გადაწყვეტილება №23659/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 27.09.2024
№ დოკუმენტი 23659/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№23659/2/2024

27 სექტემბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: --- (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 20.09.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება --- ის 6.08.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23659/2/2024).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 22 მარტის №6305 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 19 ივნისის №006-314 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 30 ივლისის №17704 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

231 391,13 ლარი.

მათ შორის:

ქონების გადასახადი - 114 816

ჯარიმა - 57 408

საურავი - 59 167,13

 

ფაქტების აღწერა

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2020, 2021 და 2022 წლების ქონების (გარდა მიწისა) გადასახადის დაბეგვრის სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 15 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებების მიხედვით: შემოწმების მიერ გაანალიზებულ იქნა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული ----ის და მისი მეუღლის საკუთრებაში არსებული ქონება. ასევე შემოწმების მიერ შესწავლილია მათ საკუთრებაში რეგისტრირებული მოძრავი ქონება, სატრანსპორტო საშუალებები (სეს ესნ 8703). აღნიშნულის ანალიზის შედეგად დგინდება, რომ მომჩივანს და მის მეუღლეს შესამოწმებელ პერიოდში ---ში გააჩნიათ უძრავი ქონება, ასევე, მათ საკუთრებაშია რეგისტრირებული მოძრავი ქონება.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, აღნიშნული პირების ყოველწლიური შემოსავალი შესამოწმებელ პერიოდში აჭარბებს 100 000 ლარიან ზღვარს. ასევე შემოწმების მიერ შესწავლილია გადამხდელის შესახებ შემოსავლების სამსახურში არსებული ინფორმაცია, რომლის თანახმად დგინდება, რომ მომჩივნის მიერ წარმოდგენილია ქონების გადასახადის საოჯახო დეკლარაციები რომლებშიც მონაცემები არასრულყოფილადაა შეტანილი. მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისა და ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტის საბაზრო ღირებულებების დადგენის მიზნით, გაანალიზდა შესამოწმებელ პერიოდში მათზე გაფორმებული ნასყიდობების ხელშეკრულებები, ასევე მათ მომიჯნავე ტერიტორიაზე იდენტური მახასიათებლების მქონე უძრავ ქონებებზე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული ნასყიდობის ხელშეკრულებები.

სატრანსპორტო საშუალებების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის მიზნით გამოყენებულია ავტომობილების ყიდვა-გაყიდვის ელექტრონულ პლატფორმებზე რეგისტრირებული იდენტური მახასიათებლის მქონე სატრანსპორტო საშუალებების გაცხადებული ფასები.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში წარმოდგენილი ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციით დაბეგრილი ქონების ღირებულება არსებითადაა შემცირებული მის რეალურ საბაზრო ღირებულებასთან შედარებით.

ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის გადაანგარიშების შედეგად, საგადასახადო კოდექსის 201-ე და 205-ე მუხლების საფუძველზე მომჩივანს დაერიცხა ქონების გადასახადი და ამავე კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 დეკემბრის №33265 ბრძანება და ამავე თარიღის №006-725 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული დარიცხვა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 22 მარტის №6305 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ: ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, ქონების საბაზრო ფასის განსაზღვრის თაობაზე;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა" ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს ზემოაღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე შედგენილი საექსპერტო დასკვნა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 22 მარტის №6305 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 7 ივნისის დასკვნის საფუძველზე, დარიცხული თანხები გადაანგარიშებას არ დაექვემდებარა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 19 ივნისის №006-314 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა. კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა კვლავ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 30 ივლისის №17704 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ დასკვნაზე და საქმის ზეპირი განხილვის დროს აუდიტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისათვის წარდგენილი 2024 წლის 10 მარტის დასკვნით მძიმდებოდა მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები. ამდენად, საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი. რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამინტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 22 მარტის №6305 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა მომჩივნის მიერ წარდგენილი დასკვნის გათვალისწინებით თავიდან მოეხდინა გადასახადის გადაანგარიშება. აღნიშნული მითითება ვრცელდებოდა მთელ შესამოწმებელ პერიოდზე (2020-2022, ხოლო აუდიტის დეპარტამენტმა კი ექსპერტიზის დასკვნები გამოიყენა მხოლოდ 2022 წელზე. აღნიშნული განმარტა, იმით, რომ ქონების ღირებულება ექსპერტს დადგენილი ჰქონდა ექსპერტიზის ჩატარების თარიღით (2024 წელი). ამდენად, აუდიტის დეპარტამენტმა აღნიშნული დასკვნა გაავრცელა მხოლოდ შემოწმების ბოლო პერიოდზე, რითაც არ შესრულდა შემოსავლების სამსახურის მითითება.

აუდიტის დეპარტამენტის შეფასებით საქართველოში უძრავი ქონებები 2020-2021 წლებში ღირდა უფრო ძირი ვიდრე 2023 წელს. მომჩივნის მიერ წარდგენილი იქნა უძრავი ქონების შეფასების შესახებ ობიექტური და მიუკერძოებელი ექსპერტიზის დასკვნა (რომლის მიხედვითაც გარკვეული ქონების ღირებულება აღემატებოდა საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილ ღირებულებას), რომლითაც ქონების ღირებულება შეფასებულ იქნა ექსპერტიზის ჩატარების დროისათვის (2024 წლის იანვარი-თებერვალი), ხოლო ასეთი დასკვნების წარდგენა 2020-2022 წლებზე შეუძლებელია, რადგან საქართველოში არსებული არც ერთი ექსპერტი არ ატარებს აღნიშნულ კვლევას მისი არარელევანტურობის გამო.

შემოწმების აქტშივეა მითითებული რომ შემოწმებამ იხელმძღვანელა ერთი მხრივ იდენტური უძრავი ქონების ხელშეკრულებით, ხოლო მეორე მხრივ სატრანსპორტო საშუალების ელ. პლათფორმაზე განთავსებულ მსგავსი ტიპის სატრანსპორტო საშუალებებზე მითითებული ფასების მიხედვით. დასახელებული მტკიცებულებითი საფუძველი თვისობრივად ირელევანტურია შემოწმების პერიოდისთვის უძრავ-მოძრავი ქონების საბაზრო ღირებულებების დადგენის მიზნებისთვის. ამდენად, არ შეასრულა დავების დეპარტამენტის 2024 წლის 6305 ბრძანებით გათვალისწინებული მითითება და სადავო აქტები ექვემდებარება გაუქმებას და საქმის კვლავ აუდიტის დეპარტამენტში დაბრუნებას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მითითებით ითხოვს კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის შედეგად დაუშვებელია მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების დამძიმება, გარდა გადამხდელის თანხმობით ამავე დავის ფარგლებში ჩატარებული შემოწმების შემთხვევისა.

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნიდან დგინდება შემდეგი: გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისათვის წარმოდგენილია 2024 წლის 10 მარტის დასკვნა, შედგენილი შპს „----ის“ (ს/ნ ----) მიერ. აღნიშნული დასკვნის შესაბამისად, შემოწმების მიერ დამატებით გაკეთდა კამერალური საგადასახადო შემოწმებით დაბეგრილი ქონებების ღირებულების ანალიზი. აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საქმის ზეპირი განხილვისას განაცხადა, რომ მომჩივნის მიერ წარმოდგენილი დასკვნით, ქონების ნაწილი უფრო ძვირად იყო შეფასებული, ნაწილი უფრო ნაკლებად, თუმცა სალდირებულად მომჩივნის საგადასახადო ვალდებულება მძიმდებოდა 9700 ლარით. აღნიშნულის გათვალისწინებით და საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის მე-2 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას.

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების გადაანგარიშება განხორციელებულია შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 22 მარტის №6305 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 22 მარტის №6305 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

შემოწმების მასალებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში წარმოდგენილი ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციით დაბეგრილი ქონების ღირებულება არსებითადაა შემცირებული მის რეალურ საბაზრო ღირებულებასთან შედარებით.

ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის გადაანგარიშების შედეგად, საგადასახადო კოდექსის 201-ე და 205-ე მუხლების საფუძველზე მომჩივანს დაერიცხა ქონების გადასახადი და ამავე კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდა. საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების გადაანგარიშება განხორციელებულია შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 22 მარტის №6305 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 298 (2); 304 21.