გადაწყვეტილება №25188/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 11.06.2025
№ დოკუმენტი 25188/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№25188/2/2025

11 ივნისი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „--------“ (ს/ნ --------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 6.06.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------“-ის 17.05.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25188/2/2025).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 3.10.2023 წლის №24380 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 6.03.2025 წლის №127-2 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 29.04.2025 წლის №8035 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 390 365.39 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 203 549

დღგ - 20 631

საშემოსავლო გადასახადი - 182 918

ჯარიმა - 96 616

საურავი - 90 200.39

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

კომპანიის საქმიანობაა ნაძვის, სოჭისა და წიფელის მორების შეძენა, სახერხში გადამუშავება და ფიცრებად რეალიზაცია. ასევე, უფიქსირდება ხის პადონების შეძენა/რეალიზაცია.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის, 7.06.2022 წლიდან 1.05.2023 წლამდე პერიოდის, კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 27 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

კომპანიის მიერ არ იქნა წარდგენილი პირველადი საგადასახადო დოკუმენტები და ბუღალტრული აღრიცხვა. ვერ განხორციელდა კომპანიის უფლებამოსილ წარმომადგენელთან დაკავშირება.

კომპანიამ, 2022 წლის აგვისტოს და სექტემბრის თვის საანგარიშო პერიოდებში, გაანაწილა და შესაბამისი გადასახადით დაბეგრა დივიდენდი. საგადასახადო ორგანომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მათ შორის დამატებით რეალიზებული საქონლის ნაშთის გათვალისწინებით, განსაზღვრა კომპანიის შემოსავალი და ხარჯები. ვინაიდან, კომპანიის მიერ არ იქნა წარდგენილი დებიტორ-კრედიტორების შესახებ ინფორმაცია, თანხის მოძრაობის ამსახველი ინფორმაცია და სხვა დოკუმენტაცია, რომელიც დაადასტურებდა მიღებული შემოსავლის გამოყენებას, შემოწმებით განსაზღვრული შემოსავალი ჩაითვალა სრულად მიღებულად, ხოლო დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები სრულად გადახდილად. ფულადი სახსრების მოძრაობაში აგრეთვე გათვალისწინებული იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ გაცემული და დეკლარირებული დივიდენდის თანხა. ფულადი თანხების დადებითი ნაშთი მიჩნეული იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადასახადის გადამხდელს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 29 ივნისის №15219 ბრძანება და №127-20 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 3.10.2023 წლის №24380 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ:

- პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულებები;

ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

გ) მტკიცებულებების წარუდგენლობის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯების განსაზღვრისას იხელმძღვანელოს არაპირდაპირი მეთოდით, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად და აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

აღსანიშნავია, რომ შემოსავლების სამსახურის 3.10.2023 წლის №24380 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 27.12.2023 წლის №21154/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დააკმაყოფილა.

შემოსავლების სამსახურის 3.10.2023 წლის №24380 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 28 თებერვლის დასკვნის საფუძველზე, შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა 41 899 ლარით. აღნიშნული დასკვნის საფუძველზე, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 6 მარტის №127-2 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 29.04.2025 წლის №8035 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის შინაარსზე, აღნიშნავს, რომ გადაანგარიშების ეტაპზე შემოწმების მიერ ტრანსპორტირების ხარჯი გათვალისწინებული იქნა კომპანიის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, ხოლო ვინაიდან, კომპანიის მიერ არ განხორციელებულა სახერხის მომსახურების ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა, დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და სახერხის მომსახურების ხარჯი გათვალისწინებული იქნა მსგავსი საქმიანობის მქონე კომპანიის მიერ წარდგენილი ახსნა-განმარტების შესაბამისად. ხოლო, სხვა დამატებითი დოკუმენტაცია, სათანადო საფუძვლების არ არსებობის გამო, არ გათვალისწინებულა.

ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის ინფორმაციაზე, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ იქნა 2022 წლის 10 სექტემბრის სესხის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, მის მიერ გაცემულია სესხი 900 000 ლარის ოდენობით. კომპანიის განმარტებით, მსესხებელს სასესხო თანხა არ დაუბრუნებია, რაზეც მიმართა სასამართლოს და დაიწყო სასამართლო დავა. გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, განხორციელდა მსესხებლის საქმიანობის ანალიზი და დადგინდა შემდეგი:

• კომპანიის მიერ რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლისა და ხარჯების გათვალისწინებით, დამატებით სასესხო თანხების საჭიროებას საწარმო არ განიცდიდა;

• მსესხებელ პირს უფიქსირდება დავალიანება ბიუჯეტის წინაშე 7 554 676.20 ლარის ოდენობით;

• მსესხებელ პირს, 2022 წლის დეკემბრის თვის საანგარიშო პერიოდის შემდეგ, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, არ უფიქსირდება ეკონომიკური საქმიანობა, საინფორმაციო ბარათში არ აქვს დაფიქსირებული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ფაქტობრივი ადგილი (სავაჭრო/მომსახურების ობიექტი) ან/და ასეთი ადგილის არსებობა არ დასტურდება გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული სასაქონლო ზედნადებების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არ უფიქსირდება რეგისტრირებული საკონტროლო-სალარო აპარატი.

შემოსავლების სამსახური ეყრდნობა აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარდგენილ ინფორმაციას, ასევე იმ გარემოებას, რომ ----ის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება არის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, მეორე მხარეს (მოპასუხეს) შესაგებელი არ წარუდგენია და აღნიშნული გადაწყვეტილებით უტყუარად არ არის დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარუდგენია ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს.

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

აუდიტის დეპარტამენტს წარედგინა დოკუმენტაცია და მათ შორის ----ის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 21 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება (საქმეზე №2/2024-23).

გაუგებარია რა შუაშია მსესხებლის საქმიანობის შესწავლა და მისი საქმიანობის ანალიზი, როდესაც სესხი გაიცა 2022 წლის 10 სექტემბერს და 2022 წლის დეკემბრის თვის საანგარიშო პერიოდის შემდეგ საქმიანობს თუ არა მსესხებელი. წარდგენილია სესხის ხელშეკრულება, სარჩელი თანდართულ მასალებთან ერთად და სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. რაც შეეხება შესაგებლის არ წარდგენას, კომპანიის დირექტორს -----ის სარჩელი, საქმის მასალებთან ერთად, ჩაბარდა საქართველოს ფოსტის მეშვეობით და იგი ინფორმირებული იყო სასარჩელო მოთხოვნაზე. შესაგებლის წარდგენა/არ წარდგენა მისი პროცესუალური უფლებაა და ხელს არ უშლის სასამართლოს მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება და მაშინ, რა არის შემოსავლების სამსახურისთვის ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს მსჯელობას, ----ის რაიონული სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება არის თუ არა საკმარისი მტკიცებულება, რომელიც შეცვლის საგადასახადო შემოწმების შედეგებს. თუ არა, ითხოვს გადაწყვეტილებაში მიეთითოს იმ დოკუმენტაციის ჩამონათვალი, რომელიც მოცემულ საქმესთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურისთვის იქნება მისაღები და სარწმუნო.

ითხოვს, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ----ის რაიონული სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების საფუძველზე, მოახდინოს დარიცხული თანხების კორექტირება/შემცირება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურის 3.10.2023 წლის №24380 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულებები;

ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი მტკიცებულებების (მ.შ საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია) დამატებით შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

გ) მტკიცებულებების წარუდგენლობის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯების განსაზღვრისას იხელმძღვანელოს არაპირდაპირი მეთოდით, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად და აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

შემოსავლების სამსახურის 3.10.2023 წლის №24380 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 28 თებერვლის დასკვნის საფუძველზე შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა.

აღნიშნულ დასკვნაში მითითებულია შემდეგი:

შემოწმების შედეგად შესწავლილი იქნა საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია, ტრანსპორტირების ხარჯი გათვალისწინებული იქნა კომპანიის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, ხოლო ვინაიდან, კომპანიის მიერ არ განხორციელებულა სახერხის მომსახურების ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა, შემოწმებამ იხელმძღვანელა დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯების განსაზღვრის არაპირდაპირი მეთოდით და სახერხის მომსახურების ხარჯი გათვალისწინებულ იქნა მსგავსი საქმიანობის მქონე კომპანიის მიერ წარდგენილი ახსნა-განმარტების შესაბამისად. წარდგენილი სხვა დამატებითი დოკუმენტაცია, სათანადო საფუძვლების არ არსებობის გამო, არ გათვალისწინებულა. შედეგად, შემოწმების მიერ დაკორექტირდა (შემცირდა) საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხა.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, საბჭო ყურადღებას ამახვილებს შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებაში დაფიქსირებულ ინფორმაციაზე, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილი იქნა 2022 წლის 10 სექტემბრის სესხის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, კომპანიის მიერ გაცემული სესხი, 900 000 ლარის ოდენობით, არ დაბრუნებულა, რაზეც კომპანიამ მიმართა სასამართლოს და დაიწყო სასამართლო დავა. მსესხებლის საქმიანობის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ მსესხებელი, რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლისა და ხარჯების გათვალისწინებით, დამატებით სასესხო თანხების საჭიროებას არ განიცდიდა, მსესხებელს უფიქსირდება დავალიანება ბიუჯეტის წინაშე 7 554 676.20 ლარის ოდენობით, მსესხებელს, 2022 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდის შემდეგ, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, არ უფიქსირდება ეკონომიკური საქმიანობა, საინფორმაციო ბარათში არ აქვს დაფიქსირებული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ფაქტობრივი ადგილი (სავაჭრო/მომსახურების ობიექტი) ან/და ასეთი ადგილის არსებობა არ დასტურდება გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული სასაქონლო ზედნადებების მიხედვით, ასევე არ უფიქსირდება რეგისტრირებული საკონტროლო-სალარო აპარატი.

ზემოაღნიშნულის, გათვალისწინებით და იმ გარემოებაზე დაყრდნობით, რომ ------ის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 21 მაისის გადაწყვეტილება არის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, მეორე მხარეს (მოპასუხეს) შესაგებელი არ წარუდგენია, საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას, რომ სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით უტყუარად არ არის დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.

ამგვარად, საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 3.10.2023 წლის №24380 ბრძანების აღსრულება განხორციელებულია, ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების შესწავლის საფუძველზე და შესაბამისად, არ არსებობს შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანების გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის №24380 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის, 7.06.2022 წლიდან 1.05.2023 წლამდე პერიოდის, კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით ირკვევა რომ კომპანიის მიერ არ იქნა წარდგენილი პირველადი საგადასახადო დოკუმენტები და ბუღალტრული აღრიცხვა. ვერ განხორციელდა კომპანიის უფლებამოსილ წარმომადგენელთან დაკავშირება.

ამასთან,კომპანიამ, 2022 წლის აგვისტოს და სექტემბრის თვის საანგარიშო პერიოდებში, გაანაწილა და შესაბამისი გადასახადით დაბეგრა დივიდენდი. საგადასახადო ორგანომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მათ შორის დამატებით რეალიზებული საქონლის ნაშთის გათვალისწინებით, განსაზღვრა კომპანიის შემოსავალი და ხარჯები. ვინაიდან, კომპანიის მიერ არ იქნა წარდგენილი დებიტორ-კრედიტორების შესახებ ინფორმაცია, თანხის მოძრაობის ამსახველი ინფორმაცია და სხვა დოკუმენტაცია, რომელიც დაადასტურებდა მიღებული შემოსავლის გამოყენებას, შემოწმებით განსაზღვრული შემოსავალი ჩაითვალა სრულად მიღებულად, ხოლო დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები სრულად გადახდილად. ფულადი სახსრების მოძრაობაში აგრეთვე გათვალისწინებული იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ გაცემული და დეკლარირებული დივიდენდის თანხა. ფულადი თანხების დადებითი ნაშთი მიჩნეული იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადასახადის გადამხდელს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №15219 ბრძანება და №127-20 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.რომლის №24380 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით

გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულებები,ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).ასევე მტკიცებულებების წარუდგენლობის შემთხვევაში აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯების განსაზღვრისას იხელმძღვანელოს არაპირდაპირი მეთოდით, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად და აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

შემოსავლების სამსახურის №24380 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც №21154/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დააკმაყოფილა.

შემოსავლების სამსახურის №24380 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 28 თებერვლის დასკვნის საფუძველზე, შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა 41 899 ლარით. აღნიშნული დასკვნის საფუძველზე, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №127-2 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის №8035 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც კვლავ გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის №24380 ბრძანების აღსრულება განხორციელებულია, ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების შესწავლის საფუძველზე და შესაბამისად, არ არსებობს შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანების გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: