ბრძანება N 5726
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 5726
23.03.2023
შპს „----------“ (ს/ნ ----------)
(მის. ---------- )
2023 წლის 30 იანვრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 10 თებერვლის და 10 მარტის სხდომებზე (ოქმები №12 და №24) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) №15287/21-12 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 25 იანვრის №AL041318 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმს და საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის №11111081706 ოქმს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ კომპანიის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს მატრასის დამზადება და წარმოებისთვის აუცილებელია მატრასის შესაფუთი პარკის გამოყენება, რომელიც საბაჟომ გააჩერა. მომჩივნის მოსაზრებით, კომპანიას არ დაურღვევია კანონი და მისი მოქმედება შეესაბამება კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს. საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ 2022 წლის 16 დეკემბერს მიიღო შეტყობინება, რომ 2023 წლის 2 იანვრიდან „ტექნიკური რეგლამენტის – პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის“ მოქმედება არ გავრცელდება 50 მიკრონი სისქისა და ამავე დროს არანაკლებ 45X100 სმ ზომის (იმ შემთხვევაში თუ პარკს აქვს ჩასაკეც(ებ)ი, პარკი იზომება ჩაკეცილ მდგომარეობაში) პლასტიკის პარკებზე. შესაბამისად, მიაჩნია, რომ საბაჟო ორგანოს მიერ საქმის წარმოების პროცესში სრულად არ არის შესწავლილი და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რაც გახდა უკანონო გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს გაუქმდეს საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის №11111081706 ოქმი.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 25 იანვარს, შპს „----------“ (ს/ნ ----------) მიერ №---------- საქონლის საბაჟო დეკლარაციით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევის მიზნით დეკლარირებული იქნა 66755,17 ლარის საბაჟო ღირებულების, სხვადასხვა დასახელების საქონელი. აღნიშნული დეკლარაციისთვის მონაცემთა დამუშავების ავტომატიზებული სისტემა „eCustoms“-ის მიერ განისაზღვრა „ყვითელი დერეფანი“.
დეკლარაცია გაფორმების ეკონომიკური ზონა „----------“ უფლებამოსილი პირის მიერ გადაყვანილ იქნა „წითელ დერეფანში“, პლასტიკური პარკების იდენტიფიცირების მიზნით. საქონლის ვიზუალური დათვალიერების შედეგად, დადგინდა რომ 4 163 კგ მატრასის შესაფუთ პლასტიკის პარკზე (საბაჟო ღირებულება – 26153.51 ლარი) არ იყო დატანილი იმ საქონლის ან პროდუქტის დასახელება, რომლის შესაფუთადაც არის განკუთვნილი პარკი ან/და „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სასაქონლო ნიშანი. აღნიშნული გარემოება მიჩნეულ იქნა პლასტიკის პარკის ნიშანდების წესის დარღვევად, რადგან საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №472 დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის – პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის“ მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, „შეფუთვისათვის განკუთვნილ პლასტიკის პარკზე დატანილი უნდა იყოს იმ საქონლის ან პროდუქტის დასახელება, რომლის შესაფუთადაც არის განკუთვნილი პარკი ან/და „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სასაქონლო ნიშანი“.
შესაბამისად ჩაითვალა, რომ შპს „----------“ (ს/ნ ----------) მხრიდან ადგილი ჰქონდა ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული „პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის“ მოთხოვნების დარღვევას და, გამოვლენილი სამართალდარღვევის აღნიშნულ ფაქტზე, გეზ „----------“ უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ 2023 წლის 25 იანვარს შედგენილ იქნა №AL041318 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც შპს „----------“ (ს/ნ ----------) დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 825 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის და შეეფარდა ჯარიმა - 500 ლარის ოდენობით და შესაბამისი პროდუქციის კონფისკაცია (ოქმი №11111081706).
იმავე დღეს შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) მიერ წარმოდგენილი იქნა ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, რის შემდგომაც №---------- 25/01/2023 საქონლის საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონლის დანარჩენი ნაწილი გაშვებული იქნა თავისუფალ მიმოქცევაში.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლით დადგენილია, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად (გადაცდომად) ჩაითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პროდუქტი, რომლისთვისაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილია ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობა, უნდა შეესაბამებოდეს ამ მოთხოვნებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ბაზარზე განთავსებისას და ექსპლუატაციის პერიოდში.
„ტექნიკური რეგლამენტის − პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №472 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ „საქართველოში წარმოებული, იმპორტირებული ან რეალიზებული პლასტიკის პარკები, ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
ამავე ტექნიკური რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი იმპერატიულად ადგენს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე აკრძალულია ნებისმიერი სისქისა და ზომის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია, გარდა ამ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი გამონაკლისებისა.
დასახელებული ტექნიკური რეგლამენტის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილია, რომ შეფუთვისათვის განკუთვნილ პლასტიკის პარკზე დატანილი უნდა იყოს იმ საქონლის ან პროდუქტის დასახელება, რომლის შესაფუთადაც არის განკუთვნილი პარკი ან/და „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სასაქონლო ნიშანი.
ამავე ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით შეფუთვისათვის განკუთვნილი პლასტიკის პარკი განმარტებულია, როგორც საქონლის ან/და პროდუქტის შეფუთვისათვის განკუთვნილი ნებისმიერი ზომისა და სისქის პლასტიკის პარკი, ხელსაკიდით ან ხელსაკიდის გარეშე, რომელიც გამოიყენება მწარმოებლის/დამფასოებლის მიერ, როგორც ნედლეულის, ასევე დამუშავებული პროდუქტის ან/და საქონლის შესაფუთად, დასაცავად, გადასატანად, მისაწოდებლად და მისი მოცილება უშუალოდ ნედლეულის/პროდუქტის/საქონლის მოხმარების დროს ხდება.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 825-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პლასტიკის ან/და ბიოდეგრადირებადი პარკების საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტისას, წარმოებისას ან/და რეალიზაციისას ტექნიკური რეგლამენტის – „პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის“ მოთხოვნების დარღვევა – გამოიწვევს მეწარმე სუბიექტის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, შესაბამისი პროდუქციის კონფისკაციით.
ამდენად, „პლასტიკის ან/და ბიოდეგრადირებადი პარკების საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტისას, წარმოებისას ან/და რეალიზაციისას ტექნიკური რეგლამენტის – „პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის“ მოთხოვნების დარღვევა“ წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 825 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას.
ზემოდასახელებული ტექნიკური რეგლამენტის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნტის თანახმად, ტექნიკური რეგლამენტის მოქმედება არ ვრცელდება არანაკლებ 50 მიკრონი სისქისა და ამავე დროს არანაკლებ 45X100 სმ ზომის (იმ შემთხვევაში, თუ პარკს აქვს ჩასაკეც(ებ)ი, პარკი იზომება ჩაკეცილ მდგომარეობაში) პლასტიკის პარკებზე.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამასთან, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავოდ გამხდარი საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, რისთვისაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 278-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნტის შესაბამისად, უნდა გაუქმდეს 2023 წლის 25 იანვრის №AL041318 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი და საქმე ხელახალი განხილვისთვის გაეგზავნოს საბაჟო დეპარტამენტს. საჩივარი დანარჩენ ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 219-ე და 278-ე მუხლების და საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს 2023 წლის 25 იანვრის №AL041318 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი და საქმე ხელახალი განხილვისთვის გაეგზავნოს საბაჟო დეპარტამენტს;
3. საჩივარი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლით დადგენილი წესით ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში.