გადაწყვეტილება №17288/2/2022

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება საჩივრის თაობაზე 24.11.2022
№ დოკუმენტი 17288/2/2022
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№17288/2/2022

24/11/2022

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-----“ (ს/ნ-----)

მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 24.11.2022 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს --------ს 26.07.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №17288/2/2022).

 

დავის საგანი:

1. საჩივრის განუხილველად დატოვება - გასულია გასაჩივრების ვადა;

2. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმში ცვლილების შეტანა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 13.04.2022 წლის №CB1302328 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

2. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 13.04.2022 წლის №CB1302330 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

3. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 20.04.2022 წლის №049-4 საგადასახადო მოთხოვნა;

4. შემოსავლების სამსახურის 21.07.2022 წლის №19413 ბრძანება.

დარიცხული თანხა: 1 000 ლარი.

ჯარიმა - 500

ჯარიმა - 500

 

ფაქტების აღწერა

საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების ფაქტზე, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 13.04.2022 წლის №CB1302328 და №CB1302330 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმებით, მომჩივანს შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული ჯარიმები 500 და 5 000 ლარის ოდენობით, ამასთან №CB1302330 სამართალდარღვევის ოქმში საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 19.04.2022 წლის №9960 ბრძანებით გასწორდა ოქმის მე-4 „საგადასახადო სამართალდარღვევის შინაარსი“ და მე-6 „სანქციის სახე და ოდენობა“ გრაფები, ნაცვლად საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული 5 000 ლარისა, მიეთითა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილი და 500 ლარი. აღნიშნული ბრძანების საფუძველზე შემოსავლების სამსახურის მიერ გამოიცა 20.04.2022 წლის №049-4 საგადასახადო მოთხოვნა. სამართალდარღვევის ოქმები და საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 21.07.2022 წლის №19413 ბრძანებით საჩივარი 13.04.2022 წლის №CB1302330 და №CB1302328 სამართალდარღვევის ოქმების გასაჩივრების ნაწილში საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე დარჩა განუხილველი, ხოლო დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 21.07.2022 წლის №19413 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური 13.04.2022 წლის №CB1302328 და №CB1302330 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმებთან დაკავშირებით მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის პირველ, მე-3 და მე-9 ნაწილებზე, 299-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტზე, 299-ე მუხლის მე-10 ნაწილზე. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დგინდება, რომ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმებს გადასახადის გადამხდელი ელექტრონულად გაეცნო 13.04.2022 წელს.

გადასახადის გადამხდელის მიერ სადავო ოქმებთან დაკავშირებით საჩივარი წარდგენილ იქნა ---------ს რაიონულ სასამართლოში 17.05.2022 წელს, ასევე შემოსავლების სამსახურში 31.05.2022 წელს. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საჩივარი 13.04.2022 წლის №CB1302328 და №CB1302330 ოქმებთან დაკავშირებით წარმოდგენილია საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარღვევით, ხოლო მომჩივანს არ დაუმტკიცებია, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

საგადასახადო მონიტორინგის 20.04.2022 წელს №049-4 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს, საგადასახადო კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე და ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მიიჩნია, რომ შპს ----------ს მიმართ „ტექნიკური უზუსტობის გასწორების შესახებ“ 19.04.2022 წლის №9960 ბრძანება და 20.04.2022 წლის №049-4 საგადასახადო მოთხოვნა, გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები. მომჩივნის არგუმენტაცია სამართალდარღვევის ოქმები და 20.04.2022 წლის №049-4 საგადასახადო მოთხოვნა გაასაჩივრა 13.05.2022 წელს (13 მაისს ჩაბარდა ფოსტას) ----------ს რაიონულ სასამართლოში, სადაც საჩივარი 17.05.2022 წელს შევიდა. სასამართლოში საჩივრის წარდგენის შემდეგ, კერძოდ 31.05.2022 წელს ზემოაღნიშნული სამართალდარღვევის ოქმები გაასაჩივრა დავების განხილვის საბჭოში საიდანაც საჩივარი კუთვნილებისამებრ გაეგზავნა შემოსავლების სამსახურს. ----------ს რაიონული სასამართლოს 8.06.2022 წლის №4/169-22 დადგენილებით შპს ---------ს უარი ეთქვა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე იმ საფუძვლით, რომ არ გამოუყენებია ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში აქტის გასაჩივრების უფლებამოსილება, რაც სასამართლოს აზრით გულისხმობს არამარტო გასაჩივრებას, არამედ - კანონით დადგენილ ვადებში საჩივრის განხილვას და მისი შედეგებიდან გამომდინარე სასამართლოში დავის დაწყებას.

აღნიშნული დადგენილება (რომელიც ჩაბარდა 18.06.2022 წელს) არ გაუსაჩივრებია, რადგან მიიჩნია, რომ კანონიერი იყო, თუმცა იმ დროისთვის როდესაც სასამართლომ უარი თქვა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე, შემოსავლების სამსახურში საჩივარი უკვე წარდგენილი ჰქონდა. შემოსავლების სამსახურის 21.07.2022 წლის №19413 ბრძანებით საჩივარი საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 13.04.2022 წლის №CB1302330 და №CB1302328 ოქმების ნაწილში დარჩა განუხილველი, ხოლო დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ითხოვს გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 21.07.2022 წლის №19413 ბრძანება და შეწყდეს საქმის წარმოება მის ქმედებაში სამართალდარღვევის ნიშნების არარსებობის გამო.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა. საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში. ამავე კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე. მომჩივანი მიუთითებს, რომ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები და 20.04.2022 წლის №049-4 საგადასახადო მოთხოვნა გაასაჩივრა 13.05.2022 წელს (13 მაისს ჩაბარდა ფოსტას) ---------ს რაიონულ სასამართლოში, სადაც საჩივარი 17.05.2022 წელს შევიდა.

საქმეზე არსებული მასალებით დგინდება, რომ მომჩივანმა 13.05.2022 წელს მიმართა -----------ს რაიონულ სასამართლოს. ამგვარად დგინდება, რომ მომჩივნის მიერ -----------ს რაიონულ სასამართლოში საჩივარი წარდგენილია 13.05.2022 წელს. შესაბამისად, საჩივარი წარდგენილია სადავო აქტების გასაჩივრების კანონით დადგენილ ვადაში.

ამდენად, შემოსავლების სამსახურმა არამართლზომიერად დატოვა საჩივარი განუხილველი. საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ:

ა) შემოსავლების სამსახურმა არამართლზომიერად დატოვა საჩივარი განუხილველად;

ბ) შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები. აღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 21.07.2022 წლის №19413 ბრძანება და საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და

გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 21.07.2022 წლის №19413 ბრძანება;

3. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საჩივრის განუხილველად დატოვება - გასულია გასაჩივრების ვადა; საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმში ცვლილების შეტანა.

 

ფაქტობრივი გარემოება

საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების ფაქტზე, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმებით, მომჩივანს შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული ჯარიმები. სამართალდარღვევის ოქმები და საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 21.07.2022 წლის №19413 ბრძანებით საჩივარი 13.04.2022 წლის №CB1302330 და №CB1302328 სამართალდარღვევის ოქმების გასაჩივრების ნაწილში საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე დარჩა განუხილველი, ხოლო დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 21.07.2022 წლის №19413 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 21.07.2022 წლის №19413 ბრძანება; საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს; დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 299;

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტი