გადაწყვეტილება №22293/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22293/2/2024
23 მაისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 4.04.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 19.02.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22293/2/2024).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 25.01.2023 წლის №958 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 11.10.2023 წლის №005-165 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 20.12.2023 წლის №32119 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 1 396 942 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 665 944
დღგ - 233 706
მოგების გადასახადი - 7 110
საშემოსავლო გადასახადი - 425128
ჯარიმა - 363 964
საურავი - 367 034
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობა სხვადასხვა საყოფაცხოვრებო საქონლით ლილო მოლის სავაჭრო ცენტრში.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.07.2022 წლამდე, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისათვის 2022 წლის 20 ივლისის ჩათვლით, პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 12 სექტემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
- საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის №092200522025 საქმეზე, შპს „-------“ (ყოფილი შპს „-------“) მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე. კომპანიაში, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2022 წლის 20 ივლისს ჩატარებულია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია და მიწოდებული მასალებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს ინვენტარიზაციისას განესაზღვრა 0 ლარის ღირებულების ფაქტიური სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზის შედეგად დამუშავდა გადასახადის გადამხდელის მიერ, 2016-2022 წლების საანგარიშო პერიოდებში დეკლარირებული, შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები და მასთან დაკავშირებული მიღებული შემოსავლები. აღნიშნულის გათვალისწინებით, დაფუძნების დღიდან, გადასახადის გადამხდელის დეკლარირებულმა შემოსავალმა შეადგინა 1 360 823 ლარი, ხოლო რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებამ 1 507 544 ლარი. გადასახადის გადამხდელმა წარადგინა ბუღალტრული პროგრამა ორისი, თუმცა შემოწმებისათვის წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციით ვერ მოხდა დაბეგვრის ობიექტის დადგენა. კერძოდ, შეუძლებელი გახდა რეალიზებული და ჩამოწერილი პროდუქციის იდენტიფიცირება, აგრეთვე, წარდგენილი ინფორმაციით ვერ ხდება გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი, შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისთვის არსებული სასაქონლომატერიალური მარაგების გაშიფვრა. პროგრამაში არსებული საქონლის ჩამოწერით შეუძლებელი გახდა მიღებული, გახარჯული და რეალიზებული პროდუქციის რაოდენობრივი გაშიფვრა პერიოდების მიხედვით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის შემოსავალი განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ, საცალოდ რეალიზებული პროდუქციის ფასნამატის განსაზღვრისათვის გამოყენებული იქნა საგამოძიებო სამსახურის მიერ მიწოდებული დოკუმენტაცია. ამასთან, საბაჟოზე წარდგენილ ინვოისებში თითოეულ საქონელს მინიჭებული აქვს სპეციალური კოდი, რომლის საშუალებითაც ხდება ამა თუ იმ პროდუქციის იდენტიფიცირება სახეობის და ღირებულების მიხედვით. საგამოძიებო სამსახურის მიერ მიწოდებული დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს აღრიცხული აქვს თითოეული რეალიზაცია საქონლის მაიდენტიფიცირებადი კოდების სარეალიზაციო ფასების მითითებით. შემოწმების მიერ, დამუშავდა ზემოაღნიშნული ინფორმაცია და თითოეული საქონლის კოდის ინვოისში არსებულის შესაბამისი საქონლის თვითღირებულებასთან დაკავშირებით დადგენილმა საშუალო შეწონილმა ფასნამატმა შეადგინა 77.3%. ვინაიდან, გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ ხდებოდა 2019 წლის 1 იანვრისთვის არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების რაოდენობრივ და სახეობრივ ჭრილში იდენტიფიცირება, 2019 წლის საწყისი ნაშთის გაანგარიშება განხორციელდა არაპირდაპირი მეთოდით, შედეგად: 2016-2018 წლებში, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დღგ-ის ყოველთვიური დეკლარაციებით და პირველად სააღრიცხვო დოკუმენტებზე დაყრდნობით, განისაზღვრა ყოველი საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი დადგენილი ფასნამატის გათვალისწინებით. ვინაიდან, გადასახადის გადამხდელთან, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის, ინვენტარიზაციამ დააფიქსირა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი 0 ლარი, 2019 წლის 1 იანვრის მდგომარეობით არსებული სასაქონლო-მატერიალური მარაგების ნაშთი რეალიზებულ იქნა პროპორციულად შემდგომ პერიოდში. შემოწმების მიერ, 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის თანახმად, დადგენილი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა აღემატება გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემს. შედეგად, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი, დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის გათვალისწინებით. არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი შემოსავლები, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით, დადგენილი ხარჯების გამოკლებით, შესამოწმებელ პერიოდში განხილული იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით;
- კომპანიის მიერ შემოსავლის მიღება ხორციელდება ძირითადად ნაღდი ანგარიშსწორებით, ხოლო ხარჯების გაწევა უნაღდო ანგარიშსწორებით. გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილ იქნა ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემები, რომლის მიხედვითაც, შესამოწმებელ პერიოდში, ფიქსირდება სალაროს არაგონივრული ნაშთი. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 30 დეკემბრის №42109 ბრძანებით „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ განსაზღვრული №9 დანართის შესაბამისად, შემოწმების მიერ, სალაროს არაგონივრული ნაშთი განხილული იქნა პასუხისმგებელ პირზე/დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად. საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის და ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ფიზიკურ პირზე გაცემული სესხი დაექვემდებარა მოგების გადასახადით დაბეგვრას. ხოლო, გაცემული უპროცენტო სესხიდან წარმოშობილი სარგებლის თანხა, საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის თანახმად, ჩაითვალა ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად. ყოველთვიური სარგებლის თანხა დაიბეგრა როგორც ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების და საშემოსავლო გადასახადები, ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად;
- გადასახადის გადამხდელი რეალიზებული საქონლის შეძენას ახდენს ჩინეთიდან. საგადასახადო შემოწმების ფარგლებში, იმპორტირებულ საქონელზე გადასახადის გადამხდელს არ აქვს შესაბამისი საქონლის ღირებულების თანხის არარეზიდენტი მომწოდებლისთვის გადახდის დოკუმენტი და არც ურთიერთშედარების აქტი არ იქნა წარდგენილი. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილია ახსნაგანმარტება შეძენილი საქონლის ღირებულების თანხის არარეზიდენტი მომწოდებლისთვის სრულად გადახდის თაობაზე. წარდგენილ ბუღალტრულ პროგრამაში ფიქსირდება სალაროდან ფულის გასვლა არარეზიდენტის დავალიანების დაფარვის მიზნით. შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 12 ნოემბრის №35390 ბრძანებით „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ განსაზღვრული დანართი №8-ის შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ სახეზეა ინვოისი და საბაჟო დეკლარაცია, რომლითაც დადასტურებულია შესაბამისი საქონლის შეძენა-იმპორტი, ასევე, ვინაიდან აღნიშნულის პარალელურად, როგორც მტკიცებულება, მოპოვებულია გადასახადის გადამხდელის წერილობითი ახსნა-განმარტება შესაბამისი დავალიანების სრულად დაფარვის ნამდვილობის თაობაზე, იმპორტირებულ საქონელზე არარეზიდენტი მომწოდებლისთვის საინვოისო ღირებულების შესაბამისად გადასახდელი თანხის 75% ჩაითვალა ანაზღაურებულად, დარჩენილი 25% განხილული იქნა ხელფასად საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის თანახმად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 14.09.2022 წლის №23779 ბრძანება და №005-137 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 25.01.2023 წლის №958 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ:
- მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ). მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა, შესწავლის შედეგად დადგენილი ფასნამატი არ გაავრცელოს დოკუმენტურ რეალიზაციაზე და აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შესამოწმებელ პერიოდებში რეალიზებული პროდუქციის პროპორციულად გაითვალისწინოს წინა წლების რეალიზაციები და მის შესაბამისად განსაზღვროს შესამოწმებელი პერიოდის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საწყისი ნაშთი, შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
- მე-5 სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა იხელმძღვანელოს „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების „ი“ ქვეპუნქტით დამტკიცებული მეთოდური მითითებით. აღნიშნული მეთოდური მითითებით საკითხის შესწავლისას აუდიტის დეპარტამენტმა, სალაროს გონივრული ნაშთის გაანგარიშებისას საკასო შემოსავლის და ხარჯის პირობებში, მხედველობაში მიიღოს საკასო შემოსავლის პირობებში „სალაროში“ შემოსული/შემოსულად ჩათვლილი თანხა, კერძოდ, არაპირდაპირი მეთოდით გამოვლენილი სალაროში შემოსულად ჩათვლილი თანხა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- მე-8 სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, სადავო საკითხის ყოველმხრივ შესწავლა/გამოკვლევა, საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 25 იანვრის №958 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 5 ოქტომბრის დასკვნის მიხედვით, შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 952 ლარით, მის საფუძველზე, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 11.10.2023 წლის №005- 165 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 20.12.2023 წლის №32119 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის შინაარსზე, აღნიშნავს, რომ გადაანგარიშების ეტაპზე, შემოწმებისთვის ფასნამატის გაანგარიშებასთან დაკავშირებით (ცხრილის სახით) წარდგენილი ინფორმაციით/დოკუმენტაციით, გადასახადის გადამხდელის მიერ ვერ გაიშიფრა და ვერ მოხდა ცხრილში არსებული საქონლის თვითღირებულებების იდენტიფიცირება, რაც მნიშვნელოვანია ფასნამატის გაანგარიშებისთვის (შემოწმების მიერ მოხდა გადასახადის გადამხდელთან როგორც წერილობითი (ელექტრონული ფოსტით), ასევე სატელეფონო გასაუბრება, რომლის შედეგად შემოწმების მიერ გადასახადის გადამხდელისთვის დასმულ კითხვებზე პასუხები ვერ იქნა მიღებული). აუდიტორის მიერ, ასევე ხელახლა იქნა შესწავლილი, შესამოწმებელ პერიოდებში რეალიზებული პროდუქციის პროპორციულად, წინა წლების რეალიზაციების გავლენა შესამოწმებელი პერიოდის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საწყის ნაშთებთან. ასევე, საქონლის მომწოდებლებზე გადახდილი თანხების 25%-ის ხელფასად განხილვასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის არ იქნა წარდგენილი დამატებითი მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ, შემოწმების პროცესში წარდგენილი დოკუმენტაცია (ურთიერთშედარებები და სხვა დოკუმენტაცია) არის შეუსაბამო და იკვეთება ხარვეზები. შედეგად, შემოწმების მიერ აღნიშნულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოწმების აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არ გადაანგარიშდა.
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
კორექტირების შედეგად შემცირებულ თანხების ოდენობას არ ეთანხმება, რადგან მიაჩნია, რომ საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილებები აღსრულებულია არასრულყოფილად, მხოლოდ ნაწილობრივ. კერძოდ:
1. დასკვნის პირველ საკითხში ფაქტობრივად მოცემულია
2 შეუსრულებელი საკითხი, კერძოდ:
ა) შესწორებულიყო ფასნამატი გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი გაანგარიშების შესწავლის შედეგად;
ბ) არ გამოყენებულიყო ფასნამატი დოკუმენტურ, ანუ სასაქონლო ზედნადებებით განხორციელებულ რეალიზაციებზე.
დასკვნის თანახმად, წარდგენილი ინფორმაცია შემოწმებისათვის არ აღმოჩნდა სარწმუნო, ვინაიდან თითქოსდა ვერ გაიშიფრა, როგორ იყო გაანგარიშებული საქონლის თვითღირებულებები.
შემოწმებას აღნიშნული შეკითხვები გააჩნია მხოლოდ საქონლის მცირე ნაწილზე, ხოლო საქონლის უდიდეს ნაწილზე კითხვები არ არსებობს.
ამდენად, თუნდაც არსებობდეს რაიმე უზუსტობა საქონლის სახეობის 2%-ზე, ამ მიზეზით ფასნამატის გადაუანგარიშებლობა არ მიაჩნია რელევანტურად.
მიაჩნია, რომ აღნიშნული არ უნდა გამხდარიყო არ გადაანგარიშების მიზეზი, რადგან დოკუმენტური რეალიზაციის გაზრდა, ფასნამატის გაზრდის შედეგად ისედაც არასწორი და დაუშვებელია. გარდა ამისა, შემმოწმებელს შეეძლო ფასნამატი გაეანგარიშებინა (გადაეანგარიშებინა) იმ 98% საქონლის მიხედვით მაინც, რაზედაც შეკითხვები არ არსებობს. ასევე, შეეძლო და ვალდებული იყო თავად გაეანგარიშებინა საქონლის თვითღირებულება საიმპორტო დოკუმენტებისა და მსგავსი საქონლის საფუძველზე. შესაბამისად, არ გადაანგარიშება უსაფუძვლოა და წარმოადგენს საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილების აღუსრულებლობას. ასევე აღუსრულებელია ის გარემოებაც, რომ ფასნამატი გამოყენებულია დოკუმენტურ რეალიზაციაზეც.
ამდენად, ითხოვს შესრულდეს მოცემულ საკითხებზე შემოსავლების სამსახურის მიერ საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილება;
2. შემმოწმებლის მიერ სრულიად უმიზეზოდ არ გადაანგარიშდა შესამოწმებელი პერიოდისათვის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საწყისი ნაშთი.
საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, „შესამოწმებელი პერიოდებში რეალიზებული პროდუქციის პროპორციულად“ უნდა გათვალისწინებულიყო წინა წლების რეალიზაციებიც და შესაბამისად, ისე განსაზღვრულიყო საწყისი ნაშთი.
აღნიშნული, იმის გათვალისწინებით, რომ ვინაიდან ფასნამატით გაიზარდა შესამოწმებელი პერიოდის შემოსავლები, ანალოგიურად უნდა გაზრდილიყო წინა პერიოდის შემოსავლები და ამ შემოსავლებზე თვითღირებულებების ჩამოწერის შედეგად გაანგარიშებულიყო საწყისი ნაშთი.
აღნიშნული ფაქტობრივად შემოწმებამ არ განახორციელა. აღნიშნულზე არავითარი გაანგარიშება არ წარდგენია და შემოწმებით არაკანონიერად განსაზღვრული საწყისი ნაშთი არ შეუმცირებია შემმოწმებელს და შესაბამისად, დარიცხული გადასახადებიც არ დაკორექტირებულა.
ამდენად, ცალსახაა, რომ საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილება 1.01.2019 წლის საწყისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გადაანგარიშების შესახებ არ შესრულებულა და არ გადაანგარიშებულა შემოწმების შედეგად განხორციელებული დამატებითი დარიცხვები;
3. ასევე, არ გადაანგარიშებულა დასკვნაში მოცემული მე-4 საკითხი. აღნიშნულ საკითხზე მიღებული გადაწყვეტილებაც არ აღსრულებულა, ვინაიდან არ შესწავლილა ის საკითხი, რომ გადასახადის გადამხდელს მომწოდებელზე სრულად აქვს გადახდილი მიღებული საქონლის ღირებულება და მას აღნიშნულიდან რაიმე სარგებელი (შემოსავალი) არ მიუღია. შესაბამისად, საშემოსავლო გადასახადის დარიცხვაც არასწორია, ხოლო მისი არ გადაანგარიშება წარმოადგენს საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილების შეუსრულებლობას.
შემოსავლების სამსახურს საჩივრის განხილვაზე გადასახადის გადამხდელი არ დაუბარებია და ფაქტობრივად არ განხორციელებულა სადავო საკითხების მოკვლევა-შესწავლა. მომჩივანი ითხოვს აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილების, კერძოდ 25.01.2023 წლის №958 ბრძანების აღსრულება სრულყოფილად.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ შემოწმებით დარიცხული თანხები გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრდა და შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 25 იანვრის №958 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხოლო ხსენებული ბრძანების აღსრულების შედეგად, შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა 952 ლარით.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 25 იანვრის №958 ბრძანების აღსრულების საფუძველზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 5 ოქტომბრის დასკვნის მიხედვით კი დგინდება შემდეგი:
- გადასახადის გადამხდელის მიერ გადაანგარიშების ეტაპზე შემოწმებისთვის წარდგენილი იქნა მოთხოვნილი ინფორმაცია დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატის გაანგარიშებასთან დაკავშირებით (ცხრილის სახით), რომელიც შემოწმებისთვის არ აღმოჩნდა სარწმუნო და გამოსადეგი, ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ ვერ გაიშიფრა და ვერ მოხდა იდენტიფიცირება, რეალურად საიდან არის მიღებული ცხრილში არსებული საქონლის თვითღირებულებები, რაც მნიშვნელოვანია ფასნამატის გაანგარიშებისთვის (შემოწმების მიერ მოხდა გადასახადის გადამხდელთან როგორც წერილობითი (ელექტრონული ფოსტით), ასევე სატელეფონო გასაუბრება, რომლის შედეგად შემოწმების მიერ გადასახადის გადამხდელისთვის დასმულ კითხვებზე პასუხები ვერ იქნა მიღებული);
- ხელახლა იქნა შესწავლილი შესამოწმებელ პერიოდებში რეალიზებული პროდუქციის პროპორციულად წინა წლების რეალიზაციების გავლენა შესამოწმებელი პერიოდის სასაქონლომატერიალური ფასეულობების საწყის ნაშთებთან. შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული დამატებით დარიცხული საგადასახადო ვალდებულებები არ დაექვემდებარა კორექტირებას;
- საქონლის მომწოდებლებზე გადახდილი თანხების 25%-ის ხელფასად განხილვასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელმა არ წარადგინა დამატებითი მტკიცებულებები, რომლის მიხედვითაც განხორციელდებოდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- შემოწმების მიერ განხორციელდა სალაროს გონივრული ნაშთის გაანგარიშებისას საკასო შემოსავლის და ხარჯის დათვლისას, არაპირდაპირი მეთოდით გამოვლენილი სალაროში შემოსულად ჩათვლილი თანხის საკასო შემოსავალში ჩათვლა და შედეგების გათვალისწინებით, განხორციელდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
ამგვარად ირკვევა, რომ გადაანგარიშების ეტაპზე, შემოწმებისთვის ფასნამატის გაანგარიშებასთან დაკავშირებით (ცხრილის სახით) წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციით, გადასახადის გადამხდელის მიერ ვერ გაიშიფრა და ვერ მოხდა ცხრილში არსებული საქონლის თვითღირებულებების იდენტიფიცირება, რაც მნიშვნელოვანია ფასნამატის გაანგარიშებისთვის. შემმოწმებლის მიერ ხელახლა იქნა შესწავლილი შესამოწმებელ პერიოდებში რეალიზებული პროდუქციის პროპორციულად, წინა წლების რეალიზაციების გავლენა შესამოწმებელი პერიოდის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საწყის ნაშთებთან. ასევე, საქონლის მომწოდებლებზე გადახდილი თანხების 25%-ის ხელფასად განხილვასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის არ იქნა წარდგენილი დამატებითი მტკიცებულებები. შედეგად, შემოწმების მიერ აღნიშნულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოწმების აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არ დაექვემდებარა გადაანგარიშებას.
მომჩივანი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს ნაწილობრივ და მიიჩნევს, რომ აღსრულება განხორციელებულია არასრულყოფილად, ნაწილობრივ. კერძოდ, პირველ სადავო საკითხის ნაწილში უნდა შესწორებულიყო ფასნამატი, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი გაანგარიშების შესწავლის შედეგად და არ გამოყენებულიყო ფასნამატი დოკუმენტურ, ანუ სასაქონლო ზედნადებებით განხორციელებულ რეალიზაციებზე. წარდგენილი იქნა ინფორმაცია, მაგრამ არ აღმოჩნდა სარწმუნო შემმოწმებლისთვის, შეკითხვები შემოწმებას გააჩნია მხოლოდ საქონლის მცირე ნაწილზე, ხოლო უდიდეს ნაწილზე კითხვები არ არსებობს, ამდენად, თუნდაც არსებობდეს რაიმე უზუსტობა საქონლის სახეობის 2%-ზე, ამ მიზეზით ფასნამატის არ გადაანგარიშება არ მიაჩნია სწორად, ასევე აღუსრულებელია ის გარემოებაც, რომ ფასნამატი გამოყენებულია დოკუმენტურ რეალიზაციაზეც. მეორე სადავო საკითხის ნაწილში სრულიად უმიზეზოდ არ გადაანგარიშდა შესამოწმებელი პერიოდისათვის სასაქონლომატერიალური ფასეულობების საწყისი ნაშთი. იმის გათვალისწინებით, რომ ფასნამატით გაიზარდა შესამოწმებელი პერიოდის შემოსავლები, ანალოგიურად უნდა გაზრდილიყო წინა პერიოდის შემოსავლები და ამ შემოსავლებზე თვითღირებულებების ჩამოწერის შედეგად გაანგარიშებულიყო საწყისი ნაშთი, რაც არ განხორციელებულა შემმოწმებლის მიერ და შემოწმებით არაკანონიერად განსაზღვრული საწყისი ნაშთი არ შეუმცირებია შემმოწმებელს. არ გადაანგარიშებულა დასკვნაში მოცემული მე-4 საკითხიც, აღნიშნულ საკითხზე მიღებული გადაწყვეტილებაც არ აღსრულებულა, ვინაიდან არ შესწავლილა ის საკითხი, რომ გადასახადის გადამხდელს მომწოდებელზე სრულად აქვს გადახდილი მიღებული საქონლის ღირებულება და მას აღნიშნულიდან რაიმე სარგებელი (შემოსავალი) არ მიუღია.
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ შემმოწმებლის მიერ აღსრულებულია შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება ერთ საკითხთან დაკავშირებით და სადავოდ რჩება 3 საკითხი. კერძოდ, პირველია ფასნამატის საკითხი და თვლის, რომ ფასნამატი გამოყენებული იქნა სასაქონლო ზედნადებებით რეალიზებულ საქონელზეც. საკითხთან დაკავშირებით წარადგინა ცხრილი, არის საქონელი რომლის შეძენა-რეალიზაციის დაკავშირება ვერ ხდება, მაგრამ, ამის გარდა არის 11 დასახელების საქონელი, რომელიც მცირე ნაწილია (2% მთელი საქონლის), მაგრამ ფასნამატის გადაანგარიშება უნდა მომხდარიყო მაინც, რადგან ამ ნაწილში ურთიერთკავშირი დგინდება, იდენტიფიცირება ხდება. მე-2 საკითხი, კერძოდ შესამოწმებელი პერიოდისათვის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საწყისი ნაშთის განსაზღვრის საკითხი, რომელიც ასევე არ გადაანგარიშდა, არის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპანიისათვის, შემოსავლების სამსახური დაეთანხმა მათ მიერ წარდგენილ არგუმენტებს და გადაწყვეტილებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შესამოწმებელ პერიოდებში რეალიზებული პროდუქციის პროპორციულად გაეთვალისწინებინა წინა წლების რეალიზაციები და მის შესაბამისად, შესამოწმებელი პერიოდის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საწყისი ნაშთის განსაზღვრა. გადაანგარიშების დასკვნაში მითითებულია, რომ აღნიშნულ ნაწილში დარიცხვა არ შეიცვალა, რაც შეუძლებლად მიაჩნია. შესამოწმებელი პერიოდის შემოსავლები ვინაიდან ფასნამატით გაიზარდა, ანალოგიურად უნდა გაზრდილიყო წინა პერიოდის შემოსავლებიც და ამ შემოსავლებზე, თვითღირებულებების ჩამოწერის შედეგად, გაანგარიშებულიყო საწყისი ნაშთი. მე-3 სადავო საკითხი ეხება მომწოდებელზე გადახდილი თანხების 25%-ის ხარჯებში გაუთვალისწინებლობას, ანუ აღნიშნული ოდენობის თანხები არ ჩაითვალა გადახდილად და ჩაითვალა დირექტორის ხელფასად. ამ ნაწილში, თავდაპირველად შემმოწმებელმა უარის თქმის საფუძვლად მიიჩნია, რომ აპოსტილით არ იყო დამოწმებული დოკუმენტები, მაგრამ შემდგომ, უკვე შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების მიუხედავად, აღსრულების შედეგად, ამ ნაწილშიც არ მოხდა გადაანგარიშება. დოკუმენტაცია მანამდე, შემოწმების პროცესში იყო წარდგენილი, ხოლო შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით, ამ ნაწილში დოკუმენტების წარდგენა არ დავალებია გადასახადის გადამხდელს. არ არის გადაანგარიშება განხორციელებული ამ ნაწილშიც და მიიჩნევს, რომ მომწოდებლებზე გადახდილი თანხების 25%-ი არ უნდა იქნეს ჩათვლილი ხელფასად.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ დოკუმენტური ფასნამატის განსაზღვრა სცადეს, მაგრამ დოკუმენტების დაკავშირება ვერ ხდებოდა, კერძოდ იმპორტირებულ, ანუ შემოტანილ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებში იყო ბევრნაირი კოდებით მიღებული ერთი დასახელების საქონელი, ხოლო დოკუმენტური რეალიზაცია მხოლოდ დასახელებით ხდებოდა, იმის დაკავშირება თუ, რომელი კოდით შემოტანილი საქონლის რეალიზაცია ხდებოდა სასაქონლო ზედნადებით შეუძლებელი იყო, ამიტომ იხელმძღვანელეს საგამოძიებო სამსახურის მიერ მიწოდებული ე.წ. დოკუმენტებით, რომელიც გადასახადის გადამხდელის ობიექტიდან იქნა ამოღებული, სადაც განხორციელებული ჩანაწერებით ირკვევა, გადასახადის გადამხდელი კოდის მიხედვით საქონლის რეალიზაციას რა ფასებით ახდენდა. ამდენად, შემოწმების პროცესში საგამოძიებო სამსახურის მასალებს დაეყრდნენ. შემდგომ, დავების პერიოდში გადასახადის გადამხდელმა აღნიშნა, რომ წარადგენდა დოკუმენტური რეალიზაციის გაშიფვრას, ანუ ცხრილს წარმოადგენდა სასაქონლო ზედნადებებში დასახელებული საქონლის შემოტანილ საქონლის კოდებთან დაკავშირებულს. აღნიშნულის თაობაზე არაერთხელ მოხდა დაკავშირება გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელთან, ბუღალტერთან, რადგან გადაანგარიშების ეტაპზე წარდგენილ ცხრილში ფიქსირდებოდა გარკვეული შეუსაბამობები, მაგალითად შეძენის დოკუმენტში, საბაჟო დეკლარაციის ინვოისში სხვა ღირებულება იყო მითითებული, ხოლო წარმოდგენილ ცხრილში სხვა ფიქსირდებოდა. დაუკავშირდნენ, მიწერეს რათა წარმოედგინათ უფრო დეტალური გაშიფვრა, რადგან გაანგარიშებული თვითღირებულება არ ედრებოდა დოკუმენტს, ხოლო რაც ედრებოდა შემოწმებით, საგამოძიებო სამსახურის მიერ წარდგენილი მასალებზე დაყრდნობით, გაანგარიშებულ ფასნამატზე (77%) მეტი გამოდიოდა, აჭარბებდა მას, ამიტომ ვერ გაითვალისწინეს. დამატებით დაუკავშირდნენ გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელს, მაგრამ დამატებით არ იქნა წარდგენილი ინფორმაცია, ამდენად აპელირებას იმაზე, რომ წარდგენილი ცხრილით ძირითადად, შეძენარეალიზაციის დაკავშირება ხდებოდა, ვერ დაეთანხმება, რადგან იყო მთელი რიგი შეუსაბამობები. რაც შეეხება მეორე საკითხს, ხანდაზმულ პერიოდზე დარიცხვა არ განხორციელებულა, ვინაიდან გადასახადის გადამხდელს არ ქონდა აღრიცხვიანობა, ვერ ხდებოდა თითოეულ ოპერაციაზე კონტროლო, არ ხდებოდა საწყისი ნაშთების გაშიფვრა, რისი რეალიზაცია მოხდა, საბოლოო ნაშთები კი ცნობილი იყო ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგებით, რომ იყო 0 ლარი, შესამოწმებელი პერიოდის საწყისი ნაშთის განსაზღვრის მიზნით, კომპანიის დაარსების პერიოდიდან, 2016 წლიდან მოახდინეს არსებული მონაცემების ანალიზი, შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების და მასთან დაკავშირებული დეკლარირებული შემოსავლების გათვალისწინებით დგინდებოდა, რომ გადასახადის გადამხდელი თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად ახდენდა რეალიზაციას, ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, გამოყენებული იქნა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლი და შესამოწმებელი პერიოდის საწყის ნაშთი განისაზღვრა მთლიანი (დაფუძნების დღიდან) პერიოდის მიხედვით. რაც შეეხება მომწოდებლისათვის გადახდილი თანხების სრულად გაუთვალისწინებლობას, წარმოდგენილ დოკუმენტებში დაფიქსირებული მომწოდებელი არ ედრებოდა იმ მომწოდებლებს, რომელზეც იყო დავა, განხორციელდა აღნიშნულთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელის ინფორმირება (წერილობით), მაგრამ დაზუსტებული ინფორმაცია არ წარდგენილა, საკითხი ეხებოდა ნაღდი ანგარიშსწორებით განხორციელებულ გადახდას, ხოლო ბანკით გადახდილზე, რაც ჩანდა, შემოწმებას ეჭვი არ შეუტანია.
საბჭო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ საჩივარი განხილული იქნა მომჩივნის მონაწილეობის გარეშე და გადაწყვეტილება მიღებული იქნა მომჩივნის პოზიციების მოსმენის გარეშე.
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.
საბჭო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით და მხარეთა არგუმენტაციის საფუძველზე, საბჭო მიიჩნევს, რომ აღსრულება, შესამოწმებელი პერიოდის სასაქონლომატერიალური ფასეულობების საწყისი ნაშთის განსაზღვრის ნაწილში, არ არის განხორციელებული შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 25 იანვრის №958 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ არ არის სათანადოდ გამოკვლეული სადავო საკითხი. ამდენად, საჩივარი აღნიშნულ სადავო საკითხის ნაწილში, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 20.12.2023 წლის №32119 ბრძანება;
3. საჩივარი, შესამოწმებელი პერიოდის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საწყისი ნაშთის განსაზღვრის ნაწილში, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
დავის საგანს წარმოადგენს შემოსავლების სამსახურის 25.01.2023 წლის №958 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.07.2022 წლამდე, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისათვის 2022 წლის 20 ივლისის ჩათვლით, პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 12 სექტემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 25.01.2023 წლის №958 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის მიხედვით, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 20.12.2023 წლის №32119 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით და მხარეთა არგუმენტაციის საფუძველზე, საბჭო მიიჩნევს, რომ აღსრულება, შესამოწმებელი პერიოდის სასაქონლომატერიალური ფასეულობების საწყისი ნაშთის განსაზღვრის ნაწილში, არ არის განხორციელებული შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 25 იანვრის №958 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ არ არის სათანადოდ გამოკვლეული სადავო საკითხი. საჩივარი, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 982(3-ზ); 101; 154;