ბრძანება N 3616
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 3616
27.02.2023
შპს „-----------“ (ს/ნ -----------)
(მის.: ქ. -------------------------)
2022 წლის 12 ოქტომბრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 13 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №13) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ -----------) 2022 წლის 12 ოქტომბრის №75430/1/2022 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 7 ოქტომბრის №002-162 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს და აცხადებს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა სათანადოდ არ შეისწავლა ფაქტობრივი გარემოებები და გადაანგარიშების შედეგების შესახებ გამოცემულ დასკვნაში არ არის გადმოცემული არგუმენტაცია, თუ რატომ არ განხორციელდა დარიცხული თანხების შემცირება მეთოდური მითითების შესაბამისად. მომჩივანი ითხოვს შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულებას და შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 30 ივნისის №17115 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „-----------“ (ს/ნ -----------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „-----------“ (ს/ნ -----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 25 მარტის №7547 ბრძანებით დამტკიცებული „ვირტუალური ზონის პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის თაობაზე“ მეთოდური მითითების მიხედვით შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 30 ივნისის №17115 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2022 წლის 3 ოქტომბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2022 წლის 7 ოქტომბრის №002-162 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
„ვირტუალური ზონის პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 25 მარტის №7547 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების მიხედვით, მოგების გადასახადში საგადასახადო შეღავათის გავრცელების მიზნებისთვის არსებითია, რომ ვირტუალური ზონის პირი საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებდეს საინფორმაციო ტექნოლოგიურ საქმიანობას. ხოლო იმისათვის, რომ პირის საქმიანობა ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებულ საინფორმაციო ტექნოლოგიურ საქმიანობად, სხვა ფაქტობრივ გარემოებებთან ერთად დაბეგვრის მიზნებისთვის არსებითია, რომ ვირტუალური ზონის პირი საინფორმაციო ტექნოლოგიების შესაქმნელად იყენებდეს საქართველოში დაქირავებული პირ(ებ)ის შრომას, მათ შორის, აუცილებლად შესაბამისი პროფილური განხრით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიზნებისთვის, დაქირავებულად მუშაობის პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნა დაბეგვრისთვის განმსაზღვრელი არ არის. შესაბამისად, შემოწმების მიერ ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა არ წარმოადგენს მტკიცებულებას იმისთვის, რომ შპს „------------ს“ დაქირავებული თანამშრომლები საქართველოში ჰყავდა და საინფორმაციო ტექნოლოგიები საქართველოს ტერიტორიაზე იქმნებოდა. მეთოდური მითითების მაგალითებში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებები, სადაც შესაძლებელია საინფორმაციო ტექნოლოგიების საქართველოში შექმნილად მიჩნევა, განსხვავდება საწარმოს საქმიანობის პროცესში დამდგარი გარემოებისგან. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან გადაანგარიშების ეტაპზე განსხვავებული გარემოებები არ გამოვლენილა, შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არ დაექვემდებარა შემცირებას.“
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
„საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კანონის მიზანია ინვესტიციების მოზიდვა და მიმზიდველი გარემოს შექმნა იმ პირებისათვის, რომლებიც ეკონომიკურ საქმიანობას განახორციელებენ საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში. ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვირტუალური ზონის პირის დაბეგვრასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად.
„საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად, ვირტუალურ ზონაში საქმიანობას მიეკუთვნება იურიდიული პირის მიერ განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობა, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე მიმართული იქნება საინფორმაციო ტექნოლოგიების შექმნასთან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 35-ე ნაწილის თანახმად, ვირტუალური ზონის პირი არის იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს საინფორმაციო ტექნოლოგიურ საქმიანობას და მინიჭებული აქვს შესაბამისი სტატუსი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოგების გადასახადისაგან თავისუფლდება ვირტუალური ზონის იურიდიული პირის მიერ შექმნილი საინფორმაციო ტექნოლოგიების საქართველოს ფარგლების გარეთ მიწოდებით მიღებული მოგება (მოგების განაწილება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, კომპანიას მინიჭებული აქვს ვირტუალური ზონის საწარმოს სტატუსი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საინფორმაციო ტექნოლოგიური საქმიანობა. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ განაწილებულია მოგება და გაცემულია დამფუძნებელზე დივიდენდი, რომელსაც კომპანია ბეგრავს გადახდის წყაროსთან.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ამავე სამსახურის 2022 წლის 29 დეკემბრის №33544 ბრძანებაზე, რომლითაც დამტკიცდა მეთოდური მითითება „ვირტუალური ზონის პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის თაობაზე“. აღნიშნული მითითება განმარტავს, პირისათვის ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მინიჭებასა და გაუქმებასთან დაკავშირებულ წესებს, ასევე, განსაზღვრავს ამ სტატუსის ფარგლებში პირის საგადასახადო უფლებებსა და ვალდებულებებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის, ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ არის აღსრულებული შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 30 ივნისის №17115 ბრძანება და უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 29 დეკემბრის №33544 ბრძანებით დამტკიცებული „ვირტუალური ზონის პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის თაობაზე“ მეთოდური მითითების მიხედვით შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „---------------“ (ს/ნ ------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 29 დეკემბრის №33544 ბრძანებით დამტკიცებული „ვირტუალური ზონის პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის თაობაზე“ მეთოდური მითითების მიხედვით, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულებას და შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირებას.
ფაქტობრივი გარემოება
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 30 ივნისის №17115 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა გადასახადის გადამხდელის საჩივარი. №17115 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2022 წლის 7 ოქტომბრის კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა. შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, კომპანიას მინიჭებული აქვს ვირტუალური ზონის საწარმოს სტატუსი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საინფორმაციო ტექნოლოგიური საქმიანობა. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ განაწილებულია მოგება და გაცემულია დამფუძნებელზე დივიდენდი, რომელსაც კომპანია ბეგრავს გადახდის წყაროსთან.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ არის აღსრულებული შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 30 ივნისის №17115 ბრძანება და უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 29 დეკემბრის №33544 ბრძანებით დამტკიცებული „ვირტუალური ზონის პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის თაობაზე“ მეთოდური მითითების მიხედვით შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9"ბ"), 8(35), 97(1"ა"), 98(1), 981(1"ა"), 99(1"ჟ"), 43(4).
საქართველოს კანონი „საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონების შესახებ“ ;
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 იანვრის №49 დადგენილება „ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მინიჭების წესისა და პირობების და ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მიმნიჭებელი პირის განსაზღვრის შესახებ“;
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 29 დეკემბრის №33544 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითება „ვირტუალური ზონის პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის თაობაზე“ .
„საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლი