გადაწყვეტილება №25090/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25090/2/2025
23 მაისი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 8.05.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---------16.04.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25090/2/2025).
დავის საგანი:
კაპიტალის ნაშთის შემცირების განაწილებულ მოგებად განხილვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 24.12.2024 წლის №005-190 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 27.03.2025 წლის №5626 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 266 898,45 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 145 496
დღგ - 13 469
მოგების გადასახადი - 81 104
საშემოსავლო გადასახადი - 50 923
ჯარიმა - 69 490
საურავი - 51 912,45
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 18.12.2024 წლის გასვლითი საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2021 წლიდან 1.03.2024 წლამდე პერიოდი, ხოლო სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის მიზნებისათვის 11.04.2024 წლის ჩათვლით პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილია ბუღალტრული ჩანაწერების ელექტრონული ცხრილები, რომლის შესწავლის შედეგად დგინდება, რომ 2021 წლის საწყისი კაპიტალის ნაშთი შეადგენს 721 649 ლარს, აღნიშნული თანხიდან 2021 წლის განმავლობაში გატანილია სალდირებულად 420 649 ლარი, ხოლო დარჩენილი კაპიტალის ნაშთი 2022 წლის საბუღალტრო მონაცემებში დაფიქსირებულია, როგორც დამფუძნებლისგან აღებული სესხი, რომელიც მცირდება 2022, 2023 და 2024 წლებში ჯამში 279 950 ლარის ოდენობით.
შემოწმების მიმდინარეობისას შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ ----- ზე წარდგენილი ფინანსური ანგარიშგებების მონაცემები, რომლის მიხედვითაც საწარმოს 2021 წლის საწყის ნაშთად კაპიტალი არ უფიქსირდება. კომპანიის მიერ 2023 წელს განხორციელდა ფინანსური ანგარიშგებების კორექტირება კერძოდ: დაკორექტირდა 2020, 2021 და 2022 წლების ფინანსური ნაშთები. კორექტირებული ფინანსური ანგარიშგებების მიხედვით კომპანიას არ გააჩნია საწესდებო კაპიტალის საწყისი ნაშთები.
საწესდებო კაპიტალის სანდოობის გადამოწმების მიზნით გადასახადის გადამხდელისგან დამატებით მოთხოვნილ იქნა ბუღალტრული ჩანაწერები და შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია. მომჩივანს მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია არ წარუდგენია და შესაბამისად ვერ მოხერხდა საწყისი საწესდებო კაპიტალის ნაშთის დადასტურება.
2017 წლის 1 იანვრამდე მიღებული მოგებისა და 2021 წლის 1 იანვრამდე მიღებული ფინანსური მოგების გაანგარიშების შედეგად 2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით კაპიტალის ნაშთიდან, 277 831 ლარი მიჩნეულ იქნა 2017 წლის 1 იანვრამდე მიღებულ მოგებად, რომელზეც საგადასახადო კოდექსის 309- ე მუხლის 92-ე ნაწილის შესაბამისად განხორციელდა მოგების გადასახადის ჩათვლა. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 24.12.2024 წლის №005-190 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 27.03.2025 წლის №5626 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 73-ე, 97-ე, 981 , 309-ე, მე-8, 130- ე, 154-ე, 491 და 43-ე მუხლებზე, შემოწმებით დადგენილ გარემოებებზე და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, კაპიტალის თანხის შემცირება და კომპანიის დამფუძნებლისგან აღებული სესხის გატანა განხილულ იქნა განაწილებულ დივიდენდად. დაბეგვრის თარიღებთან დაკავშირებით, შემოწმება სრულად დაეყრდნო გადამხდელის საბუღალტრო პროგრამას (1c და სუპერფინა), რომლის მიხედვითაც ხდებოდა კაპიტალის და სესხის ნაშთის შემცირება სალაროს მეშვეობით.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს საგადასახადო დავის წარმოების პროცესში მიეცა შესაძლებლობა აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელთან ერთად შეესწავლა საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისად სადავო საკითხი, რის შემდეგაც გადასახადის გადამხდელს დამატებითი არგუმენტები/პრეტენზიები საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით არ წარმოუდგენია.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
საგადასახდო შემოწმების აქტით 2024 წლის თებერვალში დარიცხულია საშემოსავლო გადასახადი დივიდენდზე. ამ პერიოდში არ განხორციელებულა დივიდენდის გაცემა (ან რაიმე ფორმით კაპიტალის შემცირება) და შესაბამისად საგადასახდო შემოწმებისთვის წარდგენილი დოკუმენტაციითაც არ ფიქსირდება დივიდენდის გაცემის ფაქტი (ან რაიმე ფორმით კაპიტალის შემცირება). უნდა გაუქმდეს საშემოსავლო და მოგების გადასახადებში აქტით დარიცხული გადასახადი, ჯარიმა და საურავები.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს:
ა) მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა;
ბ) სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.
საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.
საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, დივიდენდი არის აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე; რეპო შეთანხმების, ფასიანი ქაღალდების გასესხებისა და ფინანსური გირავნობის შემთხვევაში გამყიდველის/გამსესხებლის მიერ მყიდველისგან/მსესხებლისგან მიღებული საკომპენსაციო თანხა, რომელიც არის ასეთი გარიგების მოქმედების პერიოდში ფასიანი ქაღალდებიდან რეალურად მიღებული დივიდენდი.
საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5- პროცენტიანი განაკვეთით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის რეზიდენტი საწარმო, რომელიც პირს უხდის დივიდენდს.
საგადასახადო შემოწმების დროს წარდგენილი ბუღალტრული ჩანაწერების ელექტრონული ცხრილების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ 2021 წლის საწყისი კაპიტალის ნაშთიდან (721 649 ლარი) 2021 წლის განმავლობაში გატანილია სალდირებულად 420 649 ლარი, ხოლო დარჩენილი კაპიტალის ნაშთი 2022 წლის საბუღალტრო მონაცემებში დაფიქსირებულია, როგორც დამფუძნებლისგან აღებული სესხი, რომელიც მცირდება 2022, 2023 და 2024 წლებში ჯამში 279 950 ლარის ოდენობით. შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ -------ზე წარდგენილი ფინანსური ანგარიშგებების მონაცემები, რომლის მიხედვითაც საწარმოს 2021 წლის საწყის ნაშთად კაპიტალი არ უფიქსირდება. კომპანიის მიერ 2023 წელს განხორციელდა ფინანსური ანგარიშგებების კორექტირება კერძოდ: დაკორექტირდა 2020, 2021 და 2022 წლების ფინანსური ნაშთები. საწესდებო კაპიტალთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელისგან დამატებით მოთხოვნილ იქნა ბუღალტრული ჩანაწერები და შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რაც არ იქნა წარდგენილი.
2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით კაპიტალის ნაშთიდან 277 831 ლარი მიჩნეულ იქნა 2017 წლის 1 იანვრამდე მიღებულ მოგებად და საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 92-ე ნაწილის შესაბამისად აღნიშნულ მოგებაზე განხორციელდა მოგების გადასახადის ჩათვლა.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, თანხა კომპანიიდან გატანილია სალაროს მეშვეობით. სესხის პროცენტის აღრიცხვა ან დაბეგვრა არ განხორციელებულა. ჩატარებულია სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რომლის შედეგად სალაროში ნაშთი არ დადგინდა. შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვის ეტაპზე სადავო საკითხი შესწავლილი იქნა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, რის შედეგადაც დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია წარმოდგენილი არ ყოფილა.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ ვინაიდან არ დასტურდება კომპანიის საწესდებო კაპიტალის საწყისი ნაშთების არსებობა, კაპიტალის ნაშთის შემცირების და დამფუძნებლისგან აღებული სესხის დაფარვის დანიშნულებით გატანილი თანხების დივიდენდად განხილვა მართლზომიერია, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
კაპიტალის ნაშთის შემცირების განაწილებულ მოგებად განხილვა.
ფაქტობრივი გარემოებები
თანხა კომპანიიდან გატანილია სალაროს მეშვეობით. სესხის პროცენტის აღრიცხვა ან დაბეგვრა არ განხორციელებულა. ჩატარებულია სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რომლის შედეგად სალაროში ნაშთი არ დადგინდა. შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვის ეტაპზე სადავო საკითხი შესწავლილი იქნა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, რის შედეგადაც დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია წარმოდგენილი არ ყოფილა.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ ვინაიდან არ დასტურდება კომპანიის საწესდებო კაპიტალის საწყისი ნაშთების არსებობა, კაპიტალის ნაშთის შემცირების და დამფუძნებლისგან აღებული სესხის დაფარვის დანიშნულებით გატანილი თანხების დივიდენდად განხილვა მართლზომიერია, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 73(9);97(1);981(1);8(12);130(1);154(1);