გადაწყვეტილება №20760/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20760/2/2023
24 იანვარი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ "-------" )
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,10.11.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "-------"-ის 5.09.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20760/2/2023).
დავის საგანი:
1. სალაროს ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა;
2.გადაზიდვის მომსახურების განხორციელებისთვის კონტრაქტორებზე გადაცემული საწვავის ოდენობის განსაზღვრა და სხვაობის რეალიზებულად განხილვა;
3. გადაზიდვის მომსახურების განმახორციელებელ პირებზე გადაცემული ავტონაწილების და მასალების მიწოდებად განხილვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 6.04.2023 წლის №064-3 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 10.08.2023 წლის №19711 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 243 147 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 138 766
დღგ - 110 235
მოგების გადასახადი - 19 327
საშემოსავლო გადასახადი - 9 204
ჯარიმა - 69 022
საურავი - 35 359
პროცედურული გარემოებები
საწარმოს საქმიანობაა ქვიშა-ხრეშის შეძენა და რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე. ასევე სატრანსპორტო მომსახურების გაწევა და საწვავის (დიზელის) რეალიზაცია. საწარმო დაფუძნდა 28.02.2018 წელს.
აუდიტის დეპარტამენტის 30.03.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.05.2020 წლიდან 1.09.2022 წლამდე პერიოდი.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 6.04.2023 წლის №064-3 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 10.08.2023 წლის №19711 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. სალაროს ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები გადასახადის გადამხდელის განმარტებით საწარმოს შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისსა და ბოლოსთვის არ უფიქსირდება დებიტორული და კრედიტორული დავალიანებები და სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთი.
შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზისა და გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე გაანგარიშდა ფულის ნაშთი 31.08.2022 წლის მდგომარეობით, კერძოდ, სხვაობა შესამოწმებელ პერიოდში მიღებულ შემოსავლებსა და გაწეულ ხარჯებს შორის. შედეგად, 31.08.2022 წლის მდგომარეობით მიღებული იქნა სალაროს ნაშთი 91 869 ლარის ოდენობით. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის გაანგარიშებული სალაროს ნაშთი დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის, 73-ე მუხლის, 101-ე მუხლის პირველი ნაწილის და 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე დირექტორზე გაცემული ხელფასი დაბეგრა გადახდის წყაროსთან 20%-იანი განაკვეთით. ამასთანავე, გადასახადის გადამხდელს შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა გადასახადის შემცირებისთვის.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელის წარმოდგენილი ახსნაგანმარტებით საწარმოს შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისსა და ბოლოსთვის არ უფიქსირდებოდა დებიტორული და კრედიტორული დავალიანებები, ასევე, არც სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმების მიერ გაანგარიშდა ფულის ნაშთი, კერძოდ, გაანგარიშდა სხვაობა შესამოწმებელ პერიოდში მიღებულ შემოსავლებსა და გაწეულ ხარჯებს შორის. შედეგად, 31.08.2022 წლის მდგომარეობით მიღებული იქნა სალაროს ნაშთი 91 869 ლარის ოდენობით. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის გაანგარიშებული სალაროს ნაშთი დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან 20%-იანი განაკვეთით.
ამასთან, გადასახადის გადამხდელი საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემმოწმებლის მიერ არ იქნა გათვალისწინებული შესყიდვის აქტებით შეძენილი საქონლის ღირებულება 39 001 ლარი ხარჯვის ნაწილში (წარმოდგენილია შესყიდვის აქტები). შესაბამისად არ იქნა შემცირებული სალაროს ნაშთი. სალაროში ნაშთის არსებობის ნაწილში შესყიდვის აქტები ხარჯებში უნდა იქნას გათვალისწინებული და შესაბამისად სალაროს ნაშთი შემცირდეს 9 024 ლარით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს:
ა) მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა;
ბ) სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისსა და ბოლოსთვის არ უფიქსირდება დებიტორული და კრედიტორული დავალიანებები და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი. შესამოწმებელ პერიოდში მიღებულ შემოსავლებსა და გაწეულ ხარჯებს შორის სხვაობით 31.08.2022 წლის მდგომარეობით მიღებული იქნა სალაროს ნაშთი 91 869 ლარის ოდენობით.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, შესყიდვის აქტები ხარჯვით ნაწილში გათვალისწინებულია, ვინაიდან აღნიშნული ნაწილები და მასალები შემოწმების შედეგად განხილულია მიწოდებად.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ ვინაიდან განკარგვადი თანხების შესახებ საგადასახადო ორგანოსთვის ინფორმაცია/დოკუმენტაცია წარდგენილი არ არის, აღნიშნული თანხის სახელფასო განაცემად ჩათვლა მართლზომიერია და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. გადაზიდვის მომსახურების განხორციელებისთვის კონტრაქტორებზე გადაცემული საწვავის ოდენობის განსაზღვრა და სხვაობის რეალიზებულად განხილვა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შესამოწმებელ პერიოდში საწარმო ახორციელებს გადაზიდვის მომსახურებას დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე ქვიშა-ხრეშისა და საწვავის, კერძოდ დიზელის რეალიზაციას. წარმოდგენილი ახსნა-განმარტებით 1.05.2020 წლის და 1.09.2022 წლის მდგომარეობით საწარმოს არ აქვს დებიტორული და კრედიტორული დავალიანებები და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი. შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელს საგადასახადო ორგანოსთვის არ წარუდგენია საქართველოს ფინანსთა მინისტრის 18.04.2011 წლის №230 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციით განსაზღვრული წესით შედგენილი საწვავის ჩამოწერის აქტები, ამასთანავე, არ მიუწოდებია ინფორმაცია მის მიერ გაწეული ტრანსპორტირების მომსახურებაზე (შესრულებული რეისების რაოდენობა, ტრანსპორტირების დაწყებისა და დასრულების ადგილი, რეისების შესრულების თარიღი).
გამომდინარე იქიდან, რომ ძირითად შემთხვევებში ქვიშა-ხრეშის რეალიზაციას ახლავს გადაზიდვის მომსახურების გაწევაც, რაც მოიაზრება სარეალიზაციო ფასში, შემოწმების მიერ განხორციელდა ტრანსპორტირების პირობით გამოწერილი სასაქონლო ზედნადებების ანალიზი. კერძოდ, ტრანსპორტირების დაწყებისა და დასრულების ადგილებს შორის მდებარე მანძილზე გაანგარიშდა სასაქონლო ზედნადებში მითითებული სატვირთო მანქანის მიერ გახარჯულ საწვავის ოდენობა (მათ შორის ხარჯვის ნორმის განსაზღვრისას გათვალისწინებული იქნა მანქანის დატვირთულობის დონე, კერძოდ დატვირთულ მანქანაზე საშუალოდ გამოყენებული იქნა 60 ლიტრი 100 კმ-ზე, ხოლო დაუტვირთავ მანქანასთან მიმართებაში ხარჯვის ნორმა საშუალოდ 28 ლიტრი 100 კმ-ზე). სხვაობა შესამოწმებელ პერიოდში შეძენილ და რეალიზებულ და გამოწერილი სასაქონლო ზედნადებების მიხედვით ჩამოწერილ დიზელის მოცულობებს შორის განხილული იქნა საწვავის მიწოდებად. საგადასახადო კოდექსის 49-ე და 73-ე მუხლების, 1.01.2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის, 1.01.2021 წლიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა მიწოდებად განხილული საწვავის სარეალიზაციო თანხით (გაანგარიშებული გადამხდელის მიერ საწვავის რეალიზაციისას დაფიქსირებული ფასნამატის გამოყენებით). ამასთან, საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით, შეეფარდა ჯარიმა გადასახადის შემცირებისთვის.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, მე-2 მუხლის მე2 ნაწილზე, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.
საწვავის მიწოდებად განხილვასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმების შედეგად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, შემოწმების პროცესში გადამხდელს არ წარუდგენია საწვავის ჩამოწერის აქტები და ინფორმაცია მის მიერ გაწეული ტრანსპორტირების მომსახურებაზე. ზემოაღნიშნულის საფუძველზე, შემოწმების მიერ განხორციელდა ტრანსპორტირების პირობით გამოწერილი ზედნადებების ანალიზი. კერძოდ, ტრანსპორტირების დაწყებისა და დასრულების ადგილებს შორის მდებარე მანძილზე გაანგარიშდა ზედნადებში მითითებული სატვირთო მანქანის მიერ გახარჯული საწვავის ოდენობა. შედეგად, შესამოწმებელ პერიოდში შეძენილ, რეალიზებულ და გამოწერილი ზედნადებების მიხედვით ჩამოწერილ დიზელის მოცულობებს შორის სხვაობა შემოწმების მიერ განხილული იქნა საწვავის მიწოდებად და საწვავის სარეალიზაციო თანხით გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, საწვავის სარეალიზაციო ფასი განსაზღვრულია გადამხდელის მიერ საწვავის რეალიზაციისას დაფიქსირებული ფასნამატის მიხედვით.
ავტონაწილების მიწოდებად განხილვასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით საწარმოს სახელზე სატრანსპორტო საშუალებები რეგისტრირებული არ არის და სატრანსპორტო მომსახურებებს გადამხდელს უსრულებს როგორც ფიზიკური პირები, ისე ტრანსპორტიორი კომპანიები. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პირები ამავდროულად გადაზიდვის მომსახურებას უწევენ სხვა პირებსაც. საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს შეძენილი აქვს საბურავები, აკუმულატორები, ძრავის ზეთები და სხვადასხვა ავტონაწილები. ამასთან, საწარმოს მიერ ავტომობილთან დაკავშირებული მასალების რეალიზაციის შემთხვევებიც ფიქსირდება. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმების მიერ ავტონაწილები და სხვა მსგავსი მასალები განხილულ იქნა მიწოდებულად და მათი ღირებულებით გაიზარდა საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტის დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხებთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემმოწმებლის მიერ დიზელის საწვავის ჩამოწერისა და რეალიზაციაში ჩათვლით დღგ-ით დაბეგვრის ნაწილში არასწორად იქნა გაანგარიშებული საწვავის ხარჯვა, კერძოდ დატვირთულ მანქანაზე გამოყენებული იქნა 60 ლიტრი 100 კმ-ზე, ხოლო დაუტვირთავ მანქანასთან მიმართებაში ხარჯვის ნორმად ჩათვალა საშუალოდ 28 ლიტრი 100 კმ-ზე. სხვაობა მიღებულ, რეალიზებულ და სასაქონლო ზედნადებებით გამოწერილს შორის ჩათვალა რეალიზებულად და დაბეგრა დღგ-ით 46 708 ლარით, ასევე ფასნამატის დარიცხვის პროცენტი არასწორად იქნა გაანგარიშებული.
დიზელის საწვავის ნაწილში სწორად უნდა მოხდეს დღგ-ის გაანგარიშება და შესაბამისად შემცირდეს დარიცხული ძირითადი თანხა 46 708 ლარი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ საწარმო ახორციელებს გადაზიდვის მომსახურებას, ასევე ქვიშა-ხრეშისა და დიზელის რეალიზაციას. 1.05.2020 წლის და 1.09.2022 წლის მდგომარეობით საწარმოს არ აქვს დებიტორული და კრედიტორული დავალიანებები და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი. გადასახადის გადამხდელმა არ წარადგინა საწვავის ჩამოწერის აქტები, ასევე ინფორმაცია მის მიერ გაწეული ტრანსპორტირების მომსახურებაზე.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, საწვავის ხარჯვა განსაზღვრული იქნა პირველად საგადასახადო დოკუმენტებში დაფიქსირებულ გადაზიდვის პუნქტებს შორის მანძილის გათვალისწინებით, ხოლო საწვავის ხარჯვის ნორმებად გამოყენებულია სხვა გადასახადის გადამხდელის აუდირებული მონაცემები, სადაც თავის მხრივ ნორმები დადგენილი იყო სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით.
საქმეში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულია მართლზომიერად. ამასთან, ვინაიდან მომჩივნის მიერ არ იქნა წარდგენილი ინფორმაცია მის მიერ გაწეული ტრანსპორტირების მომსახურებაზე და ასევე, კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად შედგენილი საწვავის ჩამოწერის აქტები, გახარჯული და რეალიზებული საწვავის ოდენობა შემოწმების მიერ განისაზღვრა ხელთ არსებული მონაცემების საფუძველზე მართლზომიერად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.
3. გადაზიდვის მომსახურების განმახორციელებელ პირებზე გადაცემული ავტონაწილების და მასალების მიწოდებად განხილვა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
საწარმოს ახორციელებს გადაზიდვის მომსახურებას დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე ქვიშა-ხრეშისა და საწვავის, კერძოდ დიზელის რეალიზაციას. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით სატრანსპორტო საშუალებები საწარმოს სახელზე რეგისტრირებული არ არის. სატრანსპორტო მომსახურებების შესასრულებლად კი გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება გადაზიდვის მომსახურებების მიღება ცალკეულ შემთხვევებში ფიზიკური პირებისგან, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში სხვა ტრანსპორტიორი კომპანიებისგან. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პირები ამავდროულად გადაზიდვის მომსახურებას უწევენ სხვა პირებს. შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს შეძენილი აქვს საბურავები, აკუმულატორები, ძრავის ზეთები და სხვადასხვა ავტონაწილები. ამასთანავე მას უფიქსირდება, ავტომობილთან დაკავშირებული მასალების რეალიზაციის შემთხვევები. შემოწმებამ, საგადასახადო კოდექსის 49-ე და 73-ე მუხლების გათვალისწინებით, საწარმოს მიერ შეძენილი ავტონაწილები და მასალები განიხილა მიწოდებულად და 1.01.2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის, ხოლო 1.01.2021 წლიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად მიწოდებად განხილული ავტონაწილებისა და მასალების ღირებულებით გაზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ამასთან, საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე შეეფარდა ჯარიმა გადასახადის შემცირებისთვის.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურის არგუმენტაცია მითითებულია მე-2 დავის საგნის ნაწილში.
მომჩივნის არგუმენტაცია
საწარმო ახორციელებს გადაზიდვის მომსახურებას, კერძოდ ქვიშა-ხრეშის და სხვა მასალების გადაზიდვას, ვინაიდან საწარმოს საკუთარ სახელზე არ ჰყავს რეგისტრირებული სატვირთო მანქანა სამუშაოს შესასრულებლად დაქირავებული ჰყავს გადამზიდავი კომპანიები, ცალკეულ შემთხვევაში ფიზიკური პირები (მცირე მეწარმეები) ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეძენილი აქვს საბურავები, აკუმულატორები, ძრავის ზეთები და სხვა ავტონაწილები, რომლებიც გამოყენებული იქნა მომსახურების გამწევი ავტომანქანების გასამართად ხელშეკრულების შესაბამისად, რომელიც შემმოწმებლის მიერ თანხით 294 795 ლარი ჩათვლილი იქნა რეალიზებულად და დაბეგრა დღგ-ით 53 063 ლარი, რაც არ შეესაბამება რეალობას.
გადაზიდვის მომსახურებასთან დაკავშირებით საბურავების, აკუმულატორებისა და სხვა ავტონაწილების რეალიზაციაში ჩათვლის ნაწილში დარიცხული დღგ-ის თანხა, 53 063 ლარი უნდა გაუქმდეს. სადავო საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილია დოკუმენტაცია.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ მომჩივანი ახორციელებს გადაზიდვის მომსახურებას, ასევე ქვიშა-ხრეშისა და დიზელის რეალიზაციას. სატრანსპორტო საშუალებები საწარმოს სახელზე რეგისტრირებული არ არის. სატრანსპორტო მომსახურებების შესასრულებლად გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება გადაზიდვის მომსახურებების მიღება ფიზიკური და იურიდიული პირებისგან. აღნიშნული პირები ამავდროულად გადაზიდვის მომსახურებას უწევენ სხვა პირებს. მომჩივანს შეძენილი აქვს საბურავები, აკუმულატორები, ძრავის ზეთები და სხვადასხვა ავტონაწილები. ასევე, უფიქსირდება, ავტომობილთან დაკავშირებული მასალების რეალიზაციის შემთხვევები.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, მომჩივანს ავტოსატრანსპორტო საშუალებები იჯარით აღებული არ ჰქონდა, გაფორმებული იყო გადაზიდვის მომსახურების ხელშეკრულებები, სადაც დაფიქსირებული იყო, რომ სატრანსპორტო საშუალებები გამართულ მდგომარეობაში უნდა ჰქონოდა მომსახურების გამწევს. ასევე, აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებები ფიქსირდება სხვა კომპანიების გადაზიდვებშიც. ამ პირობების გათვალისწინებით, ჩაითვალა, რომ მომჩივნის მიერ შეძენილი ავტონაწილები და მასალები არის რეალიზებული. ასევე, მომჩივანს უფიქსირდებოდა ავტონაწილების და მასალების დოკუმენტური რეალიზაცია. ის დოკუმენტები, რაც მომჩივანმა საჩივარზე დაურთო, წარმოდგენილი იყო შემოწმების დროსაც და გათვალისწინებულია ხარჯვით ნაწილში.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია არსებული გარემოებების გათვალისწინებით, კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.მომჩივანი მიჩნევს,რომ შემმოწმებლის მიერ არ იქნა გათვალისწინებული შესყიდვის აქტებით შეძენილი საქონლის ღირებულება.შესაბამისად არ იქნა შემცირებული სალაროს ნაშთი. სალაროში ნაშთის არსებობის ნაწილში შესყიდვის აქტები ხარჯებში უნდა იქნას გათვალისწინებული და შესაბამისად სალაროს ნაშთი შემცირდეს.
2.მოჩივანი მიჩნევს ,რომ დიზელის საწვავის ნაწილში სწორად უნდა მოხდეს დღგ-ის გაანგარიშება და შესაბამისად შემცირდეს დარიცხული ძირითადი თანხა.
3.მომჩივანი თვლის,რომ გადაზიდვის მომსახურებასთან დაკავშირებით საბურავების, აკუმულატორებისა და სხვა ავტონაწილების რეალიზაციაში ჩათვლის ნაწილში დარიცხული დღგ-ის თანხა უნდა გაუქმდეს.
ფაქტობრივი გარემოებები
1.შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის გაანგარიშებული სალაროს ნაშთი დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.დირექტორზე გაცემული ხელფასი დაბეგრა გადახდის წყაროსთან 20%-იანი განაკვეთით. ამასთანავე, გადამხდელს შეეფარდა ჯარიმა გადასახადის შემცირებისთვის.
2.შესამოწმებელ პერიოდში საწარმო ახორციელებს გადაზიდვის მომსახურებას დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე ქვიშა-ხრეშისა და საწვავის, კერძოდ დიზელის რეალიზაციას. წარმოდგენილი ახსნა-განმარტებით 1.05.2020 წლის და 1.09.2022 წლის მდგომარეობით საწარმოს არ აქვს დებიტორული და კრედიტორული დავალიანებები და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი. შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელს საგადასახადო ორგანოსთვის არ წარუდგენია საქართველოს ფინანსთა მინისტრის 18.04.2011 წლის №230 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციით განსაზღვრული წესით შედგენილი საწვავის ჩამოწერის აქტები, ამასთანავე, არ მიუწოდებია ინფორმაცია მის მიერ გაწეული ტრანსპორტირების მომსახურებაზე.გამომდინარე იქიდან, რომ ძირითად შემთხვევებში ქვიშა-ხრეშის რეალიზაციას ახლავს გადაზიდვის მომსახურების გაწევაც, რაც მოიაზრება სარეალიზაციო ფასში, შემოწმების მიერ განხორციელდა ტრანსპორტირების პირობით გამოწერილი სასაქონლო ზედნადებების ანალიზი. კერძოდ, ტრანსპორტირების დაწყებისა და დასრულების ადგილებს შორის მდებარე მანძილზე გაანგარიშდა სასაქონლო ზედნადებში მითითებული სატვირთო მანქანის მიერ გახარჯულ საწვავის ოდენობა.
სხვაობა შესამოწმებელ პერიოდში შეძენილ და რეალიზებულ და გამოწერილი სასაქონლო ზედნადებების მიხედვით ჩამოწერილ დიზელის მოცულობებს შორის განხილული იქნა საწვავის მიწოდებად.შესაბამისად, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა მიწოდებად განხილული საწვავის სარეალიზაციო თანხით.მომჩივანს შეეფარდა ჯარიმა გადასახადის შემცირებისთვის.
3.შემოწმებამ, საგადასახადო კოდექსის 49-ე და 73-ე მუხლების გათვალისწინებით, საწარმოს მიერ შეძენილი ავტონაწილები და მასალები განიხილა მიწოდებულად,მიწოდებად განხილული ავტონაწილებისა და მასალების ღირებულებით გაზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ამასთან, მოჩივანს შეეფარდა ჯარიმა გადასახადის შემცირებისთვის.
გადაწყვეტილება
1.საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ ვინაიდან განკარგვადი თანხების შესახებ საგადასახადო ორგანოსთვის ინფორმაცია/დოკუმენტაცია წარდგენილი არ არის, აღნიშნული თანხის სახელფასო განაცემად ჩათვლა მართლზომიერია და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
2.საბჭო მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.
3.საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია არსებული გარემოებების გათვალისწინებით, კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
73(5,9),101,136,159,161.