ბრძანება N 10776
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 10776
15 მაისი 2026
ბრძანება
შპს „--------“ (ს/ნ „--------“)
(მის.: „--------“)
2026 წლის 6 აპრილის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 6 მაისს გამართულ სხდომაზე (ოქმი №36) განიხილა შპს „--------“ (ს/ნ „--------“) 2026 წლის 6 აპრილის №101640/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 10 მარტის №063-4 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას და აცხადებს, რომ დასკვნა არ შეიცავს დასაბუთებას თუ რა საფუძვლით იქნა შემცირებული გადასახადი და რა ნაწილში იქნა გაზიარებული გადამხდელის პოზიცია. ასევე, აუდიტის დეპარტამენტს უნდა გამოეყენებინა რეალურად შესადარისი კომპანიები, უნდა გაეთვალისწინებინა, რომ საწარმო საქონლის შეძენას ახდენდა შემდგომი გადახდის პირობით და ინვოისში ასახული ღირებულება მოიცავდა საქონლის საქართველოში ტრანსპორტირების ხარჯებსაც. აღნიშნავს, რომ ურთიერთდამოკიდებულ პირთა შორის განხორციელებული გარიგების შემთხვევაშიც კი, საგადასახადო ორგანოს დასაშვებ სხვაობად უნდა მიეჩნია შესყიდვის ფასსა და საბაზრო ფასს შორის სხვაობა, თუ აღნიშნული სხვაობა 10 პროცენტს არ აღემატებოდა. მიუთითებს, რომ მინიმალური შესყიდვის ფასის გამოყენება მართალია ამცირებს აბსურდულ დარიცხვას, თუმცა არ მიდის სამართლიან შედეგამდე. აგრეთვე, შემოწმების პროცესში კომპანიას სრულყოფილად ჰქონდა წარდგენილი გაწეული ხარჯისა და განხორციელებული გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და სრულად უნდა გაუქმებული კომპანიისთვის დაკისრებული გადასახადი.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 23 დეკემბრის №28115 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 12 აგვისტოს №063-27 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2025 წლის 13 და 15 სექტემბრის საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „-------“ (ს/ნ „--------“) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2.სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, იმპორტირებული საქონლის საინვოისო ღირებულების ხარჯში გათვალისწინებისას, იხელმძღვანელოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 23 დეკემბრის №28115 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2026 წლის 19 თებერვლის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვითაც საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული თანხები შემცირდა სულ 325 976 ლარით, მ.შ. გადასახადი 217 317 ლარით და ჯარიმა 108 659 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2026 წლის 10 მარტის №063-4 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
გადაანგარიშების ეტაპზე, შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, კომპანიის საინვოისო ღირებულების ხარჯში გათვალისწინებისას, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით (იდენტური/მსგავსი საქონლის შეძენაზე დოკუმენტურად დაფიქსირებული მინიმალური შესყიდვის ფასის გათვალისწინებით) და აღნიშნულის შესაბამისად განხორციელდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). შედეგად, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა შემოწმების შედეგად დარიცხული გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ დასკვნაზე, რომლის თანახმად, გადაანგარიშების ეტაპზე, შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, კომპანიის საინვოისო ღირებულების ხარჯი განისაზღვრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, კერძოდ, იდენტური/მსგავსი საქონლის შეძენაზე დოკუმენტურად დაფიქსირებული მინიმალური შესყიდვის ფასის გათვალისწინებით და აღნიშნულის შესაბამისად გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა შემოწმების შედეგად დარიცხული გადასახადი და ჯარიმა.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.შპს „-------“ (ს/ნ „-------“) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2.აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას.
ფაქტობრივი გარემოებები
გადაანგარიშების ეტაპზე, შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, კომპანიის საინვოისო ღირებულების ხარჯში გათვალისწინებისას, შემოწმებამ იხელმძღვანელა სსკ-ის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით და აღნიშნულის შესაბამისად განხორციელდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება. შედეგად, გადამხდელს შეუმცირდა შემოწმების შედეგად დარიცხული გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
73(5),304(21).