ბრძანება N 9399
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 9399
01.05.2023
--------- (პ/ნ ------ )
(მის.: --------------)
2023 წლის 6 აპრილის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 21 აპრილის სხდომაზე (ოქმი №43) განიხილა -----ის (პ/ნ -----) №80229/1/2023 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 30 მარტის №EL204642 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმში დაფიქსირებულ ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ 2023 წლის 7 მარტს, კორეის რესპუბლიკაში შეუკვეთა კოსმეტიკური ნაწარმი, შემდგომი გადახდის პირობით.
საფოსტო გზავნილზე საბაჟო ორგანოს მხრიდან ჩატარებული ექსპერტიზის დასრულების შემდგომ - 2023 წლის 30 მარტს შედგა სამართალდარღვევის ოქმი და დაეკისრა ჯარიმა. მომჩივნის განმარტებით, შეცდომა დაშვებულია გადამზიდავი კომპანიის მხრიდან, ვინაიდან ჩამოსული ამანათი მას არ ეკუთვნის და ამ შეცდომის გამო, მომწოდებელი ითხოვს ამანათის უკან დაბრუნებას.
აღნიშნულზე და იმ გარემოებაზე მითითებით, რომ გამწვეულია მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით, ითხოვს სადავო ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 14 მარტს საფოსტო გადამზიდავ შპს „-----“ მიერ (ს/ნ ----), №ნ/გ 2023 წლის 7 მარტის ინვოისის საფუძველზე, №------ საბაჟო დეკლარაცია ფორმა - 4-ით განხორციელდა მომჩივნის კუთვნილი №-----საფოსტო გზავნილის დეკლარირება, რომელსაც გადასახადების ადმინისტრირების სისტემა „oracle“-ს მიერ განესაზღვრა ყვითელი დერეფანი. აღნიშნული დეკლარაცია მებაჟე-ოფიცრის მიერ გადაყვანილ იქნა წითელ დერეფანში. საფოსტო გზავნილის დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა, რომ ამანათში 65 ცალი თვალის კრემის ნაცვლად განთავსებული იყო სხვადასხვა სახის კანქვეშა ინექციები.
№------- ამანათში განთავსებული საქონლის საბაჟო ღირებულების დადგენის მიზნით დაინიშნა სასაქონლო ექსპერტიზა. შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს 2023 წლის 16 მარტის №-----/2023 ექსპერტის დასკვნის მიხედვით საქონლის (ბოტოქსი, ფილერი, კანის მოვლის საშუალებები) საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 2 351.49 აშშ დოლარი.
ვინაიდან, ადგილი ჰქონდა საქონლის შემოტანას საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, გაფორმების ეკონომიკური ზონა „-----“ უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 30 მარტს შედგენილ იქნა №EL204642 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც ------- ს დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 6 089.89 ლარის ოდენობით.
№------- საბაჟო დეკლარაცია ფორმა - 4-ში განხორციელდა ცვლილება და დეკლარაცია არ დასრულებულა.
ამანათში განთავსებული 50 ცალი „metox 100 units“ (ბოტოქსი), სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 2023 წლის 6 აპრილის №REG 2 23 0037290 წერილის თანახმად, წარმოადგენს საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე ფარმაცევტულ პროდუქტს.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლის მიხედვით, პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:
ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;
ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი;
გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები. საქართველოს საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს.
ამავე კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე საკანონმდებლო აქტის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა (გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით ან საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას.
დადგენილია, რომ 2023 წლის 14 მარტს საფოსტო გადამზიდავის მიერ, №----- საბაჟო დეკლარაცია ფორმა-4-ით განხორციელდა ------ის კუთვნილი საფოსტო გზავნილის დეკლარირება. საფოსტო გზავნილის დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა, რომ ამანათში 65 ცალი თვალის კრემის ნაცვლად განთავსებული იყო 2 351.49 აშშ დოლარის საბაჟო ღირებულების სხვადასხვა სახის კანქვეშა ინექციები (ბოტოქსი, ფილერი, კანის მოვლის საშუალებები). შესაბამისად, მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ჯარიმის დაკისრება მართლზომიერია.
საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ ამანათში განთავსებული 50 ცალი „metox 100 units“ (ბოტოქსი), სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 2023 წლის 6 აპრილის №REG 2 23 0037290 წერილის თანახმად, წარმოადგენს საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე ფარმაცევტულ პროდუქტს.
შემოსავლების სამსახური ასევე მიუთითებს საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილზე, რომლის მიხედვით საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.
კანონმდებელი სამართალდამრღვევის მიმართ სანქციის შემცველი ნორმების დადგენის პარალელურად ითვალისწინებს პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შესაძლებლობას, რაც კონკრეტული საფუძვლების განსაზღვრაში გამოიხატა. საბაჟო პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოებებისაგან განსხვავებით პირის მიერ ჩადენილი ქმედება შეიცავს სამართალდარღვევის ყველა ნიშანს, მაგრამ საბაჟო პასუხისმგებლობის კანონიერი საფუძვლის არსებობის მიუხედავად, კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, იგი თავისუფლდება საბაჟო სანქციისგან.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილი პირის საბაჟო სანქციისაგან გათავისუფლებას ითვალისწინებს იმ პირობებში, როცა ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი ცდება, ან არ არის მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი საბაჟო პასუხისმგებლობა გამოიწვია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივანს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში განახორციელოს ამანათში განთავსებული საქონლის რეექსპორტით საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა და საბაჟო დეპარტამენტს წარუდგინოს საქონლის რეექსპორტით საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანის დამადასტურებელი დოკუმენტები. რეექსპორტით საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანის შემთხვევაში სამართალდამრღვევი გათავისუფლდეს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან (საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილით). დანარჩენ ნაწილში საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. -------- (პ/ნ ------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მომჩივანს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში განახორციელოს ამანათში განთავსებული საქონლის რეექსპორტით საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა და საბაჟო დეპარტამენტს წარუდგინოს საქონლის რეექსპორტით საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანის დამადასტურებელი დოკუმენტები;
3. ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შემთხვევაში, მომჩივანი საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს 2023 წლის 30 მარტის №EL204642 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან;
4. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულების შედეგების გათვალისწინებით განახორციელოს შესაბამისი კორექტირება მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
6. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საჩივრის ავტორი ითხოვს სადავო ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
დადგენილია, რომ საფოსტო გადამზიდავის მიერ საბაჟო დეკლარაცია ფორმა-4-ით განხორციელდა მომჩივნის კუთვნილი საფოსტო გზავნილის დეკლარირება. საფოსტო გზავნილის დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა, რომ ამანათში 65 ცალი თვალის კრემის ნაცვლად განთავსებული იყო სხვადასხვა სახის კანქვეშა ინექციები . შესაბამისად, მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ ამანათში განთავსებული 50 ცალი „metox 100 units“ (ბოტოქსი), სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 2023 წლის 6 აპრილის №REG 2 23 0037290 წერილის თანახმად, წარმოადგენს საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე ფარმაცევტულ პროდუქტს.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივანს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში განახორციელოს ამანათში განთავსებული საქონლის რეექსპორტით საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა და საბაჟო დეპარტამენტს წარუდგინოს საქონლის რეექსპორტით საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანის დამადასტურებელი დოკუმენტები. რეექსპორტით საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანის შემთხვევაში სამართალდამრღვევი გათავისუფლდეს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან (საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილით). დანარჩენ ნაწილში საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
13; 70 (1); 163 (1); 168 (1).