გადაწყვეტილება № 26706/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 26706/2/2026
09 მარტი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ -----)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 5.03.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-----“-ს 23.02.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26706/2/2026).
დავის საგანი:
1. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის კორექტირება;
2. საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის კორექტირება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 17.12.2025 წლის №AR021235 საგადასახადო შემოწმების აქტი;
2. აუდიტის დეპარტამენტის 19.12.2025 წლის №27933 ბრძანება;
3. აუდიტის დეპარტამენტის 19.12.2025 წლის №021-147 საგადასახადო მოთხოვნა;
4. შემოსავლების სამსახურის 16.02.2026 წლის №3371 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 188 082.52 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 109 652.14
დღგ - 39 729.69
საშემოსავლო გადასახადი - 69 922.45
ჯარიმა - 54 926.4
საურავი - 23 503.98
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობის გზით საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა.
აუდიტის დეპარტამენტის 20.10.2025 წლის №22484 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა კომპანიის საქმიანობის, 1.01.2022 წლიდან 1.09.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდების, კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 17.12.2025 წლის №----- საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 19.12.2025 წლის №27933 ბრძანება და ამავე თარიღის №021-147 საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 16.02.2026 წლის №3371 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის კორექტირება
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს უფიქსირდება მიღებული და გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო დოკუმენტები, რომელთა მიხედვითაც, წინა პერიოდში მიღებული და გამოწერილი ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გათვალისწინებით წარდგენილი აქვს დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციები.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებისა და სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში არსებული ინფორმაციის ურთიერთშედარების შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს რიგ შემთხვევებში მიღებაჩაბარების აქტზე არ აქვს გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, ასევე, არ აქვს დაბეგრილი გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და სასაქონლო ზედნადები.
გადასახადის გადამხდელმა არ ითანამშრომლა საგადასახადო ორგანოსთან და საჭირო ინფორმაცია/დოკუმენტაცია წარადგინა მხოლოდ ნაწილობრივ (საბანკო ანგარიშების ნაწილი), რაზეც შეეფარდა შესაბამისი სანქცია.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემასა და სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში გადასახადის გადამხდელის შესახებ არსებული მონაცემების შეჯერების შედეგად, წინა პერიოდში გამოწერილი და დაბეგრილი ავანსის საგადასახადო ანგარიშფაქტურების გათვალისწინებით, გაანგარიშდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. გამოვლენილ სხვაობაზე მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე და აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა საგადასახადო ორგანოში ჩაინიშნა 12.02.2026 წელს 14:00 საათზე გადამხდელის მონაწილეობით. გადამხდელს ეცნობა საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის ზეპირ განხილვაზე და არც განცხადება წარუდგენია განხილვის გადადებასთან დაკავშირებით. ამასთან, სატელეფონო კომუნიკაციისას თანხმობა განაცხადა საჩივრის მისი მონაწილეობის გარეშე განხილვაზე.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 168-ე მუხლის პირველ ნაწილზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 481 მუხლის პირველ პუნქტზე, საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, გადასახადის გადამხდელს რიგ შემთხვევებში მიღება-ჩაბარების აქტზე არ აქვს გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, ასევე, არ აქვს დაბეგრილი გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და სასაქონლო ზედნადები. საგადასახადო შემოწმებამ წინა პერიოდში გამოწერილი და დაბეგრილი ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გათვალისწინებით, გაიანგარიშა პირის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, რის საფუძველზეც გამოვლენილი სხვაობა დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახური არ გაეცნო არსებულ სიტუაციას და არასაკმარისი ინფორმაციის საფუძველზე მიიღო მცდარი გადაწყვეტილება. არასწორადაა დარიცხული გადასახადები, რადგან შემოწმების დროს არ იქნა გათვალისწინებული ადრე (2021 წელს) ავანსად მიღებული და დღგ-ით უკვე დაბეგრილი თანხები. საჩივარს ახლავს 2022 წლის გადასახდელი დღგ-ის გაანგარიშების ცხრილი. ითხოვს სადავო აქტების სრულად გაუქმებას და საბოლოო სურათის შესაქმნელად სრულ მონაცემებზე დაყრდნობას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 481 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, თუ ანაზღაურება სრულად ან ნაწილობრივ გადახდილია საქონლის მიწოდებამდე/ მომსახურების გაწევამდე, მიღებული ანაზღაურების შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით.
საჩივარში მითითებულია, რომ შემოწმების დროს არ იქნა გათვალისწინებული ადრე (2021 წელს) ავანსად მიღებული და დღგ-ით უკვე დაბეგრილი თანხები. საჩივარს ახლავს 2022 წლის გადასახდელი დღგ-ის გაანგარიშების ცხრილი.
მომჩივნის აღნიშნულ არგუმენტთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის 5.03.2026 წლის №----- წერილით, წარმოდგენილია მოპასუხის პოზიცია, საიდანაც ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელს რიგ შემთხვევებში მიღება-ჩაბარების აქტზე არ ჰქონდა გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა, ასევე, არ ჰქონდა დაბეგრილი გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და სასაქონლო ზედნადები. წინა პერიოდში გამოწერილი და დაბეგრილი ავანსის საგადასახადო ანგარიშფაქტურების გათვალისწინებით, გაანგარიშდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, ხოლო გამოვლენილი სხვაობა დაიბეგრა დღგ-ით. აღსანიშნავია, რომ გადასახადის გადამხდელმა არ ითანამშრომლა აუდიტის დეპარტამენტთან შემოწმების პროცესში და საჭირო ინფორმაცია/დოკუმენტაცია მის მიერ ნაწილობრივ (საბანკო ანგარიშების ნაწილი) იქნა წარდგენილი.
დავის ორივე ეტაპზე მომჩივანმა საჩივარს დაურთო Excel-ის ცხრილი, რომელთან დაკავშირებითაც მოწვეული იყო საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირ განხილვაზე, თუმცა მას არ მიუღია მონაწილეობა საჩივრის განხილვის პროცესში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის კორექტირება
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შესამოწმებელ პერიოდში საწარმო აქტიურ სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებს 2022 წელს, რა დროსაც შესრულებული სამუშაოების საფუძველზე მიღებული აქვს ანაზღაურებები. ასევე, უფიქსირდება კონკრეტული მიწის ნაკვეთის რეალიზაცია და ზოგიერთი ადრე დაწყებული სასამართლო დავებში გამარჯვების შედეგად ჩარიცხული თანხები.
გადასახადის გადამხდელს შემოწმების პროცესში არ წარუდგენია ინფორმაცია საწარმოში მიღებული და გასული თანხების კვალიფიკაციისა და მიმართულებების შესახებ.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში არსებულ ინფორმაციაზე, საბანკო ამონაწერებსა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით გაანალიზდა საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობა, რა დროსაც, მიღებულად ჩაითვალა ბიუჯეტიდან საწარმოსათვის ანაზღაურებული და საწარმოს მიერ განხორციელებული სხვა რეალიზაციის თანხები, ხოლო განაცემებში ჩაირთო ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი. შედეგად გამოვლინდა ფულის დადებითი ნაშთი, რომელიც შემოწმების ბოლოსთვის ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარდგენილი მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები (მათ შორის ტენდერის გაუქმების საფუძველზე თანხის უკან დაბრუნების შესახებ მტკიცებულება), რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის აღნიშნულ ნაწილში დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი თანხის განსაზღვრისას არ იქნა ტენდერის გაუქმების გამო შემსყიდველზე უკან დაბრუნებული თანხები გათვალისწინებული, ასევე არ იქნა გათვალისწინებული მეწარმე ფიზიკური პირებზე გაცემული ანაზღაურების საფასური.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილის და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საჩივარში მითითებულია, რომ საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი თანხის განსაზღვრისას არ იქნა გათვალისწინებული ტენდერის გაუქმების გამო შემსყიდველზე უკან დაბრუნებული თანხები, ასევე, მეწარმე ფიზიკური პირებზე გაცემული ანაზღაურების საფასური.
სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 5.03.2026 წლის №----- წერილი, სადაც, მომჩივნის აღნიშნულ არგუმენტთან დაკავშირებით მითითებულია, რომ ვინაიდან საწარმო არ თანამშრომლობდა აუდიტის დეპარტამენტთან და არ წარუდგენია ინფორმაცია საწარმოში მიღებული და გასული თანხების კვალიფიკაციისა და მიმართულებების შესახებ, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში არსებულ ინფორმაციაზე, საბანკო ამონაწერებსა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით გაანგარიშებულ იქნა ფულის ნაშთი, რომელიც ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარდგენილი მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება (მათ შორის ტენდერის გაუქმების საფუძველზე თანხის უკან დაბრუნების შესახებ), რომლებიც შეცვლიდა შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების კორექტირების საფუძველი გახდებოდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია რომ ამ ნაწილში არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის კორექტირება;
2. საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის კორექტირება.
ფაქტობრივი გარემოებები
შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს უფიქსირდება მიღებული და გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო დოკუმენტები, რომელთა მიხედვითაც, წინა პერიოდში მიღებული და გამოწერილი ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გათვალისწინებით წარდგენილი აქვს დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციები. გადასახადის გადამხდელს რიგ შემთხვევებში მიღება-ჩაბარების აქტზე არ აქვს გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, ასევე, არ აქვს დაბეგრილი გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და სასაქონლო ზედნადები. წინა პერიოდში გამოწერილი და დაბეგრილი ავანსის საგადასახადო ანგარიშფაქტურების გათვალისწინებით, გაანგარიშდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. გამოვლენილ სხვაობაზე მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა.
შესამოწმებელ პერიოდში საწარმო აქტიურ სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებს 2022 წელს, რა დროსაც შესრულებული სამუშაოების საფუძველზე მიღებული აქვს ანაზღაურებები. ასევე, უფიქსირდება კონკრეტული მიწის ნაკვეთის რეალიზაცია და ზოგიერთი ადრე დაწყებული სასამართლო დავებში გამარჯვების შედეგად ჩარიცხული თანხები. შემოწმების შედეგად გამოვლინდა ფულის დადებითი ნაშთი, რომელიც შემოწმების ბოლოსთვის ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია რომ ამ ნაწილში არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 159(1);163(1,2);164(1);73(9);101(1);154(1);