გადაწყვეტილება №20299/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 20.11.2023
№ დოკუმენტი 20299/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20299/2/2023

20 ნოემბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ -----)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 12.10.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-----“-ის 18.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20299/2/2023).

 

დავის საგანი:

დებიტორული დავალიანების თანხების საწარმოს მიერ მიღებულად და კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 13.04.2023 წლის №006-146 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 21.06.2023 წლის №14358 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 155 241 ლარი.

მათ შორის:

საშემოსავლო გადასახადი - 94 478

ჯარიმა - 47 239

საურავი - 13 524

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 24.03.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.09.2020 წლიდან 1.07.2022 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

საწარმოს მიერ წარდგენილი ყოველთვიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციების მიხედვით განაცემები ჯამურად შეადგენს 154 586 ლარს. კომპანიის მიერ წარდგენილია ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა „ორისი“, საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერები, ინვოისები, ხელშეკრულებები და ტვირთის (კონტეინერების) გადაზიდვასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია.

გადასახადის გადამხდელი გადაზიდვასთან დაკავშირებულ მომსახურებას უწევს ერთ-ერთ არარეზიდენტ კომპანიას „-----“-ს. კომპანიას არ უფიქსირდება საშუალებები, საიდანაც შეძლებდა დამკვეთების მოძიებას. გადასახადის გადამხდელისგან მოთხოვნილ იქნა ინფორმაცია, თუ როგორ ხდებოდა დამკვეთების/კლიენტების მოძიება. აღნიშნულთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა წერილობითი განმარტება, სადაც აღნიშნავს, რომ კლიენტები მოძიებულია საწარმოს დამფუძნებლისა და დირექტორის (შესამოწმებელ პერიოდში) მიერ პირადი და ბიზნეს ურთიერთობების საშუალებით.

გადასახადის გადამხდელის მიერ ხელშეკრულებებში და საგადასახადო ორგანოში დაფიქსირებული ელექტრონული ფოსტის მისამართია -----, ხოლო აღნიშნული არარეზიდენტი კომპანიის ვებგვერდზე საქართველოს მისამართად დაფიქსირებულია გადასახადის გადამხდელის ოფისი და საკონტაქტო მონაცემები. ბუღალტრული მონაცემების მიხედვით, მომსახურების მთელი პერიოდის განმავლობაში იზრდება არარეზიდენტი კომპანიის მიერ ასანაზღაურებელი თანხის ნაშთი.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის და „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით ,,სამეურნეო ოპერაციის კვალიფიკაციის ცვლილების შესახებ“ მეთოდური მითითებების შესაბამისად, განხორციელდა პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა. შედეგად, გადასახადის გადამხდელსა და არარეზიდენტ კომპანიას შორის არსებული კავშირების გათვალისწინებით, შემოწმების მიერ დებიტორული დავალიანების თანხები განხილულ იქნა საწარმოს მიერ მიღებულად და კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად. კომპანიას დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

აღსანიშნავია, რომ 1.01.2018 წლიდან 1.09.2020 წლამდე საანგარიშო პერიოდებზე გადასახადის გადამხდელთან ჩატარდა საგადასახადო შემოწმება და 31.05.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში დაფიქსირებულია იგივე ფაქტობრივი გარემოებები.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 13.04.2023 წლის №006-146 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 21.06.2023 წლის №14358 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 61- ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.

შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელი არარეზიდენტ კომპანიას უწევს გადაზიდვასთან დაკავშირებულ მომსახურებას. ბუღალტრული მონაცემების შესაბამისად, მომსახურების მთელი პერიოდის განმავლობაში იზრდება არარეზიდენტი კომპანიის მიერ ასანაზღაურებელი თანხის ნაშთი. გადამხდელის მიერ ხელშეკრულებებში და საგადასახადო ორგანოში დაფიქსირებული ელექტრონული ფოსტის მისამართია ------, ხოლო აღნიშნული არარეზიდენტი კომპანიის ვებგვერდზე საქართველოს მისამართად დაფიქსირებულია გადამხდელის ოფისი და საკონტაქტო მონაცემები. გადამხდელსა და არარეზიდენტ კომპანიას შორის არსებული კავშირების გათვალისწინებით, შემოწმების მიერ დებიტორული დავალიანების თანხები განხილულ იქნა საწარმოს მიერ მიღებულად და კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით, ასევე „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით ,,სამეურნეო ოპერაციის კვალიფიკაციის ცვლილების შესახებ“ მეთოდური მითითებების შესაბამისად, შემოწმების მიერ დებიტორული დავალიანების თანხების საწარმოს მიერ მიღებულად და კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაბეგვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი მისი არგუმენტების შესაბამისი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 275-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269- ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

1.01.2018-01.09.2020 წლების პერიოდზეც ჩატარებულია საგადასახადო შემოწმება, ხოლო 31.05.2021 წელს შედგენილ საგადასახადო შემოწმების აქტშიც დაფიქსირებულია იგივე ფაქტობრივი გარემოებები.

საწარმო არ დაეთანხმა ამ გადაკვალიფიცირებას, რადგან მიიჩნევს, რომ არ არსებობს შპს „------ს“ დებიტორული დავალიანების („-----“-ის მიმართ) დირექტორის ხელფასად მიჩნევის საფუძველი.

თუმცა, გარემოებების გამო, კომპანიამ გადაწყვიტა მიმდინარე საგადასახადო შემოწმების შედეგები გაესაჩივრებინა მხოლოდ ნაწილობრივ. ამასთან, კომპანია არც წინა საგადასახადო შემოწმების აქტით (2020 წლის) გადაკვალიფიცირებას და გადასახადების დარიცხვას არ ეთანხმებოდა, მაგრამ მაშინ საჩივრის წარდგენა ვერ მოხერხდა მხოლოდ ტექნიკური მიზეზების გამო (დირექტორი არ იმყოფებოდა საქართველოში და გასაჩივრების დროში ვერ ჩაეტია).

გამომდინარე აღნიშნულიდან, საწარმომ მოამზადა კვალიფიციური საჩივარი და დადგენილ ვადაში, 10.05.2023 წელს, წარუდგინა ის შემოსავლების სამსახურს იმ იმედით, რომ მათი და გადასახადის გადამხდელის ერთობლივი განსჯის შედეგად დადგინდებოდა ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა მიხედვით მომხდარი დარიცხვები იქნებოდა მართლზომიერი და შესაბამისი.

10.05.2023 წელს შემოსავლების სამსახურში წარდგენილ საჩივარში მითითებული იყო, რომ:

საკითხი 1. შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის 100%-იანი დამფუძნებელი და დირექტორი იყო არარეზიდენტი ფიზიკური პირი (------ს რეზიდენტი) ------. საგადასახადო შემოწმების შედეგად კი დებიტორული დავალიანების თანხები განხილულ იქნა კომპანიის მიერ მიღებულად და კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად 30.06.2022 წ. თარიღით. ხელფასად ჩაითვალა კომპანიის საბუღალტრო ბაზიდან აღებული დავალიანების თანხა:

ანგარიში დასახელება 1.07.2022, დებეტი რაო-ბა/ფასი 1.07.2022, დებეტი თანხა

1410/USD3 --------- 108 672,42 USD 3.4775 377 912,38

შესაბამისად, ეს ჩაითვალა „ხელზე“ აღებულ თანხად და დაერიცხა გადასახდელად (377 912,38/0,8)*20%=94 478 ლარი. აქ საგადასახადო შემოწმებამ, უნებლიედ, არ გაითვალისწინა სავალუტო გადაფასების ეფექტი, რაც უნდა გაეთვალისწინებინა, რადგან ------ არარეზიდენტი (----) კომპანიაა და მისი დავალიანება სწორედ აშშ დოლარებშია აღრიცხული. 30.06.2022 წელს მოქმედი აშშ დოლარის კურსი იყო 2,9289 ლარი, შესაბამისად განსასჯელი თანხა შეადგენს არა 377 912,38 ლარს, არამედ 108 672,42*2,9289=318 290,65 ლარს.

საკითხი 2. თუმცა, გარდა აღნიშნულისა, უდავოდ გასათვალისწინებელ გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ------მ მომჩივანს ზემოაღნიშნული დავალიანებიდან ჩაურიცხა 7 500 აშშ დოლარი 31.08.2022 წელს (ანუ, ჯერ კიდევ საგადასახადო შემოწმების დასრულებამდე), რითაც შეამცირა არსებული დებიტორული დავალიანება. შესაბამისად, განსასჯელი თანხა რეალურად შეადგენს (108 672,42-7 500)*2,9289=296 323,9 ლარს.

საკითხი 3. საგადასახადო შემოწმება არ აქცევს ყურადღებას იმ უცილობელ გარემოებას, რომ მომჩივანს 30.06.2022 წლის მდგომარეობით აქვს მიღებული სესხის დავალიანება ფ/პ ------ს მიმართ 4 599,46 აშშ დოლარი, რომელიც ასახულია საწარმოს 2021 წლის ფინანსურ ანგარიშგებაში შესაბამისად. ეს თანხა წარმოშობილია ჯერ კიდევ 17.01.2018 წელს ------ს მიერ მომჩივნისთვის ჩარიცხული თანხიდან 4 600 აშშ დოლარი, რაც ასახულია საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენილ ყველა ფაილში. ცხადია, ------- კომპანიიდან რამე თანხის აღებას თუ დააპირებდა, პირველ რიგში – ამ გაცემულ სესხს დაიბრუნებდა უკან. შესაბამისად, განსასჯელი თანხა რეალურად შეადგენს (108 672,42-7 500-4 599,46)*2,9289=282 852,54 ლარს.

საკითხი 4. რაც შეეხება ამ დარჩენილ თანხას, კომპანიის მაშინდელი დირექტორი ------ იმავდროულად ამ კომპანიის ერთადერთი დამფუძნებელი ანუ 100%-იანი წილის მფლობელი პარტნიორია და მას შეუძლია ამ კომპანიიდან მოგების განაწილება, ანუ დივიდენდის აღება ვინმე სხვა პირთან შეთანხმების გარეშე. კომპანიის მიერ saras.gov.ge-ზე წარდგენილი 2021 წლის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით კომპანიის გაუნაწილებელი მოგება 31.12.2021 წლის მდგომარეობით შეადგენდა 732 419 ლარს, ანუ, იმაზე მეტს, ვიდრე საგადასახადო შემოწმების შედეგად ჩაითვალა დირექტორზე, იგივე დამფუძნებელზე, გაცემულ ხელფასად. ასევე, 1.01.2022-1.07.2022 წლების პერიოდზე დათვლილი მოგება-ზარალის შედეგად 1.07.2022 წლის მდგომარეობით გაუნაწილებელი მოგების ნაშთი აჭარბებს 600 000 ლარს (ანუ, იმაზე მეტს, ვიდრე საგადასახადო შემოწმების შედეგად ჩაითვალა დირექტორზე, ანუ, იგივე დამფუძნებელზე, გაცემულ ხელფასად). აღნიშნულიდან გამომდინარე, ------ს მიერ ხელფასის აღება კომპანიიდან არის არაგონივრული, შეიძლება ითქვას, საღ აზრს მოკლებული, რადგან დივიდენდად მიღებული თანხა ექვემდებარება უფრო ნაკლები გადასახადებით დაბეგვრას, ვიდრე ხელფასი. შესაბამისად, ითხოვს, რომ ზემოთმოყვანილი არგუმენტების შესაბამისად საგადასახადო შემოწმების მიერ სადავო დებიტორული დავალიანების თანხიდან გადაკვალიფიცირებას და ------ს მიერ მიღებულ თანხად ჩაითვალოს 282 852,54 ლარი, ამასთან არა კომპანიის დირექტორზე ------ზე გაცემულ ხელფასად, არამედ კომპანიის 100%-იან დამფუძნებელზე ------ზე (რომელიც იგივე დირექტორია შესამოწმებელ პერიოდზე) გაცემულ დივიდენდად და გადასახადების დათვლა მოხდეს შესაბამისად:

- საშემოსავლო გადასახადი დივიდენდიდან (5%) – (282 852,54/0,95)*5%=14 887 ლარი;

- მოგების გადასახადი (15%) – (282 852,54+14 887)/0,85*15%=52 542 ლარი;

სულ: 67 429 ლარი, ნაცვლად დარიცხული 94 478 ლარისა.

საკითხი 5. საგადასახადო შემოწმების შედეგები (როგორც წინა 2020 წლის, ასევე გასაჩივრებული 24.03.2023 წლის აქტის) უჩვენებს, რომ არცერთ ასპექტში და არცერთ გადასახადში მომჩივანს არ შეუმცირებია დასადეკლარირებელი გადასახადი ბიუჯეტის წინაშე (დარიცხვები ყველგან 0-ია)! ერთადერთი დარიცხვა გამოწვეულია საგადასახადო ორგანოს მიერ კომპანიის დებიტორული დავალიანების გადაკვალიფიცირებით დირექტორისთვის მიღებულ ხელფასად, რაც სინამდვილეში ასე არ არის, თუმცა წარმოადგენს საგადასახადო ორგანოს უფლებას. ამიტომ, ითხოვს, რომ ასეთი სახის გადაკვალიფიცირების გამო, საწარმოს არ უნდა დაერიცხოს გადასახადები, რადგან მათი დამალვის მცდელობა არ გამოვლენილა. აღნიშნულის გამო, ითხოვს, იმისდა მიუხედავად, თუ რა ნაწილში ან რა მოცულობით იქნება გათვალისწინებული კონტრარგუმენტები, მოეხსნას დარიცხული სანქციები საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

აღნიშნული პირველი-მე-5 არგუმენტები მითითებული იყო შემოსავლების სამსახურში წარდგენილ საჩივარში.

ამასთან, შემოსავლების სამსახურში დავის განხილვა მოხდა მომჩივნის მონაწილეობის გარეშე ცალმხრივად, რაც, საჩივრის მოთხოვნებზე სრული უარით დასრულდა. შესაბამისი გადაწყვეტილება აისახა შემოსავლების სამსახურის 21.06.2023 წლის №14358 ბრძანებაში.

შემოსავლების სამსახურს კანონით ნებადართული აქვს საჩივარი მომჩივნის დაუსწრებლად განიხილოს, მათ ასეთი უფლება აქვთ მხოლოდ მაშინ „თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები“, რაც მოცემულ შემთხვევაში სულაც არ არის ასე!

ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ საჩივარი საერთოდ არ განუხილავს შემოსავლების სამსახურს. შემოსავლების სამსახურის 21.06.2023 წ. №14358 ბრძანებაში მითითებულია, რომ: „პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს „შემოწმების მიერ დებიტორული დავალიანების თანხების საწარმოს მიერ მიღებულად და კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაბეგვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან... შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს... მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით ...საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს“.

ეს „მე-2 სადავო საკითხი“ საჩივარში სინამდვილეში მეხუთეა. სულ საჩივარი 5 საკითხისგან შედგებოდა. რას ნიშნავს პირველი და მე-2 სადავო საკითხების არ დაკმაყოფილება? დანარჩენი 3 საკითხის განხილვა სადღაა? როგორც ჩანს, ეს 3 საკითხი (საჩივრის მე-2, მე-3 და მე-4 საკითხები) შემოსავლების სამსახურს საერთოდ არც კი წაუკითხავს! ან, თუ წაიკითხა, ვერანაირი მათი კონტრარგუმენტი ვერ იპოვა და ამიტომ ეს 3 საკითხი საერთოდ „დაიგნორირა“, ვითომ ისინი საერთოდ არც კი ყოფილა საჩივარში...

თუ შემოსავლების სამსახურმა არგუმენტები არც კი განიხილა და საწინააღმდეგოც არაფერი დაასაბუთა, მაშინ ეს რაღა დავის განხილვაა? გარდა ამისა, შემოსავლების სამსახური ზემოაღნიშნულ ბრძანებაში, რამდენიმე აშკარა მცდარ ფაქტს იხსენიებს, კერძოდ: „შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით, ასევე „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით „სამეურნეო ოპერაციის კვალიფიკაციის ცვლილების შესახებ“ მეთოდური მითითებების შესაბამისად, შემოწმების მიერ დებიტორული დავალიანების თანხების საწარმოს მიერ მიღებულად და კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაბეგვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან“. ეს – მცდარი განცხადებაა: დებიტორული დავალიანების თანხა საწარმოს მიერ მიღებულად თუ ჩაითვალა, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ის გარანტირებულად მაინცდამაინც ხელფასად არის გაცემული – ასეთ მითითებას არცერთი „მეთოდური მითითება“ არ შეიცავს! მიღებული თანხა შეიძლება გაცემულიყო, მაგალითად, როგორც დივიდენდი, ან სესხი. საჩივარში სწორედ იმას მიუთითებდა, რომ დებიტორული დავალიანების ნაწილი, რომელიც საგადასახადო ორგანომ საწარმოსთვის მიღებულად ჩათვალა, გაცემულ დივიდენდად დაკვალიფიცირებულიყო და ამას სათანადოდ ასაბუთებდა კიდეც, თუმცა ამ დასაბუთებაზე შემოსავლების სამსახურს არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია! გარდა ამისა, საჩივარში განმარტავდა და სათანადოდ ასაბუთებდა, რომ გადაკვალიფიცირებას დაქვემდებარებული თანხის სიდიდე საგადასახადო შემმოწმებლებს არასწორად აქვთ განსაზღვრული! საგადასახადო ორგანოს მიერ ოპერაციის გადაკვალიფიცირებას რომც დაეთანხმოს საწარმო, ეს ხომ იმას არ ნიშნავს, რომ ზედმეტი თანხა იქნეს გადაკვალიფიცირებული? მაგალითად, თუ გადაკვალიფიცირებას ექვემდებარება 100 000 აშშ დოლარი იმ რიცხვით, როდესაც ლარის კურსი არის 1$=2,9, განა 340 000 ლარი უნდა გადაკვალიფიცირდეს?

„მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად...“ ამ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს საჩივრის ხუთიდან 4 ნაწილი ეძღვნება. თუ მათ შემოსავლების სამსახური არ ეთანხმება, მაშინ ისინი საწინააღმდეგო არგუმენტაციით უნდა იქნეს გაქარწყლებული და არა ამ სიცრუით, რომ თითქოს საჩივარში ეს გარემოები მითითებული არ აქვს!

„და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი მისი არგუმენტების შესაბამისი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს“. მორიგი მცდარი განცხადება! კომპანიას წარდგენილი აქვს (გაგზავნილი აქვს) სრული საბუღალტრო ფაილი საგადასახადო შემმოწმებლებისთვის და მთლიანად მისი თანდართვა საჩივარზე შეუძლებელია, ამიტომ საჩივარს თან დაურთო შესაბამისი მტკიცებულებები ოთხ საკითხიანი არგუმენტების განსამტკიცებლად:

- ამონაბეჭდი შპს „------“-ის პროგრამიდან ----- -ის დებიტორული დავალიანების შესახებ 30.06.2022 წ. მდგომარეობით;

- ამონაბეჭდი შპს „-----“-ის პროგრამიდან – 31.08.2022 წ. ----- -ის მიერ შპს „-----“-ისთვის ჩარიცხული 7 500 აშშ დოლარის ბუღალტრული გატარება;

- 31.08.2022 წ. -----ის მიერ შპს „----“-ისთვის ჩარიცხული 7 500 აშშ დოლარის დამადასტურებელი საბანკო საბუთი;

- შპს „------“-ის 2021 წლის ფინანსური ანგარიშგება, saras.gov.ge-ზე წარდგენილი;

- ამონაბეჭდი შპს „-----“-ის პროგრამიდან -----ს წინაშე არსებული სასესხო დავალიანების შესახებ 30.06.2022 წ. მდგომარეობით.

რაც შეეხება აშშ დოლარის კურსს 30.06.2022 წ. თარიღით, ამის შესახებ განა რა მტკიცებულებაა საჭირო? Nbg.gov.ge-ს მონაცემები ხომ საყოველთაოდ ხელმისაწვდომია!

წარმოდგენილი მტკიცებულებები სათანადო მსჯელობასთან ერთად ნათელყოფენ არგუმენტების მართებულობას. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამ კონკრეტულმა მტკიცებულებებმა დავების განხილვის საბჭო არ დააკმაყოფილა, მაშინ ამის შესახებ მან კონკრეტულად უნდა მიუთითოს და არა ასეთი რამ განაცხადოს, რომ თითქოს, მტკიცებულებები მომჩივნის მიერ საერთოდ არ არის წარდგენილიო.

მიუთითებს ახალი გარემოების შესახებ: კერძოდ, 1.09.2022 წლის მერე გაწეული მომსახურების ღირებულება ------ს სრულად აქვს დაფარული და უფრო მეტიც აქვს ჩარიცხული ძველი დებიტორული დავალიანების დასაფარავად (რასაც მოწმობს შემოწმების შემდგომი პერიოდის ბუღალტრული აღრიცხვა), რაც იმას მიანიშნებს, რომ შემოსავლების სამსახურმა გადაჭარბებული თანხით მოახდინა დებიტორული დავალიანების გადაკვალიფიცირება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

ამავე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, უცხოური ვალუტით განხორციელებული ოპერაცია, რომელიც დაბეგვრას ექვემდებარება, საქართველოს ეროვნულ ვალუტაზე გადაიანგარიშება შემდეგი თანამიმდევრობით:

ა) ოპერაციის განხორციელების დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შესაბამისი უცხო ქვეყნის ვალუტის მიმართ განსაზღვრული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის არსებობის შემთხვევაში − ამ კურსით;

ბ) ოპერაციის განხორციელების დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შესაბამისი უცხო ქვეყნის ვალუტის მიმართ განსაზღვრული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის არარსებობის შემთხვევაში − საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული კურსით.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.

საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, დივიდენდი არის აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე; რეპო შეთანხმების, ფასიანი ქაღალდების გასესხებისა და ფინანსური გირავნობის შემთხვევაში გამყიდველის/გამსესხებლის მიერ მყიდველისგან/მსესხებლისგან მიღებული საკომპენსაციო თანხა, რომელიც არის ასეთი გარიგების მოქმედების პერიოდში ფასიანი ქაღალდებიდან რეალურად მიღებული დივიდენდი.

საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5- პროცენტიანი განაკვეთით.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ზ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ:

ა) პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს, გარდა:

ზ) რეზიდენტი საწარმო, რომელიც პირს უხდის დივიდენდს.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოწმებით დადგენილი გარემოება, რომ გადასახადის გადამხდელი გადაზიდვასთან დაკავშირებულ მომსახურებას უწევს არარეზიდენტ კომპანიას „------“-ს. ბუღალტრული მონაცემების მიხედვით, მომსახურების მთელი პერიოდის განმავლობაში იზრდება არარეზიდენტი კომპანიის მიერ ასანაზღაურებელი თანხის ნაშთი. გადასახადის გადამხდელსა და არარეზიდენტ კომპანიას შორის არსებული კავშირების გათვალისწინებით, შემოწმების მიერ დებიტორული დავალიანების თანხები განხილულ იქნა საწარმოს მიერ მიღებულად და კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

საბჭო მიუთითებს მომჩივნის არგუმენტზე, არარეზიდენტი კომპანიის დავალიანების ვალუტაში აღრიცხვის და გადახდილად მიჩნევის თარიღის განსაზღვრაზე და მიიჩნევს, რომ ოპერაციის განხორციელების დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შესაბამისი უცხო ქვეყნის ვალუტის მიმართ განსაზღვრული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის გათვალისწინებით უნდა განხორციელდეს მომჩივნის მიერ მიღებული თანხის ოდენობის კორექტირება. ამასთან, საბჭო მიუთითებს სადავო შემთხვევაში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ კომპანიისთვის გადასახდელი თანხის კვალიფიკაციის განსაზღვრისას საგადასახადო ორგანოს მიერ მითითებული თანხის მიმღები პირი წარმოადგენს კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელ დამფუძნებელს, რის გამოც მიზანშეწონილია აღნიშნულ ნაწილში მომჩივნის არგუმენტის გათვალისწინება გაცემული თანხის დივიდენდად განხილვასთან დაკავშირებით. აღნიშნულთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტის დაევალოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად.

საბჭო მიუთითებს მომჩივნის არგუმენტზე, რომ არსებობს დოკუმენტი ------ის მიერ 31.08.2022 წელს 7 500 აშშ დოლარის მომჩივნისთვის გადახდის თაობაზე და მიიჩნევს, რომ შემოწმების შედეგად მიღებულად ჩათვლილი დებიტორული დავალიანების ნაწილის (7 500 აშშ დოლარის) კომპანიისთვის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით, საბჭოს აპარატს უნდა დაევალოს, აუდიტის დეპარტამენტს გაუგზავნოს შპს „------“-ის 18.07.2023 წლის (რეგისტრაციის №20299/2/2023) საჩივარი და თანდართული მასალები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს ------ის მიერ 31.08.2022 წელს 7 500 აშშ დოლარის გადახდის თაობაზე მომჩივნის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტ(ებ)ის შესწავლა და მიღებულად განხილული დებიტორული დავალიანების თანხის კორექტირება (შემცირება).

საბჭო აღნიშნავს, რომ საქმის გარემოებებით/წარმოდგენილი მტკიცებულებებით (სესხის ხელშეკრულება, მხარეთა შორის ურთიერთშედარების აქტი) კომპანიის მიერ დამფუძნებლისგან/დირექტორისგან 17.01.2018 წლიდან 4 600 აშშ დოლარის ოდენობით სესხის მიღება არ დასტურდება და მიიჩნევს, რომ მიღებულად განხილული დებიტორული დავალიანების აღნიშნული თანხით კორექტირების საფუძველი არ არსებობს.

ამასთან, საბჭომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის შეფასების შედეგად მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების შეცდომის/არცოდნის შედეგად წარმოშობილად მიჩნევის და სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 21.06.2023 წლის №14358 ბრძანება;

3. საბჭოს აპარატს დაევალოს, აუდიტის დეპარტამენტს გაუგზავნოს შპს „------“-ის 18.07.2023 წლის (რეგისტრაციის №20299/2/2023) საჩივარი და თანდართული მასალები;

4. აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს:

ა) მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად;

ბ) ------ის მიერ 31.08.2022 წელს 7 500 აშშ დოლარის გადახდის თაობაზე მომჩივნის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტ(ებ)ის შესწავლა და მიღებულად განხილული დებიტორული დავალიანების თანხის კორექტირება (შემცირება);

გ) სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვა;

5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

დებიტორული დავალიანების თანხების საწარმოს მიერ მიღებულად და კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საწარმოს მიერ წარდგენილი ყოველთვიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციების მიხედვით განაცემები ჯამურად შეადგენს 154 586 ლარს. გადასახადის გადამხდელი გადაზიდვასთან დაკავშირებულ მომსახურებას უწევს ერთ-ერთ არარეზიდენტ კომპანიას. კომპანიას არ უფიქსირდება საშუალებები, საიდანაც შეძლებდა დამკვეთების მოძიებას. გადასახადის გადამხდელისგან მოთხოვნილ იქნა ინფორმაცია, თუ როგორ ხდებოდა დამკვეთების/კლიენტების მოძიება. აღნიშნულთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა წერილობითი განმარტება, სადაც აღნიშნავს, რომ კლიენტები მოძიებულია საწარმოს დამფუძნებლისა და დირექტორის (შესამოწმებელ პერიოდში) მიერ პირადი და ბიზნეს ურთიერთობების საშუალებით. აღნიშნული არარეზიდენტი კომპანიის ვებგვერდზე საქართველოს მისამართად დაფიქსირებულია გადასახადის გადამხდელის ოფისი და საკონტაქტო მონაცემები. ბუღალტრული მონაცემების მიხედვით, მომსახურების მთელი პერიოდის განმავლობაში იზრდება არარეზიდენტი კომპანიის მიერ ასანაზღაურებელი თანხის ნაშთი. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის და „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით ,,სამეურნეო ოპერაციის კვალიფიკაციის ცვლილების შესახებ“ მეთოდური მითითებების შესაბამისად, განხორციელდა პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა. შედეგად, გადასახადის გადამხდელსა და არარეზიდენტ კომპანიას შორის არსებული კავშირების გათვალისწინებით, შემოწმების მიერ დებიტორული დავალიანების თანხები განხილულ იქნა საწარმოს მიერ მიღებულად და კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად. კომპანიას დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა შსაბამისი ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ შემოწმების შედეგად მიღებულად ჩათვლილი დებიტორული დავალიანების ნაწილის (7 500 აშშ დოლარის) კომპანიისთვის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით, საბჭოს აპარატს უნდა დაევალოს, აუდიტის დეპარტამენტს გაუგზავნოს საჩივარი და თანდართული მასალები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს არარეზიდენტის მიერ 31.08.2022 წელს 7 500 აშშ დოლარის გადახდის თაობაზე მომჩივნის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტ(ებ)ის შესწავლა და მიღებულად განხილული დებიტორული დავალიანების თანხის კორექტირება (შემცირება).

ამასთან, საბჭომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების შეცდომის/არცოდნის შედეგად წარმოშობილად მიჩნევის და სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9"ბ")(10), 101(1), 8(12), 130(1), 154(1"ა""ზ"), 269(7).