ბრძანება N 27880
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 27880
13 ნოემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
------- (პ/ნ ------)
(მის.: --------)
2023 წლის 10 ოქტომბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 10 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №117) განიხილა ------ს (პ/ნ -----) №170218/21-10 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 10 ოქტომბრის №EL226740 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმში დაფიქსირებულ ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ დეკლარაციის შევსებისას მექანიკურად არასწორად ჩაწერა 79 დოლარი. რასაც სამწუხაროდ ყურადღება არ მიაქცია. ამანათის ჩამოსვლის შემდეგ გაირკვა, რომ არასწორად ჰქონდა მითითებული თანხა, რამაც მისი დაჯარიმება გამოიწვია.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს შეღავათიანი ოდენობით დაკისროს ჯარიმა.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ შპს „------ს“ (ს/ნ -----) მიერ განხორციელდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ------ს სახელზე შემოტანილი, ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი №----- საფოსტო გზავნილის ზოგადი დეკლარირება, ------ს მიერ გაცხადებული საფოსტო გზავნილების დეკლარაციის საფუძველზე. გამომდინარე იქიდან, რომ საფოსტო გზავნილი დეკლარირებული იყო 79 დოლარად, გზავნილი მოხვდა დეკლარირებას დაუქვემდებარებელ ამანათთა ნუსხაში.
მებაჟე-ოფიცრის მიერ ამანათზე საბაჟო ფორმალობების განხორციელებისას გამოვლინდა საფოსტო გზავნილის ღირებულების შესახებ არასწორი მონაცემების არსებობა. კერძოდ, საფოსტო გზავნილში განთავსებული საქონლის (ფეხსაცმელი) ღირებულებამ, დეკლარირებული 79 დოლარის ნაცვლად, ნასყიდობის დოკუმენტის (ინვოისი ------) თანახმად შეადგინა 182.95 ევრო.
ვინაიდან ------ს მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო დეკლარაციაში არასწორი მონაცემის შეტანას, რამაც გამოიწვია იმპორტის გადასახდელის შემცირება 97.65 ლარით, გაფორმების ეკონომიკური ზონა „------ს“ უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 10 ოქტომბერს შედგენილი №EL226740 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით -------ს დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის და შეეფარდა ჯარიმა 97.65 ლარის ოდენობით.
აღნიშნული ჯარიმის თანხა -------მა გადაიხადა იმავე დღეს. საფოსტო გზავნილზე კი დარეგისტრირდა №----- საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4, რომლითაც განისაზღვრა დღგ - 98 ლარის ოდენობით, ხოლო საქონელი გაშვებულია თავისუფალ მიმოქცევაში.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლით დადგენილია, რომ პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:
ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;
ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი;
გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი, საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის მიმღები (დეკლარანტი) ვალდებულია, გადამზიდველს ელექტრონული ფორმით მიაწოდოს „საფოსტო გზავნილის ღირებულების დეკლარაცია“ (დანართი №8-VIII-05).
ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით „საფოსტო გზავნილის ღირებულების დეკლარაციას“ დეკლარანტი ავსებს საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის ნასყიდობის დოკუმენტის (ინვოისის) საფუძველზე.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე საკანონმდებლო აქტის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება (გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) – იწვევს დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საფოსტო გზავნილის ღირებულების დეკლარაციაში არასწორი მონაცემის შეტანას, რამაც გამოიწვია იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება. აღნიშნული კი არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ------ (პ/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 10 ოქტომბრის №EL226740 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.
ფაქტობრივი გარემოებები
განხორციელდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე მომჩივნის სახელზე შემოტანილი, ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი საფოსტო გზავნილის ზოგადი დეკლარირება, მომჩივნის მიერ გაცხადებული საფოსტო გზავნილების დეკლარაციის საფუძველზე. მებაჟე-ოფიცრის მიერ ამანათზე საბაჟო ფორმალობების განხორციელებისას გამოვლინდა საფოსტო გზავნილის ღირებულების შესახებ არასწორი მონაცემების არსებობა. კერძოდ, საფოსტო გზავნილში განთავსებული საქონლის (ფეხსაცმელი) ღირებულებამ, დეკლარირებული 79 დოლარის ნაცვლად, ნასყიდობის დოკუმენტის თანახმად შეადგინა 182.95 ევრო. ვინაიდან მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო დეკლარაციაში არასწორი მონაცემის შეტანას, რამაც გამოიწვია იმპორტის გადასახდელის შემცირება 97.65 ლარით, გაფორმების ეკონომიკური ზონის უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 10 ოქტომბერს შედგენილი №EL226740 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით მომჩივანს დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის და შეეფარდა ჯარიმა 97.65 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 13, 163(1), 167(1).
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის N 257 ბრძანება.