გადაწყვეტილება №20112/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 04.09.2023
№ დოკუმენტი 20112/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20112/2/2023

04 სექტემბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ ------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 13.07.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-----“-ის 30.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20112/2/2023).

 

დავის საგანი:

დავების განხილვის საბჭოს 10.02.2023 წლის №18248/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

აუდიტის დეპარტამენტის 2.06.2023 წლის №001-90 საგადასახადო მოთხოვნა.

 

დარიცხული თანხა: 47 934 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 23 848

საშემოსავლო გადასახადი - 23 626

დღგ - 222

ჯარიმა - 11 934

საურავი - 12 152

 

პროცედურული გარემოებები

გადამხდელის საქმიანობაა სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესრულება.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 2019 წლის პირველი ივნისიდან 2020 წლის პირველ ივლისამდე საანგარიშო პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2021 წლის 31 მაისის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ:

1. საწარმოს ანგარიშვალდებულ პირს შპს „-----თვის“ 2019 წლის ივნისის, ოქტომბრის და დეკემბრის თვეებში გადახდილი აქვს 140 120 ლარი. მაშინ როცა (ძველი შემოწმებისთვის) შპს „------ის“ მიერ 2019 წლის 11 სექტემბრის თარიღით წარდგენილი ახსნა-განმარტების მიხედვით, შპს „-----ის“ ვალდებულება, 2019 წლის 1 ივნისის მდგომარეობით შეადგენდა 48 920 ლარს. სხვაობის თანხა 91 200 ლარი, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილისა და 101-ე მუხლის შესაბამისად მიჩნეულ იქნა დაქირავებულ პირზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა;

2. მომჩივნის განმარტებით, შპს „-------ს“ მისაწოდებელი საქონლის სანაცვლოდ, 2017 წლის სექტემბრის თვეში, ავანსის სახით სალაროდან გადაუხადა 105 000 ლარი. თანხის მიმღების მიერ გამოწერილია ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (ავ-------). გადამხდელის მიერ ძველი შემოწმებისთვის წარმოდგენილი ახსნა-განმარტების მიხედვით, შპს „-----ის“ მიერ საქონლის მოწოდებას ადგილი არ ჰქონია და გადამხდელს აღნიშნული თანხის ამოღების მიზნით არ მიუმართავს სასამართლოსთვის.

გადამხდელის მიერ წარდგენილი ბუღალტრული პროგრამის და დამოწმებული „დებიტორ-კრედიტორების“ შესახებ ინფორმაციის მიხედვით აღნიშნული ნაშთად არ უფიქსირდება. შესაბამისად, შემოწმებით, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის გათვალისწინებით 105 000 ლარი განხილულ იქნა დაქირავებულ პირზე გაცემულ ხელფასად. მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 2021 წლის 7 ივნისის №17808 ბრძანება და №001-175 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 1.11.2021 წლის №34310 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 31.03.2022 წლის №15019/2/2021 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მომჩივანს მიეცა წინადადება აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა სადავო საკითხთან დაკავშირებით დამატებითი მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა მომჩივნის მონაწილეობით შეესწავლა მის მიერ საჩივარში დასახელებული არგუმენტები წარდგენილ მტკიცებულებებთან ერთად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში შემოწმების აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საბჭოს 31.03.2022 წლის №15019/2/2021 გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით გამოიცა 13.10.2022 წლის დასკვნა, სადაც მითითებულია, რომ:

1. შემოწმების მიმდინარეობისას ბუღალტრული პროგრამისა და გადამხდელის მიერ წარდგენილი ურთიერთშედარების აქტის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ანგარიშვალდებულ პირს შპს -----თვის (ს/ნ ------) შესამოწმებელ პერიოდში, კერძოდ, 2019 წლის ივნისის, ოქტომბრის და დეკემბრის თვეებში, გადახდილი აქვს 140 120 ლარი. მაშინ როცა (წინა შემოწმებისთვის) შპს ------სა და შპს ------ის მიერ წარდგენილი ახნა-განმარტების მიხედვით, შპს ------ის ვალდებულება აღნიშნული კომპანიის მიმართ, 2019 წლის 1 ივნისის მდგომარეობით, შეადგენდა 48 920 ლარს. შემოწმების აქტით სხვაობა დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. წარმოდგენილ საჩივარს გადამხდელმა დაურთო შპს ------ის სალაროს შემოსავლის ორდერები. თუმცა, აღნიშნული გადაანგარიშების ეტაპზე არ იქნა შემოწმების მიერ გათვალისწინებული, ვინაიდან, შპს ------ წარმოადგენს შპს ------ის ურთიერთდამოკიდებულ კომპანიას. ამასთან, წინა საგადასახადო შემოწმების მონაცემებით კრედიტორული დავალიანების ნაშთად დაფიქსირებულია არა 140 120 ლარი, არამედ 48 920 ლარი, რაზეც ასევე წარდგენილი იყო ორივე კომპანიის წერილობითი ახსნა-განმარტება. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ამ ნაწილში შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირებას არ დაექვემდებარა.

2. შპს „-------“-ის მიერ 2017 წლის სექტემბრის თვეში, შპს „-----“-ისთვის (ს/ნ ------) მისაწოდებელი საქონლის სანაცვლოდ, ავანსის სახით სალაროდან გადახდილია 105 000 ლარი და გამოწერილია ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (ავ-------). გადამხდელის მიერ წარდგენილი ბუღალტრული პროგრამის შესაბამისად, 2019 წლის 1 ივნისის მდგომარეობით აღნიშნული დებიტორული დავალიანება ნაშთად არ ფიქსირდება. თუმცა არც შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე (ასევე არც დღეის მდგომარეობით) საქონლის მიწოდებას ადგილი არ ჰქონია და არც თანხის დაბრუნების მიზნით მიუმართავს შპს „-----ს“ სასამართლოსთვის. შემოწმების აქტით აღნიშნული თანხა დაბეგრილია საშემოსავლო გადასახადით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებისას გადამხდელის წარდგენილი ინფორმაცია-დოკუმენტაცია (შპს -----თან გაფორმებული ხელშეკრულება და ურთიერთშედარების აქტი) გათვალისწინებული არ იქნა და ამ ნაწილში შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირებას არ დაექვემდებარა.

აღნიშნული დასკვნის საფუძველზე მომჩივანს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 24.10.2022 წლის №26901 ბრძანება და 25.10.2022 წლის №001-194 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭომ 10.02.2023 წლის №18248/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი დააკმაყოფილა ნაწილობრივ და მიიჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ საბჭოს 31.03.2022 წლის №15019/2/2021 გადაწყვეტილება არ იყო აღსრულებული ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად, რისთვისაც, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულება (საჩივარში დასახელებული არგუმენტების წარდგენილ მტკიცებულებებთან ერთად შესწავლა) მომჩივნის მონაწილეობით. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 29.05.2023 წლის დასკვნის საფუძველზე შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირდა სულ - 38 137 ლარით, მათ შორის გადასახადი - 25 424 ლარი, ხოლო ჯარიმა - 12 713 ლარით. აღნიშნული დასკვნის საფუძველზე, მომჩივანს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 1.06.2023 წლის №12143 ბრძანება და 2.06.2023 წლის №001-90 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოწმების აქტის თანახმად, შპს ------ს შპს -----თვის 2019 წლის ივნისის, ოქტომბრის და დეკემბრის თვეებში გადახდილი აქვს 114 720 ლარი, მაშინ როცა, ძველი შემოწმებისათვის, შპს -----ის მიერ 2019 წლის 11 სექტემბრის თარიღით წარმოდგენილი ახსნა-განმარტებისა და 25.09.2019 წ. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტისათვის მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით შპს ------ის დავალიანება 2019 წლის პირველი ივნისის მდგომარეობით შეადგენდა 48 920 ლარს,(იხ. დანართი 1.2,3), რაც არ არის სწორი ინფორმაცია, რადგან აღნიშნული ვალდებულება არის არა 2019 წლის პირველი ივნისის, არამედ ახსნა-განმარტების დაწერის - 2019 წლის 11 სექტემბრის მდგომარეობით (იხ. დანართი 4), თანახმად შემდეგისა: შპს ------ის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2016 წელს განხორციელებული მომსახურების ღირებულებამ შეადგინა 23 090 ლარი, რაც ანაზღაურებულია (სრულად); 2017 წელს განხორციელებულია ავანსად თანხის გადახდა 25 400 ლარი, ა/ფ (ავ------), რაზეც გამოწერილია ავ. ანგარიშ-ფაქტურა; 2018 წლის ბრუნვა იყო 293 820 ლარი, ამ პერიოდისთვის გადახდებმა შეადგინა 157 500 ლარი, რაზეც შპს -----ის მიერ გამოწერილია ს.შ ორდერები №1,2,3,4,5, (იხ. დანართი 5) შესაბამისად ნაშთი 2018 წლის ბოლოს არის 110 920 ლარი. 2019 წლის ბრუნვა შეადგენს 30 800 ლარს (ეა----, დანართი 1.1), რაც ასახულია შპს ------ის ინფორმაციაში, მაგრამ არ ჰქონდათ ასახული ბუღალტრულ პროგრამაში, (იხ. დანართი 3) გადახდები პირველი ივნისის მდგომარეობით იყო 27 000, რაზეც -----ის მიერ გამოწერილია ს.შ ორდერები №6,7,8,9 (იხ. დანართი 6). როგორც ზემოთ თქმულიდან გამომდინარეობს, შპს -------ის მიერ აუდიტის დეპარტამენტისთვის მიწოდებული ბრუნვები (დანართი 3) სრულად შეესაბამება შპს ------ის საბუღალტრო პროგრამაში ასახულ და საგადასახადო შემოწმების დროს წარმოდგენილ ბრუნვებს (დანართი 7), შესაბამისად შპს ----ის მიერ 2019 წლის 1 ივნისის მდგომარეობით არსებული ნაშთი არ შეიძლება იყოს 48 920 ლარი და როგორც ზემოთ აღნიშნა, წარმოადგენს ნაშთს 11.09.2019 წლის მდგომარეობით და აღებულია შპს ------ის საბუღალტრო პროგრამიდან ახსნა-განმარტების დაწერის მომენტისათვის (იხ. დანართი 3) და გადატანილია, მექანიკურად, 25.09.2021 წლი-ს ინფორმაციაში. ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, შპს ------ის 1.06.2019წ. მდგომარეობით დავალიანება, ნამდვილად, შეადგენს 114 720 ლარს და როგორც აღნიშნულია აქტში, დაფარულია ივნისის, ოქტომბრის და დეკემბრის თვეებში განხორციელებული გადახდებით.

ითხოვს გათვალისწინებული იქნას დასახელებული არგუმენტები და სხვაობები შემოწმების დროს მიწოდებულ ინფორმაციაში არ იქნას განხილული, როგორც ხელფასი, რამდენადაც აღნიშნული გამოწვეულია არა გადასახადის დამალვის ან შემცირების მცდელობით, არამედ, სამწუხაროდ თანამშრომლების შეცდომით, რითაც სახელმწიფო ბიუჯეტს არ უზარალია.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისთვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. ხოლო, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას, გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს.

საბჭომ 10.02.2023 წლის №18248/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი დააკმაყოფილა ნაწილობრივ და მიიჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ საბჭოს 31.03.2022 წლის №15019/2/2021 გადაწყვეტილება არ იყო აღსრულებული ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად, რისთვისაც, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულება (საჩივარში დასახელებული არგუმენტების წარდგენილ მტკიცებულებებთან ერთად შესწავლა) მომჩივნის მონაწილეობით. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით გამოიცა 29.05.2023 წლის დასკვნა, სადაც მითითებულია, რომ:

1. შემოწმების მიმდინარეობისას ბუღალტრული პროგრამისა და გადამხდელის მიერ წარდგენილი ურთიერთშედარების აქტის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ანგარიშვალდებულ პირს შპს ------თვის (ს/ნ -----) შესამოწმებელ პერიოდში, კერძოდ, 2019 წლის ივნისის, ოქტომბრის და დეკემბრის თვეებში, გადახდილი აქვს 140 120 ლარი. მაშინ როცა (წინა შემოწმებისთვის) შპს -----სა და შპს -----ის მიერ წარდგენილი ახნა-განმარტების მიხედვით, შპს ------ის ვალდებულება აღნიშნული კომპანიის მიმართ, 2019 წლის პირველი ივნისის მდგომარეობით, შეადგენდა 48 920 ლარს. შემოწმების აქტით სხვაობა დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. წარმოდგენილ საჩივარს გადამხდელმა დაურთო შპს -------ის სალაროს შემოსავლის ორდერები. თუმცა, აღნიშნული გადაანგარიშების ეტაპზე არ იქნა გათვალისწინებული, ვინაიდან, შპს ----- წარმოადგენს შპს ------ის ურთიერთდამოკიდებულ კომპანიას. ამასთან, წინა საგადასახადო შემოწმების მონაცემებით კრედიტორული დავალიანების ნაშთად დაფიქსირებულია (მათი შემოწმების ბოლოს, ახალი შემოწმების დასაწყისში) არა 140 120 ლარი, არამედ 48 920 ლარი. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ამ ნაწილში შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირებას არ დაექვემდებარა.

2. გადაანგარიშების ეტაპზე მომჩივნის მიერ წარდგენილია შპს ------თან გაფორმებული ხელშეკრულება და ნოტარიულად დამოწმებული ურთიერთშედარების აქტი, რომლის მიხედვითაც, 2023 წლის 7 თებერვლის მდგომარეობით შპს -----ს გააჩნია ვალდებულება მომჩივნის მიმართ 105 000 ლარის ოდენობით. ამასთან, გადაანგარიშების ეტაპზე წარდგენილია სალაროს გასავლის ორდერები და 2017 წლის საანგარიშო პერიოდზე საბანკო ამონაწერები. აღნიშნული ამონაწერების დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ გადამხდელის მიერ 2017 წლის აგვისტო-სექტემბრის პერიოდში დანიშნულებით „პრუდუქციის შესაძენად“ საბანკო ანგარიშიდან გატანილი თანხა შესაბამისობაშია მის მიერ შპს ------თვის“ ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდილ თანხასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ ნაწილში შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას. დასკვნის შედეგად შემოწმების აქტით დარიცხული თანხა შემცირდა სულ - 38 137 ლარით, მათ შორის გადასახადი - 25 424 ლარით, ხოლო ჯარიმა - 12 713 ლარით.

მომჩივანი ვერ წარმოადგენს დასახელებული არგუმენტების დოკუმენტურად დადასტურებულ მტკიცებულებებს, რაც მისი არგუმენტების გაზიარების და შესაბამისად საგადასახადო ორგანოს მიერ დასკვნით დადგენილი გარემოებების შეცვლის და შემოწმების აქტით დარიცხული თანხების დამატებით შემცირების საფუძველი გახდებოდა.

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ გადაანგარიშება განხორციელებულია საბჭოს 10.02.2023 წლის №18248/2/2022 გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

დავების განხილვის საბჭოს 10.02.2023 წლის №18248/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადამხდელის საქმიანობაა სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესრულება. აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 2019 წლის პირველი ივნისიდან 2020 წლის პირველ ივლისამდე საანგარიშო პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. საწარმოს ანგარიშვალდებულ პირს შპს-თვის 2019 წლის ივნისის, ოქტომბრის და დეკემბრის თვეებში გადახდილი აქვს 140 120 ლარი. მაშინ როცა (ძველი შემოწმებისთვის) შპს-ს მიერ 2019 წლის 11 სექტემბრის თარიღით წარდგენილი ახსნა-განმარტების მიხედვით, მომჩივნის ვალდებულება, 2019 წლის 1 ივნისის მდგომარეობით შეადგენდა 48 920 ლარს. სხვაობის თანხა 91 200 ლარი, მიჩნეულ იქნა დაქირავებულ პირზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს ასევე დაეკისრა შესაბამისი ჯარიმა. მომჩივნის განმარტებით, მეორე შპს-ს მისაწოდებელი საქონლის სანაცვლოდ, 2017 წლის სექტემბრის თვეში, ავანსის სახით სალაროდან გადაუხადა 105 000 ლარი. თანხის მიმღების მიერ გამოწერილია ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. გადამხდელის მიერ ძველი შემოწმებისთვის წარმოდგენილი ახსნა-განმარტების მიხედვით, შპს-ს მიერ საქონლის მოწოდებას ადგილი არ ჰქონია და გადამხდელს აღნიშნული თანხის ამოღების მიზნით არ მიუმართავს სასამართლოსთვის. გადამხდელის მიერ წარდგენილი ბუღალტრული პროგრამის და დამოწმებული „დებიტორ-კრედიტორების“ შესახებ ინფორმაციის მიხედვით აღნიშნული ნაშთად არ უფიქსირდება. შესაბამისად, შემოწმებით, 105 000 ლარი განხილულ იქნა დაქირავებულ პირზე გაცემულ ხელფასად. მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა შესაბამისი ჯარიმა.

აღნიშნული საბოლოოდ გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭომ 10.02.2023 წლის №18248/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი დააკმაყოფილა ნაწილობრივ. გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 29.05.2023 წლის დასკვნის საფუძველზე შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირდა სულ - 38 137 ლარით, მათ შორის გადასახადი - 25 424 ლარი, ხოლო ჯარიმა - 12 713 ლარით. აღნიშნული დასკვნის საფუძველზე, მომჩივანს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 1.06.2023 წლის №12143 ბრძანება და 2.06.2023 წლის №001-90 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ გადაანგარიშება განხორციელებულია საბჭოს 10.02.2023 წლის №18248/2/2022 გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21), 73(4)(9"ბ"), 101(1), 154(1"ა")(2"ა").