ბრძანება N 8591
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 8591
20.04.2023
შპს „-------------“-ის (ს/ნ ------------)
(მის.: -------------------)
2023 წლის 5 და 23 თებერვლის საჩივრების
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 5 აპრილის სხდომაზე (ოქმი №35) განიხილა შპს „-----------“-ის (ს/ნ -----------) №78847/1/2023 და №467376 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 31 იანვრის ID: -------- შესაგებელთან დაკავშირებით.
მომჩივნის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების მოთხოვნის თაობაზე უარის თქმის შესახებ შესაგებელს და უთითებს, რომ ზედმეტობის დაბრუნებას ითხოვს 2022 წლის 14 მარტიდან, რაზეც 18-ჯერ ეთქვათ დაუსაბუთებელი უარი. სხვადასხვა ჯერზე მოყვანილია სხვადასხვა მიზეზები. ბოლო ეტაპზე 2023 წლის 13 იანვარს უარი ეთქვათ იმ მიზეზით, რომ არ იყო წარდგენილი საბანკო ამონაწერი სავალუტო ანგარიშებიდან, თუმცა გადამხდელს არ გააჩნია სავალუტო ანგარიშები. აღნიშნულის შემდგომ წარდგენილ მოთხოვნაზე უარი ეთქვათ იმ საფუძვლით, რომ გადამხდელს არ უფიქსირდება დივიდენდის გაცემა. აღნიშნავს, რომ დამფუძნებლის ხარჯებით შეიძინეს სავაჭრო ფართისთვის შენობა. დღეისთვის შემოსავალს წარმოადგენს აღნიშნული ფართის იჯარით გაცემიდან მიღებული თანხები, ასევე საწესდებო კაპიტალი არ აქვთ ამოწურული, შესაბამისად, არ მოეთხოვებათ დივიდენდის გაცემა. აღნიშნულის გათვალისწინებით, აცხადებს, რომ მითითებული მიზეზი არაერალურია და ითხოვს ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალების მიხედვით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელმა 2023 წლის 19 იანვარს შემოსავლების სამსახურში წარადგინა „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა“ ზედმეტად გადახდილი გადასახადის თანხის დაბრუნების შესახებ. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 31 იანვრის ID: 12042236 შესაგებლით გადასახადის გადამხდელს უარი ეთქვა წარდგენილი „მოთხოვნის“ დაკმაყოფილებაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური, თვითმმართველი ერთეულების, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირების და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების შემოსულობათა აღრიცხვა-ანგარიშგება და ანგარიშსწორების შესახებ“ ინსტრუქციის VI1 თავის 135 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად. კერძოდ, შესაგებელში მითითებულია შემდეგი: „გადასახადის გადამხდელს არ უფიქსირდება დივიდენდის გაცემა.“
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახდო კოდექსის 63-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, თუ გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხა აღემატება დარიცხული გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას, საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის საფუძველზე, ამ მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 1 თვისა უბრუნებს გადასახადის გადამხდელს ზედმეტად გადახდილ თანხას.
ამავე კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არის პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილი მოთხოვნა გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების შესახებ, რომლის შესრულებაც სავალდებულოა საგადასახადო ორგანოსათვის ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
2. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის საფუძველია გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) ზედმეტად გადახდილი თანხა.
3. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა შესრულებულად ითვლება მოთხოვნილი თანხის გადახდის მომენტიდან.
4. თუ საგადასახადო ორგანო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უსაფუძვლოა, იგი ვალდებულია მოთხოვნის მიღებიდან 20 დღის ვადაში გადასახადის გადამხდელს წარუდგინოს დასაბუთებული შესაგებელი.
5. პირს უფლება აქვს, საგადასახადო ორგანოს შესაგებელი გაასაჩივროს ამ კოდექსით დადგენილი წესით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური, თვითმმართველი ერთეულების, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირების და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების შემოსულობათა აღრიცხვა-ანგარიშგება და ანგარიშსწორების შესახებ“ ინსტრუქციის VI1 თავით დადგენილია ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნების დამატებითი პროცედურები და „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნაზე“ წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა.
ამავე ინსტრუქციის 131 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნების მიზნით გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია მიმართოს საგადასახადო ორგანოს და წარადგინოს „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა“ (შემდგომში - „მოთხოვნა“), რომელსაც უნდა დაურთოს ამ თავით გათვალისწინებული დოკუმენტები.
ამავე ინსტრუქციის 135 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუქნტის თანახმად, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, „მოთხოვნაზე“ უარის თქმის საფუძველია, თუ შეუსაბამობა გამოვლინდა ამ ინსტრუქციის 134 მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საკითხის შესწავლისას ან/და სახეზეა გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურის დაბეგვრაზე წარუდგენლობა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნულიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, დასარიცხად გამოანგარიშებული გადასახადის/სანქციის თანხა არ ამცირებს სალდირებული ზედმეტობის მაჩვენებელს „მოთხოვნაში“ მითითებული დასაბრუნებელი თანხის ფარგლებში, ან როდესაც სავარაუდოდ, გამოანგარიშებული გადასახადის/სანქციის თანხის დარიცხვის შედეგად გადამხდელს მაინც უფიქსირდება სალდირებული ზედმეტობა. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, მატერიალური ან ელექტრონული ფორმით, გადამხდელს მიეთითება ხსენებული შეუსაბამობების აღმოფხვრაზე და საგადასახადო ორგანოს შესაბამისი თანამშრომლის მიერ სათანადო პროცედურები შესაძლო დასაბრუნებელი თანხის ფარგლებში განხორციელდება გადამხდელის მიერ აღნიშნული შეუსაბამობების აღმოფხვრის შემთხვევაში. ამასთან, შეუსაბამობის აღმოფხვრის შესახებ მითითებიდან მათ აღმოფხვრამდე ინტერვალში, ამ ინსტრუქციის 134 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადის დინება ჩერდება, საგადასახადო ორგანოს მიერ მითითებულ ვადაში შეუსაბამობების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში კი გადამხდელს გაეგზავნება შესაგებელი).
შემოსავლების სამსახური მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა წარდგენილი მოთხოვნის შესწავლა, რა ეტაპზეც დადგინდა, რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არ უფიქსირდება დივიდენდის გაცემა. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვაანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ ინსტრუქციის 135 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო შესაგებელი აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-----------“-ის (ს/ნ ----------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების მოთხოვნის თაობაზე უარის თქმის შესახებ შესაგებელს და ითხოვს ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებას.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელმა 2023 წლის 19 იანვარს შემოსავლების სამსახურში წარადგინა „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა“ ზედმეტად გადახდილი გადასახადის თანხის დაბრუნების შესახებ. აუდიტის დეპარტამენტის შესაგებლით გადასახადის გადამხდელს უარი ეთქვა წარდგენილი „მოთხოვნის“ დაკმაყოფილებაზე. შესაგებელში მითითებულია შემდეგი: „გადასახადის გადამხდელს არ უფიქსირდება დივიდენდის გაცემა.“
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო შესაგებელი აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 63(1), 65.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 30.12.2009 წლის N 916 ბრძანება.