გადაწყვეტილება №23849/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№23849/2/2024
15 ნოემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 8.11.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“ 3.09.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23849/2/2024).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 26.03.2024 წლის №6508 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 11 ივნისის №005-78 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 31 ივლისის №17840 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 2 089 160 ლარი.
მათ შორის:
საშემოსავლო გადასახადი - 1 145 278
ჯარიმა - 572 639
საურავი - 371 243
ფაქტების აღწერა
საწარმოს საქმიანობაა ახალი და მეორადი ავტომობილების ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე შეძენა და მისი შემდგომი რეალიზაცია. კომპანიაში მიმდინარეობს რეაბილიტაციის რეჟიმი, საწარმო იმართება სასამართლოს მიერ დანიშნული რეაბილიტაციის რეჟიმის მმართველის მიერ.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 მარტის №18507 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 27 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
შემოწმების პროცესში დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელი არასრულყოფილად აწარმოებს ბუღალტერიას, რომელზე დაყრდნობითაც შეუძლებელია საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა. ამასთან, საგადასახადო ორგანოში წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე (ზედნადებები, ფაქტურები, დეკლარაციები) სრულყოფილად ვერ ხდება კომპანიის მიერ შეძენილი და რეალიზებული ავტომობილების რაოდენობის განსაზღვრა და შესაბამისად შეძენა-რეალიზაციას შორის სრულყოფილი კავშირის დადგენა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების შესწავლისა და გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული საბანკო ამონაწერების დამუშავების შედეგად იდენტიფიცირებული იქნა კომპანიები და ფიზიკური პირები, რომლებმაც შპს „-------“ გააფორმეს ხელშეკრულებები (შეძენა-რეალიზაციის), მათგან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია და შესაბამისი დოკუმენტები, რათა დადგენილიყო მომჩივნის მიერ შეძენილი და რეალიზებული ავტომობილების ოდენობა. მიღებულ ინფორმაციაზე (ნასყიდობის ხელშეკრულება, ინვოისი, მიღება-ჩაბარების აქტები) დაყრდნობით დადგინდა დოკუმენტური ფასნამატი წლების ჭრილში. კერძოდ, 2020 წელს ფასნამატმა შეადგინა 10%, 2021 წელს - 9%, ხოლო 2022 წელს - 10%, რომელიც გავრცელდა ავტომობილის შეძენის ღირებულებაზე. შემოწმების მიერ შესამოწმებელ პერიოდში დადგენილ შემოსავლებსა და ხარჯებს შორის გამოვლენილი სხვაობა განხილულ იქნა კომპანიის დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის, შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ბაზის მონაცემებითა და საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე, მესამე პირებისგან მიღებული ინფორმაციით დგინდება, რომ შპს „-------“ მიერ ხდებოდა ავტომობილების იმპორტირება, რომელთა ნაწილიც გადიოდა ექსპორტზე, ხოლო დარჩენილი ავტომობილების რეალიზაცია ხდებოდა ადგილობრივ ბაზარზე. ვინაიდან შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელმა ვერ უზრუნველყო აუდიტის დეპარტამენტისთვის მიეწოდებინა ხარჯის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი, რომელიც დაადგენდა იმპორტის ღირებულების სრულად გადახდას, ამასთან, გადახდა ვერ იდენტიფიცირდებოდა ვერც საბანკო ამონაწერებით, ამდენად, იმპორტის ღირებულების ხარჯში აღებულ იქნა შეძენის ღირებულების 75%. კერძოდ, იმპორტის საერთო ღირებულება შეადგენდა 1 967 667 ლარს, მისი 75% - 1 475 750 ლარის ოდენობით - დაექვემდებარა გადასახადის გადამხდელის მიერ გაწეულ ხარჯებში ასახვას, ხოლო დარჩენილი 25% - 491 917 ლარის ოდენობით - განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად.
კომპანია ახორციელებდა ავტომობილების რეექსპორტს. ვინაიდან რეექსპორტში გაყვანილი ავტომანქანების მიახლოებითი სარეალიზაციო ღირებულება არსებითად შეუსაბამო იყო მის ფასთან, რეექსპორტზე გაყვანილი ავტომობილების შეძენის ღირებულებად აღებულ იქნა მის მიერ რეალიზებული იმავე მოდელისა და მახასიათებლების სხვა ავტომობილის ღირებულება, რომელზეც გავრცელდა შემოწმების მიერ დადგენილი მოგების მარჟა. ამასთან, გადახდა ვერ იდენტიფიცირდებოდა ვერც საბანკო ამონაწერებით. ამდენად, რეექსპორტის ღირებულების ხარჯებში გასათვალისწინებლად აღებული იქნა შეძენის ღირებულების 75%. კერძოდ, რეექსპორტის საერთო ღირებულება შეადგენდა 3 109 492 ლარს, მისი 75% - 2 332 120 ლარის ოდენობით - დაექვემდებარა მომჩივნის მიერ გაწეულ ხარჯებში ასახვას, ხოლო დარჩენილი 25% - 777 373 ლარის ოდენობით - განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად.
კომპანიას ჰყავს უცხოელი კრედიტორები, რომელთა მოთხოვნების დაკმაყოფილებაც გადასახადის გადამხდელმა ვერ უზრუნველყო. კერძოდ, კრედიტორის მიერ მოხდა მომჩივნისთვის ავანსის სახით 1 498 339 ლარის ჩარიცხვა, რაც დასტურდება საბანკო ამონაწერებით. საწარმოს წარმომადგენლის განცხადების თანახმად, კომპანიის მიერ არ განხორციელებულა ავტომობილების მიწოდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ავანსად მიღებული თანხა დაექვემდებარა საწარმოს შემოსავლებში აღებას და ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად.
ექსპორტის რეჟიმში მოქცეული ავტომობილებიდან კუთვნილი შემოსავლების და ხარჯების სწორად განსაზღვრის მიზნით, გამოყენებულია იდენტიფიცირებული შეძენა/რეალიზაციებით დადგენილი მოგების მარჟა, რაც განისაზღვრა საშუალოდ 11%-ის ოდენობით. შესაბამისად, აღნიშნული მეთოდით გამოანგარიშებული შემოსავლებისა და ხარჯების შეპირისპირებით გამოვლენილი სხვაობა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე განხორციელებულ სახელფასო განაცემად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 დეკემბრის №33562 ბრძანება და №005-241 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 1 821 265 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2024 წლის 6 თებერვალს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 26 მარტის №6508 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის შესაბამისი რეჟიმის გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს საგადასახადო ვალდებულებების წარმოშობის პერიოდი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 26 მარტის №6508 ბრძანება 15.04.2024 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 12.07.2024 წლის №22869/2/2024 გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა საჩივარი.
შემოსავლების სამსახურის 26.03.2024 წლის №6508 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 17.05.2024 წლის დასკვნა, 10.06.2024 წლის №13654 ბრძანება და 11.06.2024 წლის №005-78 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა გადაანგარიშებას, შეიცვალა სავადო თარიღი.
კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2024 წლის 15 ივლისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 31 ივლისის №17840 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 304-ე მუხლებზე და საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ დასკვნაზე, რომლის თანახმად, შემოწმების მიერ საკითხის დამატებით შესწავლის შედეგად არ გამოიკვეთა საგადასახადო ვალდებულებების შემცირების საფუძველი, ხოლო გადასახადის დარიცხვის საანგარიშო პერიოდის ცვლილება განხორციელდა გადახდისუუნარობის რეჟიმის გახსნის შესაბამისად.
ამასთან, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელს სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი გარემოებები, რაც შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 26 მარტის №6508 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეში არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 24 აგვისტოს №2/25812-22 განჩინებით, კომპანიის მიმართ დაიწყო გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, რეაბილიტაციის რეჟიმით და მოვალის მართვაში დატოვების პირობით (რაც კანონის შესაბამისად ეცნობა შემოსავლების სამსახურს სასამართლოს მიერ). შესაბამისად, „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იმავე განჩინებით დაინიშნა რეაბილიტაციის ზედამხედველად. ამასთან, საქმეში გამოკვეთილი სხვადასხვა გარემოებიდან გამომდინარე, მიმართა მოსამართლეს მოვალის მართვიდან ჩამოცილების შუამდგომლობით და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით, შუამდგომლობის დაკმაყოფილების შედეგად, დაინიშნა რეაბილიტაციის მმართველად და შესაბამისი სტატუსით და უფლებამოსილებებით გააგრძელა კომპანიის საქმიანობის მართვა. ამასთან, საწარმოს მიმართ კრედიტორული მოთხოვნების არსებობის დასადგენად დაიწყო სავარაუდო კრედიტორების მოძიება, მათ შორის, 2023 წლის 10 იანვარს წერილობით მიმართა შემოსავლების სამსახურსაც და მოითხოვა შემოსავლების სამსახურის მხრიდან, კომპანიის მიმართ რეჟიმის გახსნამდე წარმოშობილი კრედიტორული მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში, წერილის მიღებიდან უმოკლეს ვადაში, წარედგინა აღნიშნული მოთხოვნა (შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაციით), მისი კრედიტორთა რეესტრში ასახვის მიზნით. თუმცა, შემოსავლების სამსახურისგან ამ საკითხზე არანაირი კომუნიკაცია და რეაგირება არ ყოფილა. მნიშვნელოვანია, რომ რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ საქართველოს კანონი ადგენს ვადას, რომლის დარღვევით დაყენებული მოთხოვნა ხანდაზმულად მიიჩნევა. კერძოდ, კრედიტორი, რომელიც თვლის, რომ გააჩნია რაიმე სახის მოთხოვნა გადახდისუუნარობის რეჟიმში მყოფი სუბიექტის მიმართ, ვალდებულია, ასეთი მოთხოვნა წარადგინოს არაუგვიანეს რეჟიმის გახსნიდან ერთი წლისა. განსახილველ შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურმა მოთხოვნა დააყენა 2023 წლის 29 დეკემბრის ბრძანებით, რაც ცალსახად არღვევს კანონის მოთხოვნებს და ადასტურებს, რომ აღნიშნული მოთხოვნა ხანდაზმულია, ვინაიდან საწარმოს მიმართ რეაბილიტაციის რეჟიმი გაიხსნა 2022 წლის 24 აგვისტოს, ხოლო ერთწლიანი ვადა გავიდა 2023 წლის 24 აგვისტოს.
მიუხედავად იმისა, რომ ხანდაზმულობის საკითხი ისედაც საკმარისი საფუძველია, რის გამოც უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის აქტები, დაამატებს რამდენიმეს, უშუალოდ შემოწმების აქტის შინაარსიდან გამომდინარე:
1. აუდიტის დეპარტამენტი, თანხის დარიცხვისას, სხვა დოკუმენტაციასთან ერთად, ეყრდნობა კომპანიაში მიმდინარე ინვენტარიზაციის მონაცემებს, რაც ცალსახად გაუმართლებელი და არასწორია გამომდინარე იქედან, რომ აღნიშნული ინვენტარიზაცია საწარმოში მიმდინარეობს 2021 წლიდან და ვადის უკვე არაერთხელ გაგრძელებისა და საბოლოო ვადის უშედეგოდ გასვლის მიუხედავად, დღემდე არ არსებობს დასკვნა (ასეთი დასკვნა არ ჩაბარებია კომპანიის უფლებამოსილ პირს), ან მსგავსი გათანაბრებული დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა საწარმოს მიერ კონკრეტული რაოდენობის ავტომანქანების რეალიზაციის ფაქტს და შემმოწმებელს გაუჩენდა თუნდაც დასაბუთებულ ვარაუდს კომპანიის საქმიანობის პრინციპთან დაკავშირებით. შესაბამისად, არასწორია არათუ ინვენტარიზაციის პროცესში გამოვლენილ გარემოებებზე შემოწმების აქტის დაფუძნება, არამედ ინვენტარიზაციის დასრულების გარეშე საერთოდ ეჭვქვეშ დგება კამერალური შემოწმების შესახებ აქტის დასაბუთებულობა.
2. შემოწმების აქტში არაერთხელ არის ხაზგასმული, რომ შემმოწმებელმა საშუალო ფასნამატად, წლის ჭრილში, დაადგინა 9-10-11%, თითქოს წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, რასაც კატეგორიულად არ ეთანხმება გამომდინარე იქედან, რომ მომჩივნის ხელთ არსებული დოკუმენტაციით (რაც გადაეცა ფინანსური პოლიციის საგამოძიებო სამსახურის მიერ) და ასევე, როგორც რეაბილიტაციის ზედამხედველმა, მართვაში დატოვებული მოვალის ყოფილი დირექტორისა და პროკურისტისგან მიიღო, დასტურდება, რომ საშუალო ფასნამატი არ აღემატებოდა 6-7%-ს, ვინაიდან ხშირი იყო როგორც უარყოფითი ფასნამატის, ისე ავტომანქანების თვითღირებულებად რეალიზაციის შემთხვევებიც. ამასთან, შემმოწმებელს არ აქვს განმარტებული ფასნამატის გამოთვლის პრინციპი, გამოსაყენებელი ბაზა და არ მიუთითებს კონკრეტულ მტკიცებულებებზე, თუ რის საფუძველზე განისაზღვრა აღნიშნული პროცენტი.
3. შემოწმების აქტის მესამე საკითხი ეხება კრედიტორების მიერ ავანსად გაცემულ თანხებს. აღნიშნული ჩანაწერი უკიდურესად ბუნდოვანია და არ იძლევა საშუალებას დადგინდეს, თუ რომელ ოპერაციებზეა საუბარი. თუმცა, გამომდინარე იქედან, რომ შემოწმების ყველა ეტაპზე აქტიურ კომუნიკაციაში იმყოფებოდა აუდიტორთან, ვარაუდობს, რომ საუბარია კომპანიის კრედიტორთა რეესტრში მომჩივნის მიერ ასახულ კრედიტორებზე, რომლებმაც გარკვეული თანხები ნამდვილად ჩარიცხეს საწარმოს ანგარიშზე ავანსის სახით, თუმცა მცდარია მტკიცება, რომ აღნიშნული ავანსები მხოლოდ იმიტომ, რომ ავტომანქანების სანაცვლო მიწოდებას არ ჰქონია ადგილი, დირექტორის მიერ მიღებულ ხელფასად უნდა დაკვალიფიცირდეს, ვინაიდან როგორც საქმის მასალებიდან და გაკეთებული განმარტებებიდან ირკვევა, აღნიშნული ავანსებით და ასევე პირდაპირ მომწოდებელი კომპანიებისთვის ჩარიცხული ავანსებით საწარმოს წარმომადგენლებს ცენტრებიდან გამოჰყავდათ უფრო დაბალი ღირებულების, მაგრამ რაოდენობით მეტი ავტომანქანა და ახდენდნენ მათ რეალიზაციას, რაც შესაბამისად აისახა კომპანიის ბრუნვაში. ამიტომ, ცალკე ამ ეპიზოდის გამოყოფა არ მიაჩნია მართებულად.
გამოიყენა რა გადასახადის გადამხდელისთვის კანონით მინიჭებული უფლება, ზემოთ აღნიშნული გარემოებები და არგუმენტაცია, კანონით დადგენილ ვადაში, საჩივრის სახით წარუდგინა შემოსავლების სამსახურს, თუმცა არც საჩივრის განხილვის მიზნით გამართულ სხდომაზე და არც საჩივარზე მიღებულ გადაწყვეტილებაში შემოსავლების სამსახურმა არ გაიზიარა მისი როგორც გადასახადის გადამხდელის რეაბილიტაციის მმართველის არგუმენტაცია და პოზიცია. მეტიც, ვერ წარმოადგინა ვერცერთი წონადი კონტრარგუმენტი ან განმარტება საჩივარში მოცემულ საკითხებზე. შედეგად, 2024 წლის 26 მარტის ბრძანებით, მხოლოდ ფორმალურად, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მომჩივნის მოთხოვნა, ხოლო რეალურად, ყველა პრინციპულ საკითხზე საჩივარი არ დაკმაყოფილდა. კერძოდ, შემოსავლების სამსახური შემოიფარგლა მხოლოდ საგადასახადო ორგანოსთვის დავალებით, ინფორმაციის დამატებით მოძიების თაობაზე. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ასევე რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის, ასევე საგადასახადო კოდექსის 49-ე, 73-ე მუხლების შესაბამისად, მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის №17840 ბრძანებაში და შემოწმების აქტში მოყვანილი გარემოებები არ არის სათანადოდ გამოკვლეული და აღნიშნული აქტის საფუძველზე გამოცემული ბრძანება თანხების დარიცხვასთან დაკავშირებით დაუსაბუთებელი და სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია. შესაბამისად, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული აქტები.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 26 მარტის №6508 ბრძანებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის შესაბამისი რეჟიმის გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს საგადასახადო ვალდებულებების წარმოშობის პერიოდი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
აუდიტის დეპარტამენტის დასკვნით დგინდება, რომ კომპანიის კრედიტორთა რეესტრში რეაბილიტაციის რეჟიმის მმართველის მიერ ასახულია კრედიტორები, რომელთა მიერ ავანსის თანხის ჩარიცხვა საწარმოს ანგარიშზე ნამდვილად მოხდა (დასტურდება საბანკო ამონაწერებით), სანაცვლოდ კი მათთვის ავტომანქანის მიწოდება არ განხორციელებულა. ვინაიდან კომპანიას შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გააჩნდა კრედიტორული დავალიანება, აღნიშნული დავალიანება განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად და დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკითხის დამატებით შესწავლის შედეგად არ გამოიკვეთა საგადასახადო ვალდებულებების შემცირების საფუძველი, ხოლო გადასახადის დარიცხვის საანგარიშო პერიოდის ცვლილება განხორციელდა გადახდისუუნარობის რეჟიმის გახსნის შესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე, სავადო თარიღი დაექვემდებარა ცვლილებას.
საწარმოს წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ მოხდა კრედიტორული დავალიანების დაფარვა, გადაცემულია აქტივები, რაც დასტურდება შესაბამისი მტკიცებულებებით.
საბჭო მიიჩნევს, რომ საგადასახადო ვალდებულებების წარმოშობის პერიოდის შესწავლა გულისხმობს ვალდებულების წარმოშობის სისწორის შესწავლასაც. შესაბამისად, დამატებით შესწავლას/შეფასებას საჭიროებს მომჩივნის არგუმენტაცია/მტკიცებულებები.
აღსანიშნავია, რომ შემოსავლების სამსახურში საჩივარი განხილულია გადასახადის გადამხდელის მონაწილეობის გარეშე. შესაბამისად, მომჩივანს არ მიეცა შესაძლებლობა წარედგინა თავისი არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმის, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ არ არის სათანადოდ გამოკვლეული/შეფასებული საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები/მტკიცებულებები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით) დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 31 ივლისის №17840 ბრძანება;
3. საჩივარი დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; 5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
შემოსავლების სამსახურის 26.03.2024 წლის №6508 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
საწარმოს საქმიანობაა ახალი და მეორადი ავტომობილების ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე შეძენა და მისი შემდგომი რეალიზაცია. კომპანიაში მიმდინარეობს რეაბილიტაციის რეჟიმი, საწარმო იმართება სასამართლოს მიერ დანიშნული რეაბილიტაციის რეჟიმის მმართველის მიერ.
შემოწმების პროცესში დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელი არასრულყოფილად აწარმოებს ბუღალტერიას, რომელზე დაყრდნობითაც შეუძლებელია საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა. ამასთან, საგადასახადო ორგანოში წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე სრულყოფილად ვერ ხდება კომპანიის მიერ შეძენილი და რეალიზებული ავტომობილების რაოდენობის განსაზღვრა და შესაბამისად შეძენა-რეალიზაციას შორის სრულყოფილი კავშირის დადგენა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები, განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით დადგინდა დოკუმენტური ფასნამატი წლების ჭრილში. შემოწმების მიერ შესამოწმებელ პერიოდში დადგენილ შემოსავლებსა და ხარჯებს შორის გამოვლენილი სხვაობა განხილულ იქნა კომპანიის დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად.
კომპანია ახორციელებდა ავტომობილების იმპორტირება, რომელთა ნაწილიც გადიოდა ექსპორტზე, რეექსპორტზე, ხოლო დარჩენილი ავტომობილების რეალიზაცია ხდებოდა ადგილობრივ ბაზარზე. ვინაიდან შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელმა ვერ უზრუნველყო აუდიტის დეპარტამენტისთვის მიეწოდებინა ხარჯის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი, რომელიც დაადგენდა იმპორტის, რეექსპორტის ღირებულების სრულად გადახდას, იმპორტის და რეექსპორტის ღირებულების ხარჯში აღებულ იქნა შეძენის ღირებულების 75%, ხოლო დარჩენილი 25% - განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად.
კომპანიას ჰყავს უცხოელი კრედიტორები, რომელთა მიერ მოხდა მომჩივნისთვის ავანსის სახით თანხის ჩარიცხვა, რაც დასტურდება საბანკო ამონაწერებით. კომპანიის მიერ არ განხორციელებულა ავტომობილების მიწოდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ავანსად მიღებული თანხა დაექვემდებარა საწარმოს შემოსავლებში აღებას და ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად.
მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმის, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ არ არის სათანადოდ გამოკვლეული/შეფასებული საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები/მტკიცებულებები. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 101; 154; 105;