გადაწყვეტილება №25674/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
03 ნოემბერი 2025
N 25674/2/2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ----- (ს/ნ -----)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 16.10.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ----- ს/ნ ----- 18.08.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის N 25674/2/2025).
დავის საგანი:
უარი ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებაზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 27.06.2025 წლის N ID: ----- შესაგებელი;
2. აუდიტის დეპარტამენტის 27.06.2025 წლის N ID: ----- შესაგებელი;
3. შემოსავლების სამსახურის 29.07.2025 წლის N 16856 ბრძანება.
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები:
კომპანიის მიერ 18.06.2025 წელს აუდიტის დეპარტამენტში წარდგენილია გადასახადის გადამხდელის მოთხოვნები ID:----- და ID:-----, რომლითაც გადასახადის გადამხდელი ითხოვს წარმოშობილი ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას. მისი განმარტებით ზედმეტობა წარმოშობილია მიმდინარე წლის აპრილის და მაისის თვეების იმპორტისას გადახდილი დღგ-ის ჩათვლის შედეგად.
აუდიტის დეპარტამენტის 27.06.2025 წლის შესაგებლებით (ID: -----; ID: -----) მომჩივანს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ „მოთხოვნაზე“ არ არის სრულად დართული საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის N 916 ბრძანებით დამტკიცებული „ბიუჯეტის შემოსულობების აღრიცხვა - ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ ინსტრუქციის VI1 თავით განსაზღვრული დოკუმენტები.
აღნიშნული შესაგებლები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 29.07.2025 წლის N 16856 ბრძანებით საჩივრები არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი:
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 63-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 65-ე მუხლზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის N 916 ბრძანებით დამტკიცებულ „სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური, თვითმმართველი ერთეულების, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირების და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების შემოსულობათა აღრიცხვა - ანგარიშგება და ანგარიშსწორების შესახებ“ ინსტრუქციის VI1 თავზე, ამავე ინსტრუქციის 131 მუხლის პირველ პუნქტზე, 135 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტზე, 134 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ სახეზეა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის N 916 ბრძანებით დამტკიცებული „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა - ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ ინსტრუქციის 135 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო შესაგებელი აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია:
კომპანია გადასახადის გადამხდელად და დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 07.02.2024 წელს, ხოლო საქმიანობის სახეს წარმოადგენს სამგზავრო სახმელეთო ტრანსპორტის იმპორტი და რეალიზაცია.
კომპანიის მიერ შემოსავლების სამსახურის RS-პორტალის განცხადებების ველიდან, 18.06.2025 წელს მიმდინარე წლის აპრილის და მაისის თვეებთან დაკავშირებით ატვირთულ იქნა ზედმეტად გადახდილი გადასახადის თანხის დაბრუნების შესახებ ორი განცხადება, რომლის შესახებ 27.06.2025 წელს გამოიცა ხარვეზის (ID:----- ID:-----) წერილი, სადაც უარის თქმის მიზეზად მითითებულია საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის N 916 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის VI1 თავის 135 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი, რომელითაც განსაზღვრულიარომ „მოთხოვნაზე“ არ არის დართული ამ თავით გათვალისწინებული დოკუმენტები, რაც არ შეესაბამება სიმართლეს, ვინაიდან განცხადება ატვირთულია კანონის სრული დაცვით და სრული დოკუმენტაციით.
აღნიშნულიდან გამომდინარე საჭიროდ ჩათვალა საკითხი გასაჩივრებულიყო შემოსავლების სამსახურში, რომლის სადავო ბრძანებით ყოველგვარი განმარტების გარეშე ნახსენებია, რომ ამავე ინსტრუქციის 135 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, „მოთხოვნაზე“ უარის თქმის საფუძველია, თუ „მოთხოვნაზე“ არ არის დართული ამ თავით გათვალისწინებული დოკუმენტები. ის თუ რა დარღვევაა და რა ნაწილშია არასრული განმარტება არ მომხდარა (შენიშვნა: ასევე თანხების დაბრუნებასთან დაკავშირებით ყურადსაღებია შემდეგი გარემოება, კერძოდ, გადასახადის გადამხდელი განმეორებით შეეცადა ზედმეტად გადახდილი თანხების დაბრუნების შესახებ განცხადების გაგზავნას, რა დროსაც მოთხოვნის გაგზავნა უკვე შეუძლებელია სხვა მიზეზით, ვინაიდან ამჟამად მიმდინარეობს დღგ-ის დეკლარაციის ავტომატური დაბრუნების პროცედურის ფარგლებში შესწავლა, რაც თვლის რომ ბუნდოვანია და დამატებით კითხვებს აჩენს თანხების შეგნებულად არ დაბრუნების მხრივ).
საკითხის მეტი სიცხადისთვის საწარმოს მიერ ზედმეტად გადახდილი გადასახადის მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენს 2025 წლის აპრილის თვეში კომპანიის მიერ ----- კოდით არსებული 10 ავტომობილის, ხოლო 2025 წლის მაისის თვეში ----- კოდით არსებული 22 ავტომობილის იმპორტი, რომლის იმპორტისას საქონელზე დარიცხულია დამატებული ღირებულების გადასახადი.
ავტომობილის იმპორტისას გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადის დაბრუნება საწარმოს ბიზნეს საქმიანობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ვინაიდან აღნიშნული თანხებით კვლავ ბიზნეს საქმიანობის გაფართოებას და დაგეგმილი ავტომობილების ახალი პარტიის იმპორტს ხმარდება. შესაბამისად აღნიშნული მოთხოვნის ყოვლად დაუსაბუთებელი მიზეზით უარის თქმა დაუშვებელია და ითხოვს მიეცეს აღნიშნული ფულადი სახსრების ბიზნეს საქმიანობაში რეინვესტირების საშუალება. ასევე აუცილებლობის შემთხვევაში საწარმოს წარმომადგენლობა მზად არის ადგილზე უშუალო აუდიენციისთვის და მეტი დეტალის გაზიარებისთვის, რაც სამწუხაროდ აღნიშნულ ფორმატში არ/ვერ გახდა შესაძლებელი.
დავების განხილვის საბჭო:
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხა აღემატება დარიცხული გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას, საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის საფუძველზე, ამ მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 1 თვისა უბრუნებს გადასახადის გადამხდელს ზედმეტად გადახდილ თანხას.
საგადასახადო კოდექსის 65-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საგადასახადო ორგანო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უსაფუძვლოა, იგი ვალდებულია მოთხოვნის მიღებიდან 20 დღის ვადაში გადასახადის გადამხდელს წარუდგინოს დასაბუთებული შესაგებელი.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის N 916 ბრძანებით დამტკიცებული „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა - ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ ინსტრუქციის IV1 თავის 131 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნების მიზნით გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია მიმართოს საგადასახადო ორგანოს და წარადგინოს „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა“ (შემდგომში - „მოთხოვნა“), რომელსაც უნდა დაურთოს ამ თავით გათვალისწინებული დოკუმენტები.
ამავე ინსტრუქციის IV1 თავის 135 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, „მოთხოვნაზე“ უარის თქმის საფუძველია, თუ „მოთხოვნაზე“ არ არის დართული ამ თავით გათვალისწინებული დოკუმენტები.
აუდიტის დეპარტამენტის 10.09.2025 წლის N ----- წერილით წარმოდგენილი ინფორმაციიდან ირკვევა, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის N 916 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად განხორციელდა კომპანიის მიერ 18.06.2025 წელს საგადასახადო ორგანოში წარდგენილი გპაბ-ზე არსებული ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნის შესწავლა, რომლის მიხედვითაც გადასახადის გადამხდელი განმარტავდა, რომ ზედმეტობა გამოწვეული იყო საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტით შესაბამისად, საქართველოში საქონლის და მომსახურების შეძენისას და საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ-ის ჩათვლის შედეგად. კომპანიას ზემოთ ხსენებული ინსტრუქციის VI1 თავის შესაბამისად, მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი - „მოთხოვნაზე“ არ არის დართული ამ თავით გათვალისწინებული დოკუმენტები.
მომჩივანი განმარტავს, რომ ის თუ რა დარღვევაა და რა ნაწილშია არასრული მის მიერ წარდგენილი „მოთხოვნა“ აუდიტის დეპარტამენტის და შემოსავლების სამსახურის მხრიდან განმარტება არ მომხდარა. საკითხის მეტი სიცხადისთვის განმარტავს, რომ საწარმოს მიერ ზედმეტად გადახდილი გადასახადის მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენს 2025 წლის აპრილის თვეში კომპანიის მიერ ----- კოდით 10 ავტომობილის, ხოლო 2025 წლის მაისის თვეში ----- კოდით 22 ავტომობილის იმპორტი, რომლის იმპორტისას საქონელზე დარიცხულია დამატებული ღირებულების გადასახადი. შესაბამისად, ყოვლად დაუსაბუთებელი მიზეზით უარის თქმა დაუშვებელია და ითხოვს მიეცეს აღნიშნული ფულადი სახსრების ბიზნეს საქმიანობაში რეინვესტირების საშუალება.
საბჭო მიუთითებს მხარეთა არგუმენტაციაზე და სადავო შემთხვევაში არსებული გარემოებების გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, მომჩივნის მიერ წარდგენილი გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის შესრულების ან/და უარის თქმის საფუძვლების არსებობის საკითხი შეისწავლოს მომჩივნის მონაწილეობით და აღნიშნულის გათვალისწინებით, მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 29.07.2025 წლის N 16856 ბრძანება;
3. აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, სადავო საკითხი შეისწავლოს მომჩივნის მონაწილეობით და აღნიშნულის გათვალისწინებით, მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
უარი ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებაზე.
ფაქტობრივი გარემოებები:
ზედმეტობის წარმოშობილია იმპორტისას გადახდილი დღგ-ის ჩათვლის შედეგად. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნების საპასუხოდ, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა შესაგებლები. გადასახადის გადამხდელს უარი ეთქვა ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებაზე. შესაგებლები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, ბრძანებით საჩივრები არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება:
სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, მომჩივნის მიერ წარდგენილი გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის შესრულების ან/და უარის თქმის საფუძვლების არსებობის საკითხი შეისწავლოს მომჩივნის მონაწილეობით და აღნიშნულის გათვალისწინებით, მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
დასაბუთება:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასხადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 63(1);