ბრძანება N 20491

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 22.07.2020
№ დოკუმენტი 20491
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 20491

22/07/2020

შპს -----

(მის: ქ. -------)

2019 წლის 29 დეკემბრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა განიხილა შპს ----- ს 2019 წლის 29 დეკემბრის N48305/1/2019 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 03 დეკემბრის N005-439 „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით. აღნიშნული საჩივარი განხილულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 01 ივლისს გამართულ სხდომაზე (ოქმი N43).

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

წარმოდგენილი საჩივრის თანახმად, გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ოპერაციის კვალიფიკაციის შეცვლის შედეგად ჯართის რეალიზაციიდან ამონაგები თანხების ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვას და განმარტავს, რომ დადგენილ უნდა იქნას ჯართის შეძენის საბაზრო ფასი და მისი დაბეგვრა განხორციელდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 133-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით და “გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 393 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით განსაზღვრული 3%-იანი განაკვეთით. ასევე მისი განმარტებით არასწორად გაანგარიშდა რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხაც.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 14 ივნისის N19406 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს ----- ს საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგებზე, 2019 წლის 27 ნოემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რის საფუძველზეც გამოიცა 2019 წლის 03 დეკემბრის N42092 ბრძანება და გადამხდელს წარედგინა 2019 წლის 03 დეკემბრის N005-439 „საგადასახადო მოთხოვნა“, რომლითაც გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება დამატებით განისაზღვრა სულ 796 083,59 ლარით, მათ შორის: გადასახადი 460 319 ლარი, ჯარიმა 230 459 ლარი, ხოლო საურავი 105 305,59 ლარის ოდენობით.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

საზოგადოებას 2018-2019 წლების განმავლობაში შპს ----- ზე მიწოდებული აქვს ჯამში 1 843 868 ლარის ღირებულების ჯართი, რაზედაც გამოწერილი აქვს სასაქონლო ზედნადები. აღნიშნული რეალიზაციების საკომპენსაციო თანხა შპს ----- ს სრულად აქვს ანაზღაურებული, თუმცა შემოწმების დაწყების მომენტში საზოგადოებას არ გააჩნია ფულადი სახსრები არც სალაროში და არც ბანკში. საზოგადოებამ შემოწმების პროცესში ვერ წარმოადგინა აღნიშნულ შემოსავალთან დაკავშირებით გაწეული/გასაწევი ხარჯების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, გარდა საბანკო ამონაწერებისა, ამასთან საზოგადოების კუთვნილი საბანკო ამონაწერებიდან დგინდება, რომ საზოგადოების წარმომადგენელს ბანკიდან გატანილი აქვს დიდი ოდენობით თანხები, რომელთა გახარჯვა საზოგადოების მიზნებისთვის დოკუმენტურად ვერ დასტურდება. ამასთან, აღნიშნული თანხები საზოგადოებას დებიტორული დავალიანების სახით ანგარიშვალდებულ პირთან მიმართებაში არ გააჩნია.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად, შემოსავლები, მათ შორის ის თანხები, რაც საზოგადოების ანგარიშვალდებული პირის მიერ გატანილ იქნა საბანკო ანგარიშიდან და რომლის შემოსვლა საზოგადოების სალაროში, ან საზოგადოების მიზნებისთვის გახარჯვა დოკუმენტურად ვერ დასტურდება, ჩათვლილ იქნა ხელფასის სახით განაცემად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას პერიოდების შესაბამისად. საზოგადოებას აგრეთვე დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის შესაბამისად განაცემთა შესახებ ინფორმაციაში აღნიშნული მონაცემების აუსახველობის გამო.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე შემოსავლების სამსახურს უფლება აქვს, მომჩივნის დაუსწრებლად განიხილოს საჩივარი, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვროს იმ საქონლის ჩამონათვალი, რომლის მიწოდებით ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი იბეგრება გადახდის წყაროსთან 3- პროცენტიანი განაკვეთით, საქონლის შემძენი პირის მიერ, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გადახდის წყაროსთან დაბეგვრის წესი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ საქონლის მიწოდებისას სასაქონლო ზედნადები გამოწერილი არ არის.

“გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 393 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით,გადახდის წყაროსთან 3-პროცენტიანი განაკვეთით იბეგრება ფიზიკური პირის მიერ:

ა ) შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავალი;

ბ) შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენების მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავალი; საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „პ“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც ამ კოდექსის 1333 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში ფიზიკურ პირს უნაზღაურებს მისგან შეძენილი საქონლის ღირებულებას.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის, თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის საფუძველზე მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

ამავე კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

საქმეზე წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ შპს ----- ს შპს ----- ზე მიწოდებული აქვს 1 843 868 ლარის ღირებულების ლითონის ჯართი, რაზეც გამოწერილია სასაქონლო ზედნადები, ხოლო, საქონლის მიმღებს სრულად აქვს ანაზღაურებული საკომპენსაციო თანხა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან შემოწმების დაწყების მომენტში საზოგადოებას არ გააჩნდა ფულადი სახსრები არც სალაროში და არც ბანკში, ამასთან, გადამხდელმა ვერ წარმოადგინა აღნიშნულ შემოსავალთან დაკავშირებული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი, მიღებული შემოსავლები, მათ შორის საბანკო ანგარიშიდან ანგარიშვალდებული პირის მიერ გატანილი თანხები შემოწმებისას ჩაითვალა ხელფასის სახით განაცემად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან 20%-იანი განაკვეთით.

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ რეალიზებული შავი ლითონი 3400,33 ტონა საწარმომ ფუნქციონირების პერიოდში შეიძინა ფიზიკური პირებისგან, რომლებიც არ წერდნენ ელექტრონულ სასაქონლო ზედნადებებს, შესაბამისად, გადამხდელს არ გააჩნია შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო ორგანოს უნდა ესარგებლა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით და შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯი განესაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და ვინაიდან საქონელი შეძენილია ფიზიკური პირებისგან, რომლებიც არ წერდნენ ელექტრონულ სასაქონლო ზედნადებს, საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა უნდა განესაზღვრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის შესაბამისად.

შემოსავლების სამსახური ითვალისწინებს სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას, კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მსგავს საკითხთან დაკავშირებით მიღებულ 2016 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე (საქმე N3/3694-16), რომლითაც სასამართლო, ადასტურებს საგადასახადო ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას, დაბეგვრის მიზნისათვის, პირდაპირი თუ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების თაობაზე, თუმცა აქვე მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეცია არ ნიშნავს თანაზომიერებისა და კანონიერების პრინციპის უგულვებელყოფას. შესაბამისად, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში ვინაიდან სადავო არ არის შპს ----- ს მიერ შპს ----- სთვის საქონლის მიწოდების ფაქტი, ბუნებრივია საქონლის შესაძენად ხარჯები ყველა შემთხვევაში იქნებოდა გაწეული. აღნიშნულიდან გამომდინარე, საზოგადოების მიერ მიღებული შემოსავლების/ხარჯების გაუთვალისწინებლად, ხელფასის სახით განაცემად განხილვა არამართლზომიერია.

საქმეში არსებული მასალებით და აღნიშნულ საკანონმდებლო ნორმებზე დაყრდნობით შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯების ოდენობა უნდა განსაზღვროს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, კერძოდ, დაადგინოს ფიზიკური პირებისგან შეძენილი სასაქონლო- მატერიალურ ფასეულობების (ჯართის) ღირებულება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე დარიცხული გადახდის წყაროსთან დასაკავებელი საშემოსავლო გადასახადის გადაანგარიშება და აღნიშნულის გათვალისწინებით, დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. შპს ----- ს საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯების ოდენობა განსაზღვროს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით და საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე დარიცხული გადახდის წყაროსთან დასაკავებელი საშემოსავლო გადასახადის გადაანგარიშება/დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება) განახორციელოს ამავე კოდექსის 1333 მუხლის მოთხოვნების გათვალისწინებით.

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

გადამხდელი არ ეთანხმება ოპერაციის კვალიფიკაციის შეცვლის შედეგად ჯართის რეალიზაციიდან ამონაგები თანხების ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

შემოწმების აქტის მიხედვით, მომივანს შპს-ზე მიწოდებული აქვს ჯართი. აღნიშნული რეალიზაციების საკომპენსაციო თანხა სრულად არის ანაზღაურებული, თუმცა საზოგადოებას არ გააჩნია ფულადი სახსრები არც სალაროში და არც ბანკში. გადამხდელი განმარტავს, რომ რეალიზებული შავი ლითონი შეიძინა ფიზიკური პირებისგან, რომლებიც არ წერდნენ ზედნადებებს, შესაბამისად არ გააჩნია შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სსკ-ს 73-ე მუხლის შესაბამისად, აღნიშნული თნხა ჩათვლილ იქნა ხელფასის სახით განაცემად და სსკ-ს 154-ე მუხლის შესაბამისად დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას გადამხდელს აგრეთვე დაერიცხა ჯარიმა სსკ-ს 291-ე მუხლის შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება

 

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯების ოდენობა უნდა განსაზღვროს სსკ-ს 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, კერძოდ, დაადგინოს ფიზიკური პირებისგან შეძენილი ჯართის ღირებულება, სსკ-ს 1333 მუხლის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე დარიცხული გადახდის წყაროსთან დასაკავებელი საშემოსავლო გადასახადის გადაანგარიშება და აღნიშნულის გათვალისწინებით, დარიცხული თანხების კორექტირება.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 1333 ; 291

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანების 393(1) მუხლი.