გადაწყვეტილება №18841/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 07.04.2023
№ დოკუმენტი 18841/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№18841/2/2023

7.04.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 7.04.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---“-ის 10.02.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18841/2/2023).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 30 მაისის №13344 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 8.08.2022 წლის №006-362 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 29.12.2022 წლის №33527 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 205 345 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 103 974

მოგების გადასახადი - 96 345

საშემოსავლო გადასახადი - 4 403

ქონების გადასახადი -3 226

ჯარიმა - 56 407

საურავი - 44 964

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის ძირითადი საქმიანობაა სარეკლამო სააგენტოების მომსახურება. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2018 წლიდან 1.05.2021 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2021 წლის 17 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით, კერძოდ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით:

- წარდგენილი 2017 წლის ქონების გადასახადის დეკლარაციის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება ძირითად საშუალებებად რიცხული აქტივები (გარდა ლიზინგით გაცემულისა და შენობა-ნაგებობისა), რომელთა ფლობაც არ ფიქსირდება შესამოწმებელ პერიოდში და შესაბამისად, არც ქონების დეკლარაციებშია ასახული. აღნიშნული ჩაითვალა 2018 წლის დეკემბრის თვეში რეალიზებულად და დაემატა შესაბამისი თვის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას.

ფაქტობრივი გარემოებების და საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად;

- გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება ორ კომპანიაზე: შპს „---“ (ს/ნ ---) და შპს „---“ (ს/ნ ---) გაწეულ მომსახურებაზე გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. შესამოწმებელ პერიოდში მიღებული შემოსავალი სულ შეადგენს 2 699 602 ლარს. ვინაიდან, გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისათვის არ იქნა წარდგენილი ბუღალტრული პროგრამა, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაზე დაყრდნობით, შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში გაწეული მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი. მესამე პირებისგან, კერძოდ, შპს „---“ და შპს „---“ გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია, რის საფუძველზეც დადგინდა, რომ შპს „---ს“ აქვს კრედიტორული დავალიანება გადასახადის გადამხდელის მიმართ 8 350 ლარის ოდენობით.

შემოწმებით დადგენილი მიღებული/გაუხარჯავი შემოსავალი დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ თანხებად და საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 23.12.2021 წლის №40465 ბრძანება და 24.12.2021 წლის №006-976 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 30.05.2022 წლის №13344 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ: -

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი მტკიცებულებების გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

- მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგენილი მიღებული/გაუხარჯავი შემოსავლის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საკითხის შესწავლა შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №9) შესაბამისად და შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

-დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

აღსანიშნავია, რომ შემოსავლების სამსახურის 30.05.2022 წლის №13344 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 13.10.2022 წლის გადაწყვეტილებით (№16856/2/2022) საჩივარი არ დააკმაყოფილა. შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 30 მაისის №13344 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 2 აგვისტოს დასკვნის მიხედვით, შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 101 722 ლარით. აღნიშნულის საფუძველზე გამოიცა ამავე დეპარტამენტის 8.08.2022 წლის №006-362 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 29.12.2022 წლის №33527 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის შინაარსზე, აღნიშნავს, რომ საგადასახადო შემოწმების მიერ შემცირდა ძირითადი საშუალებების რეალიზაციაში ასახვის საფუძვლით დარიცხული თანხები და დაერიცხა ქონების გადასახადი.

ამასთან, შემოწმების მიერ საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით განსაზღვრული თავისუფალი ფულადი სახსრები, რომელიც შემოწმებით დაკვალიფიცირებული იყო ხელფასად, გადაანგარიშების დროს (შესამოწმებელი პერიოდია 2018 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 1 მაისამდე) დაკვალიფიცირდა, როგორც კომპანიის მიერ დირექტორზე გაცემულ სესხად.

ამასთანავე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მიზნებისთვის დამტკიცებულ საპროცენტო განაკვეთსა (20%) და ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ საბაზრო საპროცენტო განაკვეთს შორის სხვაობა დაიბეგრა დირექტორის სარგებლად.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაში მითითებული შეფასებებს, შემდეგი არგუმენტაციის გამო:

- საშემოსავლო გადასახადში განხორციელებული დარიცხვა - კომპანიას 2016 წლის იანვარში მის დამფუძნებელ ფიზიკურ პირთან გაფორმებული აქვს სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გაცემული აქვს სესხი წლიური 16.63%-ით. აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაში აღნიშნულია, რომ ვინაიდან, დამფუძნებელი ამავდროულად წარმოადგენს კომპანიის დირექტორს, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სესხის პროცენტსა და წლიურ 20%-ს შორის სხვაობა განიხილა დირექტორის ხელფასად და დაბეგრა საშემოსავლო გადასახადით. სესხის ხელშეკრულებით კომპანიის მიერ სესხის გაცემა განხორციელებულია მის დამფუძნებელზე. შესაბამისად მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში სესხის ხელშეკრულება მიჩნეული უნდა იქნას არა თანამშრომელთან, არამედ დამფუძნებელთან გაფორმებულ ხელშეკრულებად. მხარეების მიერ შედგენილი ხელშეკრულების მიზანს წარმოადგენდა სესხის სწორედ დამფუძნებელზე გაცემა და არა თანამშრომელზე, რადგან სესხის და პროცენტის გადახდა დამფუძნებლის მიერ უნდა მომხდარიყო მომავალში მისაღებ დივიდენდებში გაქვითვის ან შესაძლებლობის შემთხვევაში, თანხის დაბრუნების გზით. ამავდროულად საყურადღებოა, რომ მხარეებს შორის შეთანხმებული სესხის პროცენტი არ არის ხელოვნური და წარმოადგენს საბაზრო საპროცენტო განაკვეთს, რომელიც განისაზღვრა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი საბაზრო საპროცენტო განაკვეთების მიხედვით.

ამდენად, მიაჩნია, რომ საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა არ არის მართებული. სესხი გაცემულია დამფუძნებელზე საბაზრო საპროცენტო განაკვეთით და მის მიმართ არ უნდა გავრცელებულიყო თანამშრომლებისათვის დადგენილი სესხის წლიური 20%-იანი განაკვეთი;

- მოგების გადასახადში განხორციელებული დარიცხვა - აუდიტის დეპარტამენტის დასკვნით მოგების გადასახადის დარიცხვა განხორციელდა საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. კერძოდ, ხსენებული მუხლის თანახმად დადგენილია, რომ მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე სესხის გაცემა. საგადასახადო კოდექსის 982 მუხლი ძალაში შევიდა 2017 წლის 1 იანვრიდან, ხოლო კომპანიასა და მის დამფუძნებელს შორის სესხის ხელშეკრულება გაფორმებულია 2016 წელს. შესაბამისად, მიაჩნია, რომ 2016 წელს გაფორმებული სესხის ხელშეკრულების საფუძველზე გაცემულ თანხებზე ვერ გავრცელდება ნორმა, რომელიც ამოქმედდა 2017 წელიდან. კომპანიის პოზიციის მართებულობაზე ასევე მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 98-ე ნაწილი, რომლითაც დადგენილია, რომ:

2017 წლის 1 იანვრის შემდგომ პერიოდში მიწოდებულ საქონელზე/გაწეულ მომსახურებაზე, რომელზედაც ანაზღაურება/ანაზღაურების ნაწილი 2017 წლის 1 იანვრამდე (საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე) იქნა გადახდილი, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ მიიჩნევა საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტი.

ამასთანავე, 2017 წლის 1 იანვრის შემდგომ პერიოდში იმავე ოპერაციაზე საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე გადახდილი ანაზღაურება/ანაზღაურების ნაწილი დღგ-ით იბეგრება ამ კოდექსის 163-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.

აღნიშნული ნორმა დღგ-ის მიზნებისათვის პირდაპირ ადგენს, რომ თუ მხარეთა შორის შეთანხმება გაფორმებულია 2017 წლამდე და ამ შეთანხმების ფარგლებში ავანსის გადახდა ხდება 2017 წლის 1 იანვრის შემდგომ, ავანსი ექვემდებარება დაბეგვრას, მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულება 2017 წლამდეა შედგენილი. ამდენად, გარდამავალ დებულებებში სპეციალური ჩანაწერის გარეშე განსახილველი საკითხი ვერ დარეგულირდებოდა ისე, როგორც ეს აღწერილია ამ ნორმაში და ჩაითვლებოდა, რომ 2017 წლამდე გაფორმებული ხელშეკრულებების მიმართ არ ვრცელდება ახალი ნორმები - მათ ფარგლებში გადახდილი ავანსი არ იბეგრება დღგ-ით. შესაბამისად, ვინაიდან კანონმდებლის ნება იყო 2017 წლიდან გადახდილი ავანსის დაბეგვრა, მათ შორის 2017 წლამდე დადებულ გარიგებებზე, საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლში განხორციელდა კონკრეტული მითითება.

მოგების გადასახადთან მიმართებაში საგადასახადო კოდექსი არ ითვალისწინებს მსგავს ჩანაწერს. კოდექსით არ არის დადგენილი, რომ ფიზიკურ პირზე სესხის გაცემა იბეგრება მოგების გადასახადით იმ შემთხვევაშიც, თუ ხელშეკრულება გაფორმებულია 2017 წლამდე. იმ შემთხვევაში თუ კანონმდებელი მიიჩნევდა, რომ ასეთი ოპერაციები უნდა დაბეგრილიყო მოგების გადასახადით, ავანსის დღგ-ით დაბეგვრის მსგავსად ამ შემთხვევაშიც საჭირო იქნებოდა სპეციალური დროებითი ნორმის შემოღება. აღნიშნულიდან გამომდინარე მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში კომპანიის მიერ დამფუძნებელ ფიზიკურ პირზე სესხის გაცემა არ ექვემდებარება მოგების გადასახადით დაბეგვრას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოწმებით დარიცხული თანხები გასაჩივრდა რა შემოსავლების სამსახურში, 30.05.2022 წლის №13344 ბრძანებით გადასახადის გადამხდელის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ:

- პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი მტკიცებულებების გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

- მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგენილი მიღებული/გაუხარჯავი შემოსავლის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საკითხის შესწავლა შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №9) შესაბამისად და შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). ხსენებული ბრძანების აღსრულების შედეგად, შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა, ხოლო აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 2 აგვისტოს დასკვნის მიხედვით, ირკვევა შემდეგი:

- გადასახადის გადამხდელმა წარადგინა ქ. ---ის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მითითებები, რომლებიც შედგენილია 2022 წელს და სამართალდამრღვევ პირად მითითებულია გადასახადის გადამხდელი, ხოლო ობიექტის დასახელებაში მითითებულია სარეკლამო კონსტრუქციები ---ის მასშტაბით. ჯარიმები, ქ. ---ის მუნიციპალიტეტის მხრიდან, სწორედ იმ სარეკლამო კონსტრუქციებთან დაკავშირებული მითითებების არ შესრულებაზეა შედგენილი, რომელთაც რეალურად კომპანია 2017-2021 შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში ფლობდა.

ამასთან, აღნიშნული სარეკლამო კონსტრუქციების დოკუმენტით (სასაქონლო ზედნადებით) რეალიზაციას შესამოწმებელ პერიოდში ადგილი არ ჰქონია. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემცირდა ძირითადი საშუალებების რეალიზაციაში ასახვის საფუძვლით დარიცხული თანხები და გადასახადის გადამხდელს დაერიცხა ქონების გადასახადი;

- გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი იქნა 2016 წლის 1 იანვარს დადებული სესხის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, კომპანიას მისსავე დამფუძნებელზე/დირექტორზე გაცემული აქვს სესხი 1 500 000 ლარის ფარგლებში. სესხის ვადა ხელშეკრულებით განისაზღვრა 10 წელი, სესხზე წლიური საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე სესხებზე წლიური საბაზრო საპროცენტო განაკვეთების შესაბამისად (მოცემულ შემთხვევაში სესხის გაცემის მომენტში საბაზრო საპროცენტო განაკვეთია 16.63%), ამავე ხელშეკრულების თანახმად სესხი და მასზე დარიცხული სარგებელი კომპანიას უნდა დაუბრუნდეს ვადის გასვლისთანავე.

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის გათვალისწინებით დათვლილი თავისუფალი ფულადი სახსრები, რომელიც შემოწმების აქტით დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად, გადასახადის გადამხდელის მოთხოვნით, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №5) შესაბამისად, გადაანგარიშების დროს დაკვალიფიცირდა, როგორც დირექტორზე გაცემულ სესხად.

ამასთან, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით, საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მიზნებისთვის დამტკიცებულ საპროცენტო განაკვეთს (20%) და ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ საბაზრო საპროცენტო განაკვეთს შორის სხვაობა დაიბეგრა დირექტორის სარგებლად.

მომჩივანი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს, წარმოადგენს პოზიციებს სადავო საკითხებთან მიმართებით განხორციელებული დარიცხვის არამართლზომიერებაზე, მაგრამ არ წარმოადგენს არგუმენტებს, იმ გარემოებაზე დაყრდნობით, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე მიღებული იქნა მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინებით, რა ნაწილში მიიჩნევს აღსრულებას შემოსავლების სამსახურში 30.05.2022 წლის №13344 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შეუსაბამოდ.

საქმესთან არსებული მასალების, მხარეთა არგუმენტაციის მოსმენის და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ აღსრულება განხორციელებულია შემოსავლების სამსახურში 30.05.2022 წლის №13344 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის საფუძველზე, ამდენად, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. აუდიტის დეპარტამენტის 8.08.2022 წლის №006-362 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 29.12.2022 წლის №33527 ბრძანება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო შემოწმების მიერ შემცირდა ძირითადი საშუალებების რეალიზაციაში ასახვის საფუძვლით დარიცხული თანხები და დაერიცხა ქონების გადასახადი.

ამასთან, შემოწმების მიერ საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით განსაზღვრული თავისუფალი ფულადი სახსრები, რომელიც შემოწმებით დაკვალიფიცირებული იყო ხელფასად, გადაანგარიშების დროს დაკვალიფიცირდა, როგორც კომპანიის მიერ დირექტორზე გაცემულ სესხად.

ამასთანავე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მიზნებისთვის დამტკიცებულ საპროცენტო განაკვეთსა (20%) და ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ საბაზრო საპროცენტო განაკვეთს შორის სხვაობა დაიბეგრა დირექტორის სარგებლად.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 90; 102; 2021 წლამდე მოქმედი 304 (1გ).