2023).
დავის საგანი:
ნაღდი ფულის არაგონივრული ნაშთის ოდენობა და მის საფუძველზე განსაზღვრული
საგადასახადო ვალდებულება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 23.12.2022 წლის №002-250 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 17.03.2023 წლის №5175 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 226 734 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 121 202
დღგ - 39 850
მიწის გადასახადი (სასოფლო) - 97
მოგების გადასახადი - (-2)
საშემოსავლო გადასახადი - 81 257
ჯარიმა - 73 212
საურავი - 32 320
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ერთდღიანი წიწილების შეძენა, გაზრდა და რეალიზაცია როგორც აუქნელი, ასევე დაკლულ მდგომარეობაში.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.04.2022 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 21 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
წარდგენილი დოკუმენტების და ბუღალტრული პროგრამის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს გააჩნია როგორც საკასო ხარჯები, ასევე საკასო შემოსავლები. აღნიშნული თანხების მოძრაობა გაანალიზდა შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითებების შესაბამისად (დანართი № 9), შედეგად გონივრულ ნაშთად მიჩნეულ იქნა კალენდარული თვის განმავლობაში გადასახადის გადამხდელის საკასო ხარჯის 10%-ის და ამავე კალენდარული თვის განმავლობაში საკასო შემოსავლის 10%-ის ჯამი, ხოლო ამ ოდენობაზე მეტი თანხა ჩაითვალა არაგონივრულ ნაშთად და დაკვალიფიცირდა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად, რომელიც საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დაიბეგრა მოგების გადასახადით, ხოლო, სესხზე გაანგარიშებული სარგებელი საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი საპროცენტო განაკვეთით, პერიოდების მიხედვით დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით, გადახდის წყაროსთან, საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების თანახმად. გადასახადის გადამხდელს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 23.12.2022 წლის №32641 ბრძანება და №002-250 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 17.03.2023 წლის №5175 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წიწილების დაცემის (დანაკარგის) განსაზღვრის მიზნით იხელმძღვანელოს მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის მიმართ დადგენილი დაცემის (დანაკარგის) ოდენობით (შემოსავლების სამსახურში არსებული ინფორმაციით) და აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 17.03.2023 წლის №5175 ბრძანება, არ დაკმაყოფილებულ სადავო საკითხის ნაწილში, გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-8 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, „საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისთვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველ პუნქტზე, საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, მომჩივნის არგუმენტზე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, აღნიშნავს, რომ დავის წარმოების პროცესში მომჩივანის მიერ არ ყოფილა წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს. შესაბამისად, მიიჩნია, რომ საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
აუდიტის დეპარტამენტს არასწორად აქვს გაანალიზებული მიმდინარე ნაღდი ფულის ოპერაციები და არასწორადაა გამოყენებული შემოსავლების სამსახურის მეთოდური მითითებები, სალაროს გონივრული ნაშთების გამოყვანისას არ არის გათვალისწინებული მეთოდური მითითებების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვით, წინამდებარე მეთოდური მითითება არ გამოიყენება: თუ არაგონივრული ნაშთის გამოვლენიდან შემდგომი 3 თვის განმავლობაში, ნებისმიერ დღეს, სააღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით, სალაროში ნაღდი ფულის ოდენობა მცირდება გონივრული ნაშთის ფარგლებში ან არ აღემატება 1 000 ლარს.
შემოწმების აქტის მიხედვით, აუდიტის დეპარტამენტმა სალაროს ე.წ. „არაგონივრული ნაშთი“ განიხილა ფიზიკურ პირზე გაცემულ სესხად და დაბეგრა მოგების გადასახადით, ვინაიდან თანხები იხარჯებოდა კანონის მიხედვით გადასახადის თანხის დარიცხვა ვერ განახორციელა (კომპანია ახორციელებს ნაღდი ფულის ინკასაციას და შეაქვს საბანკო ანგარიშზე), მაგრამ, საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით დაარიცხა ჯარიმები, ასევე გაცემულ სესხზე გაიანგარიშა სარგებელი 20%-ის ოდენობით, რომელიც შემდგომ განიხილა გაცემულ ხელფასად და დამატებით მოახდინა საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ ეთანხმება ნაღდი ფულის არაგონივრული ნაშთებიდან გამომდინარე, ფიზიკურ პირზე გაცემულ სესხებს, ვინაიდან კომპანიის მიერ გაწეული ხარჯები შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან და უკანონო ხარჯვა არ დაფიქსირებულა. ასევე, არ ეთანხმება სარგებლის 20%-იან განაკვეთს, რომელიც დადგენილია 2011 წელს და ამის შემდგომ გასულია 12 წელი, ხოლო ეკონომიკის განვითარებამ გამოიწვია სესხებზე პროცენტების დაწევა, უკვე ბოლო 5 წელია ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხის საბაზრო პროცენტი შეადგენს 8-11%-ს, რომელსაც აფიქსირებს ეროვნული ბანკი თავის საიტზე, ხოლო, საგადასახადო კოდექსი პირდაპირ მოითხოვს ურთიერთდამოკიდებულ პირებზე საბაზრო ურთიერთობის გავრცელებას, ასე, რომ ფინანსთა მინისტრის ბრძანების საგადასახადო კოდექსზე მაღლა დაყენება წარმოადგენს კანონდარღვევას და შესაბამისად, მოითხოვს საგადასახადო კოდექსის გამოყენებას. დარიცხული საშემოსავლო გადასახადი ექვემდებარება გადაანგარიშებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ სამეურნეო ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისთვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა. ამავე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის სარგებლის ღირებულებად ითვლება დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა.
„საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისთვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი დამტკიცებულია 20 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
დადგენილია, რომ შემოწმებით გადასახადის გადამხდელის საკასო ხარჯები და საკასო შემოსავლები გაანალიზებულ იქნა შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ მეთოდური მითითების შესაბამისად (დანართი № 9). გონივრულ ნაშთად მიჩნეულ იქნა კალენდარული თვის განმავლობაში გადასახადის გადამხდელის საკასო ხარჯის 10%-ის და ამავე კალენდარული თვის განმავლობაში საკასო შემოსავლის 10%-ის ჯამი, ხოლო ამ ოდენობაზე მეტი თანხა ჩაითვალა არაგონივრულ ნაშთად და დაკვალიფიცირდა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად. ასევე სესხზე გაანგარიშებული სარგებელი ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი საპროცენტო განაკვეთით, პერიოდების მიხედვით დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
მომჩივანი აღნიშნავს, რომ შემოწმების მიერ, არასწორადაა გაანალიზებული მიმდინარე ნაღდი ფულის ოპერაციები და გამოყენებული შემოსავლების სამსახურის მეთოდური მითითება, არ ეთანხმება ნაღდი ფულის არაგონივრული ნაშთებიდან გამომდინარე, ფიზიკურ პირზე გაცემულ სესხებს, ვინაიდან გაწეული ხარჯები შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან, ასევე, არ ეთანხმება სარგებლის 20%-იან განაკვეთს, რომელიც დადგენილია 2011 წელს და მის შემდგომ, ეკონომიკის განვითარებამ გამოიწვია სესხებზე პროცენტები დაწევა, ითხოვს დარიცხული საშემოსავლო გადასახადის გადაანგარიშებას.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე აღნიშნა, რომ საკასო ხარჯები და საკასო შემოსავლები გაანალიზდა შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ მეთოდური მითითების შესაბამისად (დანართი № 9). ამდენად, გადასახადის გადამხდელის სალაროს ნაღდი ფულის ნაშთი სრულად გაანგარიშებულია მეთოდური მითითების შესაბამისად.
საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად, ამდენად, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
ნაღდი ფულის არაგონივრული ნაშთის ოდენობა და მის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულება.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ერთდღიანი წიწილების შეძენა, გაზრდა და რეალიზაცია როგორც აუქნელი, ასევე დაკლულ მდგომარეობაში.გადასახადის გადამხდელს გააჩნია როგორც საკასო ხარჯები, ასევე საკასო შემოსავლები.გონივრულ ნაშთად მიჩნეულ იქნა კალენდარული თვის განმავლობაში გადასახადის გადამხდელის საკასო ხარჯის 10%-ის და ამავე კალენდარული თვის განმავლობაში საკასო შემოსავლის 10%-ის ჯამი, ხოლო ამ ოდენობაზე მეტი თანხა ჩაითვალა არაგონივრულ ნაშთად და დაკვალიფიცირდა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად,რომელიც დაიბეგრა მოგების გადასახადით, ხოლო, სესხზე გაანგარიშებული სარგებელი დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 17.03.2023 წლის №5175 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.შემოსავლების სამსახურის 17.03.2023 წლის №5175 ბრძანება, არ დაკმაყოფილებულ სადავო საკითხის ნაწილში, გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;
73(9ბ);97(1ბ);982(3ზ);101(1);154(1);
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისთვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანება.