გადაწყვეტილება №21676/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№21676/2/2023
14 მაისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს "------"(ს/ნ "------")
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,7.03.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "-------"-ის 21.12.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21676/2/2024).
დავის საგანი:
1. საქონლის უსასყიდლო მიწოდებად განხილვის შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულება;
2. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებზე გადახდილი მომსახურების ანაზღაურების თანხის ხელფასად დაკვალიფიცირება;
3.აღნაგობის ხელშეკრულების საფუძველზე ფიზიკური პირისთვის გაწეული მომსახურების დღგ-ით დაბეგვრა მიღებული მიწის საბაზრო ღირებულებიდან გამომდინარე და დაბეგვრის დრო.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 10.10.2023 წლის №006-499 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 11.12.2023 წლის №30969 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 359 210.64 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 202 744
დღგ - 61 278
მოგების გადასახადი - 37 392
საშემოსავლო გადასახადი - 104 074
ჯარიმა - 100 019
საურავი - 56 447.64
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა. ფიზიკური პირისგან აღნაგობით მიღებული აქვს მიწა და აშენებული აქვს საცხოვრებელი კორპუსი, რომელთა 80% ამ მომენტისთვის უკვე რეალიზებული აქვს.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 26.06.2020 წლიდან 1.06.2023 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 28.09.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზეც გამოიცა 10.10.2023 წლის №25048 ბრძანება და ამავე თარიღის №006-499 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 8.11.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 11.12.2023 წლის №30969 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:
- პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს შპს „N1“ მიმართებაში, საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, დამატებით შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის 112-ე მუხლის 46-ე პუნქტისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 11.12.2023 წლის №30969 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. საქონლის უსასყიდლო მიწოდებად განხილვის შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულება
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
საწარმო შესამოწმებელ პერიოდში აშენებს საცხოვრებელ კორპუსს ქ. "-------"-ში "------"-ის დასახლებაში. შემოწმების პროცესში შესწავლილია გადამხდელის მიერ შეძენილ საქონელზე/მასალაზე გამოწერილი სასაქონლო ზედნადებები, რომელთა ნაწილში ტრანსპორტირების დასრულების ადგილად მითითებულია სხვადასხვა მისამართები, ადგილები, რასთან შემხებლობა არ აქვს საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში. ამასთან, არ არსებობს უცხო მისამართებიდან მშენებლობის ადგილამდე საბოლოოდ ტრანსპორტირების დოკუმენტაცია.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, შემოწმების მიერ აღნიშნულ მისამართებზე მისული საქონელი/მასალა, 211 940 ლარის ღირებულებით, დღგ-ის გარეშე, ჩაითვალა უსასყიდლოდ მიწოდებად, რაც შესაბამის პერიოდებში, დაიბეგრა დღგ-ით და მოგების გადასახადით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადები და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
საჩივარში გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ სასაქონლო ზედნადებებში, რომელშიც დასრულების მისამართად დაფიქსირებულია „------“, მითითებული საქონელი მიწოდებულია შპს „N1-სთვის“, რომლის მიმართ საწარმოს გააჩნია მოთხოვნა 147 000 ლარის ოდენობით. გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული მიწოდება არ არის უსასყიდლო, ითხოვს მოგების გადასახადის შემცირებას.
სამართლებრივი ნორმებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს შპს „N1-თან“ მიმართებაში, საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
აღნიშნული სადავო საკითხის ერთი ნაწილი შესასწავლად დაუბრუნდა აუდიტის დეპარტამენტს, შესაბამისად ამ ნაწილში არ ასაჩივრებს.
რაც შეეხება, სასაქონლო ზედნადების ნაწილს, საქონლის დასრულების ადგილად მითითებული აქვს "------", თუმცა შემოწმების მიერ აქტში აღნიშნულია რომ აღნიშნულ მისამართს შემხებლობა არ აქვს ობიექტთან, რასაც ვერ გაიზიარებს, რადგან მშენებლობა მიმდინარეობს ქალაქ "-------"-ში , "------"-ის დასახლებაში. ამასთან, აღნიშნული საქონელი გამოყენებულია მშენებლობაზე, ასახულია ბუღალტერიაში, ჩამოწერილია შესაბამისი დოკუმენტაციით და მხოლოდ ის ფაქტი, რომ მისამართი არ არის დაკონკრეტებული არ შეიძლება გახდეს იმის მტკიცებულება, რომ საქონელი არ არის გამოყენებული მშენებლობაზე, აღნიშნულის საპირისპიროდ მაგალითად ყველა ზედნადებში დასრულების ადგილად "------", რომ მიუთითოს ამ შემთხვევაში როგორ იმოქმედებდა შემოწმება. შესაბამისად, ამ ნაწილში დარიცხვა არამართლზომიერია. აღნიშნული საკითხი მიუთითა შემოსავლების სამსახურში თუმცა ყოველგვარი მსჯელობისა და სამართლებრივი დასაბუთების გარეშე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი განაცხადა, რითაც დაირღვა გადასახადის გადამხდელის კანონიერი უფლება, ითხოვს აღნიშნული საკითხის დაკმაყოფილებას, კერძოდ დაევალოს შემოწმებას ამ ნაწილში უსაფუძვლოდ დარიცხული თანხების შემცირება.
"------",-ის სხვადასხვა უბნები მცირე ოდენობით საქონელზე, ზედნადების დასრულების ადგილად მითითებულია "------",-ის სხვადასხვა მისამართები, აღნიშნული მიზეზი ძირითადად არის ის რომ ავტოსატრანსპორტო საშუალება შეიძლება შეძენის ადგილიდან პირდაპირ არ მიემართება სამშენებლო ობიექტზე, შეიძლება გზად შეიაროს ერთ ან რამდენიმე ადგილზე და შემდეგ მოიტანოს შეძენილი საქონელი. მიუხედავად იმისა, რომ ამ ნაწილში სახეზე სასაქონლო ზედნადებების დასრულების არასწორ მისამართზე მითითების შემთხვევები შემოსავლების სამსახურის ამ საკითხზე არ უმსჯელია.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა.
საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა, რომლის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება, უსასყიდლოდ მიწოდებად ითვლება.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურების სანაცვლოდ, საქონლის მიწოდებად ასევე განიხილება დასაბეგრი პირის მიერ საქონლის უსასყიდლოდ მიწოდება, თუ მას ამ საქონელზე ან მასზე გაწეულ ხარჯზე დღგ სრულად ან ნაწილობრივ აქვს ჩათვლილი. ამასთანავე, საქონლის გადაცემა/გამოყენება ნიმუშის ან მცირე ღირებულების საჩუქრის სახით, არ განიხილება ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდებად.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის, „ა“−„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის შესყიდვის ფასი ამ ან ანალოგიურ საქონელზე, ან თუ ასეთი არ არსებობს − მისი წარმოების ფასი, რომელიც შესაბამის შემთხვევებში დგინდება საქონლის გამოყენების, გასხვისების, დასაკუთრების (მფლობელობაში დარჩენის) ან დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების მომენტში.
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივნის წარმომადგენელმა განმარტა, რომ პირველ შემთხვევაში სასაქონლო ზედნადებების ნაწილში მითითებულია ქალაქი "------",, მშენებლობა მიმდინარეობდა ვეფხისტყაოსნის ქუჩაზე, მომწოდებელს უნდა მიეთითებინა ზუსტი მისამართი, მაგრამ არ მიუთითა და რადგან ქალაქში მიმდინარეობს ერთი მშენებლობა, მარტივად არის შესაძლებელი მისამართის იდენტიფიცირება, შესაბამისად, ამ ნაწილში განხორციელებული დარიცხვა არასწორია. მეორე შემთხვევაში კი მძღოლებს ჰქონდათ არასწორი კომუნიკაცია და არასწორად აწვდიდნენ ინფორმაციას მისამართის შესახებ. ავტოსატრანსპორტო საშუალება ზოგჯერ შეძენის ადგილიდან პირდაპირ არ მიემართებოდა სამშენებლო ობიექტზე, შეიძლება გზად შეიაროს ერთ ან რამდენიმე ადგილზე და შემდეგ მიიტანოს შეძენილი საქონელი საბოლოო დანიშნულების ადგილზე.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა მომჩივნის არგუმენტზე განმარტა, რომ შემოწმების პროცესში შესწავლილია გადამხდელის მიერ შეძენილ საქონელზე/მასალაზე გამოწერილი სასაქონლო ზედნადებები, რომელთა ნაწილში ტრანსპორტირების დასრულების ადგილად მითითებულია სხვადასხვა მისამართები, ადგილები, რასთან შემხებლობა არ აქვს საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში. ამასთან, არ არსებობს აღნიშნული მისამართებიდან მშენებლობის ადგილამდე საბოლოოდ ტრანსპორტირების დოკუმენტაცია. შესაბამისად, ვერ დაიდენტიფიცირდა რა მიზნით იქნა მიტანილი სამშენებლო მასალები ამა თუ იმ მისამართზე.
აღნიშნული გარემოებებიდან და მხარეთა არგუმენტებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ აღნიშნულ ნაწილში 211 940 ლარის ღირებულების (დღგ-ის გარეშე) საქონლის/მასალის უსასყიდლოდ მიწოდებად ჩათვლა მართებულია და არ არსებობს ამ ნაწილში მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებზე გადახდილი მომსახურების ანაზღაურების თანხის ხელფასად დაკვალიფიცირება
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
საწარმო სამშენებლო-სარემონტო მომსახურებებს უწევენ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირები. აღნიშნული მომსახურებისთვის გადახდილი საკომპესაციო თანხები პირის მიერ არ არის დაბეგრილი გადახდის წყაროსთან. შემოწმების შედეგად, გამოვლინდა, შემდეგი შეუსაბამობები: ფიზიკური პირების ნაწილს საწარმოდან საქვეანგარიშოდ ერიცხებათ თანხები; მომსახურების გაწევის პარალელურად ერთი ფიზიკური პირი მუშაობს დაცვის პოლიციის დეპარტამენტში; საწარმოს დირექტორი პარალელურად წარმოადგენს ამავე საწარმოს დაქირავებულ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე პირს; ერთ-ერთი პირი მომსახურების გაწევის მომენტში საქართველოში არ იმყოფება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების შედეგად ფიზიკურ პირებზე გადახდილი საკომპესაციო თანხები დაკვალიფიცირდა ხელფასად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, საწარმო ახორციელებს საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას, რაზეც სამშენებლო-სარემონტო მომსახურებებს უწევენ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირები. აღნიშნული მომსახურებისთვის გადახდილი საკომპესაციო თანხები კომპანიის მიერ არ არის დაბეგრილი გადახდის წყაროსთან. საჩივარში მითითებულ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებთან დაკავშირებით, შემოწმების პროცესში მოძიებული ინფორმაციით, ი/მ "--------" (ს/ნ "--------") შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისიდან დღემდე დასაქმებულია დაცვის პოლიციის დეპარტამენტში, ი/მ "-------"-ს (ს/ნ "-------"-) შესამოწმებელ პერიოდში საწარმოდან ერიცხება როგორც საქვეანგარიშო, ასევე ხელფასის სახით მიღებული თანხები. ამასთან, მან სატელეფონო საუბრის დროს აღნიშნა, რომ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციებს წარადგენდა მომჩივანის ბუღალტერი და იგი არ ფლობს სხვა ინფორმაციას. ი/მ "-------" მხოლოდ მომჩივანი საწარმოდან ერიცხება ხელფასი, შესამოწმებელ პერიოდამდე არ უფიქსირდება არანაირი შემოსავალი და გარკვეული პერიოდის შემდეგ მომჩივანი საწარმოდან ხელფასის ნაცვლად მასზე გაიცემა მომსახურების ანაზღაურების თანხები. რაც შეეხება მე-4 პირს, გადასახადის გადამხდელს საჩივარში მასთან დაკავშირებით პოზიცია არ აქვს დაფიქსირებული.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი იმგვარი არგუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ფაქტობრივი გარემოებებისა და საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოწმების აქტში მითითებულია, რომ ერთ-ერთი ასეთი პირი მუშაობდა დაცვის პოლიციაში, ხოლო ერთ-ერთი პირი საქართველოში არ იმყოფებოდა. სულ თანამშრომლად განხილულია შვიდი ასეთი პირი, რომელთა ნაწილი მომსახურების გაწევის პერიოდში მუშაობდა სხვადასხვა კომპანიაში. საჭიროების შემთხვევაში აღნიშნულ პირებს წარმოადგენს საბჭოს წინაშე და ისინი ნამდვილად დაადასტურებენ, რომ არ წარმოადგენენ კომპანიაში დასაქმებულებს, კომპანია არ აკონტროლებდა მათ სამუშაო დროს, არ გასცემდა შვებულებას, მივლინებას და სამართლებრივი ურთიერთობები არ რეგულირდებოდა, ისე როგორც ეს რეგულირდება დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის (საჩივარს ახლავს აღნიშნული პირების განცხადებები).
შვიდი ასეთი პირიდან დადასტურებულად ოთხი პირი ასევე, სხვადსხვა ხანგრძლივობით მუშაობდა სხვადასხვა სამუშაო ადგილას, დანარჩენზე ინფორმაცია არ მოეპოვება, თუმცა შემოსავლების სამსახურს აღნიშნული ინფორმაციის მოძიება/დადასტურება თავადაც შეუძლია.
იმ შემთხვევაშიც კი თუ ზოგადად მართლზომიერად განიხილება ფორმის შინაარსზე აღმატებულად მიჩნევა, როგორც მინიმუმ იმ პირთა მიმართ განხორციელებულ ანაზღაურება მაინც არ იქნება ხელფასად განხილულია, რომლებიც შესამოწმებელ პერიოდში სხვა კომპანიაში იყვნენ დასაქმებულები.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილის და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით:
4. თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
9. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივნის წარმომადგენელმა განმარტა, რომ აღნიშნულ ნაწილში ასაჩივრებს მხოლოდ 4 პირზე არსებულ დარიცხვას, რადგან მათზე აქვს დადასტურებული ინფორმაცია, რომ სხვადასხვა ხანგრძლივობით და პარალელურად მუშაობდნენ სხვა ადგილას და მათი სამუშაო დროის კონტროლი კომპანიის მეირ არ ხდებოდა, სამ მათგანს ("--------", "--------" და "-------" ) დაუკავშირდნენ და წარმოდგენილი აქვს ახსნაგანმარტებები.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა მომჩივნის არგუმენტზე განმარტა, რომ შემოწმების შედეგად განისაზღვრა 8 პირი, რომელიც დადასტურდა, რომ იყვნენ დაქირავებული პირები. აღნიშნული პირები შემოსავალს არ ადეკლარირებდნენ და მცირე მეწარმის სტატუსი მიღებული ჰქონდათ კომპანიასთან ურთიერთობის დაწყებამდე პერიოდში, თუმცა ნაწილ მათგანს სტატუსის მიღებამდე კომპანიისგან ერიცხებოდა ხელფასი. მომჩივნის არგუმენტი, რომ აღნიშნული პირები პარალელურად სხვაგან ასრულებდნენ სამუშაოებს არ დასტურდება.
საჩივარში მითითებულ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებთან დაკავშირებით, შემოწმების პროცესში მოძიებული ინფორმაციით, ი/მ "--------"(ს/ნ "--------") შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისიდან დღემდე დასაქმებულია დაცვის პოლიციის დეპარტამენტში, ი/მ "-------"-ს (ს/ნ "--------") შესამოწმებელ პერიოდში საწარმოდან ერიცხება როგორც საქვეანგარიშო, ასევე ხელფასის სახით მიღებული თანხები. ამასთან, მან სატელეფონო საუბრის დროს აღნიშნა, რომ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციებს წარადგენდა მომჩივანის ბუღალტერი და იგი არ ფლობს სხვა ინფორმაციას. ი/მ "-------"-ს (ს/ნ "-------" ) მხოლოდ მომჩივანი საწარმოდან ერიცხება ხელფასი, შესამოწმებელ პერიოდამდე არ უფიქსირდება არანაირი შემოსავალი და გარკვეული პერიოდის შემდეგ მომჩიანი საწარმოდან ხელფასის ნაცვლად მასზე გაიცემა მომსახურების ანაზღაურების თანხები. რაც შეეხება მე-4 პირს, გადასახადის გადამხდელს საჩივარში მასთან დაკავშირებით პოზიცია არ აქვს დაფიქსირებული.
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
3.აღნაგობის ხელშეკრულების საფუძველზე ფიზიკური პირისთვის გაწეული მომსახურების დღგ-ით დაბეგვრა მიღებული მიწის საბაზრო ღირებულებიდან გამომდინარე და დაბეგვრის დრო
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელს ფიზიკური პირებისგან მიღებული აქვს მიწა აღნაგობის უფლებით, ხოლო სანაცვლოდ გადასაცემი აქვს მასზე აშენებული საცხოვრებელი ბინების სასარგებლო ფართის 20%. 2022 წლის მაისში ერთ-ერთი მიწის მესაკუთრისთვის,"-------"-სთვის, საწარმოს გადაცემული აქვს წინასწარ დადებული ხელშეკრულების მიხედვით, კუთვნილი ფართი შეთანხმებული ფასით, რაც შესაბამის პერიოდში საწარმოს დაფიქსირებული აქვს ფართის მიწოდებად და წინასწარ განსაზღვრული თანხა 126 732 ლარი დაბეგრილი აქვს დღგ-ით.
საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის თანახმად, გაცვლის (ბარტერის) ოპერაციის ფარგლებში, პირის მიერ გაწეული სამშენებლო მომსახურების სანაცვლოდ აღნაგობის უფლებით მიღებული "--------"-ის მიწა შემოწმების შედეგად შეფასდა საბაზრო ფასით, რამაც შეადგინა 278 447 ლარი. გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემსა და შემოწმების შედეგად დაფიქსირებულ ღირებულებას შორის სხვაობა 151 715 ლარი დაიბეგრა დღგ-ით. საწარმოს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
საჩივარში გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ აღნაგობის ხელშეკრულება ფიზიკურ პირთან დადებულია 2021 წლამდე და აღნიშნული დასაბეგრი ოპერაცია უნდა შეფასდეს საწარმოს მიერ გაწეული მომსახურების საბაზრო ფასით. გადამხდელის პოზიციასთან, დეკლარირებული მონაცემების შემცირებასთან და საქონლის გადაცემის ოპერაციის ექსპლუატაციაში მიღების მომენტში დღგ-ით დაბეგვრასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს მხარეებს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზე, რომლის თანახმად, ფიზიკური პირებისგან აღნაგობის უფლებით მიღებული მიწის სანაცვლოდ საწარმოს მიერ გაწეულია მომსახურება, რომლის დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება ამ ოპერაციის ფარგლებში მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების საბაზრო ფასით, ხოლო დღგ-ით დაბეგვრის დროს წარმოადგენს საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტი.
სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 112-ე მუხლის 46-ე პუნქტისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
ფასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ კონტრაქტი დადებულია 2021 წლამდე, შესაბამისად საბაზრო ფასი უნდა განსაზღვრულიყო ისე, როგორც მეწარმეს ჰქონდა განსაზღვრული ანუ მიწოდებული მომსახურების საბაზრო ფასით და არა სანაცვლოდ მიღებული მიწის საბაზრო ფასით (რომელიც ასევე დაუსაბუთებელია).
აღსანიშნია, რომ მშენებარე აქტივზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისას მისი დაბეგვრის დროს წარმოდგენს მისი ექსპლუატაციაში გადაცემის მომენტი, რომელიც ჯერ არ დამდგარა. შესაბამისად, ამ ნაწილში არათუ დარიცხვა არამართლზომიერია, არამედ შემცირებას უნდა დაექვემდებაროს დეკლარირებული ციფრები და მომსახურების ღირებულების საბაზრო ფასის ოდენობით დაიბეგროს კორპუსის ექსპლუატაციის პერიოდში, რის დეკლარირებასაც საწარმო თავად განახორციელებს.
შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით აღნიშნული საკითხი შესასწავლად დაუბრუნდა აუდიტის დეპარტამენტს თუმცა, პირდაპირ შეიძლებოდა გადაწყვეტილება მიღებულიყო გადამხდელის სასარგებლოდ დაკმაყოფილებაზე, რადგან კანონი იმპერატიულად ადგენს რასაც ითხოვს ანუ ბარტერი დღგ-ით დაიბეგროს მშენებლობის დასრულების მომენტში, რომელიც სავარაუდოდ დადგება 2024 წლის ივნისში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაცია საქონლის/მომსახურების მიმწოდებელი თითოეული მხარისათვის ითვლება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასით რეალიზაციად, ხოლო საქონლის/მომსახურების თითოეული მიმღებისათვის – საქონლის/ მომსახურების იმავე საბაზრო ფასით შეძენად.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის 112-ე მუხლის 46-ე პუნქტის თანახმად, საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაციის შემთხვევაში, როდესაც საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა განხორციელებულია 2021 წლის 1 იანვრამდე, ხოლო სანაცვლო საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ხორციელდება 2021 წლის 1 იანვარს ან შემდგომ პერიოდებში, ამ ოპერაციის თითოეული მხარისათვის დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება ამ ოპერაციის ფარგლებში მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების საბაზრო ფასით, დღგ-ის გარეშე, ხოლო დღგ-ით დაბეგვრის დროს წარმოადგენს საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტი.
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივნის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ხელშეკრულება გაფორმებულია 2021 წლამდე და საბაზრო ფასი უნდა განსაზღვრულიყო მიწოდებული მომსახურების საბაზრო ფასით და არა მიწის საბაზო ფასით, გარდა ამის, მშენებარე აქტივზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისას მისი დაბეგვრის დროს წარმოდგენს მისი ექსპლუატაციაში გადაცემის მომენტი, რომელიც ჯერ არ დამდგარა. შესაბამისად, ამ ნაწილში არათუ დარიცხვა არამართლზომიერია, არამედ შემცირებას უნდა დაექვემდებაროს დეკლარირებული თანხა და მომსახურების ღირებულების საბაზრო ფასის ოდენობით დაიბეგროს კორპუსის ექსპლუატაციაში გადაცემის მომენტში, რის დეკლარირებასაც საწარმო თავად განახორციელებს. იმ შემთხვევაში თუ საბჭოს გადაწყვეტილებით ძალაში დარჩება შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება, ითხოვს აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს აღნიშნული საკითხის შესწავლა აღნიშნული დაბეგვრის მომენტის გათვალისწინებით.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა მომჩივნის არგუმენტზე განმარტა, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ ნაწილობრივ გათვალისწინებულია გადასახადის გადამხდელის პოზიცია, ვინაიდან ხელშეკრულება გაფორმებულია 2019 წელს და შესაბამისად, ამ ნაწილში უნდა გავრცელდეს 2021 წლამდე არსებული რედაქცია, როგორც დასაბეგრი თანხის ასევე, დაბეგვრის მომენტის მიხედვით. რაც შეეხება შენობას, შესამოწმებელ პერიოდში კაპიტალიზებული ხარჯის 99% გაწეული და მშენებლობა დამთავრებული იყო.
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. საქონლის უსასყიდლო მიწოდებად განხილვის შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულება;
2. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებზე გადახდილი მომსახურების ანაზღაურების თანხის ხელფასად დაკვალიფიცირება;
3.აღნაგობის ხელშეკრულების საფუძველზე ფიზიკური პირისთვის გაწეული მომსახურების დღგ-ით დაბეგვრა მიღებული მიწის საბაზრო ღირებულებიდან გამომდინარე და დაბეგვრის დრო.
ფაქტობრივი გარემოებები
1.საწარმო შესამოწმებელ პერიოდში აშენებს საცხოვრებელ კორპუსს.შემოწმების პროცესში შესწავლილია გადამხდელის მიერ შეძენილ საქონელზე/მასალაზე გამოწერილი სასაქონლო ზედნადებები, რომელთა ნაწილში ტრანსპორტირების დასრულების ადგილად მითითებულია სხვადასხვა მისამართები, ადგილები, რასთან შემხებლობა არ აქვს საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში. ამასთან, არ არსებობს უცხო მისამართებიდან მშენებლობის ადგილამდე საბოლოოდ ტრანსპორტირების დოკუმენტაცია.შემოწმების მიერ აღნიშნულ მისამართებზე მისული საქონელი/მასალა,ჩაითვალა უსასყიდლოდ მიწოდებად, რაც შესაბამის პერიოდებში, დაიბეგრა დღგ-ით და მოგების გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა გადასახადები და დაეკისრა ჯარიმა.
2.საწარმო სამშენებლო-სარემონტო მომსახურებებს უწევენ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირები. აღნიშნული მომსახურებისთვის გადახდილი საკომპესაციო თანხები პირის მიერ არ არის დაბეგრილი გადახდის წყაროსთან.შემოწმების შედეგად ფიზიკურ პირებზე გადახდილი საკომპესაციო თანხები დაკვალიფიცირდა ხელფასად. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
3.მომჩივანი ფიზიკური პირებისგან მიღებული აქვს მიწა აღნაგობის უფლებით, ხოლო სანაცვლოდ გადასაცემი აქვს მასზე აშენებული საცხოვრებელი ბინების სასარგებლო ფართის 20%.გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემსა და შემოწმების შედეგად დაფიქსირებულ ღირებულებას შორის სხვაობა დაიბეგრა დღგ-ით. საწარმოს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა..
გადაწყვეტილება
1.საბჭოს მიაჩნია, რომ აღნიშნულ ნაწილში 211 940 ლარის ღირებულების საქონლის/მასალის უსასყიდლოდ მიწოდებად ჩათვლა მართებულია და არ არსებობს ამ ნაწილში მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
2.საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
3.საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
73(3,9),98(3),101,154,169,160,163,164.