გადაწყვეტილება №20633/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20633/2/2023
16 ნოემბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ------ (ს/ნ -----)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 3.11.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -----ის 21.08.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20633/2/2023).
დავის საგანი:
ბანკიდან გამოტანილ და სალაროთი გაწეულს ხარჯს შორის სხვაობის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 22 ივნისის №081-109 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 31 ივლისის №18782 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 191 397,42 ლარი.
მათ შორის:
საშემოსავლო გადასახადი - 116 799
ჯარიმა - 58 390
საურავი - 16 208,42
ფაქტების აღწერა
საწარმოს საქმიანობის სახეა სარემონტო-სამშენებლო სამუშაოები.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის, 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდების, კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 19 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
საწარმოს შემოსავალი ძირითადად მიღებული აქვს ტენდერებიდან, საბანკო ჩარიცხვებით. 2020- 2023 წლებში მიღებული შემოსავალი დღგ-ის ჩათვლით შეადგენდა 1 670 977 ლარს, ხოლო გაცემული ხელფასი და დივიდენდი ჯამში 118 625 ლარს.
შესამოწმებელ პერიოდზე გაანგარიშდა ნაღდი ფულის მოძრაობა, ბანკიდან გამოტანილ და სალაროთი გაწეულ ხარჯებს შორის დაფიქსირდა სხვაობა, რომელიც აღემატება საწარმოსთვის საჭირო გონივრულ ნაშთს. აღნიშნული სხვაობა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 21 ივნისის №14310 ბრძანება და 22 ივნისის №081-109 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 31 ივლისის №18782 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და მიაჩნია, რომ ბანკიდან გატანილ და სალაროთი გაწეულ ხარჯებს შორის სხვაობის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა მართლზომიერია. ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
საშემოსავლო გადასახადის ოდენობა გადასახადის გადამხდელის გაანგარიშებით არის გაცილებით დაბალი. გაანგარიშება გაგზავნილია აუდიტორთან. გაუგებარია საიდან არის დარიცხული 2023 წლის თებერვალში 356 751 ლარი (ამასთან დაკავშირებით აუდიტორს სატელეფონო კომუნიკაციის დროს არაერთხელ მოსთხოვა შესაბამისი განმარტება და ურთიერთ შედარება).
საბჭოს ყურადღებას ამახვილებს საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და არგუმენტებზე, რომ პრაქტიკულად წარმოადგენს კეთილსინდისიერ მომჩივანს, მუდმივად ცდილობს რომ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დადგენილი წესების დაცვით ზედმიწევნით სწორად და სრულყოფილად შეასრულოს ის მითითებები და რეკომენდაციები, რომლებსაც შემოსავლების სამსახურის შესაბამისი სტრუქტურები მიმდინარე კონტროლის განხორციელებისას იძლევიან ეკონომიკური საქმიანობის სამართლებრივად სწორად და ეფექტურად განხორციელებისთვის.
შემოწმებით განხორციელებული დარიცხვები შეიცავს მრავალ უზუსტობას, შეცდომებს და ხარვეზებს. აღნიშნულ გაანგარიშებაში შემმოწმებელს არ აქვს გათვალისწინებული საზოგადოების მიერ სამეურვეო საქმიანობის პროცესში მიმდინარე სარემონტო-სამშენებლო სამუშაოების შესრულებისას წამოჭრილი აუცილებელი და გადაუდებელი მომსახურების გაწევისათვის (შენობა-ნაგებობების სახურავებზე მასალების მისაწოდებლად ავტო-ეკრანების დაქირავება, რომელთა მომსახურების ანაზღაურება კონტრაქტორ კომპანიებთან ფაქტობრივად საათობრივად გაწეულ მომსახურების მიხედვით ხდება, ძირითად მწარმოებელი პირის მიერ სალაროდან მიღებული ნაღდი ფულის გადახდით, აგრეთვე შენობების სახურავების შეცვლისა და რემონტის წარმოების პროცესში წამოჭრილი გაუთვალისწინებელი აუცილებელი და გადაუდებელი სამუშაოების შესასრულებლად დამატებითი მასალების შეძენა და აგრეთვე სხვა გაუთვალისწინებელი ხარჯების ოპერატიულად გაწევა, რაც მეტწილ შემთხვევებში ფაქტობრივად სამუშაოთა მწარმოებელი პირის მიერ სალაროდან მიღებული ნაღდი ფულის გადახდით ხორციელდება.
შემმოწმებელს კი საზოგადოებაში სალაროში ნაღდი ფულის მოძრაობად მხოლოდ განხილული აქვს მხოლოდ ხელფასებად და დივიდენდებად გაცემული თანხები (აღნიშნული დაუდასტურა შემმოწმებელმა).
კომპანიის საბუღალტრო მონაცემების ანალიზით დგინდება, რომ შესამოწმებელ პერიოდში მომწოდებლებზე საბანკო ანგარიშსწორებით სულ გადახდილია 994 978,3 ლარი, ხოლო სალაროდან ნაღდი ფულით ანგარიშსწორების გზით კი 126 869 ლარი, სწორედაც ეს უკანასკნელი თანხა - 126 869 ლარი სალაროდან ნაღდი ფულით ანგარიშსწორების გზით ანგარიშვალდებული პირის მიერ მომწოდებელზეა გადახდილი, რაც პრაქტიკულად შემოწმებით განხილული არ არის საზოგადოების სალაროდან ნაღდი ფულის ხარჯვის მოძრაობაში, რამაც შედეგად განაპირობა შემოწმების მონაცემებში სალაროში ნაღდი ფულის არაგონივრული ნაშთების არასწორი გაზრდა, რაც ფაქტობრივ რეალობას არ შეესაბამება.
ამასთანავე ფინანსური სახსრების უკმარისობის პირობებში, აღნიშნული პირის მიერ საზოგადოების შესაბამის ანგარიშებზე პერიოდულად ხორციელდებოდა გადაუდებელი და აუცილებელი ხარჯების დასაფარავად საჭირო თანხების შეტანა, რომლებიც საზოგადოების მიერ გამოიყენებოდა საჭიროებისამებრ, აღნიშნული გზით შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის საზოგადოების დამფუძნებლის და სამუშაოთა მწარმოებელი პირის დროებითმა შენატანებმა საზოგადოების საბანკო ანგარიშებზე სულ შეადგინა 64 333 ლარი, რომელიც შემმოწმებლის მიერ გათვალისწინებული უნდა იქნას საზოგადოების სალაროს არაგონივრული ნაშთის გაანგარიშებაში და პრაქტიკულად აღნიშნული თანხით უნდა მოხდეს იმ არაგონივრული ნაშთის შემცირება.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ პრაქტიკულად დაირღვა საგადასახადო კოდექსის და სზაკ-ის მიხედვით დადგენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის წარმოებისთვის დადგენილი ზოგადი წესი, არ გაგზავნია შემოწმების აქტის პროექტი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო: საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს. ხოლო მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.
მომჩივანი აღნიშნავს, რომ შემოწმებით განხორციელებული დარიცხვები შეიცავს მრავალ უზუსტობას, შეცდომებს და ხარვეზებს. შემოსავლების სამსახურის მიერ პრაქტიკულად არ მომხდარა მის მიერ 2023 წლის 19 ივლისს წარდგენილი საჩივრის საფუძვლიანი შესწავლა, შესაბამისად მისი შინაარსობრივი განხილვა, რომლიდანაც გამომდინარე საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღება, მხოლოდ აუდიტის დეპარტამენტისგან მიღებული ცალმხრივი ინფორმაციის საფუძველზე მოხდა. შემოსავლების სამსახურის სხდომაზე, როგორც შემმოწმებელი განმარტავს თავადაც კი არ ესწრებოდა. ასევე აღნიშნავს, რომ შემმოწმებელზე არაერთი თხოვნის მიუხედავად ვერ მიიღეს შესაბამისი განმარტება იმაზე, თუ საიდან და რა მონაცემებზე დაყრდნობით დაერიცხა 2020 წლის ივლისიდან მოყოლებული ცალკეული თვეების მიხედვით და 2023 წლის თებერვალში 356 751 ლარს დასაბეგრ თანხაზე საშემოსავლო გადასახადი. ასევე საჩივარში აღნიშნულია, რომ მას აუდიტის დეპარტამენტის მხრიდან არ გაგზავნია შემოწმების შედეგებზე საგადასახადო შემოწმების აქტის პროექტი, შესაბამისად მას არ მიეცა საშუალება რომ წარედგინა მისი პოზიცია, რასაც ადასტურებს შემოწმების აქტის შესაბამის გვერდზე შესაბამის გრაფაში - „გადასახადის გადამხდელის პოზიცია „შემმოწმებლის მიერ დაფიქსირებული ჩანაწერიც ადასტურებს.
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა (დასკვნა) ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შესაბამისად, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები, რის გამოც საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების 2023 წლის 31 ივლისის №18782 ბრძანება;
3. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
ბანკიდან გამოტანილ და სალაროთი გაწეულს ხარჯს შორის სხვაობის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა.
ფაქტობრივი გარემოებები
საწარმოს საქმიანობის სახეა სარემონტო-სამშენებლო სამუშაოები. საწარმოს შემოსავალი ძირითადად მიღებული აქვს ტენდერებიდან, საბანკო ჩარიცხვებით. 2020- 2023 წლებში მიღებული შემოსავალი დღგ-ის ჩათვლით შეადგენდა 1 670 977 ლარს, ხოლო გაცემული ხელფასი და დივიდენდი ჯამში 118 625 ლარს. შესამოწმებელ პერიოდზე გაანგარიშდა ნაღდი ფულის მოძრაობა, ბანკიდან გამოტანილ და სალაროთი გაწეულ ხარჯებს შორის დაფიქსირდა სხვაობა, რომელიც აღემატება საწარმოსთვის საჭირო გონივრულ ნაშთს. აღნიშნული სხვაობა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები, რის გამოც საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(4)(9"ბ"), 101(1), 154(1"ა")(2"ა")(3"ა").