გადაწყვეტილება №24573/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24573/2/2025
17 თებერვალი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----“ (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 31.01.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ----ის 6.01.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24573/2/2025).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 25.06.2024 წლის №14949 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 7.11.2024 წლის №006-470 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 19.12.2024 წლის №26635 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 79 158.89 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 46 752
დღგ - 19 571
საშემოსავლო გადასახადი - 27 181
ჯარიმა - 23 376
საურავი - 9 030.89
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს ცოცხალი ღორების იმპორტი რუსეთიდან. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის, 1.01.2020 წლიდან 1.06.2023 წლამდე პერიოდის, საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 18 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით: გადასახადის გადამხდელის მიერ რუსეთიდან შემოყვანილი ღორების განთავსება, კვება (მათ მიერ მიწოდებული საკვებით) დაკვლა-გასუფთავება და რეალიზაცია ხდებოდა შპს ---ს (ს/ნ ---) ტერიტორიაზე. 2022 წლის ოქტომბერში, კომპანიის მიერ შპს ---ზე რეალიზებულია 19 000 კგ ცოცხალი ღორი 136 800 ლარის ღირებულებით, აღნიშნული თანხა გადასახადის გადამხდელს, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, აქვს დებიტორულ დავალიანებაში, რაზეც მიმართული აქვს სასამართლოსთვის და არსებობს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება, რითაც გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაკმაყოფილდა. 2022 წლის ნოემბერში, კიდევ შემოყვანილია 305 ცოცხალი ღორი, რომელიც კვლავ განთავსდა შპს ---ს ტერიტორიაზე, აქედან 158 ცოცხალი ღორი დაკლული და რეალიზებულია, გადასახადის გადამხდელის განმარტებით, დარჩენილი ღორების მდგომარეობასთან დაკავშირებით არ ფლობენ ინფორმაციას, რადგან შპს --- უარს აცხადებს მათთან თანამშრომლობასა და ინფორმაციის მიწოდებაზე. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია დოკუმენტური მტკიცებულებები.
ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ, აღნიშნული ცოცხალი ღორები ჩაითვალა რეალიზებულად და საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის საფუძველზე დაიბეგრა დღგ-ით. ასევე, აღნიშნული თანხა ჩაითვალა მიღებულად, მიჩნეული იქნა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად, საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე, დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი, ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 19.12.2023 წლის №31968 ბრძანება და №006-650 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 12.03.2024 წლის №5378 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 19.04.2024 წლის №22662/2/2024 გადაწყვეტილებით, მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული/შეფასებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, ცოცხალი ღორების რეალიზებულად განხილვის შედეგად გაანგარიშებული თანხის მიღებულად, დირექტორზე გაცემულ ხელფასად მიჩნევის და შესაბამისად, საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის მართლზომიერების საკითხი, რის გამოც, საჩივარი აღნიშნულ ნაწილში, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საბჭოს ხსენებული გადაწყვეტილების საფუძველზე, შემოსავლების სამსახურმა განიხილა და 2024 წლის 25 ივნისის №14949 ბრძანებით გადასახადის გადამხდელის საჩივრები ნაწილობრივ დააკმაყოფილა. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, მ.შ. საგამოძიებო ორგანოსა და მესამე პირისგან (შპს----) გამოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 25 ივნისის №14949 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 6 ნოემბრის დასკვნის მიხედვით, შემოწმების აქტის საფუძველზე დარიცხული თანხები არ შემცირდა. აღნიშნული დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 7.11.2024 წლის №006-470 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 19.12.2024 წლის №26635 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის შინაარსზე, აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტს დავალებული ჰქონდა საგამოძიებო ორგანოსა და მესამე პირისგან (შპს ---) გამოეთხოვა დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რაც აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესრულდა. კერძოდ, შემოწმებამ გამოითხოვა ინფორმაცია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან, რათა გაერკვია შპს ---ის დირექტორის მიერ შპს ---ს წინააღმდეგ საგამოძიებო ორგანოსთვის 2023 წლის 25 იანვარს მიმართულ საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობდა თუ არა სისხლის სამართლის წარმოება, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან მიღებული წერილით დადგინდა, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება არ მიმდინარეობს. გარდა ამისა, შემოწმებამ შპს ---გან გამოითხოვა ინფორმაცია 2022 წლის ნოემბერში მის ტერიტორიაზე შპს ---ის მიერ მიყვანილი ცოცხალი ღორების მდგომარეობასთან დაკავშირებით და შპს ---გან მიღებული წერილით დადგინდა, რომ 2022 წლის ნოემბრის თვეში მათ არ განუხორციელებიათ დაკვლის მომსახურება, ვინაიდან შპს ---მა მიზანშეწონილად მიიჩნია ცოცხალი ღორების გაყვანა მათი ტერიტორიიდან. ამასთან, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი გარემოებები, რაც თავდაპირველი საჩივრით არ იყო სადავო გარემოება და შესაბამისად, არ იყო დავალებული აუდიტის დეპარტამენტისთვის შესასრულებლად.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
2024 წლის 19 დეკემბრის №26635 ბრძანებას და საგადასახადო შემოწმების შედეგებს განსახილველ სადავო საკითხთან დაკავშირებით არ ეთანხმება და წარმოადგენს შემდეგს:
შემმოწმებელი მიუთითებს, რომ კომპანიის საკუთრებაში არსებული ცოცხალი ღორები მიჩნეული იქნა რეალიზებულად, რის საფუძველზეც კომპანიას საგადასახადო ვალდებულებები განესაზღვრა დღგში, ასევე მიიჩნია, რომ რეალიზებულად განხილული ღორებისთვის მიღებულია შემოსავლები და აღნიშნული განკარგულია დირექტორის მიერ. შემოწმების მიერ, კომპანიის ნაშთად არსებული ღორების რეალიზებულად განხილვისთვის, გამოყენებულია არაპირდაპირი მეთოდი, თუმცა შემოწმების აქტი არ შეიცავს აღნიშნულის თაობაზე არც სამართლებრივ ნორმას და არც დასაბუთებას. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებასა და მის წინაპირობებს კი განსაზღვრავს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე5 ნაწილი. გაუგებარია არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძვლები, რადგან საგადასახადო შემოწმების აქტი არ შეიცავს დასაბუთებას არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების შესაძლებლობასა და მართლზომიერებაზე. მომჩივანი, საგადასახადო ორგანოების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების წინაპირობებთან დაკავშირებით, მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 16 დეკემბრის (№ბს-421 (2კ-20)), 2017 წლის 24 იანვრის (№ბს-566-561 (2კ-16)) გადაწყვეტილებებზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე და აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საგადასახადო შემოწმების აქტი არ შეიცავს არც ფაქტობრივ დასაბუთებას და არც სამართლებრივ საფუძველს, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების მართლზომიერების დასადასტურებლად. მნიშვნელოვნად მიიჩნევს ყურადღების გამახვილებას შემმოწმებლის მიერვე მითითებულ გარემოებაზე, რომლის თანახმად, კომპანია აწარმოებს სასამართლო დავას შპს ---სთან დებიტორული დავალიანების ამოღების მიზნით, რომლის დასტურადაც წარმოადგენს მხარეთა შორის არსებულ დავაზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას.
ამასთან, აუდიტის დეპარტამენტისთვის წარდგენილი იქნა ინფორმაცია, რომ შპს ---ს მის საკუთრებაში არსებული და შპს ---ს ტერიტორიაზე განთავსებული კუთვნილი ღორების დაბრუნების მიზნით კომპანიის მიერ მიმართულია საგამოძიებო ორგანოებისთვის და აწარმოებს სამართლებრივ პროცესებს. სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ მოვლა-პატრონობის მოტივით ცოცხალი ღორები მიბარებულ იყო შპს ---თან, მის კუთვნილ ტერიტორიაზე და აღნიშნულთან დაკავშირებული დოკუმენტაცია წარდგენილია ადმინისტრაციული ორგანოებისთვის. ასევე, აუდიტის დეპარტამენტისთვის ცნობილია ფაქტი, რომ შპს ---, მისი კუთვნილი ცოცხალი ღორების დაბრუნების მიზნით, აწარმოებს სამართლებრივ პროცესებს და მიმართული აქვს საგამოძიებო ორგანოებისთვის. აღნიშნულის დასტურად წარმოადგენს კომპანიის მიერ საგამოძიებო სამსახურში წარდგენილ წერილს. იმ პირობებში, როდესაც კომპანიის ბალანსზე ასახულია ცოცხალი ღორების ნაშთი და აღნიშნული ირიცხება კომპანიის საკუთრებაში, ხოლო პარტნიორი კომპანიის არაკეთილსინდისიერი ქცევის გამო ვერ ახერხებს კუთვნილი ღორების განკარგვას, არამართლზომიერია შემმოწმებლის მიერ აღნიშნულის რეალიზებულად განხილვა და საგადასახადო ვალდებულებების დაკისრება.
სრულიად ბუნდოვანია შემმოწმებლის მითითება შემმოწმებლის მიერვე რეალიზებულად განხილული ცოცხალი ღორების სარეალიზაციო თანხის დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად განხილვასთან დაკავშირებით. უპირველესად, არ არის მითითებული სამართლებრივი ნორმები რა საფუძვლით იქნა მიჩნეული აღნიშნული უპირობოდ მიღებულ თანხად და გაცემულ ხელფასად, მაშინ როდესაც საგადასახადო კანონმდებლობა და არსებული სასამართლო პრაქტიკა ადგენს კვალიფიკაციის შეცვლისთვის სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების დასაბუთების აუცილებლობას, რაც მოცემულ საგადასახადო შემოწმების აქტში ასახული და დასაბუთებული არ არის.
შემმოწმებლის მიერვე რეალიზებულად განხილული ცოცხალი ღორების სარეალიზაციო თანხის დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად განხილვის ნაწილში, შემმოწმებელმა თავადვე უგულებელყო სასამართლო გადაწყვეტილება. კერძოდ, ერთის მხრივ შემმოწმებელი თავადვე ადასტურებს, რომ ეკონომიკური ურთიერთობის ფარგლებში კომპანიის მიერ დებიტორული დავალიანების ამოღების მოთხოვნით მიმდინარეობს სასამართლო დავა, ხოლო მეორეს მხრივ ცნობილია ფაქტი, რომლის მიხედვით დაწყებულია სამართლებრივი პროცესები კუთვნილი ღორების დაბრუნების მოთხოვნით.
ამდენად, თუ დავუშვებთ იმ ფაქტსაც კი, რომ აღნიშნული ღორები უკანონოდ იქნა განკარგული ---ს მიერ, წარმოუდგენელია შემმოწმებლის მიერ საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მართლზომიერება, რამდენადაც თუ კომპანიის ნებართვის გარეშე განიკარგა კომპანიის საქონელი, რამდენად არის დასაშვები უკანონოდ განკარგული საქონლისთვის საკომპენსაციო თანხის ანაზღაურება. მიაჩნია, რომ აღნიშნულ ნაწილში როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი კუთხით კიდევ უფრო დიდ ბუნდოვანებას შეიცავს საგადასახადო შემოწმების აქტი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით კომპანიას უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე იმ გარემოებაზე მითითებით, რომ კომპანიას არ გააჩნდა და შემოწმებისთვის არ მიუწოდებია დოკუმენტური მტკიცებულებები აღნიშნული ღორების ნაშთად არსებობასთან დაკავშირებით, ხოლო მეორე მხარის (შპს ---) განმარტებით, მის ტერიტორიაზე არ არის განთავსებული კომპანიის საკუთრებაში არსებული ღორები. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს მიერ, საშემოსავლო გადასახადის ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების განხილვის ნაწილში, საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. შემოსავლების სამსახურმა განიხილა ხელახლა განსახილველად დაბრუნებული საჩივარი და გამოსცა შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 25 ივნისის №14949 ბრძანება, რომლის აღსრულების შედეგებზე გამოცემული დასკვნით კომპანიას საგადასახადო ვალდებულებები არ შეუმცირდა. აღსრულების შედეგებზე გამოცემულ დასკვნაში შემმოწმებელი მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ შემოწმების მიერ გამოთხოვილ იქნა შპს ---გან მის ტერიტორიაზე 2022 წლის ნოემბერში შპს ---ის მიერ მიყვანილი ცოცხალი ღორების მდგომარეობასთან დაკავშირებით, შპს ---გან მიღებული წერილით დგინდება, რომ 2022 წლის ნოემბრის თვეში მათ არ განუხორციელებიათ დაკვლის მომსახურება, ვინაიდან შპს----მა მიზანშეწონილად მიიჩნია ცოცხალი ღორების გაყვანა მათი ტერიტორიიდან. სრულიად გაურკვეველია აღსრულების დასკვნაში მითითებული გარემოება, რამდენადაც კატეგორიულად უარყოფს ----გან ღორების კომპანიის მიერ გამოყვანას, გადაანგარიშების დასკვნაში მითითებულ გარემოებას მიიჩნევს დამატებით არგუმენტად ----ს მიმართ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხზე და აღნიშნულზე კომპანიის მიერ 2024 წლის 29 ნოემბერს მიმართული იქნა საგამოძიებო სამსახურისთვის, რათა დამატებით, სრულყოფილად იქნეს გამოძიებული ---ს მიერ ღორების მითვისების საკითხი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ მტკიცებულებათა გამოკვლევის გარეშე, სამართლებრივი ნორმების და ფაქტობრივი გარემოებების უგულებელყოფით განხორციელდა კომპანიის საგადასახადო ტვირთის დამძიმება ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან და განსახილველი საკითხის მიხედვით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები ექვემდებარება სრულად გაუქმებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ შემოწმებით დარიცხული თანხები გასაჩივრდა გადასახადის გადამხდელის მიერ და შემოსავლების სამსახურის 12.03.2024 წლის №5378 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 19.04.2024 წლის №22662/2/2024 გადაწყვტილებით, ცოცხალი ღორების რეალიზებულად განხილვის შედეგად გაანგარიშებული თანხის მიღებულად, დირექტორზე გაცემულ ხელფასად მიჩნევის და შესაბამისად, საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის ნაწილში, საჩივარი, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. ასევე დადგენილია, რომ საბჭოს ხსენებული გადაწყვეტილების საფუძველზე, შემოსავლების სამსახურმა განიხილა და გადასახადის გადამხდელის საჩივრები, 2024 წლის 25 ივნისის №14949 ბრძანებით, ნაწილობრივ დააკმაყოფილა, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, სადავო საკითხის ყოველმხრივ შესწავლა/გამოკვლევა, მ.შ. საგამოძიებო ორგანოსა და მესამე პირისგან (შპს--- (ს/ნ ---)) დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაციის გამოთხოვა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურის ხსენებული ბრძანების აღსრულების საფუძველზე, შემოწმებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას, ხოლო საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 6 ნოემბრის დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი: შემოწმებამ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან გამოითხოვა ინფორმაცია შპს ---ის დირექტორის მიერ შპს ----ს წინააღმდეგ საგამოძიებო ორგანოსთვის 2023 წლის 25 იანვარს მიმართულ საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს თუ არა სისხლის სამართლის წარმოება.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან მიღებული წერილით დადგინდა, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება არ მიმდინარეობს. ასევე, შემოწმებამ შპს ---გან გამოითხოვა ინფორმაცია 2022 წლის ნოემბერში მის ტერიტორიაზე შპს ---ის მიერ მიყვანილი ცოცხალი ღორების მდგომარეობასთან დაკავშირებით. შპს ---გან მიღებული წერილით დადგინდა, რომ 2022 წლის ნოემბრის თვეში მათ არ განუხორციელებიათ დაკვლის მომსახურება, ვინაიდან შპს ---მა მიზანშეწონილად მიიჩნია ცოცხალი ღორების გაყვანა მათი ტერიტორიიდან. მომჩივანი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს, მნიშვნელოვნად მიიჩნევს ყურადღების გამახვილებას გარემოებაზე, რომ კომპანია აწარმოებს სასამართლო დავას შპს ---ესთან დებიტორული დავალიანების ამოღების მიზნით, რისი დასტურად წარმოადგენს მხარეთა შორის არსებულ დავაზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტისთვის წარდგენილი იქნა ინფორმაცია, რომ მის საკუთრებაში არსებული და შპს ---ის ტერიტორიაზე განთავსებული კუთვნილი ღორების დაბრუნების მიზნით კომპანიის მიერ მიმართულია საგამოძიებო ორგანოებისთვის და აწარმოებს სამართლებრივ პროცესებს, მოვლაპატრონობის მოტივით ცოცხალი ღორები მიბარებულ იყო შპს ---თან, მის კუთვნილ ტერიტორიაზე და აღნიშნულთან დაკავშირებული დოკუმენტაცია წარდგენილია ადმინისტრაციული ორგანოებისთვის.
ასევე, აუდიტის დეპარტამენტისთვის ცნობილია, რომ კომპანია კუთვნილი ცოცხალი ღორების დაბრუნების მიზნით აწარმოებს სამართლებრივ პროცესებს და მიმართული აქვს საგამოძიებო ორგანოებისთვის, რისი დასტურად წარმოადგენს კომპანიის მიერ საგამოძიებო სამსახურში წარდგენილ წერილს. იმ პირობებში, როდესაც კომპანიის ბალანსზე ასახულია ცოცხალი ღორების ნაშთი და აღნიშნული ირიცხება კომპანიის საკუთრებაში, ხოლო პარტნიორი კომპანიის არაკეთილსინდისიერი ქცევის გამო ვერ ახერხებს კუთვნილი ღორების განკარგვას, არამართლზომიერად მიიჩნევს შემმოწმებლის მიერ აღნიშნულის რეალიზებულად განხილვას და საგადასახადო ვალდებულებების დაკისრებას, შემმოწმებლის მიერვე რეალიზებულად განხილული ცოცხალი ღორების სარეალიზაციო თანხის დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად განხილვას. აღნიშნავს, რომ არ არის მითითებული სამართლებრივი ნორმები რა საფუძვლით იქნა მიჩნეული აღნიშნული უპირობოდ მიღებულ თანხად და გაცემულ ხელფასად, მაშინ როდესაც საგადასახადო კანონმდებლობა და არსებული სასამართლო პრაქტიკა ადგენს კვალიფიკაციის შეცვლისთვის სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების დასაბუთების აუცილებლობას, რაც მოცემულ საგადასახადო შემოწმების აქტში ასახული და დასაბუთებული არ არის.
ერთის მხრივ შემმოწმებელი თავადვე ადასტურებს, რომ ეკონომიკური ურთიერთობის ფარგლებში კომპანიის მიერ დებიტორული დავალიანების ამოღების მოთხოვნით მიმდინარეობს სასამართლო დავა, ხოლო მეორეს მხრივ ცნობილია ფაქტი, რომლის მიხედვით დაწყებულია სამართლებრივი პროცესები კუთვნილი ღორების დაბრუნების მოთხოვნით. ამდენად, თუ დაუშვებს, რომ აღნიშნული ღორები უკანონოდ იქნა განკარგული ----ის მიერ, წარმოუდგენელია შემმოწმებლის მიერ საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მართლზომიერება. შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით კომპანიას უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე იმ გარემოებაზე მითითებით, რომ კომპანიას არ გააჩნდა და შემოწმებისთვის არ მიუწოდებია დოკუმენტური მტკიცებულებები აღნიშნული ღორების ნაშთად არსებობასთან დაკავშირებით, ხოლო მეორე მხარის (შპს ---) განმარტებით, მის ტერიტორიაზე არ არის განთავსებული კომპანიის საკუთრებაში არსებული ღორები. აღსრულების შედეგებზე გამოცემულ დასკვნაში შემმოწმებლის მიერ მითითებული გარემოება, რომ კომპანიის მიერ მიყვანილი ცოცხალი ღორების მდგომარეობასთან დაკავშირებით, შპს ---გან მიღებული წერილით დგინდება, რომ 2022 წლის ნოემბრის თვეში მათ არ განუხორციელებიათ დაკვლის მომსახურება, ვინაიდან შპს ---მა მიზანშეწონილად მიიჩნია ცოცხალი ღორების გაყვანა მათი ტერიტორიიდან, სრულიად გაურკვეველად მიაჩნია, რამდენადაც კატეგორიულად უარყოფს ---სგან ღორების კომპანიის მიერ გამოყვანას, გადაანგარიშების დასკვნაში მითითებულ გარემოებას მიიჩნევს დამატებით არგუმენტად ---ის მიმართ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხზე და აღნიშნულზე კომპანიის მიერ 2024 წლის 29 ნოემბერს მიმართული იქნა საგამოძიებო სამსახურისთვის, რათა სრულყოფილად იქნეს გამოძიებული ----ის მიერ ღორების მითვისების საკითხი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ მტკიცებულებათა გამოკვლევის გარეშე, სამართლებრივი ნორმების და ფაქტობრივი გარემოებების უგულებელყოფით განხორციელდა კომპანიის საგადასახადო ტვირთის დამძიმება ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან და განსახილველი საკითხის მიხედვით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები ექვემდებარება სრულად გაუქმებას. ასევე, მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში კვლავაც მიუთითებს შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებაზე, რასთან დაკავშირებითაც, შემოსავლების სამსახური სადავო ბრძანებაში აღნიშნავს, რომ თავდაპირველი საჩივრით არ იყო აღნიშნული სადავო გარემოება და შესაბამისად, არ იყო დავალებული აუდიტის დეპარტამენტისთვის შესასრულებლად. ხოლო, აღნიშნულთან დაკავშირებით ასევე აღსანიშნავია, რომ საბჭოს 19.04.2024 წლის №22662/2/2024 გადაწყვტილებით, ნაშთად არსებული ღორების რეალიზებულად განხილვა და დღგ-ის ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრა მართლზომიერად იქნა მიჩნეული და საჩივარი მხოლოდ საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის მართლზომიერების ნაწილში იქნა ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შემოსავლების სამსახურში.
საქმესთან არსებული მასალების, მხარეთა არგუმენტაციის და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 25 ივნისის №14949 ბრძანების აღსრულება განხორციელებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის საფუძველზე, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის 25.06.2024 წლის №14949 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით: საწარმოს საქმიანობაა ცოცხალი ღორების იმპორტი რუსეთიდან. საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ გადამხდელის მიერ შემოყვანილი ღორების განთავსება, კვება (მათ მიერ მიწოდებული საკვებით), დაკვლა-გასუფთავება და რეალიზაცია ხდებოდა სხვა საწარმოს ტერიტორიაზე.
შემოწმების მიერ ცოცხალი ღორები ჩაითვალა რეალიზებულად და დაიბეგრა დღგ-ით. ასევე, აღნიშნული თანხა ჩაითვალა მიღებულად და დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად, რაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.
გადაწყვეტილება
საქმესთან არსებული მასალების, მხარეთა არგუმენტაციის და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 25 ივნისის №14949 ბრძანების აღსრულება განხორციელებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის საფუძველზე, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 1, გ.