გადაწყვეტილება №25702/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 19.09.2025
№ დოკუმენტი 25702/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№25702/2/2025

19 სექტემბერი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „--------------ი“ (ს/ნ ----------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 11.09.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -----------ის 22.08.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №------/2/2025).

 

დავის საგანი:

სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 9.07.2025 წლის №007-158 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 20.08.2025 წლის №18670 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 229 227.99 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 53 255

დღგ - 87 790 მიწის გადასახადი (არასასოფლო) – (-5)

მოგების გადასახადი - (-43130)

საშემოსავლო გადასახადი - 985

ქონების გადასახადი - 7 615

ჯარიმა - 80 636

საურავი - 95 336.99

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის, 1.01.2012 წლიდან 1.11.2016 წლამდე პერიოდის, გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2016 წლის 29 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

- გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში რეზიდენტურის პროგრამიდან მიღებული აქვს სულ 289 640 ლარის შემოსავალი. აღნიშნული არ არის განხილული დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად.

საგადასახადო ორგანომ რეზიდენტურის პროგრამა განიხილა საგანმანათლებლო მომსახურებად და ვინაიდან, გადასახადის გადამხდელი არ წარმოადგენს საგანმანათლებლო დაწესებულებას, ხოლო შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ისგან გათავისუფლებულია საგანმანათლებლო დაწესებულებათა მიერ გაწეული განათლების მომსახურება, რეზიდენტურიდან მიღებული შემოსავლები დაბეგრა დღგ-ით, ასევე გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა, საგადასახადო კოდექსის 282-ე და 275-ე მუხლების თანახმად;

- 2005 წელს, ქ. -----ში კლინიკის გახსნის მიზნით, გადასახადის გადამხდელმა შეიძინა საცხოვრებელი სახლი, რომელსაც ჩაუტარდა 154 500 ლარის ღირებულების რეკონსტრუქცია (მიშენებადაშენება/რესტავრაცია), რაც დასტურდება 2012 წლის 28 იანვრის მიღება-ჩაბარების აქტით. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელი არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად, შესაბამისად, რეკონსტრუქციას არ განიხილავს საკუთარი წარმოების შენობა-ნაგებობად და არ ბეგრავს დღგ-ით.

შემოწმებით დადგინდა, რომ შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კომპანიას დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაცია უწევდა 2012 წლის იანვრის თვიდან (საკუთარი წარმოების შენობა-ნაგებობის დაბეგვრის ნაწილში) და საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, საკუთარი წარმოების ძირითად საშუალებად გამოყენება ექვემდებარება დღგ-ით დაბეგვრას. გადასახადის გადამხდელს ასევე, განესაზღვრა ჯარიმა, საგადასახადო კოდექსის 282-ე და 275-ე მუხლების თანახმად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 30 დეკემბრის №38966 ბრძანება და №007-489 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 10 მარტის №6339 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2019 წლის 17 მაისის №14350/2/17 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეფარდებული სანქციების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლებში 2018 წლის 27 დეკემბრის №4225-რს კანონით განხორციელებული ცვლილებებთან შესაბამისობის საკითხის შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო შემოწმების შედეგად დაკისრებული სანქციების კორექტირება.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 17 მაისის №14350/2/17 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 29 ივლისის დასკვნის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელზე დაკისრებული ჯარიმა შემცირდა 394 ლარის ოდენობით. აღნიშნულზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 19 აგვისტოს №007-364 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

გადასახადის გადამხდელმა ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული აქტების კერძოდ, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 30 დეკემბრის №007-489 საგადასახადო მოთხოვნის, შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 10 მარტის №6339 ბრძანების ბათილად ცნობის, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 17 მაისის №14350/2/17 გადაწყვეტილების ნაწილობრივ, საჩივრის არ დაკმაყოფილების ნაწილში, ბათილად ცნობის მოთხოვნით, სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 17 მაისის №14350/2/17 გადაწყვეტილება, შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 10 მარტის №6339 ბრძანება და აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 30 დეკემბრის №007-489 საგადასახადო მოთხოვნა, რეზიდენტურის პროგრამიდან მიღებული შემოსავლის დღგ-ით დაბეგვრის შედეგად გადასახადის თანხის დარიცხვისა და შესაბამისი სანქციების დაკისრების ნაწილში. აღნიშნულ გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:

„სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს --------სა და ინდ. მეწარმე -------ს შორის დადებული 2011 წლის 23 სექტემბრის ხელშეკრულების №1-ის საფუძველზე შედგენილი დასრულებული სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების მიღების თაობაზე 2012 წლის 28 იანვრის აქტში აღწერილი სარეკონსტრუქციო (მიშენება-დაშენება/რესტავრაცია) სამუშაოების აღწერილობა ადასტურებს, რომ შპს -------ის მიერ განხორციელდა საკუთარი წარმოების შენობანაგებობის, არსებული ძირითადი საშუალების იმგვარი მოდიფიკაცია, რომელიც იძლევა კლინიკის მომსახურების (მწარმოებლურობის) ამაღლების შესაძლებლობას. შესაბამისად, შპს -------ის მიერ 2012 წლის იანვრისათვის განხორციელებულია დღგ-ით დასაბეგრი ოპერაცია, ამდენად, საწარმო ვალდებული იყო ოპერაციის განხორციელების მომენტისათვის დარეგისტრირებულიყო დღგ-ის გადამხდელად და ოპერაცია დაებეგრა.

სასამართლოს მოსაზრებით, რეზიდენტურის პროგრამის აკრედიტაციის აუცილებლობას განაპირობებს ის გარემოება, რომ პროგრამის ყველა მიმწოდებელმა სახელმწიფოს მიერ აღიარებული სტანდარტითა და ხარისხით უზრუნველყოს შესაბამისი საგანმანათლებლო საფეხურისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების გამომუშავებისათვის სათანადო ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება. აღსანიშნავია ასევე ის გარემოება, რომ როგორც სამედიცინო დაწესებულება, ისე უმაღლესი სამედიცინო განათლების პროგრამის განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულება, რეზიდენტურის პროგრამას ახორციელებენ საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის დადგენილი კრიტერიუმებით და სამართლებრივ საფუძვლებზე დაყრდნობით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთი და იგივე პროგრამის განმახორციელებელი სუბიექტები დაუშვებელია დიფერენცირებულ იქნენ სხვადასხვა სტატუსის მქონე პირებად, მხოლოდ იმ გარემოებაზე დაყრდნობით, რომ სამედიცინო დაწესებულების საქმიანობის ძირითადი პროფილი საგანმანათლებლო საქმიანობა არ არის, ან/და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ავტორიზაცია გავლილი არ აქვს უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განსახორციელებლად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ----------ის მიერ რეზიდენტურის საგანმანათლებლო პროგრამის მიწოდება, რომელიც განხორციელებულია სახელმწიფოს მიერ დადგენილი წესით აკრედიტებული პროგრამის ფარგლებში, განიხილება საგანმანათლებლო საქმიანობად და ამ ნაწილში საწარმოს მიერ მიღებული შემოსავალი გათავისუფლებულია დღგ-ის გადახდის ვალდებულებისაგან.“

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 21 მაისის განჩინებებით.

სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 3 ივლისის დასკვნის საფუძველზე, 2016 წლის 29 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 69 296 ლარით (გადასახადი 44 182 ლარი, ჯარიმა 25 114 ლარი). აღნიშნულზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 9 ივლისის №007-158 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 20.08.2025 წლის №18670 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით (საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის 3 023 ლარით (ნაცვლად 12 273 ლარისა) შემცირების ნაწილში), აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დაშვებული ტექნიკური უზუსტობის საკითხის შესწავლა და შედეგების გათვალისწინებით, დაშვებული ტექნიკური უზუსტობის გასწორება. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 20.08.2025 წლის №18670 ბრძანება, არ დაკმაყოფილებული საკითხების ნაწილში, გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის შინაარსზე და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებულ არგუმენტზე, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების დასკვნით არასწორადაა შემცირებული საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა. კერძოდ, გადაანგარიშების ეტაპზე, საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის საფუძველზე განსაზღვრული ჯარიმის თანხა 3 023 ლარის ნაცვლად უნდა შემცირებოდა 12 273 ლარით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საჩივრის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის პოზიციაზე, რომ აღნიშნული წარმოადგენს ტექნიკურ უზუსტობას და განმარტავს, რომ საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას.

შემოსავლებს სამსახურს მიაჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს დაშვებული ტექნიკური უზუსტობის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, უზრუნველყოს ტექნიკური უზუსტობის გასწორება.

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების საკითხი არ ყოფილა სადავო ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განხილვის არცერთ ეტაპზე. ამასთან, აღნიშნული საკითხი გადასახადის გადამხდელს არც თბილისის საქალაქო სასამართლოში გაუსაჩივრებია და შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებით არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად შემოსავლების სამსახურისთვის. ამდენად, აღნიშნულ ნაწილში გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 275-ე მუხლზე, 282-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გადასახადის გადამხდელმა, 2005 წელს ქ. -----ში, კლინიკის გახსნის მიზნით შეიძინა საცხოვრებელი სახლი, რომელსაც 2012 წლამდე ჩაუტარა კაპიტალური რემონტი 154 500 ლარის ოდენობით. შემოწმების მიერ, აღნიშნული რემონტი 2012 წლის 28 იანვარს განხილული იქნა როგორც რეკონსტრუქცია (მიშენება-დაშენება/რეკონსტრუქცია) და შპს -------ი დააყენეს დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციაზე. აღნიშნული მიშენება-დაშენება რომ არ განხორციელებულა დასტურდება 2011 წლის 23 მარტის საჯარო რეესტრის ამონაწერით (ს/კ----------) სადაც შენობა №1 წარმოადგენს ---კვ.მ-ს და შენობა №2 წარმოადგენს ---- კვ.მ-ს. იგივე კვადრატულობა რჩება უცვლელი 2012 წლის 30 მაისის, 2014 წლის 24 დეკემბრის და 2017 წლის 23 თებერვლის საჯარო რეესტრის ამონაწერებით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 21 მაისის განჩინების საფუძველზე, რეზიდენტურის პროგრამიდან მიღებული შემოსავალი დღგ-ის ბრუნვიდან ამოღებულ იქნა. ახლად გამოვლენილი გარემოებიდან გამომდინარე (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 21 მაისის ბს-110(2კ-23) განჩინება), 2012 წლის იანვრის თვიდან აღარ აჭარბებს უწყვეტი 12 თვის განმავლობაში არასამედიცინო მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი 100 000 ლარს.

საკითხი 1

ახლად გამოვლენილი გარემოებიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 21 მაისის განჩინების საფუძველზე, რეზიდენტურის პროგრამიდან მიღებული შემოსავალი დღგ-ის ბრუნვიდან ამოღებულ იქნა, მიღებული შემოსავალი აღარ აჭარბებს უწყვეტი 12 თვის განმავლობაში არასამედიცინო მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი 100 000 ლარს, დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის საფუძვლებიც აღარ არსებობს. შესაბამისად გასაუქმებელია, საგადასახადო კოდექსის 157- ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაცია. შესამცირებელია დამატებით დარიცხული დღგ, ასევე მასზე დაკისრებული (საგადასახადო კოდექსის 275- ე და 282-ე მუხლით გათვალისწინებული) ჯარიმები. ითხოვს, საგადასახადო კოდექსის 157-ე, 161-ე, 275-ე და 282-ე მუხლების გათვალისწინებით დარიცხული თანხების დამატებით შემცირებას.

საკითხი 2

2012 წელს დასრულებულ რემონტს არ თვლიდა დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის საფუძვლად. საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით აღნიშნავს, რომ არის კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი და ის მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის/არცოდნის არეალში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს დამატებით დარიცხულ დღგ-ის ნაწილში გადასახადის 87 790 ლარის, დაკისრებული ჯარიმის 80 636 ლარის და საურავის 95 336 ლარის გაუქმებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

გადასახადის გადამხდელმა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 30 დეკემბრის №007-489 საგადასახადო მოთხოვნის, შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 10 მარტის №6339 ბრძანების ბათილად ცნობის, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 17 მაისის №14350/2/17 გადაწყვეტილების ნაწილობრივ, საჩივრის არ დაკმაყოფილების ნაწილში, ბათილად ცნობის მოთხოვნით, სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, რომლის 2021 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული აქტები რეზიდენტურის პროგრამიდან მიღებული შემოსავლის დღგ-ით დაბეგვრის შედეგად ძირითადი თანხის დარიცხვისა და შესაბამისი სანქციების დაკისრების ნაწილში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 5 ივლისის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 3 ივლისის დასკვნის მიხედვით, შემცირებას დაექვემდებარა რეზიდენტურის პროგრამიდან მიღებული შემოსავლის დღგ-ით დაბეგვრის შედეგად დარიცხული დღგ-ის თანხები სულ 69 296 ლარის ოდენობით, მაგრამ გადასახადის გადამხდელი არ დაეთანხმა გადაანგარიშების შედეგებს და საჩივრით მიმართა შემოსავლების სამსახურს, რომლის 20.08.2025 წლის №18670 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ საჩივარში დაფიქსირებულ მხოლოდ პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის 3 023 ლარით შემცირების უსწორობის ნაწილში და მომჩივნის არგუმენტის გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დაშვებული ტექნიკური უზუსტობის საკითხის შესწავლა, ხოლო შედეგების გათვალისწინებით, დაშვებული ტექნიკური უზუსტობის გასწორება.

მომჩივანი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებას არ დაკმაყოფილებული საკითხების ნაწილში და შემოსავლების სამსახურში წარდგენილის ანალოგიურად კვლავაც აღნიშნავს, რომ რეზიდენტურის პროგრამიდან მიღებული შემოსავალი დღგ-ის ბრუნვიდან ამოღებულ იქნა, ახლად გამოვლენილი გარემოებიდან გამომდინარე, 2012 წლის იანვრის თვიდან, აღარ აჭარბებს უწყვეტი 12 თვის განმავლობაში არასამედიცინო მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი 100 000 ლარს, დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის საფუძვლები აღარ არსებობს. შესაბამისად, გასაუქმებელია დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაცია და შესამცირებელია დამატებით დარიცხული დღგ, ასევე მასზე დაკისრებული ჯარიმები. ამასთან აღნიშნავს, რომ 2012 წელს დასრულებულ რემონტს გადასახადის გადამხდელი არ თვლიდა დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის საფუძვლად, არის კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი და მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის/არცოდნის არეალში, ითხოვს დამატებით დარიცხული დღგ-ის ნაწილში გადასახადის (87 790 ლარი) და დაკისრებული ჯარიმა (80 636 ლარი)/ საურავის (95 336 ლარი) გაუქმებას.

აუდიტის დეპარტამენტი 3.09.2025 წლის №----21-14 წერილით წარმოდგენილ ინფორმაციაში აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის საფუძველი შემოწმების მიხედვით არ ყოფილა რეზიდენტურის პროგრამიდან მიღებული შემოსავალი, არამედ დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაცია, შესამოწმებელ პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოუწია 2012 წლის იანვრის თვიდან საკუთარი წარმოების შენობა-ნაგებობის დაბეგვრის ნაწილში (შენობას ჩაუტარდა რეკონსტრუქცია). კერძოდ, კომპანიამ, 2005 წელს ქალაქ -----ში კლინიკის გახსნის მიზნით, შეიძინა საცხოვრებელი სახლი, რომელსაც ჩაუტარა 154 500 ლარის ღირებულების რეკონსტრუქცია (შემსრულებელი ი/მ --------ა, ხელშეკრულება №1 გაფორმებულია 2011 წლის 23 სექტემბერს). ჩატარებული რეკონსტრუქციის შედეგად განხორციელდა შენობა-ნაგებობის გაბარიტების შეცვლა, გადაკეთება, რომლის შედეგადაც არსებითად შეიცვალა და განხორციელდა შენობა-ნაგებობის ელემენტების მოდიფიკაცია (მიშენებადაშენება/რესტავრაცია, გადაკეთება, წინა და გვერდითი ფასადების მიშენება, წინა ფასადზე მონოლითური რკინაბეტონის სართულშუა გადახურვა, ხოლო გვერდით ფასადში რკინაბეტონის პანდუსის მოწყობა ავადმყოფთა, მე-2 სართულზე, სარეანიმაციო განყოფილებაში მოსახვედრად. უკანა ფასადში პირველ სართულზე მინაშენზე მეორე სართულის-სარეანიმაციო პალატის დაშენება და სხვა), რაც დასტურდება 2012 წლის 28 იანვრის მიღება-ჩაბარების აქტით. შესამოწმებელ პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, საკუთარი წარმოების ძირითად საშუალებად გამოყენება დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას.

საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვა განხორციელდა გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლის მონაწილეობით, რომელმაც წარმოადგინა საჩივარში დაფიქსირებულის ანალოგიური არგუმენტები/გარემოებები. ამასთან განმარტა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შემდგომ, 2012 წლის იანვრის თვიდან, არასამედიცინო მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი აღარ აჭარბებს 100 000 ლარს და მიაჩნია, რომ დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის ვალდებულებაც აღარ არსებობს, ითხოვს დამატებით დარიცხული გადასახადის გაუქმებას და დაკისრებული ჯარიმასაურავისგან გათავისუფლებას.

საბჭო აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილების შესაბამისად და მის საფუძველზე შემცირებას დაექვემდებარა რეზიდენტურის პროგრამიდან მიღებული შემოსავლის დღგ-ით დაბეგვრის შედეგად დარიცხული დღგ-ის თანხები.

რაც შეეხება, მომჩივნის არგუმენტს, გადაანგარიშების შემდგომ, 2012 წლის იანვრის თვიდან დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის საფუძვლების არ არსებობის, შესაბამისად, დღგ-ში დარიცხული გადასახადის გაუქმების და საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 9 ივლისის №007-158 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული ჯარიმა-საურავისგან გათავისუფლების მოთხოვნას, საბჭო ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხებზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. საქმის მასალებით კი ირკვევა, რომ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების საკითხი გადასახადის გადამხდელის მიერ არ ყოფილა გასაჩივრებული დავის განხილვის არცერთ ეტაპზე. ამასთან, აღნიშნული საკითხი გადასახადის გადამხდელს არც თბილისის საქალაქო სასამართლოში არ გაუსაჩივრებია და შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებით არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად, ხოლო 2025 წლის 9 ივლისის №007-158 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, აუდიტის დეპარტამენტის მიერ, გამოცემულია თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილების აღსრულების საფუძველზე, შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის, 1.01.2012 წლიდან 1.11.2016 წლამდე პერიოდის, გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით დგინდება,რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში რეზიდენტურის პროგრამიდან მიღებული აქვს სულ 289 640 ლარის შემოსავალი. აღნიშნული არ არის განხილული დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად.საგადასახადო ორგანომ რეზიდენტურის პროგრამა განიხილა საგანმანათლებლო მომსახურებად და ვინაიდან, გადასახადის გადამხდელი არ წარმოადგენს საგანმანათლებლო დაწესებულებას, ხოლო შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ისგან გათავისუფლებულია საგანმანათლებლო დაწესებულებათა მიერ გაწეული განათლების მომსახურება, რეზიდენტურიდან მიღებული შემოსავლები დაბეგრა დღგ-ით, ასევე გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა, საგადასახადო კოდექსის 282-ე და 275-ე მუხლების თანახმად.

ამასთან,2005 წელს კლინიკის გახსნის მიზნით, გადასახადის გადამხდელმა შეიძინა საცხოვრებელი სახლი, რომელსაც ჩაუტარდა 154 500 ლარის ღირებულების რეკონსტრუქცია , რაც დასტურდება 2012 წლის 28 იანვრის მიღება-ჩაბარების აქტით. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელი არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად, შესაბამისად, რეკონსტრუქციას არ განიხილავს საკუთარი წარმოების შენობა-ნაგებობად და არ ბეგრავს დღგ-ით.

ასევე,შემოწმებით დადგინდა, რომ შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კომპანიას დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაცია უწევდა 2012 წლის იანვრის თვიდან (საკუთარი წარმოების შენობა-ნაგებობის დაბეგვრის ნაწილში) და საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, საკუთარი წარმოების ძირითად საშუალებად გამოყენება ექვემდებარება დღგ-ით დაბეგვრას. გადასახადის გადამხდელს ასევე, განესაზღვრა ჯარიმა, საგადასახადო კოდექსის 282-ე და 275-ე მუხლების თანახმად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №38966 ბრძანება და №007-489 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის №6339 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის №14350/2/17 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეფარდებული სანქციების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლებში 2018 წლის 27 დეკემბრის №4225-რს კანონით განხორციელებული ცვლილებებთან შესაბამისობის საკითხის შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო შემოწმების შედეგად დაკისრებული სანქციების კორექტირება.საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს №14350/2/17 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტისდასკვნის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელზე დაკისრებული ჯარიმა შემცირდა 394 ლარის ოდენობით. აღნიშნულზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №007-364 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

გადასახადის გადამხდელმა ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული აქტების კერძოდ, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №007-489 საგადასახადო მოთხოვნის, შემოსავლების სამსახურის №6339 ბრძანების ბათილად ცნობის, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს №14350/2/17 გადაწყვეტილების ნაწილობრივ, საჩივრის არ დაკმაყოფილების ნაწილში, ბათილად ცნობის მოთხოვნით, სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს №14350/2/17 გადაწყვეტილება, შემოსავლების სამსახურის №6339 ბრძანება და აუდიტის დეპარტამენტის №007-489 საგადასახადო მოთხოვნა, რეზიდენტურის პროგრამიდან მიღებული შემოსავლის დღგ-ით დაბეგვრის შედეგად გადასახადის თანხის დარიცხვისა და შესაბამისი სანქციების დაკისრების ნაწილში. აღნიშნულ გადაწყვეტილებაში მითითებულია რომ მომჩივანის მიერ 2012 წლის იანვრისათვის განხორციელებულია დღგ-ით დასაბეგრი ოპერაცია, ამდენად, საწარმო ვალდებული იყო ოპერაციის განხორციელების მომენტისათვის დარეგისტრირებულიყო დღგ-ის გადამხდელად და ოპერაცია დაებეგრა.

ხოლო,მომჩივანი მიერ რეზიდენტურის საგანმანათლებლო პროგრამის მიწოდება, რომელიც განხორციელებულია სახელმწიფოს მიერ დადგენილი წესით აკრედიტებული პროგრამის ფარგლებში, განიხილება საგანმანათლებლო საქმიანობად და ამ ნაწილში საწარმოს მიერ მიღებული შემოსავალი გათავისუფლებულია დღგ-ის გადახდის ვალდებულებისაგან.თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებებით.

სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 69 296 ლარით (გადასახადი 44 182 ლარი, ჯარიმა 25 114 ლარი). აღნიშნულზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №007-158 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.რომლის №18670 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დაშვებული ტექნიკური უზუსტობის საკითხის შესწავლა და შედეგების გათვალისწინებით, დაშვებული ტექნიკური უზუსტობის გასწორება.დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის №18670 ბრძანება, არ დაკმაყოფილებული საკითხების ნაწილში, გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:269(7); 282;