გადაწყვეტილება №26395/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№26395/2/2025
03 თებერვალი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ი/მ --------ძე (ს/ნ -----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 30.01.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ ------ის 26.12.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26395/2/2025).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 15.07.2025 წლის №15923 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 6 ოქტომბრის №006-371 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 18 ნოემბრის №25277 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 49 556.23 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 37 745.59
ჯარიმა - (-0.30)
საურავი - 11 810.94
ფაქტების აღწერა
მეწარმის საქმიანობაა სარესტორნო მომსახურების გაწევა ქ.----ი, ----ის №--ში. გადამხდელად რეგისტრირებულია 2006 წლის 1 სექტემბერს, დღგ-ის გადამხდელად - 2022 წლის 22 ოქტომბერს.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 21 მარტის №5233 და 3 ივნისის №11273 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური თემატური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2025 წლის 4 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელი გაწეული მომსახურების სანაცვლოდ შემოსავალს იღებს საბანკო ტერმინალისა და საკონტროლო-სალარო აპარატის მეშვეობით. საგადასახადო ორგანოს მიერ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის ანალიზის შედეგად განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, ასევე გამოვლინდა საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი, 2022 წლის 28 მაისი. შესაბამისად, აღნიშნული თარიღიდან საბანკო ტერმინალისა და საკონტროლო-სალარო აპარატის მეშვეობით განხორციელებული ტრანზაქციებით განსაზღვრული დასაბეგრი ბრუნვა შეუდარდა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ ბრუნვას. გამოვლენილი სხვაობა დაიბეგრა დღგ-ით. ამასთან, მომჩივნის მიერ შემოწმების პროცესში წარდგენილ იქნა წერილობითი განცხადება, გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული საგადასახადო ანგარიშფაქტურების დღგ-ის ჩათვლაში გათვალისწინების თაობაზე. საგადასახადო ორგანოს მიერ აღნიშნული გათვალისწინებულ იქნა და დაკორექტირდა დღგ-ის ჩასათვლელი თანხა. შემოწმებით გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების გაანგარიშებისას არ გამოყენებულა არაპირდაპირი მეთოდი და საგადასახადო ვალდებულებები გაანგარიშდა საგადასახადო ორგანოს ხელთ არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით. საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის საფუძველზე, მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ამავე კოდექსის 282-ე და 275-ე მუხლებით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 5 ივნისის №11557 ბრძანება და №006-153 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 67 471.85 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2025 წლის 30 ივნისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 15.07.2025 წლის №15923 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით:
- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები;
- აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, სადავო საკითხი შეისწავლოს „ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 16 თებერვლის №3751 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე 2023 წლის 14 დეკემბრის №31614 ბრძანების შესაბამისად და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
ამასთან, მომჩივანი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 5 ივნისის №006-153 საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე გადასახდელად განსაზღვრული ჯარიმისგან.
დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 15.07.2025 წლის №15923 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 1.10.2025 წლის დასკვნა, 6.10.2025 წლის №21455 ბრძანება და №006-371 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 19 980 ლარით და მისმა საგადასახადო ვალდებულებამ შეადგინა 49 556.23 ლარი.
კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2025 წლის 2 ნოემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2025 წლის 18 ნოემბრის №25277 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 304-ე მუხლებზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე და აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც შემოსავლების სამსახურის ბრძანებით არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეში არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
დღგ გაანგარიშებულია არასწორად. შესამოწმებელ პერიოდში, 2022 წლის 28 მაისიდან (სავალდებულო რეგისტრაციის დღე) 2025 წლის 1 მარტამდე, პოს ტერმინალით მიღებული შემოსავალი - ამონაგები შეადგენს 596 683,71 ლარს. აქედან, დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 505 664,16 ლარს. სალარო აპარატით დაფიქსირებული ამონაგები შეადგენს 100 032,35 ლარს. აქედან, დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 84 773,18 ლარს. ე.ი. მთლიანად შესამოწმებელ პერიოდში დასაბეგრი ბრუნვა არის 590 397,34 ლარი, მასზე დარიცხული დღგ - 106 271,52 ლარი. მეწარმეს აღნიშნული ბრუნვები დეკლარირებული აქვს შემოსავლების სამსახურში.
ასევე, აუდიტის დეპარტამენტმა არ გაითვალისწინა ჩასათვლელი დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურები, რომელიც გამოწერილია გვიან, მაგრამ დასაბეგრი ოპერაცია განხორციელებულია შესამოწმებელ პერიოდში და მომჩივნის მიერ ვერ ხერხდება მისი დადასტურება, ვინაიდან აღნიშნული შესამოწმებელი პერიოდი ჩაკეტილია შემოსავლების სამსახურის მიერ. ითხოვს აღნიშნული დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურები ჩაეთვალოს და შეუმცირდეს დამატებით დარიცხული თანხები.
ასევე, ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდეს დამატებით დარიცხული სანქციისგან, როგორც საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმისგან, ასევე ამავე კოდექსის 272-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული საურავისგან.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურის 15.07.2025 წლის №15923 ბრძანებით, მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით:
- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები;
- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, სადავო საკითხი შეისწავლოს „ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 16 თებერვლის №3751 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე 2023 წლის 14 დეკემბრის №31614 ბრძანების შესაბამისად და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
ამასთან, მომჩივანი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 5 ივნისის №006-153 საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე გადასახდელად განსაზღვრული ჯარიმისგან.
აუდიტის დეპარტამენტის დასკვნით დგინდება:
- საგადასახადო ორგანოს მიერ შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით განხორციელდა საგადასახადო ვალდებულების კორექტირება;
- შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შესაბამისად გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 5 ივნისის №006-153 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმა.
გადაანგარიშების შედეგად, მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 19 980 ლარით. მათ შორის, გადასახადი - 309 ლარი და ჯარიმა - 19 671 ლარი.
რაც შეეხება დღგ-ის გაანგარიშებებს და დაკისრებულ საურავს, აღსანიშნავია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო დაკისრებული ჯარიმა სრულად არის შემცირებული გადაანგარიშების შედეგად.
ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურები, სადაც დასაბეგრი ოპერაცია განხორციელებულია შესამოწმებელ პერიოდში, ჩათვლილია სრულად.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 15.07.2025 წლის №15923 ბრძანება აღსრულებულია. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის №15923 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №5233 და №11273 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური თემატური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელი გაწეული მომსახურების სანაცვლოდ შემოსავალს იღებს საბანკო ტერმინალისა და საკონტროლო-სალარო აპარატის მეშვეობით. საგადასახადო ორგანოს მიერ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის ანალიზის შედეგად განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, ასევე გამოვლინდა საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი, 2022 წლის 28 მაისი. შესაბამისად, აღნიშნული თარიღიდან საბანკო ტერმინალისა და საკონტროლო-სალარო აპარატის მეშვეობით განხორციელებული ტრანზაქციებით განსაზღვრული დასაბეგრი ბრუნვა შეუდარდა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ ბრუნვას. გამოვლენილი სხვაობა დაიბეგრა დღგ-ით. ამასთან, მომჩივნის მიერ შემოწმების პროცესში წარდგენილ იქნა წერილობითი განცხადება, გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული საგადასახადო ანგარიშფაქტურების დღგ-ის ჩათვლაში გათვალისწინების თაობაზე. საგადასახადო ორგანოს მიერ აღნიშნული გათვალისწინებულ იქნა და დაკორექტირდა დღგ-ის ჩასათვლელი თანხა. შემოწმებით გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების გაანგარიშებისას არ გამოყენებულა არაპირდაპირი მეთოდი და საგადასახადო ვალდებულებები გაანგარიშდა საგადასახადო ორგანოს ხელთ არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით. საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის საფუძველზე, მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ამავე კოდექსის 282-ე და 275-ე მუხლებით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №11557 ბრძანება და №006-153 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 67 471.85 ლარი.აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც №15923 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. კერძოდ: დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები.ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, სადავო საკითხი შეისწავლოს „ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 16 თებერვლის №3751 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე 2023 წლის 14 დეკემბრის №31614 ბრძანების შესაბამისად და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).ამასთან, მომჩივანი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდა აუდიტის დეპარტამენტის №006-153 საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე გადასახდელად განსაზღვრული ჯარიმისგან.
დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის №15923 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა, №21455 ბრძანება და №006-371 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 19 980 ლარით და მისმა საგადასახადო ვალდებულებამ შეადგინა 49 556.23 ლარი.კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2025 წლის 2 ნოემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც №25277 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის №15923 ბრძანება აღსრულებულია. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21);