გადაწყვეტილება №18956/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 06.04.2023
№ დოკუმენტი 18956/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№18956/2/2023

6.04.2023

გადაწყვეტილება

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“)

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 6.04.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს„-------“-ის 24.02.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18956/2/2023).

დავის საგანი:

საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით შემოტანა.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 22.12.2022 წლის №32465 ბრძანება საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ;

2. შემოსავლების სამსახურის 14.02.2023 წლის №2627 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 33 941,62 ლარი

 

ფაქტების აღწერა

მომჩივნის საქმიანობის საგანს წარმოდგენს ესთეტიკური და სამედიცინო პროდუქციის/დანადგარების იმპორტი და მისი დისტრიბუცია საქართველოში და საზღვარგარეთ.

27.10.2022 წელს, №„-------“ საფოსტო გზავნილით, გადამზიდავის – შპს N1 მიერ, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილ იქნა მომჩივნის კუთვნილი საქონელი („Dialox Hand Piece“ -1 ერთეული), რომლის ღირებულება თანმხლები დოკუმენტების მიხედვით შეადგენდა 1 აშშ დოლარს, ხოლო წონა 2.3 კგ. გზავნილი მოხვდა დეკლარირებას დაუქვემდებარებელ საფოსტო გზავნილების ნუსხაში №1 და შესაბამისი საბაჟო ფორმალობების განხორციელების გარეშე ჩაბარდა მომჩივანს.

მომჩივანმა 3.11.2022 წლის №„-------“ განცხადებით მოითხოვა აღნიშნული საფოსტო გზავნილით მის სახელზე შემოტანილი 12 200 აშშ დოლარის ღირებულების საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევა.

ვინაიდან არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულება აჭარბებდა 15 000 ლარს, საბაჟო კოდექსის 164-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საბაჟო დეპარტამენტის წერილით საქმის მასალები ქვემდებარეობით გადაეგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს, რომლის 13.12.2022 წლის №„-------“ წერილით საბაჟო დეპარტამენტს ეცნობა, რომ წარდგენილი ინფორმაციის შესწავლის შედეგად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები არ გამოვლენილა

საბაჟო ორგანომ მიიჩნია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა 33 941.62 ლარის საბაჟო ღირებულების საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანას და რადგანაც პირს აღნიშნული მართლსაწინააღმდეგო ქმედებისათვის არ დაეკისრა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, საბაჟო დეპარტამენტის 22.12.2022 წლის №32465 ბრძანებით, მომჩივანს დაეკისრა საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული პასუხისმგებლობა და საბაჟო სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 33 941.62 ლარის ოდენობით.

აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 14.02.2023 წლის №2627 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

დადგენილია, რომ 2022 წლის 3 ნოემბერს შპს „-------“ (ს/ნ „-------“) №„-------“ განცხადებით მოითხოვა აღნიშნული კომპანიის სახელზე №„-------“ საფოსტო გზავნილით შემოტანილი 12 200 აშშ დოლარის ღირებულების საქონლის („Dialox Hand Piece“ -1 ერთეული) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევა.

საბაჟო ორგანოს მიერ დადგინდა, რომ ზემოაღნიშნული საფოსტო გზავნილი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილ იქნა საფოსტო გზავნილის გადამზიდავი – შპს N1-ის მიერ 2022 წლის 27 ოქტომბერს და მისი ღირებულება თანმხლები დოკუმენტების მიხედვით შეადგენდა 1 აშშ დოლარს, ხოლო წონა 2.3 კგ, შესაბამისად გზავნილი მოხვდა დეკლარირებას დაუქვემდებარებელ საფოსტო გზავნილების ნუსხაში №1 და შესაბამისი საბაჟო ფორმალობების განხორციელების გარეშე ჩაბარდა მომჩივანს.

შესაბამისად, ადგილი აქვს საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანას საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად სადავო ადმინისტრაციული აქტით საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაკისრებული სანქცია მართლზომიერია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საზოგადოება საქმიანობს 2011 წლიდან და ამ პერიოდად მოყოლებული კლიენტები ჰყავს საზღვარგარეთ (სომხეთი, უზბეკეთი, შვეიცარია და ა.შ.). კომპანია ხშირ შემთხვევაში ყიდის ძირითად დანადგარებს და შემდგომ უზრუნველყოფს მყიდველების მომარაგებას სათადარიგო ნაწილებით.

12.09.2022 წელს კომპანია N2-ისგან (უზბეკეთის რესპუბლიკა), მიიღო შეკვეთა სამედიცინო ლაზერული აპარატის სათადარიგო ნაწილის და კარტრიჯების შესყიდვაზე. შემკვეთს წარედგინა INVOICE №------ 51/2022 26200 USD-ზე. თანხის დიდი ნაწილი - 25 400 USD, უზბეკური კომპანიის მიერ ჩარიცხულ იქნა 22.09.2022 ში.

კომპანიამ თავის მხრივ იმპორტიორისგან "-------" LLC (აშშ) მიიღო INVICE ------- 14.09.2022, რომელსაც 23.09.2022 ჩაურიცხა 12 200 USD.

ტვირთის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფდა გამყიდველი "------" LLC გადამზიდი შპს N1-ის საშუალებით. ტვირთი თავიდანვე გამიზნული იყო რეექსპორტისათვის.

ვინაიდან ტვირთმა დააგვიანა საქართველოში ჩამოსვლა (ამავე დროს უზბეკები კატეგორიულად ითხოვდნენ გადახდილი დანადგარი ნაწილის მიწოდებას), კომპანიის მხრიდან ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობდა ტვირთის შესახებ ინფორმაციის გადამოწმება ტელეფონით გადამზიდავთან, რომელსაც წარმოდგენს შპს N1. ბოლო კომუნიკაცია იყო 27.10.2022 წელს, როდესაც გადამზიდავის მხრიდან მოწერილ იქნა, რომ ტვირთი ჯერ კიდევ კიოლნშია. 28 ოქტომბერს დილით (პარასკევი) კომპანიისთვის მოულოდნელად (კომპანიის ოფისში მიმდინარეობდა ტრენინგი), გადამზიდავის მიერ მოტანილ იქნა ფიზიკურად განბაჟებული ტვირთი რომელიც წესით გამიზნული იყო რეექსპორტისთვის და არ უნდა მისულიყო ოფისში არანაირი კანონით. აღნიშნულ კოლოსალურ შეცდომას დაემატა ის გარემოებაც, რომ გამყიდველის მიერ ტვირთთან ერთად გამოგზავნილი იყო გაუგებარი ინვოისი 1 USD ღირებულებით და ტვირთის განბაჟება მოხდა ამ თანხიდან გამომდინარე. 29-30 ოქტომბერი იყო შაბათ-კვირა, ორშაბათს 31 ოქტომბერს კომპანიის მიერ მერიდიანი ექსპრესისათვის გაგზავნილი იქნა მყიდველის მიერ გამოგზავნილი სწორი ინვოისი და მოთხოვნილი იქნა ყველაფრის გასწორება აღნიშნული დოკუმენტის საფუძველზე. მათი პასუხი იყო, რომ ვერაფერს შეცვლიან, ტვირთი უკვე განბაჟებულია, გადაამისამართეს გაერკვია ურთიერთობა საბაჟოსთან.

კომპანიის წარმომადგენელმა 3.11.2022 წელს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს მიმართა წერილით (№----), სადაც აღანიშნა, რომ ტვირთი განბაჟებულია არასწორად დოკუმენტებით და სრულიად სხვა დანიშნულებით (უნდა ყოფილიყო რეექსპორტი, მაშინ როდესაც გაკეთდა იმპორტი), წარადგინა სწორი დოკუმენტები და მოითხოვა იმპორტის პროცედურა გამართული დოკუმენტებით. იმის ნაცვლად, რომ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მხრიდან მომხდარიყო სიტუაციის შინაარსობრივად სწორად აღქმა და მომხდარიყო კეთილსინდისიერი გადამხდელისათვის (მითუმეტეს მისი მხრიდან თანამშრომლობის სურვილი გამოკვეთილი იყო) ხელისშეწყობა ზემოაღნიშნული კოლოსალური შეცდომების გამოსწორების მიზნით, საზოგადოებას 22.12.2022 წელს საბაჟო დეპარტამენტის №32465 ბრძანებით შეეფარდა საბაჟო სანქცია.

მიაჩნია რომ ერთის მხრივ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ და შემდგომში უკვე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, საზოგადოებისათვის დაკისრებული სანქციების თაობაზე არის არასამართლიანი, რადგან თუნდაც შინაარსის ფორმაზე აღმატებულობის პრინციპის გათვალიწინებით, არსად არ ვლინდება, რომ შპს „-------“-ის რაიმე ინტერესს და განზრახვას წარმოადგენდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანა საბაჟო კონტროლისგან მალულად, მითუმეტეს რომ საქონელი გამიზნული იყო რეექსპორტისთვის. მისგან დამოუკიდებლად სხვა კომპანიების არასწორი მუშაობის გამო (ერთი მხრივ აშშ-დან არასწორად გამოგზავნილი ინვოისი და მეორე მხრივ გადამზიდავი კომპანიის შპს N1-ის მიერ საქმისადმი არაპროფესიონალური მიდგომა), ზიანდება კომპანია.

მომჩივანს 100%-ით გადახდილი ჰქონდა რეექსპორტისათვის განკუთვნილი საქონლის ღირებულება იმპორტიორისათვის (საბანკო "------" LLC-სთვის) 12 200 USD გადახდის თაობაზე).

უზბეკურ კომპანიას ფაქტობრივად 100%-ით გადახდილი ჰქონდა შეკვეთილი საქონლის ღირებულება (კომპანიისგან 25 400 USD ჩარიცხვის თაობაზე),კომპანიამ მას შემდეგ რაც აღმოაჩნია უზუსტობები განბაჟების პროცესშივე თავად მიმართა ჯერ გადამზიდავს შპს N1-ს და შემდგომ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს. წარუდგინა იმპორტიორის მიერ გამოგზავნილი სწორი ინვოისი და მოითხოვა გამართული დოკუმენტაციით იმპორტის სწორი პროცედურა.

ნაწილობრივ გასაგებია სახელმწიფოს პოზიცია აღნიშნულ დარღვევასთან დაკავშირებით, თუმცა იმედი აქვს, რომ ეს გაუგებრობა რომელიც გამოწვეულია შპს „-------“- სგან დამოუკიდებლად გადაწყდება საზოგადოების როგორც კეთილსინდისიერი გადამხდელის სასარგებლოდ. სხვათა შეგნებული თუ უნებლიე შეცდომის გამო ზარალდება კომპანია. აღნიშნული საკითხის შესწავლა და განხილვა მოხდება საფუძვლიანად, გაზიარებულ იქნება მისი პოზიცია და მიღებულ იქნება ობიექტური გადაწყვეტილება.

ითხოვს გათვალიწინებულ იქნას აღნიშნული გარემოება და მოეხსნას სანქცია 33 941,62 ლარი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:

ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;

ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი;

გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) 29-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანილი საფოსტო გზავნილები (ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი საქონლის გარდა) საბაჟო ორგანოს წარედგინება გადამზიდავის მიერ მომზადებული საფოსტო გზავნილების ნუსხებით:

ა) დეკლარირებას დაუქვემდებარებელი საფოსტო გზავნილების ნუსხა №1 (დანართი №8-VIII-01);

ბ) დეკლარირებას დაქვემდებარებული საფოსტო გზავნილების ნუსხა №2 (დანართი №8-VIII-02);

გ) დაუდგენელი ღირებულების საფოსტო გზავნილების ნუსხა №3 (დანართი №88-VIII-03).

ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, საფოსტო გზავნილით შემოტანილ, დეკლარირებას დაქვემდებარებულ საქონელზე საბაჟო დეკლარაცია – ფორმა 4-ს ავსებს გადამზიდავი, რომელიც ახორციელებს პირის (საფოსტო გზავნილის მიმღების) წარმომადგენლობას და უზრუნველყოფს საქონლის შენახვას. მე-4 პუნქტის მიხედვით, საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონელი, რომლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება არ იბეგრება/გათავისუფლებულია იმპორტის გადასახდელისაგან, არ ექვემდებარება სავალდებულო დეკლარირებას, გარდა იმ საქონლისა, რომლის შემოტანა შეზღუდულია ან/და მათი შემოტანისათვის საჭიროა ნებართვა ან/და ლიცენზია.

საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რომ საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა (გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით ან საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნისთვის საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით პასუხისმგებლობის დაკისრება მართლზომიერია.

საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს მხარეთა არგუმენტაციაზე და სადავო შემთხვევაში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ მომჩივნის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეული იყო შეცდომით და შესაბამისად, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანი უნდა გათავისუფლდეს 22.12.2022 წლის №32465 ბრძანებით შეფარდებული სანქციისგან.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მომჩივანი, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს საბაჟო

დეპარტამენტის 22.12.2022 წლის №32465 ბრძანებით შეფარდებული სანქციისგან;

3. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

მომჩივანის ითხოვს გათვალიწინებულ იქნას გარემოება და მოეხსნას სანქცია .

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

მომჩივნის საქმიანობის საგანს წარმოდგენს ესთეტიკური და სამედიცინო პროდუქციის/დანადგარების იმპორტი და მისი დისტრიბუცია საქართველოში და საზღვარგარეთ.

საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილ იქნა მომჩივნის კუთვნილი საქონელი,რომლის ღირებულება თანმხლები დოკუმენტების მიხედვით შეადგენდა 1 აშშ დოლარს, ხოლო წონა 2.3 კგ. გზავნილი მოხვდა დეკლარირებას დაუქვემდებარებელ საფოსტო გზავნილების ნუსხაში №1 და შესაბამისი საბაჟო ფორმალობების განხორციელების გარეშე ჩაბარდა მომჩივანს.

მომჩივანმა განცხადებით მოითხოვა აღნიშნული საფოსტო გზავნილით მის სახელზე შემოტანილი 12 200 აშშ დოლარის ღირებულების საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევა.

ვინაიდან არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულება აჭარბებდა 15 000 ლარს, საბაჟო კოდექსის 164-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საბაჟო დეპარტამენტის წერილით საქმის მასალები ქვემდებარეობით გადაეგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს, რომლის წერილით საბაჟო დეპარტამენტს ეცნობა, რომ წარდგენილი ინფორმაციის შესწავლის შედეგად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები არ გამოვლენილა

მომჩივანს დაეკისრა საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული პასუხისმგებლობა და საბაჟო სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა

 

გადაწყვეტილება

 

საბჭო მიიჩნევს, რომ საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ მომჩივნის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეული იყო შეცდომით და შესაბამისად, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანი უნდა გათავისუფლდეს შეფარდებული სანქციისგან.

 

დასაბუთება

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

163,168