გადაწყვეტილება №19532/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 14.08.2023
№ დოკუმენტი 19532/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 19532/2/2023

19532/2/2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს„----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 16.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------------27.04.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19532/2/2023)

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 1.12.2021 წლის №37144 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 10.11.2022 წლის №022-23 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 7.04.2023 წლის №7626 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 1 273 964 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 536 610

მოგების გადასახადი - (-119 018)

საშემოსავლო გადასახადი - 655 628

ჯარიმა - 402 108

საურავი - 335 246

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2018 წლიდან 1.12.2019 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2021 წლის 8 ივლისის შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციისა და საბუღალტრო პროგრამის დამუშავების შედეგად გაირკვა, რომ ურთიერთდამოკიდებულ პირზე შპს „---------“ გაცემულია სესხი 2018 წლიდან შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის 2 782 645 ლარის ოდენობით (200 000 ლარი დაბრუნებულ იქნა გონივრულ ვადაში). ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, სესხზე დარიცხული პროცენტის გადახდა უნდა მოხდეს ძირითადი თანხის დაფარვასთან ერთად ვადის ბოლოს. ამასთან, შპს „-----------“ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებით, არ უფიქსირდება არანაირი ოპერაცია, არცერთი შეძენა/რეალიზაცია ან რაიმე სხვა სახის ეკონომიკური აქტივობა დაფუძნების დღიდან შესამოწმებელი პერიოდის დასრულებამდე. საგადასახადო შემოწმების მიმდინარეობისას, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი იქნა შპს „-------“ მიერ ფიზიკურ პირებთან გაფორმებული ხელშეკრულებები მიწის წინარე ნასყიდობის თაობაზე და მიღება-ჩაბარების აქტები ნაღდი ფულის გადაცემის შესახებ, რითაც დადასტურდა, რომ ფიზიკურმა პირებმა --------- და ------------ 2018 წლიდან მიიღეს 2 582 645 ლარი. თუმცა, საჯარო რეესტრში აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე ნასყიდობის ხელშეკრულება ან ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება რეგისტრირებული არ არის. მნიშვნელოვანია ასევე, ის ფაქტიც, რომ იმის მიუხედავად, რომ წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებები უკვე გაფორმებული იყო, ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთები მეპატრონეს განთავსებული ჰქონდა სარეალიზაციოდ შესაბამის ელექტრონულ ვებ-გვერდებზე.

შემოწმების მიმდინარეობისას, შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს მიერ ჩატარებული ექსპერტიზით, 2017 წლის 1 მაისის მდგომარეობით (გარიგების დადების მომენტი), აღნიშნული მიწის ნაკვეთების ღირებულება განისაზღვრა 437 000 ლარით, ნაცვლად ხელშეკრულებით გათვალისწინებული 4 599 980 ლარისა. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, შპს „----------“ გაცემული სესხი, რომლის გადახდა მოხდა ფიზიკურ პირებზე, დაკვალიფიცირდა შპს „----------“ მიერ ფიზიკურ პირებზე ფულადი სახსრების უსასყიდლოდ გადაცემად (ჩუქებად). ამასთან, ნაჩუქარ თანხად განისაზღვრა სხვაობა ექსპერტიზით განსაზღვრულ ღირებულებასა და მიღება-ჩაბარების აქტებით ფიზიკურ პირებზე გაცემულ თანხას შორის (3 729 645 – 437 000). იმის გამო, რომ ფიზიკურ პირებზე 2017 წელს გადახდილია უკვე 1 147 000 ლარი, ნაჩუქარ თანხად დაკვალიფიცირდა 2018 წლიდან ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხები სრულად (2 582 645 ლარი). შედეგად, გადასახადის გადამხდელს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 2021 წლის 19 ივლისის №23490 ბრძანება და №022-42 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 1.12.2021 წლის №37144 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, რომლითაც განისაზღვრება უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნის შესწავლა და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, აღნიშნული დასკვნით განსაზღვრული საბაზრო ფასის გათვალისწინებით, დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 1.12.2021 წლის №37144 ბრძანების აღსრულების შედეგად, შემოწმებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას, აღნიშნულზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 25 ოქტომბრის დასკვნა, მის საფუძველზე გამოიცა ამავე დეპარტამენტის 10.11.2022 წლის №022- 23 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 7.04.2023 წლის №7626 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის შინაარსზე, აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადასახადის გადამხდელს, მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულების განსაზღვრის მიზნით, მიეცა წინადადება წარედგინა კომპეტენტური პირის მიერ მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, აღნიშნული დასკვნით განსაზღვრული საბაზრო ფასის გათვალისწინებით განეხორციელებინა დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე წარდგენილი დასკვნის მიხედვით, ქონება შეფასებულია 2021 წლის 15 დეკემბრის მდგომარეობით 1 189 555 ლარად. იმის გათვალისწინებით, რომ გარიგება შედგა 2017 წლის 1 მაისს, ხოლო გადაანგარიშების ეტაპზე წარდგენილი დასკვნის მიხედვით ქონება შეფასებულია 2021 წლის 15 დეკემბრის მდგომარეობით, ამასთან, შემოწმების მიერ გათვალისწინებულ იქნა ურთიერთდამოკიდებული პირის მიერ ფიზიკურ პირებთან გაფორმებული ხელშეკრულებები მიწის წინარე ნასყიდობის თაობაზე და მიღება-ჩაბარების აქტები ფულის გადაცემის შესახებ 1 147 000 ლარის ოდენობით, ნამეტის განსაზღვრის მიზნით დასკვნით დადგენილი ქონების ღირებულების გათვალისწინება არ ახდენს გავლენას შემოწმების შედეგებზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არ დაექვემდებარა კორექტირებას.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას. ამდენად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით განსაზღვრული მოთხოვნა შესრულდა, წარადგინეს დასკვნა, მაგრამ შემოწმებით დარიცხული თანხები აუდიტის დეპარტამენტის მიერ ძალაში დარჩა. აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა და მის საფუძველზე გამოცემული კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში, მაგრამ 2023 წლის 7 აპრილის ბრძანებით მათი საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რასაც არ ეთანხმება და ითხოვს გაუქმებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ შემოწმებით დარიცხული თანხები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში და რომ 1.12.2021 წლის №37144 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, რომლითაც განისაზღვრებოდა უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება. თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნის შესწავლა და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, წარდგენილი დასკვნით განსაზღვრული საბაზრო ფასის გათვალისწინებით, დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 1 დეკემბრის №37144 ბრძანების აღსრულების შედეგად, შემოწმებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას, ხოლო აღნიშნულის საფუძველზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 25 ოქტომბრის დასკვნიდან ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი იქნა ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, 2022 წლის 31 იანვარს კი, აღნიშნულის საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა, რომლის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ქონება შეფასებულია 1 189 555 ლარად 2021 წლის 15 დეკემბრის მდგომარებით, ხოლო გარიგება შედგა 2017 წლის 1 მაისს. ნამეტის (2018 წლიდან ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხები) განსაზღვრისთვის ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი ქონების ღირებულების გათვალისწინება შემოწმების შედეგებზე გავლენას ვერ ახდენდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას.

მომჩივანი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს, მაგრამ არ წარმოადგენს არგუმენტებს რა ნაწილში მიიჩნევს შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 1 დეკემბრის №37144 ბრძანების აღსრულების შედეგებს ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შეუსაბამოდ ან/და რაში მდგომარეობს მისი პრეტენზია გადაანგარიშების საფუძველზე გამოცემულ დასკვნაში აუდიტის დეპარტამენტის მიერ დაფიქსირებული გარემოებების მიმართ, რამაც შედეგად არ გამოიწვია დარიცხული თანხების შემცირება.

საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივნის წარმომადგენელს არ წარმოუდგენია არგუმენტი, პოზიცია აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული ქმედების და შედეგად დარიცხული თანხების არ გადაანგარიშების არამართლზომიერებაზე, აღნიშნა, რომ წარადგინეს ექსპერტიზის დასკვნა, არ მოხდა მისი გათვალისწინება, რადგან წარდგენილი დასკვნით ქონება უფრო დაბალ ფასად შეფასდა, აუდიტორმა გააკეთა ის, რაც შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით ევალებოდა და მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნიათ, მაგრამ მათი პრეტენზია მდგომარეობს იმაში, რომ დღეს სადავო მიწა უფრო მეტი ღირს მისი ადგილმდებარეობის და მოწესრიგებული კომუნალური მდგომარეობის გათვალისწინებით.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა დამატებით განმარტა, რომ გადაანგარიშების ეტაპზე მომჩივნის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ქონება შეფასებულია 2021 წლის 15 დეკემბრის მდგომარეობით 1 189 555 ლარად. იმის გათვალისწინებით, რომ გარიგება შედგა 2017 წლის 1 მაისს, ხოლო წარდგენილი დასკვნის მიხედვით, აღნიშნული პერიოდისთვის გამოდის 1 მლნ ლარამდე, შემოწმებით კი გათვალისწინებულია 1 147 000 ლარის ოდენობით, ანუ იმაზე მეტი, ვიდრე წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნით გამოდიოდა, ამდენად დასკვნით დადგენილი ქონების ღირებულების გათვალისწინება არ ახდენდა გავლენას შემოწმების შედეგებზე და შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არ დაექვემდებარა კორექტირებას.

საქმესთან არსებული მასალების, მხარეთა არგუმენტაციის და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 1 დეკემბრის №37144 ბრძანების აღსრულება განხორციელებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების შესწავლის საფუძველზე, ამდენად, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის 1.12.2021 წლის №37144 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადაანგარიშების ეტაპზე მომჩივნის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ქონება შეფასებულია 2021 წლის 15 დეკემბრის მდგომარეობით 1 189 555 ლარად. იმის გათვალისწინებით, რომ გარიგება შედგა 2017 წლის 1 მაისს, ხოლო წარდგენილი დასკვნის მიხედვით, აღნიშნული პერიოდისთვის გამოდის 1 მლნ ლარამდე, შემოწმებით კი გათვალისწინებულია 1 147 000 ლარის ოდენობით, ანუ იმაზე მეტი, ვიდრე წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნით გამოდიოდა, ამდენად დასკვნით დადგენილი ქონების ღირებულების გათვალისწინება არ ახდენდა გავლენას შემოწმების შედეგებზე და შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არ დაექვემდებარა კორექტირებას.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;302;304(21)