ბრძანება N 13248

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 20.06.2025
№ დოკუმენტი 13248
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 13248

20 ივნისი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

---ს (პ/ნ ---)

(მის.: ---) 2025 წლის 2 ივნისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 13 ივნისის სხდომაზე (ოქმი №49) განიხილა ---ის (პ/ნ ---) №95998/1/2025 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 8 მაისის №EL284365 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.

 

მომჩივნის პოზიცია:

საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას ჩინეთიდან პროდუქციის იმპორტისა და ონლაინ ფეისბუქ გვერდით რეალიზაციის გზით. ტვირთების ტრანსპორტირება ხორციელდება საფოსტო გზავნილით, ვინაიდან ყველა ტვირთი განკუთვნილია ეკონომიკური საქმიანობისთვის ხდება ყველა ტვირთის დეკლარირება, განბაჟება და შესაბამისი გადასახადების გადახდა. დეკლარაცია მოხვდა „წითელ დერეფანში“ და შემოწმებისას აღმოჩნდა ზედმეტი რაოდენობის ფეხსაცმელი, რომელიც მას არ შეუკვეთავს და არც უყიდია. გამყიდველმა თვითნებურად გამოაგზავნა და როგორც მის კლიენტს საჩუქარი გაუკეთა ისე, რომ არ შეიყვანა ინვოისში და არც შეატყობინა. აღნიშნულზე მითითებით, ითხოვს სამართალდარღვევის ოქმით დარიცხული ჯარიმის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

2025 წლის 24 აპრილს საფოსტო გადამზიდავი შპს „---ის“ (ს/ნ ---) მიერ წარდგენილი ინვოისის საფუძველზე, ---ის (პ/ნ ---) კუთვნილ საფოსტო გზავნილებზე (№---) შეივსო და დარეგისტრირდა №--- საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4, რომელსაც გადასახადების ადმინისტრირების სისტემა „ORACLE”-ს მიერ განესაზღვრა “ყვითელი დერეფანი”. საფოსტო გზავნილში განთავსებული საქონლის დათვალიერების მიზნით, საბაჟო დეკლარაცია ფორმა-4 გადაყვანილ იქნა “წითელ დერეფანში”. დათვალიერების შედეგად, დეკლარირებული საქონლის (80 წყვილი ბავშვის ფეხსაცმელი) გარდა, დამატებით აღმოჩენილ იქნა არადეკლარირებული 51 წყვილი ბავშვის ფეხსაცმელი. ---ის მიერ შემდეგ წარდგენილი ინვოისის თანახმად, 13 წყვილი არადეკლარირებული ბავშვის ფეხსაცმლის ღირებულებამ შეადგინა 112.87 აშშ დოლარი, ხოლო 38 წყვილი ბავშვის ფეხსაცმლის ღირებულების განსაზღვრა მოხდა იდენტური საქონლის გარიგების ფასის მიხედვით და შეადგინა 1482 ჩინური იუანი. ----ს ქმედება ჩაითვალა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანად და, საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის, გეზ „აეროპორტის“ უფლებამოსილი პირის მიერ 2025 წლის 8 მაისს შედგენილი №EL284365 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით ---ს შეეფარდა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით. ---ის მიერ ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენის შემდეგ №--- საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4-ში განხორციელდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც საქონლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 3216.83 ლარი, ხოლო ---ს იმპორტის გადასახდელის სახით დაერიცხა დღგ - 579.03 ლარი და საქონელი გაშვებულია თავისუფალ მიმოქცევაში.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-5 მულის მე-2 ნაწილის მიხედვით, საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს. ამავე კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით, საბაჟო კონტროლი არის საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელი ცალკეული ქმედებები.

ამავე საკანონმდებლო აქტის მე-13 მუხლის მიხედვით, პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:

ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;

ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი;

გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამავე კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით ან/და საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას.

დადგენილია სადავოდ არ არის გამხდარი, რომ საბაჟო კონტროლის განხორციელებისას, დეკლარირებული საქონლის (80 ცალი ბავშვის ფეხსაცმელი) გარდა, დამატებით აღმოჩენილ იქნა არადეკლარირებული 51 ცალი ბავშვის ფეხსაცმელი, რომლის ღირებულებამ 13 ცალი არადეკლარირებული ბავშვის ფეხსაცმლის შემთხვევაში შეადგინა 112.87 აშშ დოლარი, ხოლო 38 ცალი ბავშვის ფეხსაცმლის ღირებულებამ შეადგინა 1482 ჩინური იუანი. შესაბამისად, მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა არადეკლარირებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის ფაქტს, რაც წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო ოქმით საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ----ის (პ/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საჩივრის ავტორი ითხოვს სამართალდარღვევის ოქმით დარიცხული ჯარიმის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საფოსტო გზავნილში განთავსებული საქონლის დათვალიერების შედეგად, დეკლარირებული საქონლის (80 წყვილი ბავშვის ფეხსაცმელი) გარდა, დამატებით აღმოჩენილ იქნა არადეკლარირებული 51 წყვილი ბავშვის ფეხსაცმელი. წარდგენილი ინვოისის თანახმად, 13 წყვილი არადეკლარირებული ბავშვის ფეხსაცმლის ღირებულებამ შეადგინა 112.87 აშშ დოლარი, ხოლო 38 წყვილი ბავშვის ფეხსაცმლის ღირებულების განსაზღვრა მოხდა იდენტური საქონლის გარიგების ფასის მიხედვით და შეადგინა 1482 ჩინური იუანი. პირის ქმედება ჩაითვალა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანად და, საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის, გეზ „აეროპორტის“ უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით მომჩივანს შეეფარდა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით. ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენის შემდეგ საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4-ში განხორციელდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც საქონლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 3216.83 ლარი, ხოლო პირს იმპორტის გადასახდელის სახით დაერიცხა დღგ - 579.03 ლარი და საქონელი გაშვებულია თავისუფალ მიმოქცევაში.

 

გადაწყვეტილება

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს:168 (3).