გადაწყვეტილება №23116/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 27.06.2024
№ დოკუმენტი 23116/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 23116/2/2024

27 ივნისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 31.05.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------------ 23.05.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23116/2/2024).

 

დავის საგანი:

ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის (საწვავი) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 2.04.2024 წლის №EL246590 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 2.05.2024 წლის №10548 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 1 000 ლარი.

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

ების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები 2.04.2024 წელს საბაჟო გამშვები პუნქტი -------- კონტროლის ზონაში --------- მხრიდან შემოვიდა მომჩივნის მართვის ქვეშ მყოფი დაუტვირთავი ავტოსატრანსპორტო საშუალება (სახ. №------------), რომელსაც დათვალიერების შედეგად აღმოაჩნდა გამწევზე დამონტაჟებული საწვავის ავზებში, ნაცვლად კანონმდებლობით გათვალისწინებული 100 ლიტრი საწვავისა, დამატებით არადეკლარირებული დაახლოებით 150 ლიტრი დიზელის ტიპის საწვავი.

გამოვლენილ ფაქტზე საბაჟო დეპარტამენტის 2.04.2024 წლის №----------- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, მომჩივანს შეეფარდა საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.

აღნიშნული საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2.05.2024 წლის №10548 ბრძანებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საბაჟო კოდექსის მე-5 და მე-6 მუხლებზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო პკონტროლის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №2) პირველი მუხლის მე-5, მე-6, მე 7 პუნქტებზე და მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

რეგულარულად ასრულებს გადაზიდვას ---------- მიმართულებით. 2.04.2024 წელს მორიგი გადაზიდვის შესრულების დროს დაჯარიმდა, ვინაიდან კუთვნილი 100 ლიტრის გარდა, დამატებით აღმაოჩნდა არადეკლარირებული 150 ლიტრი დიზელის საწვავი.

მომჩივნის განმარტებით, აზერბაიჯანში ტვირთის ჩამოტვირთვა ხდება სამ ლოკაციაზე. აღნიშნული ტვირთი უნდა დაცლილიყო -----------, რა დროსაც მოხდა ცვლილება და ტვირთი დაიცალა ---------, საწვავი კი შევსებული იყო ქელბერექში ასასვლელად.

აღნიშნულზე მითითებით, მომჩივანი ითხოვს საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით გამოწერილი ჯარიმის გაუქმებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს.

საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საბაჟო კონტროლი გულისხმობს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ცალკეულ ქმედებებს.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს 4 №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო კონტროლის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №2) პირველი მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტების თანახმად:

5. საქართველოს ტერიტორიაზე სახიფათო ტვირთების გადაადგილება საავტომობილო მიმოსვლისათვის გახსნილი საბაჟო გამშვები პუნქტების გავლით შესაძლებელია მხოლოდ სპეციალიზებული, EX/II, EX/III, FL, AT ან MEMU-ს ტიპის სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებით, რომელიც განკუთვნილია და დაშვებულია ასეთი ტვირთის გადასატანად.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება ავტოსატრანსპორტო საშუალების სტანდარტულ ავზში (რომელიც ძრავის კვების სისტემასთან კონსტრუქციულად და ტექნოლოგიურად არის დაკავშირებული) არსებულ საწვავზე, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე მუხლის მე-7 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საბაჟო გამშვებ პუნქტ „----------“ გავლით საქართველოში შემომსვლელი ავტოსატრანსპორტო საშუალების სტანდარტულ ავზში (რომელიც ძრავას კვების სისტემასთან კონსტრუქციულად და ტექნოლოგიურად არის დაკავშირებული) არსებულ საწვავზე ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება დაუტვირთავი სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების (საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ტრანზიტულად გადაადგილებულის გარდა) შემთხვევაში, თუ ავზში არსებული საწვავის ოდენობა არ აღემატება 100 ლიტრს.

საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად იწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით ან/და საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას.

სადავო საკითზე წარმოდგენილი საბაჟო დეპარტამენტის 30.05.2024 წლის №------------ წერილით დგინდება, რომ საბაჟო კონტროლის მიზნით განხორციელებული შემოწმებისას მომჩივნის მართვის ქვეშ მყოფ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებას გამწევზე დამონტაჟებული საწვავის ავზებში, ნაცვლად კანონმდებლობით გათვალისწინებული 100 ლიტრი საწვავისა, დამატებით აღმოაჩნდა არადეკლარირებული, დაახლოებით 150 ლიტრი დიზელის ტიპის საწვავი.

შესაბამისად, მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა სატრანსპორტო საშუალების არასტანდარტული ავზით დიზელის ტიპის საწვავის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანის ფაქტს, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

მომჩივნის განმარტებით, აზერბაიჯანში ტვირთის ჩამოტვირთვა ხდება სამ ლოკაციაზე. აღნიშნული ტვირთი უნდა დაცლილიყო -----------, თუმცა მოხდა ცვლილება და ტვირთი დაიცალა -----------, საწვავი კი შევსებული იყო ქელბერექში ასასვლელად.

საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-15 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის ჯარიმის ნაცვლად შეიძლება გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს მხარეთა არგუმენტაციაზე, საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალიწინებით მიიჩნევს, რომ მომჩივანს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის ნაცვლად, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-15 ნაწილის საფუძველზე, სანქციის სახით უნდა შეეფარდოს გაფრთხილება.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2.05.2024 წლის №10548 ბრძანება;

3. ნაწილობრივ გაუქმდეს საბაჟო დეპარტამენტის 2.04.2024 წლის №EL246590 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

4. მომჩივანს, საბაჟო დეპარტამენტის 2.04.2024 წლის №EL246590 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ფულადი ჯარიმის ნაცვლად, შეეფარდოს გაფრთხილება;

5. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად;

6. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის (საწვავი) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა სატრანსპორტო საშუალების არასტანდარტული ავზით დიზელის ტიპის საწვავის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანის ფაქტს.

 

გადაწყვეტილება

მომჩივანს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის ნაცვლად, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-15 ნაწილის საფუძველზე, სანქციის სახით უნდა შეეფარდოს გაფრთხილება.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 163(1);168(3);