გადაწყვეტილება №23610/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№23610/2/2024
15 ნოემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს --- (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 7.11.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ----ს 31.07.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23610/2/2024).
დავის საგანი:
საბჭოს 13.12.2023 წლის №20654/2/2023 (რეგ. 25.01.2024წ. 03/5031) გადაწყვეტილების აღუსრულებლობა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2022 წლის №002-268 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 4.08.2023 წლის №19188 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 174 790 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 93 208
მოგების გადასახადი - 72 631
საშემოსავლო გადასახადი - 20 577
ჯარიმა - 39 882
საურავი - 41 700
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
კომპანია ფლობს სავაჭრო ცენტრს - მოლს ----ში და მისი საქმიანობაა სავაჭრო ცენტრში კომერციული ფართის გაყიდვა და გაქირავება. საერთაშორისო კონტროლირებადი ოპერაციების დროს საწარმოს მიერ დადგენილი ფასის საბაზრო პრინციპებთან შესაბამისობის და ამ ოპერაციებთან მიმართებაში ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებით განსაზღვრული ნორმების გამოყენების სისწორის დადგენის მიზნით აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა 1.01.2019 წლიდან 31.12.2021 წლის ჩათვლით საანგარიშო პერიოდებში კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 28.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2022 წლის №33667 ბრძანება და ამავე თარიღის №002-268 საგადასახადო მოთხოვნა, რომლებიც 2023 წლის 25 და 26 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 4.08.2023 წლის №19188 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამფუძნებელ იურიდიულ პირზე გადახდილი სესხის პროცენტზე კვალიფიკაციის შეცვლის და დივიდენდად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს კორექტირებას (შემცირებას). დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 4.08.2023 წლის №19188 ბრძანება არ დაკმაყოფილების ნაწილში გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 13.12.2023 წლის №20654/2/2023 (რეგ. 25.01.2024წ. 03/5031) გადაწყვეტილებით, საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 4.08.2023 წლის №19188 ბრძანება, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინებით, სადავო საკითხის (პარტნიორის წილის და მის მიერ განხორციელებული ინვესტიციის ნაწილში შემოწმების შედეგად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების) ხელახლა შესწავლა. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. მომჩივანი მომართავს საბჭოს 13.12.2023 წლის №20654/2/2023 (რეგ. 25.01.2024წ. 03/5031) გადაწყვეტილების აღუსრულებლობაზე.
მომჩივნის არგუმენტაცია
დავების განხილვის საბჭოს გადაწვეტილების გამოცემიდან გავიდა თითქმის 1 წელი და აუდიტის დეპარტამენტის მხრიდან ამ დრომდე გადაანგარიშება და დარიცხული თანხის შემცირება (ანულირება) არ მომხდარა. აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელთან არაერთი კომუნიკაციისა და წერილობით საჩივრის მიუხედავად დღემდე გაუგებარია, თუ როდის მოხდება დარიცხული თანხის ანულირება. პასუხი ერთი და იგივეა სწავლობენ აღნიშნულ საკითხს, მაშინ როცა შემოსავლების სამსახურის ბრძანების საფუძველზე ცალსახად მიცემული დავალებით დარიცხული თანხა სრულად უნდა შემცირებულიყო. აღნიშნული გარემოების გამო, კომპანიას დღემდე ადევს საგადასახადო გირავნობა, ხოლო საბანკო დაწესებულებებთან მიმართებაში აქვს პრობლემა, ვინაიდან დარიცხული თანხის არ მოხსნის გამო გაძნელებულია ახალი ფინანსური სახსრების მოძიება და კომპანიის მიერ დასახული გეგმების განხორციელება. ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შემოსავლების სამსახურის 4.08.2023 წლის №19188 ბრძანების მე-2 ნაწილის და ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 25.01.2024 წლის №20654/2/2023 გადაწყვეტილების მე-3 ნაწილის სრულად აღსრულება და დარიცხული თანხების ანულირება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მომჩივანს უფლება აქვს, მიმართოს დავის განმხილველ ორგანოს და მიაწოდოს მას ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების აღსრულების შეფერხების შესახებ.
მომჩივანი განმარტავს, რომ დავების განხილვის საბჭოს გადაწვეტილების გამოცემიდან გავიდა თითქმის 1 წელი და აუდიტის დეპარტამენტის მხრიდან ამ დრომდე გადაანგარიშება და დარიცხული თანხის შემცირება (ანულირება) არ მომხდარა. ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შემოსავლების სამსახურის 4.08.2023 წლის №19188 ბრძანების მე-2 ნაწილის და ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 25.01.2024 წლის №20654/2/2023 გადაწყვეტილების მე-3 ნაწილის სრულად აღსრულება და დარიცხული თანხების ანულირება. აღნიშნული მომართვის შემდგომ პერიოდში, შემოსავლების სამსახურის 4.08.2023 წლის №19188 ბრძანების აღსრულებაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილია 21.08.2024 წლის დასკვნა, რომლითაც სრულად შემცირდა 28.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე დარიცხული თანხა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 13.12.2023 წლის №20654/2/2023 (რეგ. 25.01.2024წ. 03/5031) გადაწყვეტილების აღსრულებაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილია 4.10.2024 წლის დასკვნა, რომელშიც მითითებულია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ განვითარებული ლოგიკა არ შეცვლილა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან ადმინისტრაციული ორგანოს, აუდიტის დეპარტამენტის მხრიდან ადგილი არ აქვს გადაწყვეტილების აღსრულების შეფერხებას, მომჩივნის არგუმენტი უსაფუძლოა და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
საბჭოს 13.12.2023 წლის №20654/2/2023 (რეგ. 25.01.2024წ. 03/5031) გადაწყვეტილების აღუსრულებლობა.
ფაქტობრივი გარემოებები
საერთაშორისო კონტროლირებადი ოპერაციების დროს საწარმოს მიერ დადგენილი ფასის საბაზრო პრინციპებთან შესაბამისობის და ამ ოპერაციებთან მიმართებაში ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებით განსაზღვრული ნორმების გამოყენების სისწორის დადგენის მიზნით აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 28.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში და გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 4.08.2023 წლის №19188 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამფუძნებელ იურიდიულ პირზე გადახდილი სესხის პროცენტზე კვალიფიკაციის შეცვლის და დივიდენდად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს კორექტირებას (შემცირებას).
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა. საბჭომ მიიჩნია, ვინაიდან ადმინისტრაციული ორგანოს, აუდიტის დეპარტამენტის მხრიდან ადგილი არ აქვს გადაწყვეტილების აღსრულების შეფერხებას, მომჩივნის არგუმენტი უსაფუძლოა და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 ,1 გ.