ბრძანება N 27756

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 13.11.2023
№ დოკუმენტი 27756
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 27756

13 ნოემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

სს „------“ (ს/ნ -----)

უფლებამონაცვლის სს „------“ (ს/ნ -----)

(მის.: ---------)

2022 წლის 26 და 27 იანვრის საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 26 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №111) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 21 ივლისის №16543/2/2023 გადაწყვეტილებით განსახილველად დაბრუნებული სს „-------ს“ (ს/ნ -----) უფლებამონაცვლის სს „------ს“ (ს/ნ -----) 2022 წლის 26 იანვრის №67276/1/2022 და 27 იანვრის №14661/21 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 27 დეკემბრის №081-406 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ქონების გადასახადის ნაწილში განხორციელებულ დარიცხვას და განმარტავს, რომ სს „------მა“ 2015 წლის 3 ივნისის №35 ხელშეკრულების თანახმად პირობითი აუქციონის გზით მიიღო საქართველოს -------ს ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი. შეთანხმებისამებრ, კომპანიას უნდა განეხორციელებინა 21 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია. აღნიშნული პროექტი წარმატებით და ყველა პირობის დაცვით იქნა შესრულებული სს „------ს“ მიერ 2020 წლის 23 ივლისს, რაც დასტურდება ------მუნიციპალური ინსპექციის ბრძანებით. მშენებლობა მიმდინარეობდა ------ს ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წინაშე შესასრულებელი ვალდებულებების გათვალისწინებით, რასაც მოწმობს დამოუკიდებელი აუდიტორული კომპანიების დასკვნები. ხარჯვითი ნაწილის ექსპერტიზის დასკვნა ადასტურებს, რომ საინვესტიციო მოცულობის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულება სს „------ს“ მიერ შესრულებულია და შეადგენს 21 578 783 მლნ აშშ დოლარს.

მომჩივანი აღნიშნავს, რომ შენობაზე, რომლის მშენებლობა დასრულდა 2020 წლის ივლისში და იმავე თვეში იქნა მიღებული ექსპლუატაციაში, საბაზრო ფასის განსაზღვრა საგადასახადო შემოწმების მიერ არამართებულია. კომპანიის მიერ საკუთარი ძალებით აშენებული შენობის თვითღირებულების მოდელის შეცვლა ექსპლუატაციაში შესვლის წლიდანვე და მასზე სარეალიზაციო ფასის მიყენება არ გამომდინარეობს მოქმედი კანონმდებლობიდან. ასევე მიუთითებს „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების 922 მუხლზე და განმარტავს, რომ ვინაიდან შენობის ექსპლუატაციაში მიღების წელი ემთხვევა საგადასახადო შემოწმების პერიოდს, დასაბეგრი ქონების ღირებულება საბაზრო ფასით არ უნდა განსაზღვრულიყო.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 18 აგვისტოს №26820 და 3 ნოემბრის №34537 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა სს „------ს“ (ს/ნ -----) გასვლითი სრული საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2018 წლის 1 აგვისტოდან 2020 წლის 25 ნოემბრამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების შედეგებზე 2021 წლის 24 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2021 წლის 27 დეკემბრის №41122 ბრძანება „გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ“ და ამავე თარიღის №081-406 „საგადასახადო მოთხოვნა“, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა ბიუჯეტში გადასახდელი თანხები სულ 139 841 ლარით, მათ შორის, გადასახადი შეუმცირდა 141 304 ლარით, ჯარიმა დაერიცხა 1 463 ლარი და საურავი 0 ლარი.

ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 21 აპრილის №10243 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2023 წლის 21 ივლისის №16543/2/2023 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 21 აპრილის №10243 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:

„საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოქმედი კანონმდებლობა ზღუდავს საგადასახადო ორგანოს, ქონების გადასახადით დასაბეგრი ობიექტის განსაზღვრისას საბაზრო ფასი გამოიყენოს დაუმთავრებელ მშენებლობაზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ დაუმთავრებელი მშენებლობის საბაზრო ფასის განსაზღვრის თაობაზე მომჩივნის მიერ საბჭოში წარმოდგენილ საჩივარში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხთან დაკავშირებით არსებული ფაქტობრივი გარემოებები:

„გადამხდელის ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამაში არსებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად დგინდება, რომ გადამხდელის საკუთრებაში არსებული ძირითადი საშუალებების ღირებულება ქონების გადასახადის მიზნებისთვის მკვეთრად განსხვავდება მათი საბაზრო ფასისგან.

სს „------ს“ საკუთრებაში არსებულ ქონებაზე გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნა, რომლითაც ხდება უძრავი ქონების საბაზრო ფასის განსაზღვრა. სს „-----“ არ იყენებს გადაფასების მეთოდს და არც საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ საწარმოს წარმოადგენს. ამასთან, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესით დარეგულირებული შემთხვევების გათვალისწინების შესაბამისადაც არ ეხება საბაზრო ფასის გამოყენების შეზღუდვა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლისა და საერთაშორისო სტანდარტების (ფასს 13) გათვალისწინებით პირს დასაბეგრი ქონების ღირებულების სხვაობაზე დაერიცხა კუთვნილი ქონების გადასახადი.“

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით), რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში მხოლოდ უძრავ ქონებასთან მიმართებით უნდა გაიზარდოს:

ა) 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3-ჯერ;

ბ) 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2-ჯერ;

გ) 2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1.5-ჯერ;

დ) იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს, – ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ოდენობით.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დასაბეგრი ქონების ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აფასება არ ვრცელდება:

ა) საწარმოზე, თუ იგი მის ბალანსზე რიცხულ უძრავ ქონებას გადაფასების მეთოდის გამოყენებით აღრიცხავს და აქვს აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება. ამასთანავე, აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ 4 წლის ვადით;

ბ) საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ სახელმწიფო საწარმოებზე. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 41 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმებისას დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით. აღნიშნული ნორმა არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებზე. თუ დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი აღემატება მის საბალანსო ღირებულებას პირს დასაბეგრი ქონების ღირებულების სხვაობაზე დაერიცხება ქონების გადასახადის ძირითადი თანხა. ამასთანავე, აღნიშნულ თანხაზე საურავი დაეკისრება მხოლოდ საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარების დღის შემდეგ 30-ე დღიდან, ხოლო აღნიშნული სხვაობა გადასახადის შემცირებად არ ჩაითვლება.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996-ის ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 921 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საგადასახადო შემოწმებისას საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრება საბაზრო ფასით, თუ:

ა) დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი აღემატება მის საბალანსო ღირებულებას;

ბ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ – „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აფასების შედეგად გამოანგარიშებული დასაბეგრი ქონების ღირებულება აღემატება ამ ქონების საბაზრო ფასს.

ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში საბაზრო ფასი არ გამოიყენება, თუ:

ა) დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი არაუმეტეს 10%-ით აღემატება მის საბალანსო ღირებულებას;

ბ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ – „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აფასების შედეგად გამოანგარიშებული დასაბეგრი ქონების ღირებულება არაუმეტეს 10%-ით აღემატება ამ ქონების საბაზრო ფასს.

ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ამ წესის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 41 ნაწილის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმებისას საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით მხოლოდ უძრავ ქონებასთან (გარდა მიწისა) მიმართებაში, გარდა ამ ინსტრუქციის 922 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ამ წესით განსაზღვრულ შემთხვევებში და პირობების დაცვით, დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასსა და დადგენილი წესით განსაზღვრულ საბალანსო ღირებულებას შორის სხვაობაზე ქონების გადასახადის ძირითადი თანხის დარიცხვის შემთხვევაში: ა) დარიცხული ქონების გადასახადის ძირითადი თანხა პირისათვის გადასახადის შემცირებად არ ჩაითვლება; ბ) პირს აღნიშნულ თანხაზე საურავი დაეკისრება მხოლოდ საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარების დღის შემდეგ 30-ე დღიდან; გ) პირი ვალდებულია შესაბამისი დასაბეგრი ქონების მიმართ აღნიშნული საბაზრო ფასი გამოიყენოს შემდგომი 3 საგადასახადო წლის განმავლობაში.

შემოსავლების სამსახური ასევე მიუთითებს „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996-ის ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 922 მუხლზე, რომლის თანახმად, საგადასახადო შემოწმებისას დასაბეგრი ქონების ღირებულება საგადასახადო ორგანოს მიერ არ განისაზღვრება საბაზრო ფასით შემდეგ შემთხვევებში:

ა) დაუმთავრებელ მშენებლობაზე;

ბ) ქონებაზე, რომელთან მიმართებაშიც გადასახადის გადამხდელი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, სარგებლობს ქონების გადასახადის ნაწილში საგადასახადო შეღავათით;

გ) დასაბეგრ ქონებაზე, რომელიც გადაფასებულია არანაკლებ 3 წლიანი პერიოდულობით და გადაფასება (საბაზრო შეფასება) სრულად მოიცავს შესამოწმებელ საგადასახადო პერიოდებს (წლებს);

დ) დასაბეგრ ქონებაზე, რომელიც გადასახადის გადამხდელის მიერ შეძენილია შესამოწმებელ პერიოდში;

ე) კაპიტალში შენატან დასაბეგრ ქონებაზე, რომელიც შეტანამდე გადაფასებული იქნა წინა მესაკუთრის (პარტნიორის) მიერ და ასეთი გადაფასებიდან ჯამურად არ არის გასული 3 წელი.

ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქონების გადასახადის საგადასახადო პერიოდად ითვლება კალენდარული წელი.

შემოწმებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, გადასახადის გადამხდელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ღირებულება ქონების გადასახადის მიზნებისთვის მკვეთრად განსხვავდება მათი საბაზრო ფასისაგან. სს „------“ არ იყენებს გადაფასების მეთოდს და არც საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ საწარმოს წარმოადგენს, ასევე, არ ეხება საბაზრო ფასის გამოყენების შეზღუდვა საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციით დარეგულირებული შემთხვევების გათვალისწინებით. საგადასახადო შემოწმებისას უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის მიზნით გამოყენებულ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნა. პირს დასაბეგრი ქონების ღირებულების სხვაობაზე დაერიცხა ქონების გადასახადი.

მომჩივნის განმარტებით, ხარჯვითი ნაწილის ექსპერტიზის დასკვნა ადასტურებს, რომ საინვესტიციო მოცულობის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულება სს „------ს“ მიერ შესრულებულია და შეადგენს 21 578 783 მლნ აშშ დოლარს. კომპანიის მიერ ვალდებულების შესრულება და შენობის ექსპლუატაციაში გადაცემა განხორციელდა 2020 წლის ივლისის საანგარიშო პერიოდში. კომპანიას აღნიშნული შენობა ბალანსზე აღრიცხული ჰქონდა მასზე გაწეული დანახარჯების მიხედვით, თვითღირებულებით და ქონების თვითღირებულება დადასტურებულია როგორც ექსპერტიზის დასკვნებით, ასევე, საინვესტიციო ვალდებულების შესრულებით. შესაბამისად, კატეგორიულად მიუღებელია 2020 წელს ექსპლუატაციაში გადაცემულ ქონებასთან მიმართებაში საბაზრო ფასის გამოყენება, ვინაიდან აღნიშნული ქონება ექსპლუატაციაში გადაცემულია 2020 წლის ივლისის საანგარიშო პერიოდში, შესაბამისად, 2020 წლის ივლისამდე აღნიშნული შენობა წარმოადგენდა მშენებარე ობიექტს. მოქმედი კანონმდებლობით კი, დაუშვებელია მშენებარე ობიექტზე საბაზრო ფასის გამოყენება.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: სს „-------მა“ საქართველოს ------ს ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მიიღო პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზების ნასყიდობის 2015 წლის 3 ივნისის №35 ხელშეკრულების საფუძველზე. ხოლო ა(ა)იპ ------ს მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 23 ივლისის №01-03/95 ბრძანების მიხედვით, სს „-------ს“ სახელზე ექსპლუატაციაში იქნა მიღებული ქ. ------ში, ------ს ქ. №---ში მდებარე 20 495 მ 2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მშენებლობის ნებართვის საფუძველზე აშენებული მრავალფუნქციური ობიექტი საერთო ფართით 80 413,6 მ 2 .

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ ვინაიდან, ქონების გადასახადის საგადასახადო პერიოდად ითვლება კალენდარული წელი, ამასთან, 2020 წლის საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის შენობა შესული იყო ექსპლუატაციაში (შესვლის თარიღი 23.07.2020წ.), დასაბეგრი ქონება არ წარმოადგენდა დაუმთავრებელ მშენებლობას და სახეზე არ არის საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 922 მუხლის „ა“ პუნქტით განსაზღვრული შემთხვევა, ამდენად, საგადასახადო შემოწმების მიერ ქონების ღირებულების საბაზრო ფასით განსაზღვრა 2020 წლის საანგარიშო პერიოდზე განხორციელდა მართლზომიერად.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. სს „------ს“ (ს/ნ -----) უფლებამონაცვლის სს „------ს“ (ს/ნ -----) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქუჩა №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქუჩა №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ქონების გადასახადის ნაწილში განხორციელებულ დარიცხვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადამხდელის ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამაში არსებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად დგინდება, რომ გადამხდელის საკუთრებაში არსებული ძირითადი საშუალებების ღირებულება ქონების გადასახადის მიზნებისთვის მკვეთრად განსხვავდება მათი საბაზრო ფასისგან. მომჩივნის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნა, რომლითაც ხდება უძრავი ქონების საბაზრო ფასის განსაზღვრა. მომჩივანი არ იყენებს გადაფასების მეთოდს და არც საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ საწარმოს წარმოადგენს. ამასთან, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესით დარეგულირებული შემთხვევების გათვალისწინების შესაბამისადაც არ ეხება საბაზრო ფასის გამოყენების შეზღუდვა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლისა და საერთაშორისო სტანდარტების (ფასს 13) გათვალისწინებით პირს დასაბეგრი ქონების ღირებულების სხვაობაზე დაერიცხა კუთვნილი ქონების გადასახადი.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 201(1"ა.ა"), 202(1)(2), 205(1).

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის N 996 ბრძანება.