ბრძანება N 7607

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 06.04.2023
№ დოკუმენტი 7607
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 7607

06.04.2023

„----------“-ის (პასპ/ნ ----------)

(მის: ---------- )

2023 წლის 21 მარტის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა განიხილა საბაჟო დეპარტამენტიდან 2023 წლის 4 აპრილის №31217-21- 10 წერილით გადმოგზავნილი „----------“-ის (პასპ/ნ ----------) info.rs.ge-ს საშუალებით წარმოდგენილი №653850 საჩივარი (საჩივრის რეგ. №80194/1/2023), რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 8 მარტის №EL202255 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.

მომჩივნის პოზიცია:

საჩივრის ავტორის განმარტებით, ---------- ში ავტოსატრანსპორტო საშუალებისგასამართ სადგურზე ჩაასხა საწვავი ისე, რომ ვერ შეამჩნია საწვავის ჰაერის ტემპერატურის გამო მომატება.

აღნიშნულზე მითითებით, ითხოვს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას და გადახდილი თანხის დაბრუნებას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 8 მარტს, საბაჟო გამშვები პუნქტი „----------“ კონტროლის ზონაში ---------- რესპუბლიკის მხრიდან შემოვიდა ---------- ის რესპუბლიკის მოქალაქე „----------“ („----------“, პ/ნ ----------, დოკ. №----------) მართვის ქვეშ მყოფი, ტრანზიტულად მოძრავი სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება (---------- ის რესპუბლიკის სახელმწიფო ნომრით ----------).

საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განხორციელებული საბაჟო კონტროლის ფარგლებში (სატრანსპორტო საშუალების დათვალიერებისას) გამოვლინდა, რომ აღნიშნული ავტომანქანისთვის ქარხანა-დამამზადებელს განსაზღვრული აქვს ერთი 550 ლიტრი მოცულობის საწვავის ავზი, თუმცა საზღვრის კვეთის დროს მას დამონტაჟებული ჰქონდა დამატებითი ავზი, რომელშიც მოთავსებული იყო დაახლოებით 300 ლიტრი არადეკლარირებული დიზელის ტიპის საწვავი.

ვინაიდან, „----------“-ის მხრიდან ადგილი ჰქონდა ტრანზიტულად მოძრავი სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოყენებით საქონლის (საწვავის) საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანას, საბაჟო გამშვები პუნქტი „----------“ უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 8 მარტს შედგენილ იქნა №EL202255 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც სამართალდამრღვევ პირს დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილი ადგენს, რომ დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის მიხედვით, საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს.

ამავე კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით, საბაჟო კონტროლი გულისხმობს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ცალკეულ ქმედებებს.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს. საჭიროების შემთხვევაში ეს საქონელი ექვემდებარება ისეთ აკრძალვებსა და შეზღუდვებს, რომლებიც, სხვა დანარჩენთან ერთად, ეფუძნება საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ეროვნული ინტერესებისა და საზოგადოებრივი ზნეობის დაცვის, ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობის ან მცენარის სიჯანსაღისა და სიცოცხლის დაცვის, ხელოვნების ნიმუშისა და ისტორიული და არქეოლოგიური ღირებულების მქონე ეროვნული სიმდიდრის დაცვისა და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული ქონების დაცვის აუცილებლობას.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა თუ მის მიერ შემოტანილი საქონლის რაოდენობა ან/და ღირებულება აღემატება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ა“, „დ.ბ“, „დ.გ“, „დ.გ1“, „დ.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებას, ან თუ საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონელი იბეგრება/არ არის გათავისუფლებული იმპორტის გადასახდელისაგან, ან/და საქონლის შემოტანა შეზღუდულია ან/და საქონლის შემოტანისათვის საჭიროა ნებართვა ან ლიცენზია.

დასახელებული ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო კონტროლის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №2) პირველი მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები აზუსტებს:

5. საქართველოს ტერიტორიაზე სახიფათო ტვირთების გადაადგილება საავტომობილო მიმოსვლისათვის გახსნილი საბაჟო გამშვები პუნქტების გავლით შესაძლებელია მხოლოდ სპეციალიზებული, EX/II, EX/III, FL, AT ან MEMU-ს ტიპის სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებით, რომელიც განკუთვნილია და დაშვებულია ასეთი ტვირთის გადასატანად.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება ავტოსატრანსპორტო საშუალების სტანდარტულ ავზში (რომელიც ძრავის კვების სისტემასთან კონსტრუქციულად და ტექნოლოგიურად არის დაკავშირებული) არსებულ საწვავზე, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე მუხლის მე-8 პუნქტი კი ადგენს, რომ ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტების მიზნებისათვის ტერმინი „სტანდარტული ავზი“ ნიშნავს ავზს, რომელიც დამამზადებლის მიერ დამონტაჟებულია მოცემული ტიპის ყველა სატრანსპორტო საშუალებაზე და იძლევა შესაძლებლობას საწვავის უწყვეტი მიწოდებისა როგორც გამწევი ძალის შესაქმნელად, ისე ტრანსპორტირებისას საჭიროების შემთხვევაში სამაცივრე ან მსგავსი სისტემის ფუნქციონირებისთვის.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამავე კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, ტრანზიტული გადაადგილებისთვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებული საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

ავტოსატრანსპორტო საშუალების საწვავის ავზი უნდა შეესაბამებოდეს იმ სტანდარტებს, რომელიც დამამზადებლის მიერ დამონტაჟებულია მოცემული ტიპის ყველა სატრანსპორტო საშუალებაზე და იძლევა საწვავის უწყვეტი მიწოდების შესაძლებლობას გამწევი ძალის შესაქმნელად ტრანსპორტირებისას საჭიროების შემთხვევაში სამაცივრე ან მსგავსი სისტემის ფუნქციონირებისთვის. იგი უნდა შეესაბამებოდეს სპეციფიკური ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს (ზოგადი მახასიათებლები), რომლებსაც უცილობლად უნდა აკმაყოფილებდეს.

საბაჟო კონტროლის მიზნით განხორციელებული შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ ტრანზიტული გადაადგილებისთვის განკუთვნილ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებას გარდა აღნიშნული ავტომანქანისთვის ქარხანა-დამამზადებელს განსაზღვრული ერთი 550 ლიტრი მოცულობის საწვავის ავზისა, აღმოაჩნდა დამატებით დამონტაჟებული ავზი, რომელშიც მოთავსებული იყო დაახლოებით 300 ლიტრი არადეკლარირებული დიზელის ტიპის საწვავი. შესაბამისად, ასეთი საქონელი (საწვავი) დეკლარირებულ და იმპორტის გადასახადებისგან გათავისუფლებულ საქონლად არ განიხილება და მის შემოტანაზე ვრცელდება საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვები.

ამდენად, ადგილი აქვს ტრანზიტული გადაადგილებისთვის განკუთვნილ სატვირთო სატრანსპორტო საშუალებაზე დამატებით დამონტაჟებული ავზით არადეკლარირებული დიზელის ტიპის საწვავის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით და მისგან მალულად შემოტანის ფაქტს, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, სადავო ოქმით საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად მომჩივნის დაჯარიმება მართლზომიერია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. „----------“-ის (პასპ/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

გადამხდელი ითხოვს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას და გადახდილი თანხის დაბრუნებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა ტრანზიტულად მოძრავი სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოყენებით საქონლის (საწვავის) საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანას, საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილ იქნა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც სამართალდამრღვევ პირს დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

 

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 163(1); 168(4)