გადაწყვეტილება №90124/1/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№90124/1/2024
28 ივნისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ფ/პ "-------" (ს/ნ "-------" )
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 20.06.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ფ/პ "-------" -ის 11.06.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №90124/1/2024).
დავის საგანი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 23.05.2024 წლის №22690/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
აუდიტის დეპარტამენტის 10.06.2024 წლის №006-277 საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა: 172 423,41 ლარი.
მათ შორის:
ქონების გადასახადი - 163 107
საურავი - 9 316,41
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 1.12.2023 წლის №30068 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის საგადასახადო შემოწმება 2020, 2021, 2022 და 2023 წლების ქონების (გარდა მიწისა) გადასახადის დაბეგვრის სისწორის განსაზღვრის მიზნით. შემოწმების შედეგები აისახა 27.12.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა განპირობებული იყო შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელის 2019-2022 წლების საანგარიშო პერიოდების ერთობლივი შემოსავალი (საიჯარო მომსახურების ღირებულება) ყოველწლიურად აჭარბებდა 100 000 ლარს. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით საანგარიშო პერიოდში ფიზიკური პირისა და მისი ოჯახის საკუთრებაში იყო რამდენიმე უძრავი და მოძრავი ქონება (ავტოფარეხი, ბინა, კომერციული ფართები, სახლი და ავტომობილები).
გადასახადის გადამხდელის დასაბეგრი ქონების ღირებულება განისაზღვრა საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ გარიგებებში დაფიქსირებული უძრავი ქონების ფასების და სხვა მონაცემების გათვალისწინებით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა ქონების გადასახადი და 2023 წლის საანგარიშო პერიოდზე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე, ხოლო 2021 და 2022 წლების საანგარიშო პერიოდებში საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-13 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების გათვალისწინებით მომჩივანს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა არ დაეკისრა.
გადასახადის გადამხდელს საგადასახადო ვალდებულებები განესაზღვრა სულ 231 408,8 ლარის ოდენობით, მათ შორის, ქონების გადასახადი 163 107 ლარი, ჯარიმა 19 804 ლარი, საურავი 48 497,8 ლარი. შემოწმების აქტის საფუძველზე, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2023 წლის №33609 ბრძანება და 28.12.2023 წლის №006-750 საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 23.01.2024 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 12.02.2024 წლის №2662 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს მიერ 23.05.2024 წელს მიღებული №22690/2/2024 გადაწყვეტილებით: საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მომჩივანი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდა აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2023 წლის №006-750 საგადასახადო მოთხოვნაში ასახული ჯარიმისგან და აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებაზე დაკისრებული საურავისგან. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, განეხორციელებინა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი კორექტირება. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საბჭოს 23.05.2024 წელს მიღებული №22690/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 4.06.2024 წლის დასკვნის საფუძველზე, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 10.06.2024 წლის №13592 ბრძანება და გადასახადის გადამხდელს წარედგინა 10.06.2024 წლის №006-277 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი ითხოვს №22690/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულებას და დარიცხული საურავისგან გათავისუფლებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საჩივრის განხილვის მომენტისთვის შემოწმების შედეგად დარიცხული ქონების გადასახადის ოდენობას აღემატებოდა გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი თანხის ოდენობა, მიიჩნია, რომ ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლეოდა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ მომჩივნის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეული იყო მისი შეცდომით.
აღნიშნულის გათვალისწინებით, საბჭოს 23.05.2024 წელს მიღებული №22690/2/2024 გადაწყვეტილებით:
1. საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
2. მომჩივანი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდა აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2023 წლის №006-750 საგადასახადო მოთხოვნაში ასახული ჯარიმისგან და აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებაზე დაკისრებული საურავისგან;
3. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის გათვალისწინებით, განახორციელოს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი კორექტირება;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა 4.06.2024 წლის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე, რომლის საფუძველზე გამოცემული 10.06.2024 წლის №006-277 საგადასახადო მოთხოვნაში, ქონების გადასახადის ოდენობად მითითებულია 163 107 ლარი, ჯარიმის ოდენობად - 0 ლარი, საურავის ოდენობად - 9 316,41 ლარი.
ვინაიდან, საბჭოს 23.05.2024 წლის №22690/2/2024 გადაწყვეტილებით, "-------" საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდა აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2023 წლის №006-750 საგადასახადო მოთხოვნაში ასახული, როგორც ჯარიმისგან, ასევე, აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებაზე (ქონების გადასახადზე) დაკისრებული საურავისგან (სრულად), ხოლო აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, გადასახადის გადამხდელისთვის წარდგენილ 10.06.2024 წლის №006-277 საგადასახადო მოთხოვნაში კვლავ ფიქსირდება ამავე საგადასახადო ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის განსაზღვრული საურავი (ქონების გადასახადზე დაკისრებული საურავი), საბჭოს მიჩნია, რომ მისი 23.05.2024 წლის №22690/2/2024 გადაწყვეტილება არ არის სრულად აღსრულებული. ამდენად, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს საბჭოს 23.05.2024 წლის №22690/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულება განახორციელოს ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს აუდიტის დეპარტამენტის 10.06.2024 წლის №006-277 საგადასახადო მოთხოვნა;
3. აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, საბჭოს 23.05.2024 წლის №22690/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულება განახორციელოს ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს №22690/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულებას და დარიცხული საურავისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელის 2019-2022 წლების საანგარიშო პერიოდების ერთობლივი შემოსავალი ყოველწლიურად აჭარბებდა 100 000 ლარს. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით საანგარიშო პერიოდში ფიზიკური პირისა და მისი ოჯახის საკუთრებაში იყო რამდენიმე უძრავი და მოძრავი ქონება.
გადამხდელის დასაბეგრი ქონების ღირებულება განისაზღვრა საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ გარიგებებში დაფიქსირებული უძრავი ქონების ფასების და სხვა მონაცემების გათვალისწინებით. გადამხდელს დაერიცხა ქონების გადასახადი და 2023 წლის საანგარიშო პერიოდზე დაეკისრა ჯარიმა,ხოლო 2021 და 2022 წლების საანგარიშო პერიოდებში საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-13 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების გათვალისწინებით მომჩივანს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა არ დაეკისრა.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიჩნია, რომ მისი 23.05.2024 წლის №22690/2/2024 გადაწყვეტილება არ არის სრულად აღსრულებული. ამდენად, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს საბჭოს 23.05.2024 წლის №22690/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულება განახორციელოს ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
269(7).