გადაწყვეტილება №26674/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№26674/2/2026
06 მარტი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 26.02.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება „----------“ 18.02.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26674/2/2026).
დავის საგანი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 5.09.2025 წლის №25534/2/2025 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
აუდიტის დეპარტამენტის 10.02.2026 წლის №063-2 საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა: 32 939.21 ლარი.
მათ შორის:
საშემოსავლო გადასახადი - 20 715
ჯარიმა - 5 502
საურავი - 6 722.21
პროცედურული გარემოებები
გადამხდელის საქმიანობაა ჯართითა და ფერადი ლითონებით ვაჭრობა.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.04.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებების გამო:
1. შემოწმების აქტში მითითებულია, რომ არაერთი მცდელობის მიუხედავად ვერ მოხდა გადასახადის გადამხდელისგან საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიღება. ასევე, გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის ვებგვერდზე (RS.GE) და რეგისტრირებულ იურიდიულ მისამართზე გაგზავნილი იქნა მოთხოვნა საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოდგენის თაობაზე. აღნიშნულ მოთხოვნას გადასახადის გადამხდელი გაეცნო 2023 წლის 29 მარტს, თუმცა მისი მხრიდან დოკუმენტაციის წარმოდგენას ადგილი არ ქონია, რაზეც შედგენილია საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი (№----------).
იმის გათვალისწინებით, რომ შემოსავლების სამსახურის ელექტრონული ვებგვერდის მეშვეობით ვერ მოხდა მის მიერ რეალიზებული საქონლის თვითღირებულების დოკუმენტურად განსაზღვრა (გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია შესყიდვაზე მიღებული ელექტრონული სასაქონლო ზედნადებები) და ამავდროულად გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ მომხდარა დაბეგვრასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარდგენა, მისი საგადასახადო ვალდებულებების, კერძოდ, გამოსაქვითი ხარჯის განსაზღვრა მოხდა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად. გადასახადის გადამხდელის რეალიზებული საქონლის თვითღირებულება განისაზღვრა შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს საფუძველზე, რეალიზებული საქონლის ღირებულების 75%-ის ოდენობით. შედეგად, გადასახადის გადამხდელს საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის მიხედვით, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
2. იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია დოკუმენტურად დადასტურებული საქონლის შეძენები, რეალიზებული საქონელი ჩაითვალა ფიზიკური პირებისგან შეძენილ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებად. შედეგად, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, გაანგარიშებული საქონლის თვითღირებულება ჩაითვალა ფიზიკურ პირებზე ანაზღაურებულ ჯართის ღირებულებად და დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის მიხედით, რაზეც მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 19.07.2023 წლის №17566 ბრძანება და ამავე თარიღის №063- 15 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 5.10.2023 წლის №24548 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც 20.11.2023 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 15.02.2024 წლის №21367/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 5.10.2023 წლის №24548 ბრძანება და საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
შემოსავლების სამსახურის 21.05.2024 წლის №11521 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ:
1. პირველ დავის საგანთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტების დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების (ჯართი) შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (შესყიდვის აქტები)). განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეესწავლა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი შესყიდვის დოკუმენტაცია (მათ შორის, განსახილველ საკითხთან დაკავშირებით გამოითხოვოს საგამოძიებო სამსახურში არსებული ინფორმაცია) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ დასტურდება ხარჯის გაწევის ავთენტურობა, საგადასახადო დოკუმენტები, რომლებიც აკმაყოფილებს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს სრულად გათვალისწინდეს და აღნიშნულის შესაბამისად, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების სათანადო კორექტირება (შემცირება).
2. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს პირველი სადავო საკითხის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, გაანგარიშებული საქონლის თვითღირებულების ფიზიკურ პირებზე ანაზღაურებულ ჯართის ღირებულებად ჩათვლისა და საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის მიხედვით, გადახდის წყაროსთან დაბეგვრის საკითხის დამატებით შესწავლა და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 21.05.2024 წლის №11521 ბრძანების აღსრულების მიზნით 2025 წლის 31 მარტს შედგა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც აქტით დარიცხული თანხები დაექვემდებარა კორექტირებას/შემცირებას სულ 8 657 ლარის ოდენობით (გადასახადი 5 770 ლარი; ჯარიმა - 2 887 ლარი). აღნიშნულ დასკვნაზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 17 აპრილის №7288 და №7330 ბრძანებები და 2025 წლის 17 აპრილის №063-12 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
ამასთან, დადგინდა, რომ 2025 წლის 17 აპრილის №7288 ბრძანების საფუძველზე, ამავე თარიღის №063-12 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის გამოცემისას, გადასახადების სახეების და ვადების მიხედვით, გადასახადების აღრიცხვისას მოხდა ტექნიკური უზუსტობა, რის შედეგად გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე გადასახადები აისახა არასწორად. შესაბამისად, 2025 წლის 17 აპრილის №063-12 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა არასწორად იქნა ფორმირებული - აქტით დარიცხული თანხები გაორმაგდა: 2023 წლის 19 ივლისის №063-15 საგადასახადო მოთხოვნით საშემოსავლო გადასახადში აქტით დარიცხული გადასახადი შეადგენდა 28 805 (23 951 + 4 854) ლარს, ხოლო კორექტირებულ №063-12 საგადასახადო მოთხოვნაში 57 610 (28 805 * 2) ლარს. აქტით დარიცხული ჯარიმა შეადგენდა 9 549 ლარს, ხოლო კორექტირებულ №063-12 საგადასახადო მოთხოვნაში 19 098 (9 549 * 2) ლარს.
აღნიშნულზე შედგა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 16 მაისის დასკვნა, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 19 მაისის №10028 ბრძანება და 2025 წლის 20 მაისის №063-14 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა. აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 19 მაისის №10028 ბრძანების საფუძველზე ძალადაკარგულად გამოცხადდა „----------“ (პ/ნ ----------) მიმართ შედგენილი 2025 წლის 31 მარტის დასკვნა, მის საფუძველზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 17 აპრილის №7288 და 7330 ბრძანებები და 2025 წლის 17 აპრილის №063-12 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 20 მაისის №063-14 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნით ანულირებულ იქნა (გაუქმდა) 2025 წლის 17 აპრილის №063-12 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნით გპაბ-ზე არასწორად აღრიცხული თანხები და გასწორებულმა გადასახადმა კვლავ შეადგინა 28 805 ლარი, ხოლო ჯარიმამ - 9 549 ლარი.
ამასთან, შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 21 მაისის №11521 ბრძანების აღსრულების მიზნით 2025 წლის 16 მაისს შედგა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა სულ 8 657 ლარი, მათ შორის: გადასახადი - 5 770 ლარი, ჯარიმა - 2 887 ლარი. გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 20 მაისის №10193 ბრძანება და 2025 წლის 20 მაისის №063-15 საგადასახადო მოთხოვნა, სადაც გადასახადი შეადგენს 23 035 (28 805 – 5 770) ლარს, ხოლო ჯარიმა შეადგენს 6 662 (9 549 - 2 887) ლარს.
მომჩივანმა აუდიტის დეპარტამენტის 19.07.2023 წლის №063-15, 17.04.2025 წლის №063-12, 20.05.2025 წლის №063-14 და 20.05.2025 წლის №063-15 საგადასახადო მოთხოვნები გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 21.07.2025 წლის №16327 ბრძანებით საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 19.07.2023 წლის №063-15 საგადასახადო მოთხოვნის ნაწილში საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დარჩა განუხილველი, ხოლო 17.04.2025 წლის №063-12 და 20.05.2025 წლის №063-14 საგადასახადო მოთხოვნების გასაჩივრების ნაწილში, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დარჩა განუხილველი. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 21.07.2025 წლის №16327 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
დავების განხილვის საბჭოს 5.09.2025 წლის №25534/2/2025 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მომჩივანს მიეცა შესაძლებლობა აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა დასახელებული არგუმენტების, კერძოდ, ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული საქონლის ტრანსპორტირებაზე გაწეული ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი ინფორმაცია/მტკიცებულებების მომჩივნის მონაწილეობით შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საბჭოს 5.09.2025 წლის №25534/2/2025 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 4 თებერვლის დასკვნის მიხედვით, შემოწმების აქტით დარიცხული თანხა შემცირდა სულ 3 480 ლარით, მათ შორის გადასახადი - 2 320 ლარი, ჯარიმა - 1 160 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 9.02.2026 წლის №2779 ბრძანება და 10.02.2026 წლის №063-2 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივნის განმარტებით:
1. აუდიტორმა გაითვალისწინა დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება და შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითა გადასახადის გადამხდელის მიერ სატრანსპორტო მომსახურების სანაცვლოდ გადახდილი თანხები, თუმცა ახალ განმარტებების მიუხედავად გამორჩა ფიზიკური პირებისაგან შეძენილ ჯართზე წყაროსთან დაკავებული საშემოსავლო (3%) გადასახადის საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციაში გათვალისწინება. აღნიშნული შესაძლებელია გადამოწმდეს მარტივად, ვინაიდან წარმოადგენს უხეშ შეცდომას. მან შეძენილი ჯართის თვითღირებულებად მიიჩნია არამეწარმე ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხები და არ გაითვალისწინა წყაროსთან დამატებით დაკავებული 3% საშემოსავლო გადასახადი.
კერძოდ, აუდიტორმა 2021 წელს 3 114 ლარით, ხოლო 2022 წელს 6 271 ლარით შეამცირა შეძენილი საქონლის (ჯართის) თვითღირებულება.
მის მიერ აღნიშნული ინფორმაცია მიწოდებული იყო აუდიტორისთვის თუმცა კვლავ არ მოხდა შესაბამისი რეაგირება და აუდიტორმა არასწორად გადაიანგარიშა შედეგები.
ზემოხსენებული არგუმენტებიდან გამომდინარე, მოითხოვს შესამოწმებელ პერიოდში დარიცხული წლიური საშემოსავლო გადასახადისა და შესაბამისი სანქციის თანხების საკითხის ხელახლა და გაცილებით უფრო სიღრმისეულად იქნას შესწავლილი შემოსავლების სამსახურის მიერ და შედეგად მოხდეს ტრასპორტირების ხარჯების გათვალისწინება და შემცირდეს არასწორად დარიცხული გადასახადისა და სანქციის თანხები. ასევე შესაბამისად შემცირდეს მიმდინარე საშემოსავლო გადასახადი.
2. არ ეთანხმება საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლისა და N0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს საფუძველზე რეალიზებული საქონლის თვითღირებულების გაანგარიშებას, ვინაიდან მეწარმეს სრულად აქვს შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და სრულყოფილად აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა, თუმცა აღნიშნული ინფორმაციის წარმოდგენის საშუალება მეწარმეს არ მიეცა, შემმოწმებლების მიერ განხორციელებული არასწორი კომუნიკაციის გამო.
გარდა ამისა, მეწარმისათვის არ მომხდარა არც აქტის პროექტის და არც გაანგარიშების ცხრილების გაცნობა და წარმოდგენა. შესაბამისად გაუგებარია, თუ როგორც მოხდა ფ.პ.-ებისათვის გადახდილ თანხად ჩათვლილი და შესაბამისად საშემოსავლო გადასახადის 3%-იანი განაკვეთით დასაბეგრი ბაზის გაანგარიშება. თვლის, რომ აღნიშნული გაანგარიშებული შეცდომით და შესაბამისად შეცდომით არის გაანგარიშებული შემმოწმებლების მიერ დარიცხული გადახდის წყაროსთან დასაკავებელი საშემოსავლო გადასახადისა და სანქციის თანხები.
შესაბამისად, მოითხოვს, რომ მიეცეს საშუალება წარმოადგინოს მის ხელთ არსებული სააღრიცხვო მონაცემები და დოკუმენტაცია. ნიმუშად ამავე საჩივარს თან ურთავს სამ შესყიდვის აქტს, თუმცა როგორც აღნიშნა მეწარმეს სრულად აქვს შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომლის წარდგენასაც შემმოწმებლებისათვის სრულად შეძლებს. თავის მხრივ, ითხოვს რომ შემმოწმებლებს დაევალოს მის მიერ წარდგენილი აღრიცხვის მონაცემებისა და დოკუმენტაციის სიღრმისეულად შესწავლა და შესაბამისად მათ მიერ განხორციელებული დარიცხვების კორექტირება. რაც მთავარია, აუდიტორის მხრიდან მოხდეს სრულფასოვანი თანამშრომლობა, მათი გაანგარიშებების ცხრილების მისთვის მოწოდება და მის მიერ წარდგენილი ინფორმაციის თანმიმდევრულად და მისი ჩართულობით შესწავლა.
ზემოხსენებული არგუმენტებიდან გამომდინარე, მოითხოვს შესამოწმებელ პერიოდში დარიცხული გადახდის წყაროსთან დასაკავებელი საშემოსავლო გადასახადისა და შესაბამისი სანქციის თანხების საკითხი ხელახლა და გაცილებით უფრო სიღრმისეულად იქნას შესწავლილი შემოსავლების სამსახურის მიერ და შედეგად შემცირდეს არასწორად დარიცხული გადასახადისა და სანქციის თანხები.
ამასთან, გამომდინარე იქიდან, რომ შემოწმების შედეგად თანხების დარიცხვა მოხდა პირველად და მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია მიზანმიმართულად გადასახადებისგან თავის არიდებას ითხოვს შემცირდეს ზემოთ ხსენებული თანხის მოხსნის შემდეგ დარჩენილი სანქციის თანხები, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
დავების განხილვის საბჭოს 5.09.2025 წლის №25534/2/2025 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მომჩივანს მიეცა შესაძლებლობა აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა დასახელებული არგუმენტების, კერძოდ, ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული საქონლის ტრანსპორტირებაზე გაწეული ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი ინფორმაცია/მტკიცებულებების მომჩივნის მონაწილეობით შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საბჭოს 5.09.2025 წლის №25534/2/2025 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 4 თებერვლის დასკვნის მიხედვით, შესწავლილი იქნა გადასახადის გადამხდელის წლიური საშემოსავლო გადასახადიდან შავი და ფერადი ლითონის ტრანსპორტირებაზე გაწეული გამოსაქვითი ხარჯები. შედეგად, გამოსაქვითი ხარჯი გაიზარდა 11 600 ლარის ოდენობით. შედეგად, შემოწმების აქტით დარიცხული თანხა შემცირდა სულ 3 480 ლარით, მათ შორის გადასახადი - 2 320 ლარი, ჯარიმა - 1 160 ლარი.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს მოპასუხე ორგანოს მიერ გამოცემულ ზემოაღნიშნულ დასკვნაზე და იმ გარემოებაზე, რომ მომჩივანი არ წარმოადგენს არგუმენტებს/მტკიცებულებებს თუ რა ნაწილში არ აღსრულდა დავების განხილვის საბჭოს 5.09.2025 წლის №25534/2/2025 გადაწყვეტილება, კერძოდ, სადავოდ არ ხდის საქონლის ტრანსპორტირებაზე გაწეული ხარჯის განსაზღვრის მართლზომიერების საკითხს. სადავოდ ხდის ისეთ საკითხებს (1. შეძენილი საქონლის (ჯართის) თვითღირებულების შემცირება, 2. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლისა და N0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს საფუძველზე რეალიზებული საქონლის თვითღირებულების გაანგარიშება, 3. საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე სანქციებისაგან გათავისუფლება), რომლებზეც საბჭო ვერ იმსჯელებს, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) საბჭოს 5.09.2025 წლის №25534/2/2025 გადაწყვეტილების აღსრულების მართლზომიერების საკითხი - რამდენად სწორად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საბჭოს 5.09.2025 წლის №25534/2/2025 გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
საბჭოს 5.09.2025 წლის №25534/2/2025 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 4 თებერვლის დასკვნის მიხედვით, შესწავლილი იქნა გადასახადის გადამხდელის წლიური საშემოსავლო გადასახადიდან შავი და ფერადი ლითონის ტრანსპორტირებაზე გაწეული გამოსაქვითი ხარჯები. შედეგად, გამოსაქვითი ხარჯი გაიზარდა 11 600 ლარის ოდენობით. შედეგად, შემოწმების აქტით დარიცხული თანხა შემცირდა სულ 3 480 ლარით, მათ შორის გადასახადი - 2 320 ლარი, ჯარიმა - 1 160 ლარი. საბჭო ყურადღებას ამახვილებს მოპასუხე ორგანოს მიერ გამოცემულ ზემოაღნიშნულ დასკვნაზე და იმ გარემოებაზე, რომ მომჩივანი არ წარმოადგენს არგუმენტებს/მტკიცებულებებს თუ რა ნაწილში არ აღსრულდა დავების განხილვის საბჭოს 5.09.2025 წლის №25534/2/2025 გადაწყვეტილება, კერძოდ, სადავოდ არ ხდის საქონლის ტრანსპორტირებაზე გაწეული ხარჯის განსაზღვრის მართლზომიერების საკითხს. სადავოდ ხდის ისეთ საკითხებს (1. შეძენილი საქონლის (ჯართის) თვითღირებულების შემცირება, 2. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლისა და N0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს საფუძველზე რეალიზებული საქონლის თვითღირებულების გაანგარიშება, 3. საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე სანქციებისაგან გათავისუფლება), რომლებზეც საბჭო ვერ იმსჯელებს, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) საბჭოს 5.09.2025 წლის №25534/2/2025 გადაწყვეტილების აღსრულების მართლზომიერების საკითხი - რამდენად სწორად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21).