გადაწყვეტილება №82115/1/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 26.10.2023
№ დოკუმენტი 82115/1/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№82115/1/2023

26 ოქტომბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 6.10.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 10.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №82115/1/2023).

 

დავის საგანი:

მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებისგან მიღებული მომსახურებისათვის გადახდილი თანხების ხელფასად კვალიფიკაცია და განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 15.05.2023 წლის №006-184 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 21.06.2023 წლის №14346 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 418 081 ლარი.

მათ შორის:

საშემოსავლო გადასახადი - 201 353

ჯარიმა - 95 053

საურავი - 121 675

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ბეტონის წარმოება-რეალიზაცია, ამასთან ახორციელებს სამშენებლო საქმიანობას, მონაწილეობას იღებს სახელმწიფო ტენდერებში. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა გზების მშენებლობა და სხვა ანალოგიური მომსახურება.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.12.2022 წლამდე პერიოდის კამერალური თემატური საგადასახადო შემოწმება, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხების კვალიფიკაციის სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 27 აპრილის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას უფიქსირდება სხვადასხვა მომსახურების შეძენა, მათ შორის, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისგან. შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა კომპანიის მიერ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებზე მომსახურების სანაცვლოდ ანაზღაურებული თანხების დაბეგვრის მართლზომიერების და კანონმდებლობასთან შესაბამისობის საკითხი და დადგინდა, რომ გადახდილი თანხების დიდი ნაწილი არ არის დაბეგრილი გადახდის წყაროსთან და კომპანიის მიერ განხილულია, როგორც მომსახურების შეძენა. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხები დაკვალიფიცირდა ხელფასის სახით განაცემად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 15 მაისის №10765 ბრძანება და №006-184 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 21.06.2023 წლის №14346 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-2 ნაწილზე და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, აღნიშნავს, რომ 2015 წლის 2 აპრილიდან 2018 წლის 23 თებერვლამდე საანგარიშო პერიოდზე ჩატარებულ საგადასახადო შემოწმების შედეგებთან დაკავშირებით წარმოებულ საგადასახადო დავის პროცესში ერთ-ერთ სადავო საკითხს, ასევე წარმოადგენდა მცირე მეწარმის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებზე კომპანიის მიერ გადახდილი თანხების ხელფასის სახით განაცემად კვალიფიკაცია. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად, საკითხის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირების მიერ შპს ------- მომსახურების გაწევისას გამოყენებული ძირითადი საშუალებები და სასაქონლო-მატერიალური მარაგები წარმოადგენდა დამკვეთის (შპს -------) საკუთრებას, ამასთან, აღნიშნული პირები შესამოწმებელ პერიოდში მომსახურებას უწევდნენ მხოლოდ შპს -------. განსახილველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავა დასრულებულია, კომპანიის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და დღეის მდგომარეობით, დავა მიმდინარეობს სასამართლოში.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანია თავისი საქმიანობის ფარგლებში იყენებს როგორც შრომითი კონტრაქტით დასაქმებული პირებს, ასევე ყავს ქვეკონტრაქტორები სხვადასხვა კომპანიები და მეწარმე ფიზიკური პირები, რომლებიც კომპანიას უსრულებენ მომსახურების ხელშეკრულებით განსაზღვრულ სამუშაოს (სატრანსპორტო, საექსპერტო, სამშენებლო). საგადასახადო ორგანომ გაუგებარი მიზეზით, მომსახურების ხელშეკრულებით გაწეულ მომსახურებას შეუცვალა კვალიფიკაცია, ფორმა-შინაარსის შეუსაბამობის მოტივით და დაბეგრა გადახდის წყაროსთან, როგორც შრომითი კონტრაქტით კომპანიაში დასაქმებული პირებისთვის განაცემი, საშემოსავლო გადახდის 20% განაკვეთით.

შემოსავლების სამსახურის 21.06.2023 წლის №14346 ბრძანებაში აღნიშნულია, რომ „მცირე მეწარმეებად რეგისტრირებული პირების მიერ გაწეული მომსახურებისას გამოყენებული ძირითადი საშუალებები და მატერიალური მარაგები წარმოადგენენ დამკვეთის საკუთრებას, ამასთან ისინი შესამოწმებელ პერიოდში მხოლოდ შპს ------- უწევდნენ მომსახურებას“.

მითითებულ ბრძანებაში აღნიშნული გარემოებები ერთის მხრივ არ შეესაბამება სიმართლეს, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, მცირე მეწარმეების უდიდეს ნაწილს სხვა კომპანიებთანაც უმუშავიათ და მხოლოდ კომპანიაში არ ყოფილან სახელშეკრულებო ურთიერთობაში.

რაც შეეხება სახარჯი მასალების საკითხს, განმარტავს, რომ მძღოლები, რომლებიც ახორციელებდნენ ბეტონის გადაზიდვის მომსახურებას, ემსახურებოდნენ თავისი ავტომანქანებით, ხოლო სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებული პირები, რომლებიც ახორციელებდნენ ბეტონის მოჭიმვის სამუშაოებს, ასევე თავისი ინვენტარი ჰქონდათ. ამდენად, კომპანიის კუთვნილი არანაირი სახარჯი მასალა, თუ ძირითადი საშუალება გამოყენებული არ ყოფილა.

აუდიტის დეპარტამენტი მხოლოდ ზოგადი განმარტებით შემოიფარგლა და არ დაუსაბუთებია, თუ რა ინფორმაცია მიიღო მცირე მეწარმეებისგან საგადასახადო ორგანომ და რამდენად იძლეოდა მათ მიერ მიწოდებული ინფორმაცია დარიცხული საშემოსავლო გადასახადის უცვლელად დატოვების საფუძველს, ასევე არ არის დასაბუთებული შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაში არსებული კონკრეტულად რა მონაცემი რა შემხებლობაში იყო დარიცხვასთან და რამდენად იყო დარიცხვის უცვლელად დატოვებისთვის საკმარისი ფაქტობრივი, თუ სამართლებრივი საფუძველი.

რაც შეეხება სახარჯ მასალებს, აუდიტის დეპარტამენტი აქაც მხოლოდ ზოგადი განმარტებით შემოიფარგლება და არ უთითებს, რომელი ძირითადი საშუალება ან სახარჯი მასალა იქნა გამოყენებული კომპანიის კონტრაქტორების მიერ.

განმარტავს, რომ ადგილი არ ჰქონია კომპანიის კუთვნილი არც ძირითადი საშუალებების და არც სახარჯი მასალების გამოყენებას.

იმ პირობებში, როდესაც ერთის მხრივ საგადასახადო ორგანომ კომპანიის კონტრაქტორები დაარეგისტრირა მცირე მეწარმეებად, გასცა მათზე საანგარიშსწორებო დოკუმენტი ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტი, რომლებსაც ისინი იყენებდნენ კომპანიასთან ანგარიშსწორებისას, მიიღო მათ მიერ წარდგენილი დეკლარაციები და გადახდილი გადასახადები, ხოლო მეორეს მხრივ, უკვე დაბეგრილი სამეურნეო ოპერაცია ხელახლა დაბეგრა გადახდის წყაროსთან, წარმოადგენს კანონის უხეშ დარღვევას და მეწარმის მიმართ განხორციელებულ სადამსჯელო ღონისძიებას.

სადავო დარიცხვის შემდგომ კომპანიამ შესაძლოა ვეღარ მიიღოს მონაწილეობა ტენდერებში, რადგან მას ადევს საგადასახადო გირავნობა-იპოთეკა. აღნიშნულის გამო, კომპანია ჩავარდება მძიმე მდგომარეობაში, ვეღარ მიიღებს სათანადო შემოსავლებს, შესაბამისად მიადგება გამოუსწორებელი ზიანი, როგორც მეწარმეს, ასევე სახელმწიფო ბიუჯეტს.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის და ამავე კოდექსის 101-ე მუხლის ერთმნიშვნელოვნად ადგენს, რომ ფიზიკური პირი, რომელიც ამავე დროს არის მეწარმე, არის საგადასახადო აგენტი და მასვე ევალება გადასახადის დაკავება და ბიუჯეტში მიმართვა.

მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ საგადასახადო ორგანო მიუხედავად იმისა, რომ უთითებს, თითქოს შესწავლილი იქნა საკითხები მოცემულ დავასთან დაკავშირებით, მითითება ატარებს მხოლოდ ფორმალურ ხასიათს.

ამდენად, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დარღვეულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი, რაც თავის მხრივ განაპირობებს გამოცემული აქტების მოხვედრას, ამავე კოდექსის 601 პრიმა მუხლის რეგულირების სფეროში, რომლითაც მოწესრიგებულია ადმინისტრაციული აქტის ბათილობის საფუძვლები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში – შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.

შემოწმებით დადგინდა, რომ კომპანიას უფიქსირდება მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისათვის გადახდილი თანხები და არ არის დაბეგრილი გადახდის წყაროსთან, აღნიშნული კომპანიის მიერ განხილულია, როგორც მომსახურების შეძენა. შემოწმებით, ფაქტობრივი გარემოებების, ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით, აღნიშნული თანხები განხილულ იქნა ხელფასის სახით განაცემად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან შესაბამისი განაკვეთით.

მომჩივანი არ ეთანხმება შემოწმებით განხორციელებულ დარიცხვას, მაგრამ არ წარმოადგენს მტკიცებულებებს, რაც მის არგუმენტებს გაამყარებდა, შეცვლიდა დადგენილ გარემოებებს და დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი შესაძლებელია გამხდარიყო.

საქმესთან არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად. ამდენად, შემოსავლების სამსახურს სადავო გადაწყვეტილება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებისგან მიღებული მომსახურებისათვის გადახდილი თანხების ხელფასად კვალიფიკაცია და განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური თემატური საგადასახადო შემოწმება, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხების კვალიფიკაციის სისწორის დადგენის მიზნით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 21.06.2023 წლის №14346 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საქმესთან არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად. ამდენად, შემოსავლების სამსახურს სადავო გადაწყვეტილება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101; 154; 275