გადაწყვეტილება №25831/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25831/2/2025
16 დეკემბერი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,13.11.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 9.09.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25831/2/2025).
დავის საგანი:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 1.05.2025 წლის №25040/2/2025 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები;
2. ტექნიკური უზუსტობის გასწორების შესახებ აუდიტის დეპარტამენტის ბრძანება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 27.08.2025 წლის №006-343 საგადასახადო მოთხოვნა;
2. აუდიტის დეპარტამენტის 3.09.2025 წლის №006-348 საგადასახდო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა:
27.08.2025 წლის №006-343 საგადასახადო მოთხოვნა - 95 345,82 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 3 311
დღგ - 5 287
საშემოსავლო გადასახადი - (- 1 484)
ქონების გადასახადი - (- 492)
ჯარიმა - 51 453
საურავი - 40 581,82
3.09.2025 წლის №006-348 საგადასახადო მოთხოვნა - 47 200,82 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 3 311
დღგ - 5 287
საშემოსავლო გადასახადი - (-1 484)
ქონების გადასახადი - (- 492)
ჯარიმა - 3 308
საურავი - 40 581,82
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 25.12.2024 წლის გასვლითი საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2021 წლიდან 1.01.2024 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
შესამოწმებელ პერიოდში, გადასახადის გადამხდელს დამკვეთისაგან მიღებული აქვს ავანსები, რაზეც პირმა გამოწერა ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და დაბეგრა დამატებული ღირებულების გადასახადით. პირს ასევე გამოწერილი აქვს ძირითადი („ეა“) საგადასახადო ანგარიშფაქტურები, რომელსაც ნაშთავს ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით, რათა არ მოხდეს ერთი და იგივე ოპერაციის თანხის ორჯერ დაბეგვრა. რიგ შემთხვევაში პირს განაშთვები აქვს არასწორად, კერძოდ:
1) ერთი ოპერაციის ძირითადი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები შემცირებული აქვს სხვა ოპერაციის ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით;
2) დამკვეთთან დადებული ხელშეკრულების თანახმად, პირს არ შეეძლო ერთი მომსახურების ფარგლებში გამოწერილი ყველა „ეა“ საგადასახადო ანგარიშ- ფაქტურის შემცირება ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით. კონტრაქტი ითვალისწინებდა ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების განაშთვის პირობებს, კონტრაქტის ფარგლებში დამკვეთი განსაზღვრავდა რომელი „ეა“ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა უნდა შემცირებულიყო ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით და რა თანხით.
საგადასახადო კოდექსის 159-ე და 1601 მუხლების გათვალისწინებით დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები ორი სახის პროექტის ფარგლებში გაწეულ მომსახურებებზე:
1. რომელიც დაიწყო შესამოწმებელ პერიოდამდე და შესამოწმებელ პერიოდში გაგრძელდა;
2. რომელიც დაიწყო შესამოწმებელ პერიოდში და არ დამთავრებულა. შედეგად, დაერიცხა გადასახადი და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2024 წლის №006-570 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 18.03.2025 წლის №4797 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც არ დაკმაყოფილებული საკითხის ნაწილში გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 1.05.2025 წლის №25040/2/2025 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 18.03.2025 წლის №4797 ბრძანება. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა უზრუნველყოს დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირების საფუძვლების შესწავლა წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით (მათ შორის საჭიროების შემთხვევაში შესამოწმებელი პერიოდის გაზრდის საფუძველზე) და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საბჭოს 1.05.2025 წლის №25040/2/2025 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 25.08.2025 წლის დასკვნის მიხედვით, აუდიტის დეპარტამენტმა გაითვალისწინა დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება, შეისწავლა გადასახადის გადამხდელის მიერ დავის წარმოების პროცესში დამატებით წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია (საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტა) და მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები.
აუდიტის დეპარტამენტის 25.08.2025 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 27.08.2025 წლის №006-343 საგადასახადო მოთხოვნა.
აუდიტის დეპარტამენტის 1.09.2025 წლის დასკვნის მიხედვით, აუდიტის დეპარტამენტმა გაითვალისწინა დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება, შეისწავლა გადასახადის გადამხდელის მიერ დავის წარმოების პროცესში დამატებით წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია (საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტა) და მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები, რაზეც შედგა 25.08.2025 წლის დასკვნა. ვინაიდან საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-5 ნაწილით, საგადასახადო შემოწმების შედეგად ამ მუხლის შესაბამისად ამ მუხლის შესაბამისად შეფარდებული ჯარიმების ჯამური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ საგადასახადო შემოწმების შედეგად გადასახდელად დარიცხული გადასახადის თანხის ოდენობას, 25.08.2025 წლის დასკვნაში ტექნიკური ხარვეზის გასწორების მიზნით გადასახადის გადამხდელს დამატებით უნდა შეუმცირდეს ჯარიმა - 48 145 ლარი.
აუდიტის დეპარტამენტის 1.09.2025 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 3.09.2025 წლის №006-348 საგადასახადო მოთხოვნა.
აუდიტის დეპარტამენტის 27.08.2025 წლის №006-343 და 3.09.2025 წლის №006-348 საგადასახადო მოთხოვნები გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი ითხოვს ბათილად იქნეს ცნობილი შემოსავლების სამსახურის 3.09.2025 წლის №006-348 საგადასახადო მოთხოვნა. საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
1. აუდიტის დეპარტამენტმა 2024 წლის 25 დეკემბერს გამოსცა შპს „--------“-ის (ს/ნ „-------“) საგადასახადო შემოწმების აქტი (სააღრიცხვო №1626). აღნიშნული აქტის საფუძველზე 2025 წლის 26 დეკემბერს აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა №27367 ბრძანება, რითიც შპს „-------“-ს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად დაერიცხა 334 029 ლარი, მათ შორის: ძირითადი გადასახადი 193 090 ლარი, ჯარიმა 140 939 ლარი. 2024 წლის 26 დეკემბერს შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 26 დეკემბრის ბრძანება №27367 საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტმა შპს „-------“-ის მიმართ გამოსცა №006-570 საგადასახადო მოთხოვნა, რის საფუძველზეც კომპანიას გადასახდელად დაერიცხა 391 862,98 ლარი.
შპს „-------“-ის მიერ ზემოჩამოთვლილი სამართლებრივი აქტები დადგენილი წესით გასაჩივრებულ იქნა ჯერ შემოსავლების სამსახურში (საჩივრის ნომერი №94151/1/2025), ხოლო შემდეგ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების საბჭოში (საჩივრის ნომერი 25040/2/2025). დავების განმხილველი ორივე საბჭოს მიერ შპს „-------“-ის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ (შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 18 მარტის №4797 გადაწყვეტილება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების საბჭოს 2025 წლის 1 მაისის გადაწყვეტილება №25040/2/2025) და შემოსავლების სამსახურს დაევალა მომჩივნის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე დარიცხული გადასახადის გადაანგარიშება (შემცირება).
2025 წლის 3 სექტემბერს შპს „-------“-მა ჩაიბარა აუდიტის დეპარტამენტის №006-348 საგადასახადო მოთხოვნა და აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 1 სექტემბრის დასკვნა შპს „-------“-ის საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე. აღნიშნული დასკვნის თანახმად, ჯამურად დარიცხულმა გადასახადმა შეადგინა 3310 ლარი, ხოლო დარიცხულმა ჯარიმამ 3308 ლარი. 2025 წლის 3 სექტემბერს მიღებულ აუდიტის დეპარტამენტის №006-348 საგადასახადო მოთხოვნაში საურავის თანხად განსაზღვრულია 40 581,82 ლარი.
საჩივრის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლი. აუდიტის დეპარტამენტის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 1 მაისის გადაწყვეტილება №25040/2/2025 აღსრულდა არასრულყოფილად, ვინაიდან შესაბამისი თანხით არ დაკორექტირდა დარიცხული საურავი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა დაკმაყოფილდეს საჩივარი და ბათილად იქნეს ცნობილი აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 3 სექტემბრის საგადასახადო მოთხოვნა №006-348.
მომჩივნის მიერ წარმოდგენილია 21.09.2025 წლის დაზუსტებული საჩივარი, სადაც მითითებულია, რომ მოითხოვს ბათილად იქნას ცნობილი შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 25 აგვისტოს აუდიტის დასკვნა, შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 27 აგვისტოს ბრძანება №19159, ბათილად იქნეს ცნობილი შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 27 აგვისტოს საგადასახადო მოთხოვნა №006–343, შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 1 სექტემბრის დასკვნა ტექნიკური უზუსტობის გასწორების თაობაზე, შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 3 სექტემბერის ბრძანება №19467 და შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 3 სექტემბრის საგადასახადო მოთხოვნა №006-348;
აუდიტის დეპარტამენტმა 2024 წლის 25 დეკემბერს გამოსცა შპს „-------“-ის (ს/ნ „-------“) საგადასახადო შემოწმების აქტი (სააღრიცხვო №1626). აღნიშნული აქტის საფუძველზე 2025 წლის 26 დეკემბერს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა ბრძანება №27367, რითაც შპს „--------“-ს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად დაერიცხა 334 029 ლარი, მათ შორის: ძირითადი გადასახადი 193 090 ლარი, ჯარიმა 140 939 ლარი. 2024 წლის 26 დეკემბერს, შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 26 დეკემბრის ბრძანება №27367 საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტმა შპს „--------“-ის მიმართ გამოსცა საგადასახადო მოთხოვნა №006–570, რის საფუძველზეც კომპანიას გადასახდელად დაერიცხა 391 862,98 ლარი.
შპს „------“-ის მიერ ზემოჩამოთვლილი სამართლებრივი აქტები დადგენილი წესით გასაჩივრებულ იქნა ჯერ შემოსავლების სამსახურში (საჩივრის ნომერი №94151/1/2025), ხოლო შემდეგ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების საბჭოში (საჩივრის ნომერი №25040/2/2025). დავების განმხილველი ორივე საბჭოს მიერ შპს „--------“-ის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ (შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 18 მარტის №4797 გადაწყვეტილება. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების საბჭოს 2025 წლის 1 მაისის გადაწყვეტილება №25040/2/2025) და შემოსავლების სამსახურს დაევალა მომჩივანის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე დარიცხული გადასახადის გადაანგარიშება (შემცირება).
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 1 მაისის გადაწყვეტილების №25040/2/2025 აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2025 წლის 25 აგვისტოს გამოსცა აუდიტის დასკვნა დარიცხული გადასახადის გადაანგარიშების შესახებ, სადაც განხორციელდა დარიცხული დღგ-ის ძირის შემცირება 185 647 ლარით და შესაბამისი ჯარიმის შემცირება თანხით 87 420 ლარი. საშემოსავლო გადასახადზე დარიცხული ჯარიმა არ შემცირებულა. აღნიშნული დასკვნის საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტმა 2025 წლის 27 აგვისტოს გამოსცა ბრძანება №19159 (შპს „-------“-ისთვის გადასახადის შემცირებაზე სულ 273 067 ლარით, მათ შორის ძირითადი გადასახადი 185 647 ლარი, ჯარიმა 87 420 ლარი) და აუდიტის მოთხოვნა №006-343 თანხაზე 95 345,82 ლარი (მათ შორის: ძირი გადასახადი 3 311 ლარი; დარიცხული ჯარიმა 51 453 ლარი; საურავი 40 581,82 ლარი). ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ 3 311 ლარის ოდენობით დარიცხული ძირი გადასახადზე დარიცხული ჯარიმის ოდენობამ შეადგინა 51 453 ლარი, ხოლო საურავის ოდენობამ შეადგინა 40 581,82 ლარი. შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 1 მაისის გადაწყვეტილება №25040/2/2025 აღსრულდა არასრულყოფილად.
აუდიტის დეპარტამენტმა 2025 წლის 1 სექტემბერს გამოსცა დასკვნა ტექნიკური უზუსტობის გასწორების თაობაზე, რის საფუძველზეც კომპანიაზე დარიცხული ჯარიმა შემცირდა 48 145 ლარით. 2025 წლის 3 სექტემბერს აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა ბრძანება №19467 და საგადასახადო მოთხოვნა №006-348, სადაც შემცირდა დარიცხული ჯარიმა 48 145 ლარით, თუმცა არ შემცირებულა დარიცხული საურავი.
საჩივრის სამართლებრივი საფუძველია საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლი.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 1 მაისის გადაწყვეტილება №25040/2/2025 აღსრულდა არასრულყოფილად, ვინაიდან შესაბამისი თანხით არ დაკორექტირდა დარიცხული საურავი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით.
საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლის თანხმად, დღგ-ით დასაბეგრი თანხა და, შესაბამისად, დღგის ჩასათვლელი თანხა კორექტირდება, თუ შეიცვალა ის გარემოებები/ფაქტორები, რომელთა საფუძველზეც დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი თანხა. დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირება ხორციელდება კორექტირების გამომწვევი გარემოების დადგომის საანგარიშო პერიოდში. დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არ უქმდება და არ კორექტირდება ამ კოდექსით დადგენილი წესით სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის ან საქონლის დანაკარგის არსებობის შემთხვევაში.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 733 მუხლის პირველი-მე-4 პუნქტების თანახმად:
1. დღგ-ის დასაბეგრი თანხა და, შესაბამისად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა კორექტირდება, თუ შეიცვალა გარემოებები/ფაქტორები, რის საფუძველზეც დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი თანხა.
2. დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირება ხორცილდება კორექტირების გამომწვევი გარემოების დადგომის საანგარიშო პერიოდში.
3. დასაბეგრი ოპერაციის თანხა და, შესაბამისად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა კორექტირდება შემდეგი გარემოებების დადგომისას:
ა) გაუქმდა დასაბეგრი ოპერაცია, მათ შორის, ხელახალი რეგისტრაციის დროს დღგ-ის გადამხდელად წინა რეგისტრაციის გაუქმებისას მიწოდებად განხილული საქონლის არსებულ ნაშთზე;
ბ) შეიცვალა დასაბეგრი ოპერაციის სახე (მათ შორის, შეიცვალა დაბეგვრის რეჟიმი);
გ) მხარეთა შეთანხმებით, შეიცვალა დაბეგვრის მომენტში განსაზღვრული ანაზღაურების თანხა, გარდა ვალუტის კურსის ცვლილებით გამოწვეული ცვლილებისა;
დ) საქონელი/მომსახურება სრულად ან ნაწილობრივ უბრუნდება დღგ-ის გადამხდელს.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული ერთ-ერთი გარემოების დადგომისას დასაბეგრი ოპერაციის თანხა კორექტირდება, თუ:
ა) საგადასახადო ორგანოში წარდგენილია ან/და დღგ-ის დეკლარაციაში ასახულია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომელშიც დღგ-ის თანხა არასწორად არის მითითებული;
ბ) დღგ-ის დეკლარაციაში არასწორად არის მითითებული დღგ-ის თანხა;
გ) გამოწერილია დღგ-ის ანგარიშფაქტურა, რომელშიც დღგ-ის თანხა არასწორად არის მითითებული;
დ) უძრავი ნივთის მიწოდების ოპერაციაზე დღგ დარიცხულია საგადასახადო შემოწმების შედეგად, რომლის საფუძველზეც საგადასახადო ორგანომ განახორციელა პირის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია. ამ შემთხვევაში, დღგ-ით დასაბეგრი თანხა კორექტირდება ამ მუხლის მე-10-მე-11 პუნქტებით განსაზღვრული წესით.
საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 1.05.2025 წლის №25040/2/2025 გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ საბჭო ყურადღებას ამახვილებს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულებების შეწყვეტის თაობაზე მომჩივნის არგუმენტებთან დაკავშირებით და მიუთითებს, რომ აღნიშნული ინფორმაციის/დოკუმენტაციის გათვალისწინებით, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების მეტი სიზუსტით განსაზღვრის მიზნით, სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, საბჭომ მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს უზრუნველყოს დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირების საფუძვლების შესწავლა წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით (მათ შორის საჭიროების შემთხვევაში შესამოწმებელი პერიოდის გაზრდის საფუძველზე) და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
აღნიშნული გადაწყვეტილებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა უზრუნველყოს დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირების საფუძვლების შესწავლა წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით (მათ შორის საჭიროების შემთხვევაში შესამოწმებელი პერიოდის გაზრდის საფუძველზე) და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
აუდიტის დეპარტამენტის 25.08.2025 წლის დასკვნაში აღნიშნულია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ დავის წარმოების პროცესში დამატებით წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციის (საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტა) მიხედვით დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები.
მომჩივნის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე მიუთითა, რომ ითხოვს სადავო საგადასახადო მოთხოვნებში ასახული საურავის კორექტრიებას.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირება განხორციელდა კორექტირების გამომწვევი გარემოების დადგომის საანგარიშო პერიოდში.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას შესწავლილი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში გათვალისწინებული იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, შედეგად შემცირებას დაექვემდებარა გადასახადის და სანქციის თანხები.
საბჭო აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 25.08.2025 წლის დასკვნა გამოცემულია საბჭოს 1.05.2025 წლის №25040/2/2025 გადაწყვეტილების შესაბამისად. ხოლო, აუდიტის დეპარტამენტის 1.09.2025 წლის დასკვნით, ტექნიკური ხარვეზის გასწორება განხორციელდა მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების და სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს ბათილად იქნეს ცნობილი შემოსავლების სამსახურის 3.09.2025 წლის №006-348 საგადასახადო მოთხოვნა.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელს დამკვეთისაგან მიღებული აქვს ავანსები, რაზეც პირმა გამოწერა ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და დაბეგრა დამატებული ღირებულების გადასახადით. პირს ასევე გამოწერილი აქვს ძირითადი საგადასახადო ანგარიშფაქტურები, რომელსაც ნაშთავს ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით, რათა არ მოხდეს ერთი და იგივე ოპერაციის თანხის ორჯერ დაბეგვრა. რიგ შემთხვევაში პირს განაშთვები აქვს არასწორად,.
სსკ-ის 159-ე და 1601 მუხლების გათვალისწინებით დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები ორი სახის პროექტის ფარგლებში გაწეულ მომსახურებებზე.მომჩივანს ასევე დაერიცხა გადასახადი და სსკ-ის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების და სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
159,163,179,304(21).