ბრძანება N 20369

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 17.08.2023
№ დოკუმენტი 20369
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული ვალის მართვის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 20369

17 აგვისტო 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს "------" (ს/ნ "-------" )

(იურ. მის:"-------" )

2023 წლის 20 ივლისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 28 ივლისის სხდომაზე (ოქმი №79) განიხილა შპს "-------" (ს/ნ "-------") №124131/01 (№CA00412309657643) საჩივარი, რომელიც ეხება ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 6 ივლისის №21-17/54756 გადაწყვეტილებას.

 

გადასახადის გადამხდელის არგუმენტაცია:

გადამხდელი განმარტავს, რომ განცხადებით მიმართა შემოსავლების სამსახურს და ითხოვა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით კონკრეტულ ქონებებზე საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების რეგისტრაციის გაუქმება. ვალის მართვის დეპარტამენტის სადავო გადაწყვეტილებით უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. წერილში არ არის რაიმე მითითება გადაწყვეტილების დასაბუთებაზე და აღნიშნულია მხოლოდ საკანონმდებლო ნორმები, რომელთა საფუძველზეც ხდება საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გავრცელება და გაუქმება.

გადამხდელის მიერ მიმართულ იქნა "-----"-ის საქალაქო სასამართლოსთვის რეაბილიტაციის გზით გადახდისუუნარობის პროცესის დაწყების და მოვალის მართვაში დატოვების მოთხოვნით. ამავე სასამართლოს 2022 წლის 5 აგვისტოს განჩინებით შპს „------- - ის “ განცხადება დასაშვებად იქნა ცნობილი და საწარმოს მიმართ გაიხსნა რეაბილიტაციის რეჟიმი. რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცების თაობაზე "------"-ის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 10 მაისის №2/2458-22 განჩინებით დამტკიცებულ იქნა შპს „------- - ის “ რეაბილიტაციის გეგმა და განჩინება განთავსდა საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში. აღნიშნული რეაბილიტაციის გეგმით გათვალისწინებულია შემოსავლების სამსახურის, როგორც კრედიტორის, კრედიტორული მოთხოვნის დაკმაყოფილების საკითხი. აღსანიშნავია, რომ რეაბილიტაციის გეგმა დამტკიცებულია შემოსავლების სამსახურის მონაწილეობით და განსაზღვრულია კონკრეტული კრედიტორული მოთხოვნის ოდენობა, რომლის დაფარვაც განხორციელდება 2024 წლის იანვრის თვიდან. შემოსავლების სამსახურის კრედიტორულ მოთხოვნას, რომლის დაფარვასაც ითვალისწინებს დამტკიცებული გეგმა, წარმოადგენს 363277.56 ლარი (საურავების/ჯარიმის გამოკლებით). დამტკიცებული გეგმა სავალდებულოა შესასრულებლად

გადასახადის გადამხდელი საჩივარში მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 და მე-12 მუხლებზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლზე და ასევე რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 85-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ უნდა შეფასებულიყო გირავნობის/იპოთეკის უფლების კონკრეტულ ქონებებზე გაუქმების შემთხვევაში კვლავ იქნებოდა თუ არა შემოსავლების სამსახურის კრედიტორული მოთხოვნა უზრუნველყოფილი, აგრეთვე, მოცემულ შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა თუ არა დასახული მიზნის, კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების, მიღწევა. უზრუნველყოფა ხდება მხოლოდ დავალიანების ფარგლებში, ხოლო მოცემულ შემთხვევაში მოთხოვნას წარმოადგენს აღნიშნული დავალიანების ოდენობის გარდა, დანარჩენი ღირებულების ქონებაზე გირავნობის/იპოთეკის უფლების მოხსნა. შესაბამისად, განცხადებაში მითითებულ ქონებებზე უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება არ იწვევს არანაირ ცვლილებას შემოსავლების სამსახურისთვის, ვინაიდან მისი მოთხოვნა კვლავ უზრუნველყოფილი რჩება. უზრუნველყოფის ღონისძიებების სრულ ქონებაზე გავრცელება, ფაქტობრივად, ხელს უშლის რეაბილიტაციის გეგმის განხორციელებასა და დასახული მიზნის, კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიაჩნია, რომ მიღებული გადაწყვეტილება არის არამართლზომიერი, იგი უნდა გაუქმდეს და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გავრცელება უზრუნველყოფილ იქნეს შემოსავლების სამსახურის კრედიტორული მოთხოვნის ფარგლებში, იმ ქონებაზე, რომელთა საერთო ღირებულება რელევანტურია მოთხოვნის ოდენობასთან.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების თანახმად, შპს "-------"-ს (ს/ნ "-------") 2013 წლის 28 ნოემბრის მდგომარეობით ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება - ნარჩენი 56503.64 ლარი, საურავი 16294.76 ლარი და ზედმეტობა 55158.90 ლარი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე, 2013 წლის 28 ნოემბრის №007-28557 შეტყობინებით შპს "-------"-ს (ს/ნ "-------") მთელ ქონებაზე დარეგისტრირდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება.

შპს "-------"-ის (ს/ნ "-------") მიერ ვალის მართვის დეპარტამენტში წარდგენილ იქნა 2023 წლის 14 ივნისის №"-------" განცხადება, რომლითაც გადამხდელი ქონების ნაწილზე ითხოვდა გირავნობა/იპოთეკის გაუქმებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

გადამხდელის მოთხოვნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, რაზეც განმცხადებელს პასუხი ეცნობა ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 6 ივლისის №"-------"წერილით.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების თანახმად, 2023 წლის 28 ივლისის მდგომარეობით (ნაერთი ინფორმაციის მიხედვით) გადამხდელს ერიცხება საგადასახადო დავალიანება 713565.76 ლარი (მათ შორის, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის ბარათზე - 119717.65 ლარი).

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით.

მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 23-ე ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო დავალიანება არის გადასახადის გადამხდელის მიერ დადგენილ ვადაში გადაუხდელი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხასა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას შორის სხვაობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:

ა) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა;

ბ) მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა;

გ) ქონებაზე ყადაღის დადება;

დ) ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია;

ე) საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა;

ვ) გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება;

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების რიგითობას ირჩევს საგადასახადო ორგანო, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანების გაუქმებასთან ერთად უქმდება მისი გადახდევინების უზრუნველსაყოფად დაწყებული ამ თავით გათვალისწინებული ნებისმიერი ღონისძიება, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არის სახელმწიფოს უფლება, საგადასახადო დავალიანების გადახდევინება უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის, სხვა ვალდებული პირის ქონებიდან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის უფლება წარმოიშობა საგადასახადო დავალიანების წარმოშობასთან ერთად და მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან და ვრცელდება საგადასახადო დავალიანების ფარგლებში, პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე (გარდა ლიზინგით მიღებულისა), საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის შემდეგ შეძენილი ქონების ჩათვლით. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გამოყენება შესაძლებელია ამ კოდექსის 265-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის მე-7 ნაწილით, ამ თავით გათვალისწინებული ღონისძიებები შეიძლება გაუქმდეს:

ა) საქართველოს ფინანსთა მინისტრის ან შემოსავლების სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით;

ბ) ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში − საგადასახადო ორგანოს უფროსის გადაწყვეტილებით. ამასთანავე, ამ კოდექსის 239-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიება არ შეიძლება გააუქმოს საგადასახადო ორგანოს უფროსმა, თუ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების მიზნით პირის ქონება დატვირთულია საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გირავნობის/იპოთეკის უფლების გაუქმება წარმოადგენს შემოსავლების სამსახურის დისკრეციულ უფლებას, რომლის გამოყენებაც განსახილველ შემთხვევაში მიზანშეწონილად არ იქნა მიჩნეული.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ სადავო გადაწყვეტილება გამოცემულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს "-------"-ის (ს/ნ "-------") საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანს მიაჩნია, რომ მიღებული გადაწყვეტილება არის არამართლზომიერი, იგი უნდა გაუქმდეს და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გავრცელება უზრუნველყოფილ იქნეს შემოსავლების სამსახურის კრედიტორული მოთხოვნის ფარგლებში, იმ ქონებაზე, რომელთა საერთო ღირებულება რელევანტურია მოთხოვნის ოდენობასთან.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე,მომჩივანის მთელ ქონებაზე დარეგისტრირდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება.

გადამხდელის მიერ ვალის მართვის დეპარტამენტში წარდგენილ იქნა განცხადება, რომლითაც გადამხდელი ქონების ნაწილზე ითხოვდა გირავნობა/იპოთეკის გაუქმებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

გადამხდელის მოთხოვნა იპოთეკის უფლების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, რაზეც განმცხადებელს პასუხი ეცნობა ვალის მართვის დეპარტამენტის წერილით.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ სადავო გადაწყვეტილება გამოცემულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

238(1,7)