ბრძანება N 18181
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 18181
12 აგვისტო 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------ის“ (ს/ნ ------)
(მის.: -------)
2025 წლის 25 ივლისის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 4 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №63) განიხილა შპს „------“ (ს/ნ -----) 2025 წლის 25 ივლისის №97083/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 27 ივნისის №021-48 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
მომჩივანი არ ეთანხმება დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის განსაზღვრას და დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას. მიუთითებს, რომ არაკომერციული ორგანიზაცია ------- ფილიალი -------- (ს/ნ --------) მიერ ჩარიცხული თანხა უკან იქნა დაბრუნებული. შესაბამისად, არ უნდა განხილულიყო დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად და არ უნდა მიეღო მონაწილეობა 100 000 ლარიანი ბრუნვის გაანგარიშებისას. ასევე, მომჩივანი არ ეთანხმება „ნავაჭრის“ დანიშნულებით კომპანიის ანგარიშზე შეტანილი თანხების დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში გათვალისწინებას. აცხადებს, რომ რეალურად ეს თანხები არ წარმოადგენდა „ნავაჭრს“ და ბანკის ოპერატორები უთითებდნენ მათი ინტერპრეტაციით.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 6 მაისის №8866 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „--------“ (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდების დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 24 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 27 ივნისის №14034 ბრძანება და ამავე თარიღის №----- საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 56 877 ლარი, მათ შორის გადასახადი 37 526 ლოარი, ჯარიმა 10 827 ლარი და საურავი 8 524 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:
შპს „-------“ გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2007 წლის 30 იანვარს. საქმიანობის საგანს წარმოადგენს ტანსაცმლისა და აქსესუარების წარმოება (ძირითადად ეროვნული ტანისამოსის ჭრა/კერვა, აქსესუარების, საცეკვაო ფეხსაცმლის წარმოება) და რეალიზაცია. სასაქონლო ზედნადებით შეძენა უფიქსირდება ადგილობრივ ბაზარზე, ხოლო რეალიზაციას ახორციელებს უნაღდო ანგარიშსწორებით (საბანკო გადარიცხვებით). გადამხდელს არ გააჩნია სალარო აპარატი. საგადასახადო შემოწმებით, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის დამუშავებით დადგინდა, რომ შპს „--------“ 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდებში საბანკო ანგარიშებზე უფიქსირდებოდა ჯამურად 357 772 ლარის შემოსავალი. ამავე პერიოდებში მომწოდებელი კომპანიების მიერ გამოწერილი იყო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები 16 119 ლარის ოდენობით. გარდა ამისა, გადამხდელს სასაქონლო ზედნადებით შეძენილი ჰქონდა 46 492 ლარის ღირებულების საქონელი.
შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის საფუძველზე, გადამხდელს დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღად განესაზღვრა 2023 წლის 3 აპრილი და აღნიშნული თარიღის შემდგომ განხორციელებული საქონლის მიწოდება დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას. რეგისტრაციის თარიღიდან შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე სულ ჩასათვლელმა თანხამ შეადგინა 1 453 ლარი, რაც გათვალისწინებულია შემოწმების პროცესში. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.
2. დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ შპს „--------“ 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდებში საბანკო ანგარიშებზე უფიქსირდებოდა ჯამურად 357 772 ლარის შემოსავალი. ამავე პერიოდებში მომწოდებელი კომპანიების მიერ გამოწერილი იყო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები 16 119 ლარის ოდენობით. გარდა ამისა, გადამხდელს სასაქონლო ზედნადებით შეძენილი ჰქონდა 46 492 ლარის ღირებულების საქონელი.
მომჩივნის არგუმენტაციასთან დაკავშირებით, რომლითაც არ ეთანხმება „ნავაჭრის დანიშნულებით“ კომპანიის ანგარიშზე შეტანილი თანხების დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში გათვალისწინებას, შემოსავლების სამსახურის მიერ ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, შემოწმების პროცესში გადამხდელთან ერთად იქნა გავლილი ყველა საეჭვო საბანკო ოპერაცია. შინაარსობრივად გაურკვეველი საბანკო ოპერაციები გადამხდელთან კომუნიკაციის შედეგად დაზუსტდა და აღნიშნულის საფუძველზე -------- ბანკის ანგარიშზე შეტანილი თანხა, 4 300 ლარის ოდენობით, ამოღებულ იქნა ბრუნვიდან, ხოლო „ნავაჭრის“ დასახელებით ჩარიცხული თანხები (949 ლარის ოდენობით), გადამხდელის საქმიანობიდან გამომდინარე შემოწმებამ მიიჩნია შემოსავლად, ვინაიდან არ არსებობდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვიდან ამოღების საფუძველი.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს მომჩივნის არგუმენტაციაზე, რომლითაც არ ეთანხმება დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის განსაზღვრას და დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას. მიუთითებს, რომ 2022 წლის 24 მაისს, არაკომერციულმა ორგანიზაციამ -------- ------ (ს/ნ -------) ჩაურიცხა 20 025 ლარი, რომელზეც მისაწოდებელი პროდუქციის პირობები არ იყო ბოლომდე გარკვეული, რის გამოც წარმოიშვა აზრთა სხვადასხვაობა და მეორე დღეს, 25 მაისს, უკან გადაურიცხა აღნიშნული თანხა(4 005 და 16 020 ლარი), იმავე ანგარიშზე. შესაბამისად, საქონლის მიწოდებას ადგილი არ ჰქონია და ჩარიცხვა არ უნდა განხილულიყო დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად და არ უნდა მიეღო მონაწილეობა 100 000 ლარიანი ბრუნვის გაანგარიშებაში. მომჩივანი განმარტავს, რომ შემმოწმებელს ჰქონდა წვდომა საბანკო ამონაწერთან, სადაც თვალნათლივ ჩანდა თანხების დაბრუნების ფაქტი, თუმცა დასაბეგრ ბრუნვაში მაინც გაითვალისწინა, რაც არამართლზომიერია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის და მის შესაბამისად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტაციის გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „---------“ (ს/ნ --------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის და მის შესაბამისად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტაციის გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი არ ეთანხმება დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის განსაზღვრას და დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას.
ფაქტობრივი გარემოებები
შპს საქმიანობის საგანს წარმოადგენს ტანსაცმლისა და აქსესუარების წარმოება. სასაქონლო ზედნადებით შეძენა უფიქსირდება ადგილობრივ ბაზარზე, ხოლო რეალიზაციას ახორციელებს უნაღდო ანგარიშსწორებით .
საგადასახადო შემოწმებით, დადგინდა, რომ შპს 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდებში საბანკო ანგარიშებზე უფიქსირდებოდა შემოსავალი. ამავე პერიოდებში მომწოდებელი კომპანიების მიერ გამოწერილი იყო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები . გარდა ამისა, გადამხდელს სასაქონლო ზედნადებით შეძენილი ჰქონდა საქონელი. შემოწმებით, გადამხდელს დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღად განესაზღვრა 2023 წლის 3 აპრილი და აღნიშნული თარიღის შემდგომ განხორციელებული საქონლის მიწოდება დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას.
შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ და გათვალისწინებული ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
სადავო საკითხთან დაკავშირებით, დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის და მის შესაბამისად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტაციის გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:165(2):159(1):164(1);