ბრძანება N 32946
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 32946
26 დეკემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-----“-ს (ს/ნ -----)
(მის.: -------)
2023 წლის 8 სექტემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 14 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №130) განიხილა შპს „-----“-ს (ს/ნ -----) 2023 წლის 8 სექტემბრის №83500/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 10 აგვისტოს №005-130 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვის საფუძვლით სალაროდან გადახდილი თანხის მოგების გადასახადით დაბეგვრას და განმარტავს, რომ აღნიშნული თანხა არის სესხი და მისი არაეკონომიკურ ხარჯად მიჩნევა დაუშვებელია. მიუთითებს, რომ შპს „------ზე“ მიწოდებული მომსახურების თანხები არ არის 885 600 ლარი და არ ემთხვევა ------გან მიღებული სესხის თანხას. აღნიშნავს, რომ მიწოდებული მომსახურების ღირებულება შეადგენს 927 355 ლარს, ხოლო მომსახურების გაწევის პერიოდი კი არის 2014 წლის 1 დეკემბერი, რაც დასტურდება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით.
საჩივრის ავტორის არგუმენტაციით, საგადასახადო შემოწმების მიერ შეცდომით არის მიჩნეული სესხისა და შპს „-----ზე“ მიწოდებული მომსახურების თანხების ტოლობა და ამის საფუძველზე დამატებით მოგების გადასახადის დაკისრება. აქედან გამომდინარე, გადამხდელი აღნიშნავს, რომ არამართლზომიერად არის განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები. აცხადებს, რომ აღებული სესხის თანხების დიდი ნაწილი არარეზიდენტი საწარმოსგან მიღებულია შპს „-----ზე“ მომსახურების გაწევამდე, რაც გამორიცხავს სესხის არამიზნობრივად აღებას და თანხების მიღებას „-----ს“ დავალიანების დასაფარად.
გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ მისთვის გაუგებარია რის საფუძველზე იქნა მიჩნეული ----- და შპს „-----“ ურთიერთდამოკიდებულ პირებად. ასევე, აცხადებს, რომ სესხის თანხა 450 000 დოლარის ეკვივალენტი ლარებში არანაირად არ გამოდის 885 600 ლარი. აგრეთვე, მიუთითებს, რომ სესხით მიღებული თანხები არ რჩებოდა კომპანიის ანგარიშზე და გამოიყენებოდა კომპანიის მიმდინარე პერიოდის სხვადასხვა ხარჯების გასასტუმრებლად. მომჩივანი ასევე მიუთითებს საგადასახადო შემოწმების აქტში დაშვებულ ტექნიკური ხასიათის უზუსტობებზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულად გამომდინარე, გადასახადის გადამხდელი ითხოვს დამატებით დარიცხული გადასახადის, ჯარიმის და საურავის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 23 თებერვლის №3434 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-----“-ს (ს/ნ -----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 28 ივლისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 10 აგვისტოს №19728 ბრძანება და ამავე თარიღის №005-130 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 229 491 ლარი, მათ შორის, გადასახადი 115 235 ლარი, ჯარიმა 59 903 ლარი, საურავი 54 353 ლარი.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
შემოწმებით დადგინდა, რომ შპს „-----“-მ 2014 წლის ნოემბერში გაუწია მომსახურება შპს „------ს“ მეტალო-კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით (სამაცივრე მეურნეობისთვის). შესრულებული სამუშაოს ღირებულება განისაზღვრა თანხით 885 600 ლარი. აღნიშნულ თანხაზე წარმოეშვა მოთხოვნის უფლება შპს „------“-ს შპს „-----ს“ მიმართ. 2014 წლის დეკემბერში შპს „------“-მ გააფორმა სესხის ხელშეკრულება ------სთან (------) (რომელიც არის ასევე შპს „------ს“ ურთიერთდამოკიდებული კომპანია-არარეზიდენტი კომპანიის და შპს „------ს“ დამფუძნებლები არიან ოჯახის წევრები). სესხის ხელშეკრულებით 450 000$ გადაეცა შპს „-----“-ს (წლიური 1%-იანი სარგებლით). აღნიშნულმა სესხის თანხამ აღების მომენტში შეადგინა 885 600 ლარი-რაც თავიდანვე გულისხმობდა იმას, რომ შპს „----“-ს მიმართ რსებული ვალის დასაფარად იყო გაცემული. 2020 წლის დეკემბერში სამივე კომპანიას შორის გაფორმდა სამმხრივი ხელშეკრულება ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის შესახებ, კერძოდ 885 600 ლარის ნაწილში მოთხოვნები გაიქვითა, ხოლო კურსთაშორის სხვაობით და ე.წ. პროცენტის სახით წარმოშობილი თანხა ჯამში 678 902 ლარი (მ/შ 91 435 ლარი პროცენტი) გადაუხადა სალაროდან შპს „-----“-მ ------ს. შემოწმების მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოხდა სამეურნეო ოპერაციის კვალიფიკაციის შეცვლა და მიჩნეულ იქნა, რომ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარს. კერძოდ დაუსაბუთებლად წარმოშვა შპს „-----“-ს ვალდებულება -----ის მიმართ. შემოწმებამ მიიჩნია, რომ აღნიშნული გადახდა (სალაროდან) არ წარმოადგენს კომპანიის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებულ ხარჯს. შესაბამისად, შემოწმების მიერ 678 902 ლარი (დარიცხული), საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, დაიბეგრა მოგების გადასახადით. საწარმოს დაერიცხა მოგების გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
საკითხის შეფასებიდან გამომდინარე, ვინაიდან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, მოხდა ე.წ. სესხის ხელშეკრულების მიმართ კვალიფიკაციის შეცვლა. კერძოდ, მიჩნეულ იქნა, რომ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. კომპანიის მიერ 2020 წლის დეკემბერში დეკლარირებული ე.წ. სესხის პროცენტის ნაწილში წყაროსთან დაკავებული გადასახადი, შემოწმების მხრიდან დაექვემდებარა შემცირებას.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება.
ამავე კოდექსის 98-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოგების გადასახადის განაკვეთია 15 პროცენტი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, ასევე აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით დგინდება, რომ 2014 წლის ნოემბერში შპს „-----“-მ შპს „-----ს“ მიაწოდა მეტალო-კონსტრუქციები (მაცივრებისთვის), რომლის ღირებულება იყო 885 600 ლარი. 2014 წლის დეკემბერში შპს „------“-მ გააფორმა სესხის ხელშეკრულება შპს „------ს“ ურთიერთდამოკიდებულ კომპანიასთან -----სთან (კომპანიების დამფუძნებლები არიან ოჯახის წევრები) (-------). სესხის ხელშეკრულებით წლიური 1%-იანი სარგებლით 450 000 დოლარი გადაეცა შპს „-----“-ს. აღნიშნულმა სესხის თანხამ აღების მომენტში შეადგინა 885 600 ლარი. 2020 წლის დეკემბერში ზემოხსენებულ სამივე კომპანიას შორის გაფორმდა სამმხრივი ხელშეკრულება ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის შესახებ, კერძოდ, 885 600 ლარის ნაწილში მოთხოვნები გაიქვითა, ხოლო კურსთაშორის სხვაობით წარმოშობილი თანხა (მათ შორის პროცენტი) შპს „------“-მ სალაროდან გადაუხადა -------ს. შემოწმებამ აღნიშნულ სამეურნეო ოპერაციას შეუცვალა კვალიფიკაცია და მიიჩნია, რომ აღნიშნული არ წარმოადგენს კომპანიის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებულ ხარჯს. აქედან გამომდინარე, შემოწმების მიერ სალაროდან გადარიცხული თანხა დაიბეგრა მოგების გადასახადით. ასევე, შემცირებას დაექვემდებარა 2020 წლის დეკემბერში დეკლარირებული ე.წ. სესხის პროცენტის ნაწილში წყაროსთან დაკავებული გადასახადი.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სამეურნეო ოპერაციაზე კვალიფიკაციის შეცვლა, სალაროდან გადახდილი თანხის არაეკონომიკურ ხარჯად განხილვა და მოგების გადასახადით დაბეგვრა, შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია შემოწმებით დამატებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „------“-ს (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვის საფუძვლით სალაროდან გადახდილი თანხის მოგების გადასახადით დაბეგვრას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმებით დადგინდა, რომ 2014 წლის ნოემბერში მომჩივანმა შპს -ს მიაწოდა მეტალო-კონსტრუქციები (მაცივრებისთვის), რომლის ღირებულება იყო 885 600 ლარი. 2014 წლის დეკემბერში მომჩივანმა გააფორმა სესხის ხელშეკრულება შპს -ს ურთიერთდამოკიდებულ კომპანიასთან (კომპანიების დამფუძნებლები არიან ოჯახის წევრები). სესხის ხელშეკრულებით წლიური 1%-იანი სარგებლით 450 000 დოლარი გადაეცა მომჩივანს. აღნიშნულმა სესხის თანხამ აღების მომენტში შეადგინა 885 600 ლარი. 2020 წლის დეკემბერში ზემოხსენებულ სამივე კომპანიას შორის გაფორმდა სამმხრივი ხელშეკრულება ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის შესახებ, კერძოდ, 885 600 ლარის ნაწილში მოთხოვნები გაიქვითა, ხოლო კურსთაშორის სხვაობით წარმოშობილი თანხა (მათ შორის პროცენტი) მომჩივანმა სალაროდან გადაუხადა შპს -ს ურთიერთდამოკიდებულ კომპანიას. შემოწმებამ აღნიშნულ სამეურნეო ოპერაციას შეუცვალა კვალიფიკაცია და მიიჩნია, რომ აღნიშნული არ წარმოადგენს კომპანიის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებულ ხარჯს. აქედან გამომდინარე, შემოწმების მიერ სალაროდან გადარიცხული თანხა დაიბეგრა მოგების გადასახადით. ასევე, შემცირებას დაექვემდებარა 2020 წლის დეკემბერში დეკლარირებული ე.წ. სესხის პროცენტის ნაწილში წყაროსთან დაკავებული გადასახადი.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია შემოწმებით დამატებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9"ბ"), 19(1), 97(1"ბ"), 982(1"ბ").