გადაწყვეტილება №25626/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 01.10.2025
№ დოკუმენტი 25626/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№25626/2/2025

01 ოქტომბერი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ი/მ "--------" (ს/ნ "--------")

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,19.09.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ "--------"-ის 11.08.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25626/2/2025).

 

დავის საგანი:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 22.11.2024 წლის №23946/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 22 ივლისის №007-180 საგადასახადო მოთხოვნა.

 

დარიცხული თანხა: 25 838,93 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 16 008

დღგ - 10 309

საშემოსავლო გადასახადი - 5 699

ჯარიმა - 5 043

საურავი - 4 787,93

 

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ავტონაწილების რეალიზაცია თბილისში.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის 2 აპრილის ჩათვლით საანგარიშო პერიოდი. შემოწმების შედეგები აისახა 2024 წლის 28 ივნისის შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები, განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 13 მაისის №10978 ბრძანების საფუძველზე გადასახადის გადამხდელის ობიექტში ჩატარდა სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვა. მეწარმეს ინვენტარიზაციის შედეგად სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი/აღურიცხველობა არ გამოუვლინდა, თუმცა ინვენტარიზაციის შედეგებზე დაყრდნობით დადგინდა საქონლის ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს. შესამოწმებელი პერიოდის თვეებში ჩაიშალა შეძენილი სასაქონლომატერიალური ფასეულობები კატეგორიებად, დადგინდა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება წლების და კატეგორიების მიხედვით. ინვენტარიზაციის შედეგების მიხედვით განისაზღვრა თითოეული კატეგორიის სარეალიზაციო და საშუალო ფასნამატები, რაც გავრცელდა არადოკუმენტურ რეალიზაციაზე. მიღებული შემოსავალი განაწილდა საანგარიშო პერიოდებში შემოსავლის პროპორციულად. შედეგად, გადამხდელს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება წარმოეშვა 2024 წლის 21 იანვარს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და ერთობლივი შემოსავალი პერიოდების მიხედვით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 275-ე და 282-ე მუხლებით გათვალისწინებული ჯარიმები.

შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა 2024 წლის 10 ივლისს გამოსცა №16409 ბრძანება და 11 ივლისის №007-187 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 23 აგვისტოს №19241 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 22.11.2024 წლის №23946/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მომჩივანს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა საჩივარში დასახელებული არგუმენტების დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. მომჩივნის მიერ მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს მომჩივნის მონაწილეობით შეესწავლა აღნიშნული მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველეყო გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

საბჭოს 22.11.2024 წლის №23946/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 22.07.2025 წლის №16418 ბრძანების საფუძველზე, დარიცხული თანხა გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა სულ 41 643 ლარის ოდენობით, მათ შორის გადასახადი - 31 923 ლარი და ჯარიმა 9 720 ლარი.

აღნიშნული ბრძანების საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 22.07.2025 წლის №007-180 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

2024 წლის 28 ივნისის კამერალური საგადასახადო შემოწმების პროცესში საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 13 მაისის N 10978 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული ინვენტარიზაციის მასალები გადაეცა შემოწმებას, საგადასახადო შემოწმების მიერ გამოვლენილი დანაკლისის მიხედვით აქტის საფუძველზე დააყენეს დღგ-ის გადამხდელად 2024 წლის თებერვლიდან, დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი, მის მიერ აღნიშნული აქტი გასაჩივრდა და 2025 წლის 30 ივნისს შედგა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე.

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 13 მაისის N10978 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული ინვენტარიზაციის მომენტისათვის ერიცხება 381 669,44 ლარის საქონელი დღგ-ს ჩათვლით, აქედან 261 638,55 ლარის საქონელი დღგ-ს ჩათვლით შეძენილია 2021 – 2024 წლების საბაჟო დეკლარაციებით,შესაბამისად მათი დღგ შეადგენს 39 910,99 ლარს.

დარჩენილი 120 030,89 ლარის საქონელი დღგ-ს ჩათვლით შეძენილია 2017 – 2020 წლების საბაჟო დეკლარაციებით მათი დღგ შეადგენს 18 309,79 ლარს. შემოწმების აქტის საფუძველზე ნაშთად არსებულ 381 669,44 ლარის საქონელზე დღგ-ს ჩათვლით, მისი კუთვნილი დღგ-ს ჩათვლა არ მისცეს, იმ მოტივით, რომ 2017- 2020 წლებში შეძენილი საქონელი საბაჟო დეკლარაციებით ხანდაზმულია, ხოლო 2021-2023 წლებზე თვითონ უნდა წარმოადგინოს დეკლარაციები, დღეის მდგომარეობით 2021 წლის საბაჟო დეკლარაციების მიბმაც შეუძლებელი გახდა.

საბაჟო დეკლარაციების ხანდაზმულობაზე სსკ-ის 174-ე მუხლში არაფერია ნათქვამი და ამის საფუძველზე ითხოვს საბჭოს დახმარებას, რომ ნაშთად არსებულ საქონელზე სრულად მიიღოს დღგ-ის ჩათვლა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოწმების პროცესში დადგინდა, რომ მომჩივანს არ გააჩნია სრულყოფილი ბუღალტრული პროგრამა. სმფ-ების აღრიცხვა არასრულყოფილია, საქონელი ჩამოიწერება ჯამურად წლის ბოლოს. ამასთან, მომჩივანს დოკუმენტური ფასნამატი არ გააჩნია. აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.

მომჩივანი არ ეთანხმებოდა საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას არაპირდაპირი მეთოდით და სადაოდ ხდიდა შემოწმებით განსაზღვრულ ფასნამატის საკითხს.

საბჭოს 22.11.2024 წლის №23946/2/2024 გადაწყვეტილებით, მომჩივანს მიეცა შესაძლებლობა აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში დასახელებული არგუმენტების დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. მომჩივნის მიერ მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს მომჩივნის მონაწილეობით შეისწავლოს აღნიშნული მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2025 წელს გამოცემულ დასკვნაში (№300/13) აღნიშნულია, რომ გადამხდელის მიერ წარმოდგენილია იმპორტირებული საქონლის თვითღირებულებების გაანგარიშების ცხრილები, რომლის საბაზრო ფასებთან შეპირისპირების შედეგად დადგენილმა ფასნამატმა შეადგინა 41 პროცენტი. შემოწმებით დაკორექტირდა მეწარმის წლიურ დეკლარაციებში ასახული სმფ-ს საბოლოო ნაშთები, შესაბამისად, დაკორექტირდა და შემცირდა აქტით დარიცხული თანხა.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მომჩივანი არ წარმოადგენს არგუმენტს დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებთან დაკავშირებით, ამასთან, განმარტავს, რომ კუთვნილი დღგ-ის ჩათვლის საშუალება არ მიეცა იმ მოტივით, რომ 2017 - 2020 წლებში შეძენილი საქონელი, საბაჟო დეკლარაციებით ხანდაზმულია, ხოლო 2021-2023 წლებზე თვითონ უნდა წარმოადგინოს დეკლარაციები, დღეის მდგომარეობით 2021 წლის საბაჟო დეკლარაციების მიბმაც შეუძლებელი გახდა და ითხოვს საბჭოს დახმარებას, რომ ნაშთად არსებულ საქონელზე სრულად მიიღოს დღგ-ის ჩათვლა.

ვინაიდან, საბჭოს 22.11.2024 წლის №23946/2/2024 გადაწყვეტილებით აუდიტის დეპარტამენტს არ დავალებია აღნიშნული საკითხის შესწავლა, ამასთან, მომჩივანიც არ ხდიდა სადავოდ დღგ-ის ჩათვლის საკითხს, საბჭო ვერ იმსჯელებს ამ საკითხზე, რამდენადაც განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) საბჭოს 22.11.2024 წლის №23946/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების მართლზომიერების საკითხი - რამდენად სწორად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საბჭოს 22.11.2024 წლის №23946/2/2024 გადაწყვეტილება აღსრულებულია ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მოჩივანი ითხოვს ნაშთად არსებულ საქონელზე სრულად დღგ-ის ჩათვლის მიღებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები, განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით.შესამოწმებელი პერიოდის თვეებში ჩაიშალა შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები კატეგორიებად, დადგინდა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება წლების და კატეგორიების მიხედვით. ინვენტარიზაციის შედეგების მიხედვით განისაზღვრა თითოეული კატეგორიის სარეალიზაციო და საშუალო ფასნამატები, რაც გავრცელდა არადოკუმენტურ რეალიზაციაზე. მიღებული შემოსავალი განაწილდა საანგარიშო პერიოდებში შემოსავლის პროპორციულად.

გადამხდელს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება წარმოეშვა 2024 წლის 21 იანვარს. აღნიშნულიდან გამომდინარე, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და ერთობლივი შემოსავალი პერიოდების მიხედვით. გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და შეეფარდა ჯარიმები.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საბჭოს 22.11.2024 წლის №23946/2/2024 გადაწყვეტილება აღსრულებულია ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

304(21).