ბრძანება N 19815
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 19815
10 სექტემბერი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
----- (პ/ნ -----) (ფაქტ. მის.: ----- N --)
2025 წლის 22 აგვისტოს საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 5 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი N 73) განიხილა ----- ----- (პ/ნ -----) N 97663/1/2025 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 2 აგვისტოს N EL291776 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ მებაჟე - ოფიცერს განუცხადა, რომ ჰქონდა თანხა 3000 ევროს ოდენობით, თუმცა საერთო ჯამში აღმოაჩნდა 10 150 ევრო. აქედან 7000 ევრო განკუთვნილი იყო მისი შვილის მკურნალობისთვის და არ ჩათვალა საჭიროდ მისი დეკლარირება. მისთვის არ იყო ცნობილი რომ დაჯარიმდებოდა. აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო ოქმით დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას და ამ ოქმის საფუძველზე გადახდილი თანხის დაბრუნებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2025 წლის 2 აგვისტოს რეისით ----- ჩამოფრინდა საქართველოს მოქალაქე ----- -----. საპასპორტო კონტროლის გავლის შემდგომ, საბაჟო კონტროლის ზონის მწვანე დერეფნის გამოყენებით დატოვებისას, საბაჟო გამშვები პუნქტის „------“ უფლებამოსი პირის მიერ მოხდა მისი შეჩერება. დასმულ კითხვაზე, გადააადგილებდა თუ არა დეკლარირებას დაქვემდებარებულ საქონელს, მათ შორის თანხას, რომელიც აღემატებოდა 30 000 ლარს, მან უპასუხა, რომ ჰქონდა მხოლოდ 3 000 ევრო.
მიღებული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, მგზავრი გადამისამართდა პირველად ხელბარგის სკანერზე რა დროსაც იგი შეეცადა დაემალა ქურთუკის ჯიბეში მოთავსებული ნივთი. აღნიშნულმა ქმედებამ გამოიწვია ეჭვი, რომ ----- ----- საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით გადააადგილებდა სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებულ რაღაც საქონელს. დეტალური დათვალიერების მიზნით მგზავრი გადამისამართდა დეკლარირების ოთახში, სადაც პროცედურების მიმდინარეობისას, გარდა დეკლარირებული 3 000 ევროსი, საერთო ჯამში მგზავრს აღმოაჩნდა 10 150 ევრო, რამაც ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით შეადგინა 31 335,08 ლარის ექვივალენტი. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა „მგზავრის ან/და მგზავრის ბარგის/ხელბარგის დათვალიერების ოქმი.
აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე 30 000 ლარზე ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი ოდენობის არასწორი დეკლარირებით ნაღდი ფულის გადმოტანის სამართალდარღვევის ფაქტზე, საბაჟო გამშვები პუნქტი უფლებამოსილი პირის მიერ 2025 წლის 2 აგვისტოს შედგენილ იქნა N EL291776 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც ----- ----- საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა - 3 000 ლარი.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილი ადგენს, რომ დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის მიხედვით, საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს.
ამავე კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით:
საბაჟო კონტროლი გულისხმობს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ცალკეულ ქმედებებს;
საქონელი არის საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ნებისმიერი მატერიალური ქონება, მათ შორის, ფული, ფასიანი ქაღალდი, ელექტროენერგია, თბოენერგია, გაზი, წყალი.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლი მიუთითებს, რომ პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:
ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;
ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი;
გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან, საქონლის რეექსპორტთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N 257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი N 8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი აზუსტებს, რომ ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებულ ნაღდ ფულზე (ეროვნული ან/და უცხოური ვალუტა), ჩეკებსა ან/და სხვა ფასიან ქაღალდებზე, რომელთა ჯამური ოდენობა აღემატება 30 000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი საბაჟო გამშვებ პუნქტში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილზე შემოსვლისთანავე, დაუყოვნებლივ საბაჟო ორგანოს უნდა წარუდგინოს:
ა) პირმა, რომელმაც საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოიტანა;
ბ) პირმა, რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემომტანი პირის სახელით ან დავალებით მოქმედებს;
გ) პირმა, რომელმაც საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის შემდეგ აიღო მისი გადაზიდვის პასუხისმგებლობა.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე 30 000 ლარზე ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 50 000 ლარის ოდენობის ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ან არასწორი დეკლარირებით – იწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით ან ამ საქონლის უსასყიდლოდ ჩამორთმევას.
დასახელებული მუხლის შენიშვნის შესაბამისად, ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში არადეკლარირებული საქონლის არსებობისას არასწორ დეკლარირებად მიიჩნევა, თუ დეკლარირებული საქონლისა და არადეკლარირებული საქონლის საერთო ოდენობა 30 000 ლარზე ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტია.
შემოსავლების სამსახური ვალდებულია განახორციელოს მონიტორინგი საქართველოს საგადასახადო კანონითა და მის შესაბამისად მიღებული (გამოცემული) კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესით.
დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო საზღვარზე 30 000 ლარზე ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი ოდენობის არასწორი დეკლარირებით ნაღდი ფულის გადმოტანის ფაქტს, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო აქტით საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ----- ----- (პ/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. N 11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
მომჩივანი ითხოვს სადავო ოქმით დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას და ამ ოქმის საფუძველზე გადახდილი თანხის დაბრუნებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საპასპორტო კონტროლის გავლის შემდგომ, საბაჟო კონტროლის ზონის მწვანე დერეფნის გამოყენებით დატოვებისას საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი პირის მიერ მოხდა საქართველოს მოქალაქის შეჩერება. დასმულ კითხვაზე, გადააადგილებდა თუ არა დეკლარირებას დაქვემდებარებულ საქონელს, მათ შორის თანხას, რომელიც აღემატებოდა 30 000 ლარს, მან უპასუხა, რომ მას თან ჰქონდა მხოლოდ 3 000 ევრო. მიღებული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, მგზავრი გადამისამართდა პირველად ხელბარგის სკანერზე რა დროსაც იგი შეეცადა დაემალა ქურთუკის ჯიბეში მოთავსებული ნივთი. აღნიშნულმა ქმედებამ გამოიწვია ეჭვი, რომ პირი საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით გადააადგილებდა სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებულ რაღაც საქონელს. დეტალური დათვალიერების მიზნით მგზავრი გადამისამართდა დეკლარირების ოთახში, სადაც პროცედურების მიმდინარეობისას, გარდა დეკლარირებული 3 000 ევროსი, საერთო ჯამში მგზავრს აღმოაჩნდა 10 150 ევრო, რამაც ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით შეადგინა 31 335,08 ლარის ექვივალენტი. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა „მგზავრის ან/და მგზავრის ბარგის/ხელბარგის დათვალიერების ოქმი და მგზავრს სამართალდარღვევისთვის სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა - 3 000 ლარი.
გადაწყვეტილება:
დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო საზღვარზე 30 000 ლარზე ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი ოდენობის არასწორი დეკლარირებით ნაღდი ფულის გადმოტანის ფაქტს, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო აქტით საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.
დასაბუთება:
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: მუხლი 169;.