ბრძანება N 4894
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 4894
14.03.2023
ი/მ „---------------ის“ (ს/ნ ----------------)
(ფაქტ. მის.: ------------------------------)
(იურ. მის.: -------------------------------)
2023 წლის 13 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 27 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №19) განიხილა ი/მ „-------------ის“ (ს/ნ ---------------) 2023 წლის 13 იანვრის №78028/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 9 დეკემბრის №136-17 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმებით დარიცხულ დღგ-ს. აცხადებს, რომ საქმიანობის სფეროს წარმოადგენს კონტრაქტების საფუძველზე სამშენებლო-სარემონტო მომსახურების გაწევა. აცხადებს, რომ ხელშეკრულებები გაუქმებულია დამკვეთის მიერ, არ არის შესრულებული შესაბამისი სამუშაო, რომელიც არ არის გათვალისწინებული შემოწმების მიერ. ითხოვს საკითხის დამატებით შესწავლას მისი ჩართულობით..
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 30 ივნისის №17037 და 2022 წლის 11 ივლისის №18129 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა ი/მ „---------------ის“ (ს/ნ ----------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის -- აპრილიდან 2021 წლის -- მარტამდე პერიოდში შპს „---------სთვის (ს/ნ --------------) გაწეული მომსახურების სანაცვლოდ მიღებული თანხების დღგ-ით დაბეგვრის სისწორე. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 2 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 9 დეკემბრის №31100 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და 2022 წლის 9 დეკემბრის №136-17 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 46 365 ლარის ოდენობით, მათ შორის, გადასახადი 22 846 ლარი, ჯარიმა 11 423 ლარი და საურავი 12 096 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად გამოთხოვილი ინფორმაციის დამუშავებით დადგინდა, რომ მცირე მეწარმე „---------------ის“ (ს/ნ ----------------) შპს „-------"-სგან (ს/ნ -------) მიღებული აქვს 149 769 ლარის ავანსები, რომელიც არ არის დეკლარირებული. ასევე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დგინდება, რომ აღნიშნულზე არ არის გამოწერილი შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მიხედვით შპს „-----“-ის (ს/ნ ----------) მიერ ჩარიცხული ავანსის თანხები წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას. შესაბამისად, დღგ-ით დაბეგრილ იქნა შესაბამისი პერიოდში (2019 წლის დეკემბრის თვე). პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებასა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად დგინდება, რომ შემოწმების მიერ ი/მ ----------- საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია, რისი წარმოუდგენლობის გამო პირი დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის შესაბამისად. ამასთან, შპს „----------" -სგან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად გამოთხოვილი ინფორმაციის დამუშავებით დადგინდა, რომ ი/მ „---------------ლს შპს „---------"-სთვის (ს/ნ ---------) შესრულებული აქვს 149 769 ლარის სამუშაოები, რაც სრულად ანაზღაურებულია შპს „----------"-ის (ს/ნ --------) მიერ, რაც დასტურდება ორივე მხარის მიერ შედგენილი შედარების აქტით და ასევე, შპს „---------------"-ის (ს/ნ------------------) მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერით. შესაბამისად, შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ მომჩივანს, შპს „-------------------“-ის (ს/ნ ----------) მიერ ავანსად ჩარიცხულ თანხებზე, რომელიც წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას, არ აქვს შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ი/მ „---------------ის“ (ს/ნ ----------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმებით დარიცხულ დღგ-ს. ითხოვს საკითხის დამატებით შესწავლას მისი ჩართულობით.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობა. საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად გამოთხოვილი ინფორმაციის დამუშავებით დადგინდა, რომ მომჩივანს პირისგან (გადამხდელისგან) მიღებული აქვს ავანსი, რომელიც არ არის დეკლარირებული. ასევე შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო მონაცემებით დგინდება, რომ აღნიშნულზე არ არის გამოწერილი შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები.
ჩარიცხული ავანსის თანხების ოდენობით გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრ ბაზა, მომჩივანს შესაბამისად დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
გადაწყვეტილება
ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 2(2); 43(4 ); 61(3); 70; 136(3 ); 275; 279; 302(6);
(2021 წლამდე მოქმედი) 160(,,ა“); 161(1„ა“ „ა.ბ.დ“)