გადაწყვეტილება №23306/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 06.09.2024
№ დოკუმენტი 23306/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№23306/2/2024

06 სექტემბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს ------- (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 26.07.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 19.06.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23306/2/2024).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 2.04.2024 წლის №7145 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 1.05.2024 წლის №021-27 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 31.05.2024 წლის №12871 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 519 726 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 269 675

დღგ - 61 113

საშემოსავლო გადასახადი - 196 533

ქონების გადასახადი - 12 029

ჯარიმა - 115 260

საურავი - 134 791

 

პროცედურული გარემოებები

საწარმოს საქმიანობას წარმოადგენს უმაღლესი განათლების მომსახურება.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.09.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით:

1. საწარმო არ არის რეგისტრირებული დღგ-ს გადამხდელად. დამფუძნებლის განცხადებით, დაწესებულებამ 2005 წელს ვერ გაიარა აკრედიტაცია და მას შემდეგ ითვლება მილევად რეჟიმში მოქმედ სასწავლებლად. აქტიურ საქმიანობას მას შემდეგ ვერ ახორციელებს, თუმცა პერიოდულად დარჩენილი სტუდენტები, რომლებსაც არ დაუსრულებიათ სწავლა, ასრულებენ კურსს და შესაბამისად იღებენ განათლების დამადასტურებელ დიპლომს. კომპანიის საკუთრებაშია უძრავი ქონება (სასწავლო დაწესებულება), რომლის ნაწილიც იჯარით აქვს გაცემული. ამასთან, გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის ანალიზის შედეგად დგინდება, რომ აღნიშნული ქონების ნაწილი რეალიზებული აქვს 2020 წელს, ხოლო ნაწილი ჩამორთმეულია ------- ბანკის მიერ სესხის სანაცვლოდ. კომპანია არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საწარმოს კუთვნილი უძრავი ქონება რეალიზებული აქვს 2020 წლის 30 აგვისტოს. ვინაიდან აღნიშნული ოპერაცია აღემატებოდა 100 000 ლარს, გადამხდელს წარმოეშვა დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება 2020 წლის 30 აგვისტოდან. შესაბამისად, დღგ-ით დაბეგვრას დაექვემდებარა ყველა სხვა ოპერაცია, რომელიც არ არის გათავისუფლებული დღგ-ისგან. საწარმოს როგორც უძრავი ქონების რეალიზაციით, ასევე ქონების იჯარით გაცემიდან მიღებული შემოსავალი და დიპლომებისთვის ჩარიცხული თანხები დაიბეგრა დღგ-ით. საწარმოს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მიხედვით.

2. შესამოწმებელ პერიოდში შესწავლილი იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია-საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერები, ასევე გაანალიზდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციები. გაუკეთდა ანალიზი მიღებული და გაცემული თანხების მოძრაობას, გათვალისწინებული იქნა ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი და მომზადდა ნაღდი ფულის მოძრაობის ამსახველი ცხრილი, რის შედეგადაც მიღებული იქნა თანხა, რომლის ფაქტობრივი არსებობა და მიზნობრიობა არ დგინდება. ამასთან ირკვევა, რომ კომპანიამ განახორციელა რამდენიმე მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალების შეძენა-რეალიზაცია, რომელთა ღირებულებები არ დგინდება. საწარმოს შემოწმებისთვის არ წარმოუდგენია ბუღალტრულ აღრიცხვა. დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის არასრული წარმოდგენისთვის საწარმო დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილით. შემოწმების შედეგად, დოკუმენტურად დადასტურებული შემოსავალ-ხარჯების მიხედვით, დადგენილ იქნა ნაღდი ფულის ნაშთი, მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებების სარეალიზაციო ფასად მიჩნეული იქნა მსგავსი ავტომობილების საბაზრო ფასები, ხოლო ხარჯის დასადგენად გათვალისწინებული იქნა შემოსავლების სამსახურის ბრძანებით განსაზღვრული №0256 სიტუაციური სახელმძღვანელო და ფულის მოძრაობაში ხარჯად იქნა მიჩნეული ავტომობილების საბაზრო ღირებულების 75%. ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, დარჩენილი განკარგვადი თანხა პერიოდების მიხედვით განხილულია საწარმოს დირექტორების - ------- და ------- მიერ მიღებულ ხელფასად და დაბეგრილი იქნა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

3. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზითა და გადასახადის გადამხდელის განმარტებით დგინდება, რომ კომპანიის დამფუძნებლის მიერ აღებული იქნა სესხი სს „------- ბანკში“, ხოლო იპოთეკით დაიტვირთა შპს „-------“ საკუთრება (-------, ------- მდებარე), უძრავი ქონების ნაწილი, რომელიც სესხის გადაუხდელობის გამო 2021 წლის 30 სექტემბერს ჩამორთმეული იქნა ბანკის მიერ. როგორც ერთიანი ელექტრონული ბაზებითა და გადამხდელის ელექტრონული ფოსტის საშუალებით წარმოდგენილი განმარტებით დგინდება, აღნიშნული სესხი კომპანიის ეკონომიკური საქმიანობისათვის არ არის გამოყენებული. არ ჩანს კომპანიაში ფულის შემოსვლა და დოკუმენტურად დადასტურებული რაიმე კაპიტალური ხარჯის გაწევა, წარდგენილი ანგარიშგებით კი დგინდება, რომ საწესდებო კაპიტალი პერიოდების მიხედვით შეადგენს 4800 ლარს. წარდგენილი ფინანსური ანგარიშგების მიხედვით 2021 წელს დებიტორული დავალიანების ზრდა არ ფიქსირდება, შესაბამისად, ირკვევა, რომ ბანკის მიერ ქონების ჩამორთმევის ოპერაციის მიხედვით, საწარმოს დირექტორის მიმართ რაიმე მოთხოვნა არ აქვს აღრიცხული

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დამფუძნებლის პირადი სარგებლობის სესხის გადაუხდელობისთვის ბანკის მიერ ჩამორთმეული ქონების საბაზრო ღირებულება (რომელიც განსაზღვრული იქნა შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს მიერ) მიჩნეულია დირექტორის ------- სარგებლად/ხელფასად, რაზეც დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

4. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზის შედეგად დგინდება, რომ შპს „-------“ საკუთრებაშია უძრავი ქონება, რომელიც არ აქვს დაბეგრილი ქონების გადასახადით. შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს მიერ შეფასებული იქნა საწარმოს უძრავი ქონება. შედეგად, 2020, 2021 და 2022 წლების საანგარიშო პერიოდებში პირს განესაზღვრა ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა საბაზრო ფასით და საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მიხედვით დაერიცხა ქონების გადასახადი.

შემოწმების აქტის საფუძველზე, გამოიცა 27.12.2023 წლის №33357 ბრძანება და №021-123 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 2.04.2024 წლის №7145 ბრძანებით:

1. საჩივრები შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 24 ოქტომბრის №188649 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმთან და შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ 2023 წლის 5 ოქტომბრის №24619 ბრძანებასთან დაკავშირებით დარჩა განუხილველი;

2. საჩივრები შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 27 დეკემბრის №021-123 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

3. მე-2 და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს წარდგენილი მტკიცებულებების დამატებით შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2.04.2024 წლის №7145 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 16 იანვრის დასკვნის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმების შედეგებად შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ შემცირდა, რაზეც გადასახადის გადამხდელს წარედგინა 1.05.2024 წლის №10288 ბრძანება და №021-27 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 31.05.2024 წლის №12871 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით და 304-ე მუხლის 21 ნაწილით.

შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის არ არის წარდგენილი შემოსავლების სამსახურის ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში საჩივარში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, რის გამოც საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დარჩა უცვლელი.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

სადავო საგადასახადო მოთხოვნა უკანონოა, რადგანაც ორგანიზაციას ქონება არ გაუსხვისებია, ის გაასხვისა დირექტორმა. ორგანიზაციას ნაკისრი ჰქონდა გარანტორობა საბანკო ვალდებულებებზე, მაგრამ მას არ აუღია გარანტორობა საბიუჯეტო ვალდებულებებზე. შესაბამისად, ორგანიზაციამ, როგორც გარანტორმა, კანონიერად დაკარგა ქონება, მაგრამ მისთვის დამატებითი საბიუჯეტო ვალდებულებების დაკისრება იმის გამო, რომ ის იყო საბანკო სესხის გარანტორი, სამართლებრივი ნონსენსია.

როდესაც -------, როგორც ფიზიკური პირი, იღებდა სესხს, მიუხედავად იმისა რომ ის არის ------- სრულუფლებიანი დამფუძნებელი, ხელშეკრულების გაფორმებამდე, მას ბანკში მოსთხოვეს მის მიერვე ხელმოწერილი პარტნიორთა კრების ოქმი.

ოქმის მიხედვით, მისმა დამფუძნებელმა დაადასტურა თანხმობა იმაზე რომ, ის იღებდა პასუხისმგებლობას მსესხებლის საბანკო ვალდებულებაზე, ანუ, რისკის წარუმატებლობის შემთხვევაში, ორგანიზაცია დათმობდა საკუთარ ქონებას ფიზიკური პირის სასარგებლოდ. ამასთან ერთად, კრების ოქმით, დამფუძნებელს არ განუცხადებია თანხმობა იმაზე, რომ იგი იღებდა პასუხისმგებლობას სესხთან დაკავშირებულ რაიმე საბიუჯეტო ვალდებულებებზეც.

როდესაც, ობიექტური მიზეზების გამო, ------- დაკარგა გადახდისუნარიანობა, სტანდარტულ ვითარებაში, ბანკს შეეძლო გაეტანა საგარანტიო ქონება აუქციონზე, რის შემდეგაც ორგანიზაცია დაკარგავდა ქონებას და მას ვერ ექნებოდა ვერანაირი პრეტენზია.

თუმცა, იმის გამო რომ ქონება იყო ერთის მხრივ პრობლემური (არ ჰქონდა შესასვლელი), მეორეს მხრივ კი არსებობდა მისი ხელში ჩაგდებით დაინტერესებული პირი, სესხის შემცირების და ქონების სრულად დაკარგვის საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, -------, როგორც დირექტორი, იძულებული გახდა დათანხმებოდა ქონების გასხვისების არასტანდარტულ პროცედურას.

აღნიშნული განსხვავებული ფორმით ქონების დათმობის დროს, ბანკმა შესთავაზა და -------, როგორც დირექტორი დაეთანხმა ისეთ პროცედურას, რომლის თანახმადაც, -------, გარდა იმისა რომ კარგავდა ორგანიზაციის კუთვნილ ქონებას, დამატებით ეკისრებოდა ბიუჯეტის წინაშე საკმაოდ სოლიდური, დირექტორისათვის უცნობი ფინანსური ვალდებულება.

შესაბამისად, იმის გამო რომ ორგანიზაციას, როგორც საბანკო ვალდებულებების გარანტორს, ქონების გასხვისების ხელშეკრულებები აკისრებდა დამატებით ვალდებულებას, რომელიც არ იყო გათვალისწინებული სესხის გაცემის დროს თავდაპირველად მომზადებულ პარტნიორთა კრების ოქმში, ხელშეკრულების გაფორმებამდე, საჭირო იყო მომზადება კიდევ ერთი ოქმისა, რომელშიც ასახული იქნებოდა გარანტორის დამატებითი ვალდებულებები (ამჯერად, თანხმობა საბიუჯეტო ვალდებულებებზე).

თუ კი მსესხებლის ნაცვლად ორგანიზაციის პასუხისმგებლობისათვის ბანკის წინაშე საჭიროა ორგანიზაციის პარტნიორთა თანხმობა, მის პასუხისმგებლობას ბიუჯეტის წინაშე ასევე სჭირდება ანალოგიური თანხმობა.

ბანკის სასარგებლოდ ქონების გასხვისების ხელშეკრულებების გაფორმების პროცესში, ასევე ------- მიერ ქონების ღირებულების სახით გადახდილი თანხის სრული მოცულობით ბანკის ანგარიშზე გადატანამდე და იპოთეკის მოხსნამდე, შესაბამისი ოქმი არ მომზადებულა. ბანკს, რომლის მოხელეთათვისაც ცნობილი უნდა ყოფილიყო ქონების ჩამორთმევის სხვადასხვა პროცედურები, ეს დოკუმენტი რომ მოეთხოვა, შედეგი სულ სხვაგვარი იქნებოდა.

იმის გამო რომ ბანკმა და დირექტორმა დოკუმენტები გააფორმეს საბიუჯეტო ვალდებულებებზე ორგანიზაციის დამფუძნებელთა კრების ოფიციალური თანხმობის გარეშე, ქონების საფასურად შეტანილი თანხის და სესხის ნაცვლად დათმობილი ქონების სრული მოცულობით დაუფლება ნიშნავს იმას, რომ ბანკმა უნებართვოდ მიითვისა ორგანიზაციის მიერ დათმობილი ქონების ის ნაწილი, რომელიც ბიუჯეტის კუთვნილებაა.

ამგვარად, სამართლებრივი თვალსაზრისით, ადგილი აქვს, დირექტორის მიერ, პირადი სესხის დაფარვის მიზნით, ორგანიზაციის კუთვნილი ქონების პარტნიორთან შეუთანხმებელი ფორმით გასხვისებას, რის გამოც, ორგანიზაციას წაუყენეს დამატებითი, გაუთვალისწინებელი საბიუჯეტო ვალდებულებები.

შესაბამისად, შემოსავლების სამსახურმა ფინანსური პრეტენზიები შეიძლება წაუყენოს ბანკს, უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება განხილული იქნას პასუხისმგებლობა დირექტორისა, რომელიც დაეთანხმა ორგანიზაციის საზიანო შეთანხმებას, მაგრამ ორგანიზაციის პასუხისმგებლობას ბიუჯეტის წინაშე არანაირი საფუძველი არ გააჩნია. საკმარისია ისაც, რომ მან, მსესხებლის წარუმატებლობის გამო, დაკარგა ქონება.

ისეთ ვითარებაში, როდესაც სასამართლოში მიმდინარეობდა შემოწმების გადავადების შესახებ სარჩელის განხილვა, აუდიტის დეპარტამენტი არ დაელოდა განხილვის შედეგებს და შეცდომაში შემყვანი ინფორმაციების გამოყენებით, ჩაატარა ნაჩქარევი ე.წ. კამერალური შემოწმება, კერძოდ:

ა. 2023 წლის 12 ოქტომბერს, შემოწმების დანიშვნის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, აცნობა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელობას რომ, კუთვნილი ფართების მიტაცების და შესასვლელის დაბლოკვის გამო, დროის შემოსაზღვრულ ვადაში ვერ მივაწოდებდით ყველა მოთხოვნილ დოკუმენტაციას. (ქვემოთ მოყვანილი არგუმენტების შესაბამისი მტკიცებულებები წარმოდგენილია 2024 წლის 22 აპრილს შემოტანილ საჩივართან ერთად);

ბ. 2023 წლის 16 ოქტომბერს, ფოსტის მეშვეობით, მისამართზე წითლანაძის 4, გააგზავნა ხელთ არსებული ყველა მასალა 70 გვერდზე, რაც აცნობა აუდიტორს (მიუხედავად ამისა, ეს მასალა, ზუსტად 30 დღის შემდეგ, უკან მობრუნდა). 30 ოქტომბერს ასევე აცნობა აუდიტორს რომ, 26 ოქტომბერს შეტანილი ჰქონდა სასამართლოში საჩივარი. მიუხედავად ამისა, აუდიტორმა, შეგნებულად, ხელი შეუშალა პროცესების ობიექტურ მსვლელობას, რის შედეგადაც ჩაგვთვალეს ურჩ გადამხდელად და 2023 წლის 4 დეკემბერს დაგვინიშნეს სასამართლო პროცესი კონფიდენციალური ინფორმაციის ამოსაღებად.

შემოსავლების სამსახური თავს არიდებს საკითხის კომპლექსურ შესწავლას და იმ ფაქტობრივ გარემოებებს რომ, ნაციონალური რეჟიმის დროს სახელმწიფოს მხრიდან მოყენებული არაერთი ზიანის გამო, დაწყებული გამოძიებები ჯერ დასრულებული არაა.

ღირსების შეურაცხმყოფელი სასამართლო პროცესის ჩანიშვნის შემდეგ, ხელმეორედ გადააგზავნა ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია და მოითხოვა შემოწმების ჩატარება იმ პირობით, რომ, მოხდებოდა ორგანიზაციის სრულფასოვანი შემოწმება და დადგენილი იქნებოდა სახელმწიფოსთან სრულფასოვანი მიმართება იმ არაერთი ზიანის გათვალისწინებით, რომელიც მიადგა სახელმწიფოს მიერ, მ.შ. ქონების წართმევის გამო.

მხედველობაში აქვს ის რომ, ფინანსთა სამინისტროს რეგიონული ქვედანაყოფი განთავსებულია ნაციონალური რეჟიმის მიერ მასზე წართმეულ ტერიტორიაზე. იმავდროულად, იგივე ფინანსთა სამინისტროს ადგილობრივი სამსახური, რომელსაც, 2014 წელს, პროკურატურის მიერ დაევალა მიყენებული ზიანის გამოძიება, იფარავს მის მიმართ ჩადენილ არაერთ დანაშაულს და ამ სამსახურის ხელშეწყობით, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო მესაკუთრეთა კუთვნილი დიდი ოდენობის ქონების მითვისების ფაქტებს, რამაც ფართების დაბლოკვა, საქმიანობის დაზიანება და ქონების ფაქტობრივი წართმევა გამოიწვია. შესაბამისად, საქართველოს მთავრობის ------- წერილით, საქმე შესასწავლად გადაცემული აქვს გენერალურ პროკურატურას.

ასეთ ვითარებაში, ნაცვლად საარქივო დოკუმენტაციის ამოღებისა და სრულფასოვანი შემოწმებისა, კომპიუტერული სისტემიდან მიღებული ინფორმაციების საფუძველზე ჩაატარეს ნაჩქარევი ე.წ. შემოწმება ისე, რომ შემოწმებისათვის აუცილებელი მინიმალური საბუღალტრო დოკუმენტაცია, მ.შ. ------- ბანკში ქონების დათმობასთან დაკავშირებული საბუთებიც კი არ შეუსწავლიათ.

აუდიტის შემოწმების შედეგები უკანონოა, ვინაიდან ის გახდა საფუძველი სისხლის სამართლის 146- ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისა, რაც დადასტურებულია სასამართლოს განჩინებით. ამასთან, იკვეთება აუდიტის დეპარტამენტის ქმედებათა საეჭვო შეთანწყობა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დანაშაულებრივ ქმედებებთან.

გარდა იმისა რომ, მის მიერ წარდგენილი დოკუმენტებით დასტურდება აუდიტორის მცდელობა, ნებისმიერი მეთოდების გამოყენებით, ჩაეტარებინა ნაჩქარევი შემოწმება, ამ შემოწმების შედეგები ნათელს ხდის მიზანს ასეთი სიჩქარისა - მოეყენებინათ მაქსიმალურად დიდი ზიანი. კერძოდ:

ა. აუდიტორი არ დაინტერესდა იმ ინფორმაციით რომ, არ გააჩნდა (და არც დღეს გააჩნია) ჩაკეტილი ფართების რეალიზაციის საშუალება. აუდიტორმა, ისე რომ არც კი შეისწავლა ------- ბანკთან ფინანსური ურთიერთობების ამსახველი დოკუმენტები, იძულებით ვითარებაში დირექტორის მიერ დათმობილი (ანუ წართმეული) ქონება რეალიზებულად ჩათვალა, რითაც სრულიად უსამართლო ფინანსური ვალდებულება დაადგინა. ე.ი. პიროვნებამ, რომელმაც იცოდა რომ ქონებას ართმევენ, სახელდახელოდ განსაზღვრა ისეთი ვალდებულებები, რაც პირდაპირ ემსახურება ქონების დატაცებით დაინტერესებულ პირთა ინტერესებს.

ბ. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ამ ფინანსურ ვალდებულებას ჩავთვლით კანონიერად, აუდიტორს შეიძლებოდა პასუხი დაეკისრებინა მხოლოდ მაშინდელი დირექტორისათვის, მაგრამ, სრულიად გაუგებარია, რატომ დააკისრა 2020 წელს რეალიზებულ ქონებაზე პასუხისმგებლობა 2022 წელს დირექტორად დანიშნულს, რომელსაც არც მაშინ და არც არასოდეს, დღემდე ფინანსურ საკითხებთან შეხება არ ქონია. თუკი გავითვალისწინებთ რომ, სწორედ ამ დასკვნის საფუძველზე, მის მიერ კრიმინალში მხილებულმა ფინანსთა სამინისტროს იმერეთის და ------- სამმართველოს მოხელეებმა აღძრეს სისხლის სამართლის საქმე სრულიად უდანაშაულო ახალგაზრდა კაცზე, ბუნებრივად ჩნდება შეკითხვა - რატომ დაუშვა აუდიტორმა ზედიზედ არაერთი ისეთი დარღვევა, რამაც, მისი დაშინების მიზნით, უდანაშაულო პირის პასუხისგებაში მიცემამდე და უმძიმესი სამოხელეო დანაშულის მცდელობამდე მიიყვანა, რაც არ გამოუვიდათ. ------- სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის 26 აპრილის განჩინება ადასტურებს რომ, აღნიშნულმა სამმართველომ, აუდიტის დეპარტამენტის უკანონო დასკვნის საფუძველზე, ჩაიდინა სისხლის სამართლის 146-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული (უდანაშაულო პირის მიცემა პასუხისგებაში). თუნდაც ამ საფუძველით, შემოწმების შედეგები გაუქმებული უნდა იქნას.

საგადასახადო მოთხოვნა უკანონოა ვინაიდან ის შეიცავს დაუსაბუთებელ, ურთიერთსაწინააღმდეგო და შეცდომაში შემყვან მონაცემებს, რაც შეუძლებელს ხდის კვალიფიციურ დონეზე დავის წარმართვას.

ხელმოუწერელი საგადასახადო მოთხოვნები შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე განათავსეს და ჩართეს გასაჩივრების 30 დღიანი წამზომი ისე, რომ მათ არ ახლდათ ის მასალა, რომლის საფუძველზეც შეეძლო დროული გასაჩივრება. ბრძანება და შემოწმების აქტი, განათავსეს დიდი დაგვიანებით, რაც მისი უფლებების დარღვევაა. ამასთან ერთად, საგადასახადო მოთხოვნაში მითითებული თანხები აბსოლუტურად არ ედრება მოთხოვნის საფუძვლად მითითებული ბრძანებით და შემოწმების აქტით დაფიქსირებულ მონაცემებს.

შემოსავლების სამსახურის ბრძანების თანახმად, საგადასახადო მოთხოვნა კანონიერი ყოფილა იმის გამო რომ, არაა წარდგენილი შემოწმებისათვის აუცილებელი მასალები, რაც სრული სამართლებრივი აბსურდია - როგორ შეიძლება კანონიერი იყოს ის, რისი მტკიცებულებებიც არ არსებობს!!!!

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 2 აპრილის N7145 ბრძანებით დადასტურებულია რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ე.წ. კამერალური შემოწმება არასრულფასოვანია. მასში მითითებულია რომ საგადასახადო მოთხოვნა შეიძლება შემცირდეს, თუკი 15 დღის ვადაში მის მიერ წარდგენილი იქნებოდა დამატებითი მტკიცებულებები. ამ მოთხოვნით, შემოსავლების სამსახური შეეცადა სადაო თანხის დაზუსტების პროცესში ჩართვის გზით, კანონიერი სახე მიეცა უკანონო აქტისათვის.

უნდა აღინიშნოს რომ, შემოსავლების სამსახურში საჩივრების განხილვის დროს, განაცხადა რომ, მიაწოდებდა ჩაკეტილ საბუღალტრო ინფორმაციას მხოლოდ და მხოლოდ შესაბამისი სამსახურების ჩართვის გზით და გეგმავდა, მოეხდინა შენობაში შესვლა შესაბამისი პროცედურების დაცვით. ამასთან, სიტუაციის სირთულის გამო, არავის შევპირებივარ რომ, ამას მოვახერხებდი დროის ლიმიტირებულ მონაკვეთში.

იმავდროულად, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს - არასოდეს განმიცხადებია ინფორმაციის მიწოდებაზე უარი, პირიქით, ყოველთვის თხოულობდა მოსულიყვნენ და ძირფესვიანად შეემოწმებინათ ყველაფერი.

შემოსავლების სამსახურის 2 აპრილის N7145 ბრძანება რომელიც ჩაბარდა 2024 წლის 11 აპრილს, დასაშვებად მიიჩნევდა ე.წ. საბიუჯეტო დავალიანების შემცირებას, რაც თითქოს ნიშნავდა იმას, რომ შემოსავლების სამსახური დაინტერესებული იყო უსამართლობის აღკვეთით, თუმცა, მეორე დღეს ვაჟი, ორგანიზაციის ამჟამინდელი დირექტორი, დაიბარეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის რეგიონულ ქვედანაყოფში და გადასცეს ------- საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის ძალითაც, აღნიშნული სამმართველოს შუამდგომლობით, 218-ე მუხლის მეორე ნაწილით აღძრული სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, მიღებული იყო განჩინება მისი კუთვნილი ქონების დაყადაღების თაობაზე.

ამგვარად, ერთის მხრივ, N7145 ბრძანებით თავაზობდნენ დავალიანების გადახედვას, მეორეს მხრივ კი სახელდახელოდ აღძრეს სისხლის სამართლის საქმე.

ამასთან ერთად, განჩინების სამოტივაციო ნაწილში აღნიშნული იყო რომ, მისი ოჯახის ქონება მიღებული იყო ორგანიზაციის საკუთრების უკანონო რეალიზაციით და საბიუჯეტო სახსრების მითვისებით.

საქმიანობის მაქსიმალურად დაზიანებით დაინტერესებულმა მოხელეებმა ასეთი დასკვნა გააკეთეს მიუხედავად იმისა რომ, ოჯახის ყველანაირი ქონება, დაყადაღებულიც და დაუყადაღებელიც, წლების წინაა შეძენილი და მათ ვერანაირი კავშირი ვერ ექნებოდათ 3 წლის წინ ვითომ რეალიზებული (სინამდვილეში წართმეული) ქონებით მიუღებელ თანხებთან. შედეგად, სააპელაციო სასამართლოს განჩინებამ სრულად გააბათილა ეს აბსურდული ბრალდება.

მეორეს მხრივ, აუდიტის დეპარტამენტის უკანონო დასკვნის საფუძველზე საგამოძიებო სამსახურის ადგილობრივ მოხელეთა მიერ შეკერილ სისხლის სამართლის N------- საქმეში ფიგურირებს უმძიმესი ბრალდების შემცველი ყალბი ჩანაწერი - თურმე წლების წინ მისი ოჯახის მიერ შეძენილი ქონება მოპოვებული ყოფილა ტექნოლოგიური აკადემიის მიერ ბიუჯეტისაგან დამალული თანხებით

ამგვარად, კრიმინალში ჩართულ მოხელეთა მიერ შექმნილია ორგანიზაციის ყოფილი დირექტორის შეურაცხმყოფელი და საფრთხის შემცველი ჩანაწერი, რომელიც უსათუოდ უნდა გაბათილდეს.

შესაბამისად, ფინანსთა სამინისტრომ ან უნდა შეცვალოს თავისი პრეტენზიები, ან ძირფესვიანად უნდა იქნას შემოწმებული ფინანსური მიმართება სახელმწიფოსთან არა ბოლო 3 წლის განმავლობაში, არამედ გაცილებით ვრცელ პერიოდში.

უნდა აღინიშნოს რომ თხოვნის გზით, ფართში შესვლა არაა პრობლემა, მაგრამ ეს იქნება აღიარება საკუთარი უფლებების არქონისა. სწორედ ამიტომ, პრინციპულად დგება საკითხი, ფართები, რომლებიც დღემდე ჩაკეტილია (2023 წლამდე მეზობლის მიერ ლუქიც კი ჰქონდა დადებული) გაღებული იქნას იმ სახელმწიფო ორგანოების მიერ, ვინც ხელი შეუწყო შესასვლელის დატაცებას. ეს კი არც მეტი, არც ნაკლები, ფინანსთა სამინისტროს ადგილობრივი ქვედანაყოფია. იმავდროულად, შეურაცხმყოფელია ფორსირებული მოთხოვნა ბოლო სამი წლის მასალებისა, ისეთ ვითარებაში, როდესაც ფინანსთა სამინისტროში თაროებზე უდევთ და დღემდე არ სწავლობენ ძარცვის და დაზიანების მამხილებელ დოკუმენტურ მასალას. უფრო მეტიც, სახელმწიფოსაგან გაძარცვულ ორგანიზაციას, წართმეული ქონება შემოსავლად ჩაუთვალეს და დამატებითი ბეგარა დააკისრეს ისე, რომ სათანადო დოკუმენტები არც კი შეუსწავლიათ!!!!.

ბრძანებაში მოყვანილი არგუმენტი, რომ თითქოს 15 დღეში არ წარადგინა მოთხოვნილი დამატებითი მასალა უსაფუძვლოა იმ მიზნით, რომ ხელმეორედ ბრალი არ დაედოთ მისთვის ინფორმაციის დაფარვაში, N7145 ბრძანების ჩაბარებიდან მეორე დღესვე, 12 აპრილს, მიმართა საქართველოს მთავრობას, გენერალურ პროკურატურას და შემოსავლების სამსახურს, სადაც, სხვა მოთხოვნებთან ერთად, დასმულია ორგანიზაციის დოკუმენტაციის კომპლექსური შესწავლის საკითხი (დანართი 1). 16 ოქტომბერს ------- სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კომისიას მიმართა განცხადებით, საქმეზე N12-42-24 დამატებითი ინფორმაციის მოწოდების შესახებ, სადაც მოთხოვნილია დოკუმენტაციის სასწრაფოდ ამოღების და აღწერის საკითხი (დანართი 2). ზუსტად ანალოგიური მოთხოვნაა დაყენებული 22 აპრილის საჩივარში, დავების განხილვის საბჭოში შემოვიტანეთ (იხილეთ საჩივარი). არავინ მოსულა.

ამგვარად, ფინანსთა სამინისტროს მოხელეები ქმნიან პრობლემებს, მიღებულ ნეგატიურ შედეგებზე კი პასუხისმგებლობას აკისრებენ.

მოითხოვს:

ფინანსთა სამინისტრომ დააჩქაროს მოყენებული ზიანის ანაზღაურება, ასევე -------, ------- არსებული, ნაციონალური რეჟიმის დროს მაშინდელი დირექტორის (-------) მიერ, დამფუძნებლის ოფიციალური თანხმობის გარეშე, მძიმე დარღვევებით, იძულებით დათმობილი იმ ქონების ანაზღაურება, რომელზეც ამჟამად შემოსავლების სამსახურის რეგიონული ოფისია განთავსებული. ყურადღება მიექცეს რომ, ქონების იძულებით ვითარებაში დათმობის არც ერთ ფაქტზე არ არსებობს პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებები და მათი გაუქმება მხოლოდ დროის საკითხია.

სამართლებრივი დავის სწორად წარმართვის მიზნით, ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭომ მოითხოვოს და შეისწავლოს შესაბამისი სამსახურებიდან ინფორმაცია, როგორია სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელობის თანამდებობრივი ვალდებულებებით განსაზღვრული, კანონის შესაბამისი რეაგირება წარმოდგენილ დოკუმენტებზე, რომლებიც ადასტურებენ რომ:

ა. აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო, ნაჩქარევი და არაკვალიფიციური შემოწმების საფუძველზე შედგენილი სრულიად უსამართლო დოკუმენტების მომზადებით, ხელი შეუწყვეს სისხლის სამართლის 146-ე მუხლით გათვალისწინებულ, დაშინებისათვის გამიზნულ ძალიან მძიმე დანაშაულის მომზადებას (უდანაშაულო პირის პასუხისგებაში მიცემა);

ბ. ფინანსთა სამინისტროს ადგილობრივ მოხელეთა ხელშეწყობით დატაცებულია როგორც კერძო (მ.შ. მისი), ისე დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ქონება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დავების განხილვის საბჭო საჩივარს განიხილავს შემოსავლების სამსახურში გასაჩივრებული დავის საგნის ფარგლებში.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

შემოსავლების სამსახურის 2.04.2024 წლის №7145 ბრძანებით:

1. საჩივრები აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 24 ოქტომბრის №188649 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმთან და შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ 2023 წლის 5 ოქტომბრის №24619 ბრძანებასთან დაკავშირებით დარჩა განუხილველი;

2. საჩივრები შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 27 დეკემბრის №021-123 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

3. მე-2 და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს წარდგენილი მტკიცებულებების დამატებით შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2.04.2024 წლის №7145 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 16 იანვრის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს აუდიტის დეპარტამენტისთვის შემოსავლების სამსახურის 2.04.2024 წლის №7145 ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში არ წარუდგენია საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დარჩა უცვლელი, რომლის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმების შედეგებად შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ შემცირდა.

საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირ განხილვაზე მომჩივანმა განმარტა, რომ შემოსავლების სამსახურში საჩივრების განხილვის დროსაც, განაცხადა, რომ მიაწოდებდა ჩაკეტილ საბუღალტრო ინფორმაციას მხოლოდ და მხოლოდ შესაბამისი სამსახურების ჩართვის გზით და გეგმავდა, მოეხდინა შენობაში შესვლა შესაბამისი პროცედურების დაცვით. ამასთან, სიტუაციის სირთულის გამო, არავის შეპირებია, რომ ამას მოახერხებდა დროის ლიმიტირებულ მონაკვეთში. ამასთან, შემოსავლების სამსახურისათვის ხელმისაწვდომი იყო მისთვის მოთხოვნილი მტკიცებულებები, საგადასახადო ორგანოს დაინტერესების შემთხვევაში შეეძლო მისი მოპოვება.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს მომჩივნის არგუმენტებზე და მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნის მიერ დასახელებული არგუმენტების სათანადო შესწავლა/გამოკვლევა არ მომხდარა, ამრიგად, შემოსავლების სამსახურს არ უმსჯელია მომჩივნის მიერ წარმოდგენილ არგუმენტებზე, რომლის თანახმად, განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანოს არგუმენტები და დასკვნები დაუსაბუთებელია, არ შეესაბამება მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის ნორმებს.

საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საბჭოს განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.

საბჭო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები, რის გამოც საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 31.05.2024 წლის №12871 ბრძანება;

3. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

შემოსავლების სამსახურის 2.04.2024 წლის №7145 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საწარმოს საქმიანობას წარმოადგენს უმაღლესი განათლების მომსახურება. დამფუძნებლის განცხადებით, დაწესებულებამ 2005 წელს ვერ გაიარა აკრედიტაცია

საწარმოს კუთვნილი უძრავი ქონება რეალიზებული აქვს 2020 წლის 30 აგვისტოს. ვინაიდან აღნიშნული ოპერაცია აღემატებოდა 100 000 ლარს, გადამხდელს წარმოეშვა დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება. შესაბამისად, დღგ-ით დაბეგვრას დაექვემდებარა ყველა სხვა ოპერაცია, რომელიც არ არის გათავისუფლებული დღგ-ისგან. საწარმოს როგორც უძრავი ქონების რეალიზაციით, ასევე ქონების იჯარით გაცემიდან მიღებული შემოსავალი და დიპლომებისთვის ჩარიცხული თანხები დაიბეგრა დღგ-ით.

საწარმოს შემოწმებისთვის არ წარმოუდგენია ბუღალტრულ აღრიცხვა. დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის არასრული წარმოდგენისთვის საწარმო დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილით. შემოწმების შედეგად, დოკუმენტურად დადასტურებული შემოსავალ-ხარჯების მიხედვით, დადგენილ იქნა ნაღდი ფულის ნაშთი, მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებების სარეალიზაციო ფასად მიჩნეული იქნა მსგავსი ავტომობილების საბაზრო ფასები, ხოლო ხარჯად იქნა მიჩნეული ავტომობილების საბაზრო ღირებულების 75%. დარჩენილი განკარგვადი თანხა პერიოდების მიხედვით განხილულია საწარმოს დირექტორების მიერ მიღებულ ხელფასად და დაბეგრილი იქნა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.

კომპანიის დამფუძნებლის მიერ აღებული იქნა სესხი სს „საქართველოს ბანკში“, ხოლო იპოთეკით დაიტვირთა შპს საკუთრება, უძრავი ქონების ნაწილი, რომელიც სესხის გადაუხდელობის გამო ჩამორთმეული იქნა ბანკის მიერ. ბანკის მიერ ჩამორთმეული ქონების საბაზრო ღირებულება მიჩნეულია დირექტორის სარგებლად/ხელფასად და დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი.

მომჩივანის საკუთრებაშია უძრავი ქონება, რომელიც არ აქვს დაბეგრილი ქონების გადასახადით. შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს მიერ შეფასებული იქნა საწარმოს უძრავი ქონება. შედეგად, 2020, 2021 და 2022 წლების საანგარიშო პერიოდებში პირს განესაზღვრა ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა საბაზრო ფასით და დაერიცხა ქონების გადასახადი.

 

გადაწყვეტილება

საბჭო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები, რის გამოც საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21)