გადაწყვეტილება №19721/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19721/2/2023
03 იანვარი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ „------“)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,30.11.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------“-ის 19.05.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19721/2/2023).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 5.04.2021 წლის №9989 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 9.02.2023 წლის №005-18 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 4.05.2023 წლის №9822 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 1 009 428,47 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 483 417
დღგ - 271 003
საშემოსავლო გადასახადი - 212 414
ჯარიმა - 231 564
საურავი - 294 447,47
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
მომჩივნის საქმიანობაა სადღესასწაულო საქონლის იმპორტი შემდგომი რეალიზაციის მიზნით, როგორც საცალოდ ისე საბითუმოდ.
აუდიტის დეპარტამენტის 7.12.2020 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2017 წლიდან 1.06.2020 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა 2017-2020 წწ შეადგენს 3 830 712 ლარს. კომპანიის ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ადგილზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 3.08.2020 წლის №22370 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რომლის მიხედვითაც დაანგარიშებულ იქნა საქონლის კატეგორიების მიხედვით შესაბამისი ფასნამატი.
საგადასახადო ორგანომ მიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული შემოსავლების ზუსტად განსაზღვრისათვის ვერ ხერხდება უსაბუთოდ რეალიზებული საქონლის ღირებულების დადგენა. შედეგად, დაბეგვრის ობიექტი განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. არაპირდაპირი მეთოდით კომპანიის შემოსავლების დათვლისას გამოყენებული იქნა ინვენტარიზაციის ფასნამატი საქონლის ჯგუფების მიხედვით.
გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ბუღალტრული პროგრამის (ორისი) და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზის შედეგად, გაიმიჯნა დოკუმენტურად და დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონელი. უსაბუთოდ რეალიზებული საქონელი ჩაითვალა საცალო რეალიზაციად და გავრცელებულ იქნა ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი ფასნამატი საქონლის კატეგორიების მიხედვით, რამაც გამოიწვია გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების კორექტირება. შედეგად გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.
მთლიან შესამოწმებელ პერიოდში მიღებული/მისაღები შემოსავლისა და გადახდილი/გადასახდელი თანხების მიხედვით გაკეთებული ფულადი ნაკადების მოძრაობის ანალიზის შედეგად მიღებული ფულადი შემოსავლების ის ნაწილი, რომელიც გადამხდელს არ ჰქონდა აღრიცხული შემოსავლად, დაკვალიფიცირდა კომპანიის დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებითი ბარათის შესაბამისად აღნიშნული თანხის ნაწილით პირველ რიგში დაიფარა დამფუძნებლისგან სესხად აღებული თანხის ნაშთი, რაც შეადგენდა 944 837 ლარს. დარჩენილი თანხა დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 15.12.2020 წლის №005-290 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 5.04.2021 წლის №9989 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
- არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის და დადგენილი ფასნამატის ოდენობის საკითხთან დაკავშირებით:
ა) არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ);
ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
- არაპირდაპირი მეთოდით გამოთვლილი შემოსავლის დირექტორის ხელფასად განხილვის საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი შემოსავლის, დეკლარირებულ მონაცემებთან შედარებით გამოვლენილი სხვაობის ხელფასად განხილვის საკითხი შეისწავლოს ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების და შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №5) გათვალისწინებით და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 5.04.2021 წლის №9989 ბრძანების აღსრულების შედეგად შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 26.01.2023 წლის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა დამატებითი ინფორმაცია, კერძოდ დამატებით იქნა გაშიფრული დოკუმენტურად რეალიზებული ის პროდუქცია, რომელთა რეალიზაციის დოკუმენტებში (სასაქონლო ზედნადები) ზომის ერთეულად მითითებული იყო შეკვრა ან სხვა და რომელთა იდენტიფიცირება საგადასახადო შემოწმების დროს, დოკუმენტური ფასნამატის გაანგარიშებისას ვერ მოხერხდა. მოწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით მოხდა დოკუმენტურად დადასტურებული ფასნამატის კორექტირება. შედეგად, გადაანგარიშებას (შემცირებას) დაექვემდებარა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და შესაბამისად საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული გადასახადი და ჯარიმა. საშემოსავლო გადასახადის ნაწილში საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები კორექტირებას (შემცირებას) დაექვემდებარა აღნიშნული საკითხის შესწავლის შედეგებისა და შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №5) გათვალისწინებით. გადაანგარიშების შედეგად კომპანიას შეუმცირდა დარიცხული გადასახადი და ჯარიმა.
აუდიტის დეპარტამენტის 26.01.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 9.02.2023 წლის №005-18 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 4.05.2023 წლის №9822 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე და 304- ე მუხლის 21 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ გადაანგარიშების ეტაპზე შემოწმების მიერ დამატებით იქნა გაშიფრული დოკუმენტურად რეალიზებული ის პროდუქცია, რომელთა რეალიზაციის დოკუმენტებში (სასაქონლო ზედნადები) ზომის ერთეულად მითითებული იყო შეკვრა ან სხვა და რომელთა იდენტიფიცირება საგადასახადო შემოწმების დროს დოკუმენტური ფასნამატის გაანგარიშებისას ვერ მოხერხდა. აღნიშნულის საფუძველზე, შემოწმებისთვის მიწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით, განხორციელდა დოკუმენტურად დადასტურებული ფასნამატის კორექტირება, რის შედეგად შემცირდა დამატებული ღირებულების გადასახადში საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები.
აგრეთვე, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტს დავალებული ჰქონდა არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი შემოსავლის, დეკლარირებულ მონაცემებთან შედარებით გამოვლენილი სხვაობის ხელფასად განხილვის საკითხის ფასნამატის გადაანგარიშების ნაწილში შესრულების შედეგების და შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №5) გათვალისწინებით შესწავლა, რაც აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესრულდა ნაწილობრივ, კერძოდ საშემოსავლო გადასახადის ნაწილში საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები, კორექტირებას (შემცირებას) დაექვემდებარა პირველი სადავო საკითხის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, ხოლო გადასახადის გადამხდელი მიერ არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული თანხების დივიდენდად ან სესხად განხილვის მოთხოვნასთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ საგადასახადო შემოწმების დროს გაანგარიშებული იქნა 1.01.2008 წლიდან 1.01.2017 წლამდე მიღებული ფინანსური მოგებიდან შესამოწმებელ პერიოდში გასანაწილებელი/განაწილებული მოგების ოდენობა, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული ჩანაწერების მიხედვით, საწარმოს 1.01.2017 წლისთვის გაუნაწილებელი მოგების ნაშთი ჰქონდა 252 446 ლარი. ამასთან, საგადასახადო შემოწმებით მოცულ პერიოდში საწარმოს განაწილებული ჰქონდა აღნიშნული მოგების ნაშთი (252 445 ლარი), საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნათა შესაბამისად, საწარმოს ჩათვლილი ქონდა 1.01.2008 წლიდან 1.01.2017 წლამდე მიღებული წმინდა მოგებიდან დივიდენდის განაწილებისას ამავე საანგარიშო პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხა (44 549 ლარი), რომელიც საგადასახადო შემოწმების შედეგად არ შეცვლილა. ხოლო, შემოწმებით გამოვლენილი თანხების სესხად განხილვასთან მიმართებით, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის ზეპირსიტყვიერი განმარტებით, გადასახადის გადამხდელს, შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №5) გათვალისწინებით, არ მიუმართავს შესაბამისი განცხადებით მითითებული თანხის სესხად გადაკვალიფიცირებასთან დაკავშირებით.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანია ახორციელებს პიროტექნიკით საბითუმო ვაჭრობას, მაგრამ იმის გამო, რომ მისი ცენტრალური ლოკაცია მდებარეობს ლილოში, არ უნდა ჩაითვალოს, რომ გადამხდელი წარმოადგენს საცალოდ მოვაჭრე ობიექტს.
შესამოწმებელ პერიოდში სულ 1 740 000 ლარის ჩეკია ამობეჭდილი, რომელთაგან ერთჯერადად 200 ლარზე ზემოთ ამობეჭდილი ჩეკების მოცულობა 84%-ზე მეტია, ხოლო ერთჯერადად 500 ლარზე მეტი ღირებულების ჩეკების მოცულობა 77%-ს აღემატება. შესაბამისად ცალსახაა, რომ პროდუქცია ძირითადად იყიდება ე.წ. „გადამყიდველებზე“, რომლებიც არ ითხოვენ სასაქონლო ზედნადებს.
აღნიშნულის გამო, ინვენტარიზაციის ფასების მიყენება და ე.წ. „შოუ რუმ“-ში გამოცხადებული სამარკეტინგო-საცალო ფასებით დაუშვებელია და არაშესადარისია ფასდაკლებების გათვალისწინების გარეშე. შემმოწმებელთა მხრიდან საინვენტარიზაციო ფიქსაციის მეთოდით ფასნამატის გამოყენება საბითუმო რეალიზაციაზე არ იქნება შესადარისი, ვინაიდან საგადასახადო კოდექსი განასხვავებს ტერმინს საბითუმოს და საცალოს. საბითუმო და საცალო რეალიზაციას შორის ცდომილება, მინიმუმ 80%-ია და ამდენად 155% საცალო ფასნამატია, ხოლო 50-70% საბითუმოა.
კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიაა მთლიანი კონტეინერის რეალიზება მოხდეს უმოკლეს დროში მაქსიმალური მოგების მისაღებად, არა ცალზე არამედ მთელს პარტიაზე ორიენტაციით.
ამდენად ინვენტარიზაციის (საცალო) ფასნამატის გამოყენება არარელევანტურია, როგორც ფასდაკლებების და ფასების, ასევე სარეალიზაციო საქონლის სწრაფი ცვალებადობის გამო, ვინაიდან მოგების მარჟის გაანგარიშება მთლიან პარტიაზე ან კონტეინერზე ხდება რეალიზაციის ვადის გათვალისწინებით.
შემოსავლების სამსახურმა გადამხდელს მისცა საშუალება მტკიცებულებების წარდგენის შესახებ, მაგრამ არ იყო გაკეთებული ზუსტი მიმართულება, ფასნამატის და მისი მაქსიმალური ზღვრული მონაცემების შერჩევის მეთოდის შესახებ. იმის გათვალისწინებით, რომ შემოსავლების სამსახურის 5.04.2021 წლის №9989 ბრძანებაში არ არის მითითებული ზუსტი მეთოდი, სავარაუდოდ აუდიტის დეპარტამენტს უნდა გამოეყენებინა შემოსავლების სამსახურის 2.04.2012 წლის №5568 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური სახელმძღვანელო და კერძოდ მე-14 თავი, რომლის მიხედვითაც ფასნამატის გამოყენებისას ერთი მეთოდი უნდა იქნეს შერჩეული, რომელიც შესაძლოა გაიტესტოს სხვა მეთოდებით და არჩეულ იქნეს ერთი ზუსტი შესატყვისი ბიზნესის სპეციფიკის გათვალისწინებით.
გარდა აღნიშნულისა, არსებობს საუკეთესო საგადასახადო პრაქტიკა, რომლის ანალიზის თანახმად, შესაძლოა გამოიკვეთოს საკუთრივ კომპანიის დოკუმენტური ფასნამატი და მისი პრიორიტეტი სხვა დანარჩენ მეთოდებთან მიმართებით (ინვენტარიზაცია, საკონტროლო შესყიდვა, მესამე პირთა აუდირებული ფასნამატი, ინტერვიუ და სხვა). ერთ-ერთი მეთოდური მითითებით დაიშვება დოკუმენტური პრიმატი იმ შემთხვევაში, როდესაც კომპანიაში დოკუმენტები ფორმდება გარიგებათა 5%- ზე მაინც. კომპანიის დოკუმენტური რეალიზაცია მთლიანი ბრუნვის 65%-ია, რაც ტოვებდა მოლოდინს, რომ ფასნამატის დათვლისას პირველი პრიორიტეტით იქნებოდა გაანგარიშებული დოკუმენტურ რეალიზაციაზე დაყრდნობით. აღნიშნული მეთოდოლოგიით გამოყვანილი ფასნამატი (გარიგებათა 65%- ზე მეტი წარმოადგენს 50%-70%-იან დიაპაზონს), ხოლო აუდიტის მიერ აღებულ იქნა პირველ ჯერზე 400%-იანი, ხოლო მეორე ჯერზე 300%-იანი ჭერი. გადაანგარიშების ცალკეულ პერიოდებში იყო გარკვეული თანხმობა ფასნამატის ოდენობა გავრცელებულიყო დოკუმენტური რეალიზაციით განსაზღვრული ფასნამატების გათვალისწინებით, თუმცა გაანგარიშება საბოლოოდ მაინც განხორციელდა არარეალური ფასების შესაბამისად (კომუნიკაციის პერიოდებში წარმოდგენილია რამდენიმე გაანგარიშების პროექტი). შესაბამის სამმართველოს მენეჯერებთან საკითხის გავლისას გადამხდელის პოზიციაზე თანხმობაც არსებობდა, თუმცა საბოლოო შედეგში სამწუხაროდ არ იქნა გათვალისწინებული. კერძოდ, შეთანხმების პერიოდში პიროტექნიკაზე ფასნამატიდან უნდა ამოღებულიყო არარეალური ფასნამატები (150-200%-ზე ზევით ფასნამატები), არარეალური ფასნამატის ამოღებით სწორად იქნებოდა გაანგარიშებები განხორციელებული.
ბაზარზე არსებული კონკურენციის გათვალისწინებით და იმის გათვალისწინებით, რომ ამ საქონლით გაჯერებულია ბაზარი და არსებობს რამდენიმე დიდი იმპორტიორი საქართველოში, რომელთან კონკურენცია მოცემული ორგანიზაციისთვის ისედაც დიდ გამოწვევას წარმოადგენს, შეუძლებელია საბითუმო რეალიზაცია ხორციელდებოდეს 200-300% ან მეტი მარჟით.
მიუხედავად დაპირებისა, ზემოაღნიშნული ფაქტები აუდიტის დეპარტამენტის მიერ საბოლოოდ არ იქნა გათვალისწინებული.
მეთოდოლოგიაში ე.წ პარალელური ფასნამატის გამოყენება დავების საბჭოს არ დაუდგენია და ისეთი სიახლეა, რომელიც არც ერთ მეთოდურ მითითებას თუ მენუალს არ შეესაბამება. ე.წ. პარალელური ფასნამატები - დოკუმენტურზე დოკუმენტური და არადოკუმენტურ რეალიზაციაზე ინვენტარიზაციის ფასნამატის გამოყენება, არც ერთ მენუალში თუ მითითებაში არ განუმარტავს დავების ორგანოებს. ფასნამატის დაზუსტების მიზნით მომჩივანს მიეცა წინადადებები, თუმცა აუდიტის დეპარტამენტმა არ გაითვალისწინა და არც კი განიხილა, შედეგად მხოლოდ არითმეტიკული რულერით ზედა ზღვარი ჩამოწია რამდენიმე პუნქტით და გადაანგარიშება დაასრულა, რომელიც შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებასთან პრინციპულ წინააღმდეგობაშია. რულერით ფასნამატის პროცენტის ჩამოწევა შემოსავლების სამსახურს არ დაუვალებია. შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია კომპანიის წინადადება განხილულიყო და განხილვის შედეგებით ეპასუხა კომპანიისთვის დასაბუთებულად და მოტივირებულად, რაც არ განხორციელდა და გამოვიდა, რომ გარიგებათა 10% (საცალო) გადავრცელდა 90% საბითუმოზე
განსახილველ შემთხვევაში აშკარად აუდიტის დეპარტამენტი იდგა დილემის წინაშე, დოკუმენტური ფასნამატის უარყოფით გამოეყენებინა თუ არა ორი მეთოდი ერთ აქტში, ან შეერჩია მეთოდი (მედიანა თუ მოხდა საცალო რეალიზაციაზე). აუდიტორის მიერ შესაძლებელი იყო განმარტებისთვის მიემართა გადაწყვეტილების მიმღები ორგანოსთვის, თუმცა არ განხორციელდა და დადგა მცდარი შედეგი, დაზარალდა გადამხდელის და სახელმწიფოს ინტერესები, გაშვებულია დრო.
არაპირდაპირი მეთოდით გადაანგარიშებული ე.წ. ვირტუალური ამონაგები თანხა, როგორც განაცემი კომპანიიდან შემოწმებას განხილული აქვს როგორც დირექტორის ხელფასი. გადაანგარიშების მიუხედავად მაინც დარჩა სოლიდური „ვირტუალური თანხობრივი სიდიდე“, რაც არსებული პრაქტიკით აუდიტორის მიერ მიიჩნევა კომპანიიდან ფულადი ნაკადის დირექტორზე ან დამფუძნებელზე განაცემად, თუმცა ამ შემთხვევაში №22708 მეთოდური მითითების საწინააღმდეგოდ განხილულია ხელფასად. ეს გარემოებაც წარმოადგენს შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღუსრულებლობას.
კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი ერთი და იგივე პირია. დამფუძნებელი ყოველწლიურად 2017-2018-2019-2020 წწ იღებს გადაწყვეტილებას დივიდენდის განაწილებაზე, იხდის მოგებისა და საშემოსავლო გადასახადებს და გააქვს დივიდენდი.
ზემოაღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით ცხადია, რომ არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული ვირტუალური ნაშთიც, ასეთის არსებობის შემთხვევაში განაწილდებოდა როგორც დივიდენდი და აუდიტორის არგუმენტი არაშესამოწმებელ პერიოდში (არც იყო ბრძანებით უფლებამოსილი და შემოწმების პერიოდი და ფარგლები არ გაზრდილა) რომელიღაც ბუღალტრულ ჩანაწერზე არარელევანტური აქცენტირებაა და მხოლოდ უსაფუძვლო მიზეზია, რომ არ გადაეანგარიშებინა თანხა. აუდიტორის წუხილი აქტით და დასკვნის დადგენილი ფაქტების შემდგომ რას მოიმოქმედებს კომპანია, ეს გახლავთ მომდევნო აუდიტორული შემოწმების საგანი.
2008-2016 წლებში გადამხდელს დეკლარირებული და გადახდილი აქვს მოგების გადასახადი, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია სალაროში არსებული ან წარმოქმნილი ნაშთის გატანა დივიდენდის სახით, რაც დავალებული იყო შემოსავლების სამსახურის მიერ №9989 ბრძანებით და მითითებული იყო შემოსავლების სამსახურის №22708 ბრძანებით დანართი №5-ით ხელმძღვანელობა. აღნიშნული უფლებამოსილების შეკვეცა არ არის აუდიტორის კომპეტენცია, ჩათვლა-გამოქვითვა გადამხდელის უფლებაა და აღიარებულია შემოსავლების სამსახურის №22708 ბრძანებით. ეს უფლება არ შეზღუდულა დავების საბჭოს №9989 გადაწყვეტილებით, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრდებოდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. ამ კომპონენტშიც დასკვნა წინააღმდეგობაშია შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებასთან.
უნდა დადგინდეს სალაროს ვირტუალური ნაშთი, გათვალისწინებულ იქნეს 2008-2016 წლებში დეკლარირებული 970 000 ლარამდე მოგება და გადახდილი მოგების გადასახადი 145 000 ლარი. შესაბამისად, ვირტუალური ნაშთის დამატებით გადათვლის შემთხვევაში, გადამხდელს უნდა მიეცეს უფლებამოსილება შესამოწმებელ პერიოდში გაიკეთოს მოგების გადასახადის ჩათვლა 145 000 ლარის ფარგლებში.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის, თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამავე კოდექსის 96-ე მუხლი ადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გამოკვლევის წესს, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
პირის უფლება - მიმართოს სახელმწიფოს ნებისმიერ საჯარო დაწესებულებას მისი ინტერესების დასაცავად, განეკუთვნება კონსტიტუციურ უფლებათა სისტემას. ადამიანის უფლებები იყოფა ორ ჯგუფად: მატერიალური და პროცედურული უფლებები. პირის პროცედურულ უფლებათა რიგს მიეკუთვნება ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის უფლება, შუამდგომლობათა აღძვრის უფლება, მტკიცებულებათა წარდგენის უფლება, სხდომაზე დასწრების და მონაწილეობის უფლება, მოსაზრებათა წარდგენის უფლება, გასაჩივრების უფლება და ა.შ. სწორედ, პროცედურული უფლებების კანონით დადგენილი ფორმებით რეალიზაცია აძლევს პირს შესაძლებლობას, დაიცვას ან აღიდგინოს თავისი მატერიალური უფლებები. სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნქციონირების პრინციპი გულისხმობს პროცედურული უფლებების შეუფერხებლად და დაუბრკოლებლად განხორციელებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, საფრთხე ექმნება მატერიალური უფლებების ჯეროვან რეალიზაციასა და დაცვას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, რომელიც ადმინისტრაციულსამართლებრივი ურთიერთობების მონაწილეთა პროცედურული უფლება-მოვალეობების საზოგადო წესებს დეტალურად განსაზღვრავს, მიზნად ისახავს ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, საჯარო ინტერესებისა და კანონის უზენაესობის დაცვის უზრუნველყოფას.
ადმინისტრაციულ წარმოებაში პირის მონაწილეობა უზრუნველყოფს არა მხოლოდ დაინტერესებული პირის მოლოდინს, რომ მის მიმართ გამოიცეს კანონიერი და დასაბუთებული აქტი, არამედ მის უფლებასაც, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს მისი მომზადების სტადიებზე, რათა ობიექტური ზეგავლენა მოახდინოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომელიც შესაძლოა მის მიმართ დადგეს. ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება ანუ მხოლოდ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება დიდწილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია, შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
ადმინისტრაციული კანონმდებლობის იმპერატიული დანაწესი ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტების როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი კუთხით დასაბუთების ვალდებულების თაობაზე ემსახურება მიღებული გადაწყვეტილების არა მომავალ დროში, არამედ საკითხის გადაწყვეტის დროისთვის არსებული მდგომარეობით დასაბუთებას. ადმინისტრაციულსამართლებრივ აქტში ცალსახად და არაორაზროვნად უნდა იყოს მითითებული ის კონკრეტული ფაქტობრივი და სამართლებრივი წინამძღვრები, რაც საფუძვლად უდევს მოთხოვნის უარყოფას და შეძლებისდაგვარად უნდა გამოირიცხოს ზოგადი ხასიათის ბუნდოვანი განმარტებები.
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, სწორედ რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით.
ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
მითითებულის გათვალისწინებით, ქმედების სამართალდარღვევად მიჩნევისათვის იგი უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო და მისი ჩადენა უნდა მოხდეს ბრალეულად. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია მიზეზობრივი კავშირის არსებობა ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს:
ა) მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა;
ბ) სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
შემოწმების შედეგად, გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული შემოსავლების ზუსტად განსაზღვრისათვის ვერ დადგინდა უსაბუთოდ რეალიზებული საქონლის ღირებულება. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 3.08.2020 წლის №22370 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რომლის მიხედვითაც დაანგარიშებულ იქნა საქონლის კატეგორიების მიხედვით შესაბამისი ფასნამატი. არაპირდაპირი მეთოდით კომპანიის შემოსავლების დათვლისას გამოყენებული იქნა ინვენტარიზაციის ფასნამატი საქონლის ჯგუფების მიხედვით. შემოწმების შედეგად მიღებული ფულადი შემოსავლების ის ნაწილი, რომელიც გადამხდელს არ ჰქონდა აღრიცხული შემოსავლად, დაკვალიფიცირდა კომპანიის დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებითი ბარათის შესაბამისად აღნიშნული თანხის ნაწილით პირველ რიგში დაფარულ იქნა დამფუძნებლისგან სესხად აღებული თანხის ნაშთი. დარჩენილი თანხა დაბეგრილი იქნა გადახდის წყაროსთან.
შემოსავლების სამსახურის 5.04.2021 წლის №9989 ბრძანებაში აღნიშნულია, რომ გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას და დადგენილი ფასნამატის ოდენობას. აცხადებს, რომ გადამხდელის მიერ დაშვებულია ტექნიკური შეცდომები, მაგალითად ზოგ შემთხვევაში შეკვრის ან ყუთის ნაცვლად მითითებულია ცალი, რამაც გამოიწვია ფასნამატის არასწორი ინტერპრეტაცია და საბოლოოდ გავლენა მოახდინა დოკუმენტური ფასნამატის ფორმირებაში. რეალური ფასნამატი 50%-70%-მდეა, მაშინ როდესაც შემოწმების მიერ დადგენილ იქნა 155%-იანი ფასნამატი. მზადაა წარმოადგინოს გაანგარიშებები ფასნამატის პროცენტის ოდენობის თაობაზე.
ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ). აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). ასევე, არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი შემოსავლის, დეკლარირებულ მონაცემებთან შედარებით გამოვლენილი სხვაობის ხელფასად განხილვის საკითხი შეისწავლოს აღნიშნულის შესრულების შედეგების და შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №5) გათვალისწინებით და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
აუდიტის დეპარტამენტის 26.01.2023 წლის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა დამატებითი ინფორმაცია, კერძოდ დამატებით იქნა გაშიფრული დოკუმენტურად რეალიზებული ის პროდუქცია, რომელთა რეალიზაციის დოკუმენტებში (სასაქონლო ზედნადები) ზომის ერთეულად მითითებული იყო შეკვრა ან სხვა და რომელთა იდენტიფიცირება საგადასახადო შემოწმების დროს, დოკუმენტური ფასნამატის გაანგარიშებისას ვერ მოხერხდა. მოწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით მოხდა დოკუმენტურად დადასტურებული ფასნამატის კორექტირება. საშემოსავლო გადასახადის ნაწილში საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები კორექტირებას (შემცირებას) დაექვემდებარა აღნიშნული საკითხის შესწავლის შედეგებისა და შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №5) გათვალისწინებით.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების მეტი სიზუსტით განსაზღვრის მიზნით, შემოსავლების სამსახურის 5.04.2021 წლის №9989 ბრძანების აღსრულების დროს ფასნამატის დაზუსტების საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით სადავო შემთხვევაში არსებული გარემოებების საფუძველზე. კერძოდ, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს უსაბუთოდ რეალიზებული საქონელის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლები განსაზღვროს საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილი და აუდიტის დეპარტამენტის 26.01.2023 წლის დასკვნით დაზუსტებული დოკუმენტური ფასნამატის გათვალისწინებით (გავრცელებით). აღნიშნულის შედეგების და შემოსავლების სამსახურის 5.04.2021 წლის №9989 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით შეისწავლოს დღგ-ის და საშემოსავლო გადასახადის ნაწილში საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების კორექტირება (შემცირება).
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 4.05.2023 წლის №9822 ბრძანება;
3.აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს სადავო საკითხის შესწავლა ამ გადაწყვეტილების შესაბამისად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში შედეგების გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვა;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი მიჩნევს,რომ დასკვნა წინააღმდეგობაშია შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებასთან. ასევე,თვლის რომ ,უნდა დადგინდეს სალაროს ვირტუალური ნაშთი.
ფაქტობრივი გარემოებები
კომპანიის ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ადგილზე ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რომლის მიხედვითაც დაანგარიშებულ იქნა საქონლის კატეგორიების მიხედვით შესაბამისი ფასნამატი. საგადასახადო ორგანომ მიჩნია, რომ გადამხდელის მიერ მიღებული შემოსავლების ზუსტად განსაზღვრისათვის ვერ ხერხდება უსაბუთოდ რეალიზებული საქონლის ღირებულების დადგენა. შედეგად, დაბეგვრის ობიექტი განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. არაპირდაპირი მეთოდით კომპანიის შემოსავლების დათვლისას გამოყენებული იქნა ინვენტარიზაციის ფასნამატი საქონლის ჯგუფების მიხედვით.
ანალიზის შედეგად, გაიმიჯნა დოკუმენტურად და დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონელი. უსაბუთოდ რეალიზებული საქონელი ჩაითვალა საცალო რეალიზაციად და გავრცელებულ იქნა ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი ფასნამატი საქონლის კატეგორიების მიხედვით, რამაც გამოიწვია გადამხდელის მიერ დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების კორექტირება. შედეგად გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების მეტი სიზუსტით განსაზღვრის მიზნით, შემოსავლების სამსახურის 5.04.2021 წლის №9989 ბრძანების აღსრულების დროს ფასნამატის დაზუსტების საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
73(5,9),101,154,161.