გადაწყვეტილება №21872/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 21872/2/2024
17 მაისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: სს „---------“ (ს/ნ )
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 15.03.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება სს -----------9.01.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21872/2/2024).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 27 მარტის №6042 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 8.11.2023 წლის №059-8 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 21.12.2023 წლის №32410 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 37 747 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 17 208
დღგ - 4 039
საშემოსავლო გადასახადი - 13 169
ჯარიმა - 13 434
საურავი - 7 105
ფაქტების აღწერა
საწარმოს საქმიანობაა მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრების წარმოება-რეალიზაცია.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2018 წლიდან 1.10.2021 წლამდე საანგარიშო პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 17.12.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
1. კომპანია კონკრეტული შეკვეთის მიხედვით მასალას ყიდულობს ადგილობრივ ბაზარზე, აწყობს და აწვდის დამკვეთს. გადამხდელის განმარტებით, წლის ბოლოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი არ რჩება. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ღირებულება შეადგენს 267 086 ლარს, ხოლო რეალიზაცია - 237 567 ლარს (სამივე წელი დაასრულა ზარალით). კომპანია არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით, კერძოდ, წარდგენილი მასალების მიხედვით, ვერ დადგინდა თითოეული შესრულებული სამუშაოს მიხედვით ჩამოწერილი მასალის ოდენობა. გადამხდელის განმარტებით, კომპანია როგორც შეძენას, ისე რეალიზაციას ახორციელებს სასაქონლო ზედნადებებით და შესაბამისად აღრიცხვის ამ ნაწილში ეყრდნობა მხოლოდ სასაქონლო ზედნადებებს;
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდით - აუდირებული ფასნამატით, რის შედეგადაც კომპანიას 2019 წლის ივნისიდან წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება. დღგის გადამხდელად რეგისტრაციამდე მიღებული არ აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, შესაბამისად, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთზე ჩათვლა არ განხორციელებულა. რეგისტრაციის შემდგომ პერიოდში მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები გათვალისწინებულ იქნა დღგ-ის ჩათვლებში. ამდენად, გადამხდელს 2019 წლის ივნისიდან 2021 წლის სექტემბრის ჩათვლით საანგარიშო პერიოდებზე დაერიცხა შესაბამისი დღგ. ასევე, დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის საფუძველზე.
2. გადამხდელის დოკუმენტურ შემოსავალსა და ხარჯზე დაყრდნობით, ასევე ბანკში არსებულ ანგარიშებზე თანხების მოძრაობის გათვალისწინებით გაანგარიშდა ყოველი წლის თავისუფალი ფულადი სახსრები, რომელიც ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275- ე მუხლის საფუძველზე.
შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 22.12.2021 წლის №39738 ბრძანება და №059-15 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 19.04.2022 წლის №9988 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხოლო საბჭოში არსებული დავის საგნების ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
დავების განხილვის საბჭოს 20.10.2022 წლის №16523/2/2022 გადაწყვეტილებით, საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 27 მარტის №6042 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ:
ა) საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების (მათ შორის, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების) მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, წარმოებული პროდუქციის თვითღირებულების კალკულაცია, ხანძრის ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტი და ხანძრის შედეგად განადგურებული საქონლის რაოდენობის შესახებ ინფორმაცია);
ბ) განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გადასახადის გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატის გავრცელება და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
გ) დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის შესაბამისად, სარემონტო სამუშაოებზე გახარჯული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გათვალისწინება და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 27 მარტის №6042 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 3 ნოემბრის დასკვნის მიხედვით, შემცირებას დაექვემდებარა სულ 29 037 ლარი, მათ შორის გადასახადი 18 346 ლარი, ჯარიმა 10 691 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 8.11.2023 წლის №059-8 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 21.12.2023 წლის №32410 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით და 304-ე მუხლის 21 ნაწილით და განმარტა, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. ამასთან, გადამხდელს წარდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რაც ბრძანებით არ დაკმაყოფილდა, ასევე პირველად წარდგენილ საჩივარში არ იყო სადავო გარემოება და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
პირველ რიგში გამოთქვამს მადლიერებას ამავე შემოწმების აქტის გასაჩივრებაზე გულისხმიერი დამოკიდებულების გამო, რაც გამოიხატა მის მიერ წარდგენილი მასალების საფუძველზე წინა პერიოდში არაპირდაპირი მეთოდით გავრცელებული ფასნამატის პროცენტის შემცირებაში, რამაც გამოიწვია დარიცხული გადასახადების შემცირება-კორექტირება, თუმცა სადავოდ დარჩენილია ზემოთხსენებული ხანძრის შედეგად დაზიანებულ მზა პროდუქციაზე დახარჯული მასალებისა და საწარმოს ძირითად საშუალებების - უძრავი ქონების სარემონტო სამუშაოებზე დახარჯული მასალის ღირებულებების დასაბეგრი მოცულობიდან გამოქვითვისა და არაპირდაპირი მეთოდის გავრცელების შედეგად წარმოქმნილი დირექტორზე განაცემად ჩათვლილი და საშემოსავლო გადასახადით დაბეგრილი ვირტუალური ფულადი ნაკადის 65842 ლარიდან, შესამოწმებელ პერიოდში დირექტორის (მოწილის) მიერ 30.09.2021 წლამდე ჯამურად საწარმოს საჭიროებებზე დახარჯული საკუთარი ფულადი სახსრების 25383.48 ლარის (აღრიცხულია პროგრამულად 3160 ანგ-ზე) გამოკლებით დაბეგვრასთან დაკავშირებით, ასევე ყველა წინამდებარე საჩივარში მის მიერ დაყენებული იქნა მოთხოვნა წარმოების პროცესში არსებული დანაკარგების 3%-ის გათვალისწინების შესახებ, თუმცა სამწუხაროდ არცერთი განხილვის შედეგებში არაა გაუთვალისწინებლობის მიზეზები განმარტებული, მიუხედავად იმისა, რომ შემოსავლების სამსხურისათვის 21.01.2022 წელს და ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭოში 3.05.2022 წელს წარდგენილ საჩივრებში დეტალურადაა აღწერილი დანაკარგის გაანგარიშების შესახებ ინფორმაცია. შესაძლოა დავა მიმდინარეობდეს დანაკარგის მოცულობაზე, თუმცა დანაკარგის გარეშე პროდუქციის წარმოება გამორიცხულია და მისი აზრით სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, მინიმალური ზღვრული ოდენობა მაინც უნდა იქნეს განსაზღვრული. რაც შეეხება ხანძრის შედეგად დამდგარი ზიანის და საწარმოს სარემონტო სამუშაოებზე დახარჯული მასალების ღირებულებისა და პერიოდის განსაზღვრას. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია წარდგენილი იყო გასაჩივრების ყველა ეტაპზე და ასევე საბუღალტრო პროგრამაში 31.12.2019 წლის მდგომარეობით 2130 ანგარიშზე შენობების ჯგუფის ღირებულების ზრდაზეცაა ასახული-1102.29 ლარის ოდენობით, ხოლო ხანძრის შედეგად დაზიანებული პროდუქცია ნაშთის სახით 1.10.2021 წლის მდგომარეობით აღრიცხულია - 1640 00697 ანგარიშზე (ვინაიდან ჩამოწერილი არაა). ამავე ბრძანებით ატყობინებენ, რომ ამასთან გადამხდელს წარდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რაც ბრძანებით არ დაკმაყოფილდა, ასევე პირველად წარდგენილ საჩივარში არ იყო სადაო გარემოება და შესაბამისად არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისათვის“ მისი აზრით ნაგულისხმევია შესამოწმებელ პერიოდში დირექტორის (მოწილის) მიერ 30.09.2021 წლამდე ჯამურად საწარმოს საჭიროებებზე დახარჯული საკუთარი ფულადი სახსრების 25383.48 ლარის (აღრიცხულია პროგრამულად 3160 ანგ-ზე) გამოკლებით დაბეგვრის საკითხი, რაზედაც განმარტავს, რომ შემოწმების აქტში საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშების ნაწილში მოცემულია რომ „შემოწმების მიერ, სსკ-ს 73-ე მუხლის მიხედვით გადამხდელის დოკუმენტურ შემოსავალსა და ხარჯზე დაყრდნობით, ბანკში არსებულ ანგარიშებზე თანხების მოძრაობის გათვალისწინებით გაანგარიშებულია ყოველი წლის თავისუფალი ფულადი სახსრები, რომელიც შემოწმების მიერ ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გოჩა ხურციძეზე გაცემულ ხელფასად. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა“- თუმცა სხვა არანაირი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იყო თუ არა მატერიალური ფორმით მიწოდებულ დოკუმენტებში ასახული, დირექტორის მიერ გაწეული ფულადი სახსრები გათვალისწინებული საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი თანხების მოცულობის გაანგარიშებისას უცნობი გახლდათ (არაპირდაპირი მეთოდით გაამოანგარიშებულ თანხაზეა დარიცხული), თუმცა გასაჩივრებული ბრძანების შინაარსით ირკვევა, რომ შემმოწმებლის მიერ არაა აღნიშნული თანხები გათვალისწინებული საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებისას (წინააღმდეგ შემთხვევაში მარტივად იქნებოდა მოთხოვნა გაბათილებული გაანგარიშების წარმოდგენით). რაც შეეხება იმას, რომ თითქოს ადგილი აქვს ისეთ ფაქტობრივ გარემოებას, რომელიც არ იყო პირველ საჩივარში სადავო საკითხად წარმოჩენილი და შესაბამისად არ დაკმაყოფილებულა, არ შეესაბამება რეალობას, ვინაიდან ყველა საჩივარში გასაჩივრებულია დარიცხული თანხები სრულად, შესწავლისა/კორექტირებების განხორციელების მოთხოვნით და ვინაიდან კონკრეტულად არ იყო წარმოდგენილი საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ე.წ თავისუფალი თანხის შესახებ გაანგარიშება და ამ ეტაპზე გასაჩივრებული ბრძანებით ირკვევა, რომ კონკრეტულად არაა გათვალისწინებული ე.წ თავისუფალი თანხის გამოთვლისას ზემოთხსენებული გაწეული ხარჯები დასაბეგრი თანხის განსაზღვირსას.
ყოველივე შემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს დაევალოს შესაბამის სამსახურს უზრუნველყოს გასაჩივრებული საკითხების შესწავლა და დარიცხული თანხების კორექტირება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 27 მარტის №6042 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ:
ა) საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების (მათ შორის, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების) მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, წარმოებული პროდუქციის თვითღირებულების კალკულაცია, ხანძრის ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტი და ხანძრის შედეგად განადგურებული საქონლის რაოდენობის შესახებ ინფორმაცია);
ბ) განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გადასახადის გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატის გავრცელება და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
გ) დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, საგადასახადო ვადებულებების განსაზღვრისას გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის შესაბამისად, სარემონტო სამუშაოებზე გახარჯული სასაქონლომატერიალური ფასეულობების გათვალისწინება და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 27 მარტის №6042 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 3 ნოემბრის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელმა დადგენილ ვადაში წარადგინა ბუღალტრული პროგრამა ორისი, სადაც კონკრეტულ რეალიზაციაზე სახეობების მიხედვით ჩამოწერილია გახარჯული მასალა. დამატებითი ინფორმაციის შესწავლის შედეგად დადგინდა ფასნამატის ოდენობა, რომელიც მერყეობს წლების მიხედვით 15%-დან 17%-მდე. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებისას გამოყენებული ფასნამატი დაკორექტირდა და განხორციელდა შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირება.
აუდიტის დეპარტამენტის 16.01.2024 წლის №2801-21-14 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციით, გადასახადის გადამხდელმა წარადგინა ბუღალტრული პროგრამა ორისი, რომლის მიხედვითაც წარმოების პროცესი ჩანს და გადაანგარიშების პროცესში შემოწმება ფასნამატის დაზუსტების მიზნით დაეყრდნო წარმოდგენილ ბუღალტერიას. აღნიშნულიდან გამომდინარე დასკვნით შემცირებულ იქნა აქტით დარიცხული თანხები. სულ შემცირდა - 29 037 ლარი. ძირითადი გადასახადი -18 346 ლარი და ჯარიმა -10 691 ლარი. ამასთან, გადაანგარიშებით არ იქნა გათვალისწინებული, გადამხდელის არგუმენტები ხანძართან დაკავშირებით, რადგან გადასახადის გადამხდელმა წარადგინა მხოლოდ ფოტო მასალა, რითიც არ დგინდება როდის მოხდა ხანძარი (2018 წლამდე თუ შემდგომ) ან რა ოდენობის ზიანი მიადგა. შესაბამისად არ დგინდება როდის მოხდა სარემონტო სამუშაოები (2018 წლამდე თუ შემდგომ) და როდის გაიწია ხარჯი ან რა ღირებულებით.
მომჩივანი ზოგადად საუბრობს და არ წარმოადგენს დასახელებული არგუმენტების (ხანძრის პერიოდის და ამ ხანძრის შედეგად დაზიანებულ მზა პროდუქციაზე დახარჯული მასალებისა და საწარმოს ძირითად საშუალებების - უძრავი ქონების სარემონტო სამუშაოებზე დახარჯული მასალის ღირებულებების დამადასტურებელ შესაბამის დოკუმენტებს), რაც აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემული დასკვნით დადგენილი გარემოებების შეცვლის და შესაბამისად, შემოწმების აქტით დარიცხული თანხების დამატებით შემცირების საფუძველი გახდებოდა.
ამასთან, მომჩივანი სადავოდ ხდის ისეთ საკითხებს (საწარმოს დირექტორის მიერ 30.09.2021 წლამდე ჯამურად საწარმოს საჭიროებებზე დახარჯული საკუთარი ფულადი სახსრების 25 383.48 ლარის და წარმოების პროცესში არსებული დანაკარგების გათვალისწინება), რაზეც საბჭო ვერ იმსჯელებს, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 27 მარტის №6042 ბრძანების აღსრულების მართლზომიერების საკითხი - რამდენად სწორად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 27 მარტის №6042 ბრძანება აღსრულებულია ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
ვის საგანი: შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 27 მარტის №6042 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
საწარმოს საქმიანობაა მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრების წარმოება-რეალიზაცია. კომპანია კონკრეტული შეკვეთის მიხედვით მასალას ყიდულობს ადგილობრივ ბაზარზე, აწყობს და აწვდის დამკვეთს. გადამხდელის.შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ღირებულება შეადგენს 267 086 ლარს, ხოლო რეალიზაცია - 237 567 ლარს (სამივე წელი დაასრულა ზარალით).კომპანია არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით. ვერ დადგინდა თითოეული შესრულებული სამუშაოს მიხედვით ჩამოწერილი მასალის ოდენობა.გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდით. კომპანიას 2019 წლის ივნისიდან წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება. გადამხდელის დოკუმენტურ შემოსავალსა და ხარჯზე დაყრდნობით, ასევე ბანკში არსებულ ანგარიშებზე თანხების მოძრაობის გათვალისწინებით გაანგარიშდა ყოველი წლის თავისუფალი ფულადი სახსრები, რომელიც ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;
304 (21);