გადაწყვეტილება №18771/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№18771/2/2023
2.03.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი:: „----------“ (ს/ნ ------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 2.03.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება -------------ის 2.02.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18771/2/2023).
დავის საგანი:
კომერციული ფართის რეალიზაციის შედეგად დარიცხული დღგ.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტი;
2. აუდიტის დეპარტამენტის 13.07.2022 წლის №18403 ბრძანება;
3. აუდიტის დეპარტამენტის 13.07.2022 წლის №070-11 საგადასახადო მოთხოვნა;
4. შემოსავლების სამსახურის 30.11.2022 წლის №29843 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 48 431 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 32 186
ჯარიმა - 8 941
საურავი - 7 304
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების შესრულების სისწორის დადგენის მიზნით აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.05.2022 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 30.06.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ:
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების შესწავლით გადასახადის გადამხდელს 30.03.2021 წელს უფიქსირდება უძრავი ქონების, კერძოდ, კომერციული ფართის (ს/კ -------------) რეალიზაცია 211 000 ლარად. საგადასახადო კოდექსის 159-ე და 165-ე მუხლების მიხედვით, ვინაიდან გადასახადის გადამხდელის შემოსავლები აჭარბებს 100 000 ლარს, პირს წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება. შესაბამისად, კომერციული ფართის რეალიზაცია დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას. შედეგად, მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 13.07.2022 წლის №18403 ბრძანება და ამავე თარიღის №070-11 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული აქტები 12.08.2022 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 30.11.2022 წლის №29843 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ფართის საცხოვრებელი დანიშნულებით გამოყენების დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, კერძოდ, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ შედგენილი ოქმი ფაქტების კონსტატაციის შესახებ;
ბ) ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 30.11.2022 წლის №29843 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ საჯარო რეესტრში ფართი რეგისტრირებულია როგორც მშენებარე კომერციული ფართი, თუმცა განკუთვნილია საცხოვრებელი მიზნებისთვის, ხოლო კომუნალური გადასახადი მოდის საყოფაცხოვრებო ტარიფით. მიუთითებს, რომ მშენებარე სტატუსის მოხსნისთანავე, ფართი დარეგისტრირდებოდა როგორც საცხოვრებელი ბინა.
სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ფართის საცხოვრებელი დანიშნულებით გამოყენების დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, კერძოდ, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ შედგენილი ოქმი ფაქტების კონსტატაციის შესახებ. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
სადავო ფართი საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია როგორც მშენებარე კომერციული ფართი. მაგრამ ფართი განკუთვნილია, როგორც საცხოვრებელ ფართი. როგორც კი მშენებარე სტატუსი მოეხსნებოდა ამ ფართს სტატუსი შეეცვლებოდა როგორც საცხოვრებელი ბინა. აღნიშნულს მოწმობს ის ფაქტი რომ ბინაში კომუნალურების გადასახადი მოდის როგორც საყოფაცხოვრებო და არა კომერციული.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე რეალურად აღნიშნული ფართი არის საცხოვრებელი ბინა და არა კომერციული ფართი. თუ მაინც და მაინც საუბარია რომ აღნიშნული ფართი დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, მაშინ მყიდველს უნდა მიეცეს უფლება მისი შეძენის შედეგად მიიღოს დღგ-ის ჩათვლა. მშენებარე კომპანიამ გამოწერა დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურა.
ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და მეტიც მან თავისი გადაწყვეტილება დააფუძნა იმ მტკიცებულებებზე, რომლებიც სათანადოდ არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. სწორედ ამიტომ საგადასახადო ორგანოს მიერ სადაო ადმინისტრაციული აქტების გამოცემისას უხეშადაა დარღვეული საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმები (საგადასახადო ორგანოებისა და გადასახადის გადამხდელის უფლება-ვალდებულებების ნაწილში), ასევე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილი და ამავე კოდექსის 96-ე მუხლი, რაც თავის მხრივ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის შესაბამისად სადაო (გასაჩივრებული) ადმინისტრაციული აქტების ბათილობის საფუძველია.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ერთჯერადი/არარეგულარული ხასიათის მიუხედავად, ნებისმიერ შემთხვევაში, ეკონომიკურ საქმიანობად განიხილება არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობის/ნაგებობის მიწოდება.
ამავე კოდექსის 165-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით:
1. დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.
2. დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
ამავე კოდექსის 163-ე მუხლის პირველი, მე-2 ნაწილების და მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
6. თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება, გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.
ამავე კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
მომჩივანი განმარტავს, რომ სადავო ფართი საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია როგორც მშენებარე კომერციული ფართი. მაგრამ ფართი განკუთვნილია, როგორც საცხოვრებელ ფართი. როგორც კი მშენებარე სტატუსი მოეხსნებოდა ამ ფართს სტატუსი შეეცვლებოდა როგორც საცხოვრებელი ბინა. აღნიშნულს მოწმობს ის ფაქტი რომ ბინაში კომუნალურების გადასახადი მოდის როგორც საყოფაცხოვრებო და არა კომერციული. თუ მაინც და მაინც საუბარია რომ აღნიშნული ფართი დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, მაშინ მყიდველს უნდა მიეცეს უფლება მისი შეძენის შედეგად მიიღოს დღგ-ს ჩათვლა. მშენებარე კომპანიამ გამოწერა დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურა.
შემოსავლების სამსახურის 30.11.2022 წლის №29843 ბრძანებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ფართის საცხოვრებელი დანიშნულებით გამოყენების დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, კერძოდ, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ შედგენილი ოქმი ფაქტების კონსტატაციის შესახებ. მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე განმარტა რომ შემოსავლების სამსახურის 30.11.2022 წლის №29843 ბრძანების შესაბამისად მომჩივნის მიერ წარდგენილი შესაბამისი მტკიცებულებებით შემოწმების აქტით დარიცხული თანხა სრულად შემცირდა, რაზეც შედგენილია შესაბამისი დასკვნა და რომლის საფუძველზეც გამოცემული და მომჩივანთან გაგზავნილია აუდიტის დეპარტამენტის ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართებულია, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტის გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.