ბრძანება N 7081

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება დაკმაყოფილდა 14.04.2025
№ დოკუმენტი 7081
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 7081

14 აპრილი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ „------“(ს/ნ ------)

(მის.:---------)

2025 წლის 2 აპრილის საჩივრის

დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 10 აპრილის სხდომაზე (ოქმი №27) განიხილა ი/მ ------ (ს/ნ ------) 2025 წლის 2 აპრილის №50522/21-11 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 24 მარტის №136-2 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

მომჩივანი განმარტავს, რომ ენის ბარიერის, კანონმდებლობის არცოდნის და პოსტერმინალში არსებული თანხების გაუთვალისწინებლობის გამო, ვერ მოახდინა შესაბამისი რეაგირება. წლებია საქმიანობს საქართველოში და არის კეთილსინდისიერი გადამხდელი, შესაბამისად, ითხოვს დარიცხული სანქციისაგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 30 იანვრის №1003 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ი/მ ------- (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 20 მარტს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 24 მარტის №5438 ბრძანება და ამავე თარიღის 136-2 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 74 337 ლარი, მათ შორის გადასახადი 49 965 ლარი, ჯარიმა 16 567 ლარი და საურავი 7 805 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

ი/მ ------- (ს/ნ --------) გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2007 წლის 26 ოქტომბერს. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული არ არის. 2016 წლის 6 აპრილიდან მინიჭებული აქვს მცირე მეწარმის სტატუსი. საქმიანობის საგანს წარმოადგენს საცალო ვაჭრობა ტანსაცმლით, ფეხსაცმლით და სხვა აქსესუარებით. მაღაზია მდებარეობს--------. შესამოწმებელ პერიოდში, ი/მ ------ (ს/ნ -------) სახელზე რეგისტრირებულია საკონტროლო სალარო აპარატები და სს „---------“ საბანკო ტერმინალი. ასევე, სს „--------“ გადასახადის გადამხდელს, ფიზიკური პირებიდან ჩარიცხული აქვს რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხები. მოცემული შემოსავლების გათვალისწინებით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების ჯამური თანხა აჭარბებს 100 000 ლარს 2023 წლის 28 აპრილს.

შემოწმების შედეგად, 2023 წლის 28 აპრილს, ი/მ ------- (ს/ნ --------) უწევს დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაცია. შესაბამისად, ამ თარიღიდან მისი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა არის 331 351 ლარი, რაზეც დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოში ჩაინიშნა 2025 წლის 10 აპრილს 13:30 სთ-ზე, გადამხდელის მონაწილეობით. გადამხდელს ეცნობა საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის ზეპირ განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საქმის გარემოებები იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ მომჩივანი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში, იმ რწმენით, რომ მისი ქმედება არ იყო მართლსაწინააღმდეგო. შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანი უნდა გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 24 მარტის №136-2 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან და აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე დარიცხული საურავისგან (ამ გადაწყვეტილების მიღების თარიღისთვის).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ი/მ ------- (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. ი/მ --------- (ს/ნ --------) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 24 მარტის №136-2 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან და აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე დარიცხული საურავისგან (ამ გადაწყვეტილების მიღების თარიღისთვის);

3. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს დარიცხული სანქციისაგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

ი/მ გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2007 წლის 26 ოქტომბერს. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული არ არის. 2016 წლის 6 აპრილიდან მინიჭებული აქვს მცირე მეწარმის სტატუსი.

საქმიანობის საგანს წარმოადგენს საცალო ვაჭრობა ტანსაცმლით, ფეხსაცმლით და სხვა აქსესუარებით. ი/მ-ის სახელზე რეგისტრირებულია საკონტროლო სალარო აპარატები და საბანკო ტერმინალი. ასევე გადასახადის გადამხდელს, ფიზიკური პირებიდან ჩარიცხული აქვს რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხები. მოცემული შემოსავლების გათვალისწინებით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების ჯამური თანხა აჭარბებს 100 000 ლარს 2023 წლის 28 აპრილს.

შემოწმების შედეგად, 2023 წლის 28 აპრილს, ი/მ-ს უწევს დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაცია. შესაბამისად, ამ თარიღიდან მისი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა არის 331 351 ლარი, რაზეც დაერიცხა დღგ და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საქმის გარემოებები იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ მომჩივანი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში, იმ რწმენით, რომ მისი ქმედება არ იყო მართლსაწინააღმდეგო. შესაბამისად, მომჩივანი უნდა გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 24 მარტის №136-2 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან და აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე დარიცხული საურავისგან (ამ გადაწყვეტილების მიღების თარიღისთვის).

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 270;272;282;