გადაწყვეტილება №18515/2/2022
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№18515/2/2022
02.02.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: "-------" (ს/ნ ---------)
მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 2.02.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება "-------" 24.12.2022, 30.12.2022 და 26.01.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივრებზე (რეგისტრაციის №18515/2/2022; №18577/2/2022; №18719/2/2023; №18720/2/2023).
დავის საგანი:
საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრების მართლზომიერება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 18.04.2022 წლის NCAR0075964; 19.05.2022 წლის NCAR0088903; 17.06.2022 წლის NCAR0093603; 19.07.2022 წლის NCAR0100842 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები;
2. შემოსავლების სამსახურის 19.12.2022 წლის №003627; 28.12.2022 წლის №003655; 11.01.2023 წლის №003695 და №003696 ბრძანებები.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 400 ლარი.
ფაქტების აღწერა
მომჩივანმა საინფორმაციო ბარათში არასწორად ასახა ინფორმაცია წარსადგენი დეკლარაციების შესახებ (მარტის, აპრილის, მაისის და ივნისის თვის საანგარიშო პერიოდზე მონიშნა - წარსადგენი დეკლარაცია (საშემოსავლო (გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადი), არ წარადგინა დეკლარაცია), რაც ჩაითვალა „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 111 მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების დარღვევად.
აღნიშნულზე მომჩივანს 18.04.2022 წლის NCAR0075964; 19.05.2022 წლის NCAR0088903; 17.06.2022 წლის NCAR0093603 და 19.07.2022 წლის NCAR0100842 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმებით დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა თითოეულზე 100 ლარის ოდენობით.
სამართალდარღვევის ოქმები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 19.12.2022 წლის №003627; 28.12.2022 წლის №003655; 11.01.2023 წლის №003695 და №003696 ბრძანებებით საჩივრები არ 2 დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, საგადასახადო კოდექსის 67-ე მუხლის მე-4 ნაწილით, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 111 მუხლის მე-7 პუნქტით, საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 269-ე მუხლის პირველი ნაწილით, 270-ე მუხლის პირველი ნაწილით და 291-ე მუხლით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, დასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივნის განმარტებით, ავადმყოფობის გამო 2021 წლის პირველი იანვრიდან შეწყვიტა საქმიანობა (საქმიანობის შეწყვეტაზე დაწერა განცხადება, რაც დააკმაყოფილა შემოსავლების სამსახურმა). არ იცოდა, აღნიშნული გარემოების შემდეგ თუ კვლავ იყო საჭირო დეკლარაციის გადაგზავნა.
მომჩივანი უთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ითხოვს სამართალდარღვევის ოქმის და მის საფუძველზე განხორციელებული დარიცხვის გაუქმებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „თ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით, ასევე შეასრულოს საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი სხვა ვალდებულებები.
საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის თანახმად, პირის მიერ ამ კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა, რისთვისაც ამავე კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა, მაგრამ არ არის განსაზღვრული ჯარიმის ოდენობა, იწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 111 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელი (გარდა უმოქმედო გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირისა და ფიზიკური პირისა, რომელიც არ არის მეწარმე ფიზიკური პირი) შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე ვალდებულია შეავსოს გადასახადის გადამხდელის საინფორმაციო ბარათი
ამავე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია, არაუგვიანეს შესაბამისი საანგარიშო პერიოდის ბოლო რიცხვისა გადასახადის გადამხდელის საინფორმაციო ბარათში ასახოს ინფორმაცია იმ დეკლარაციის შესახებ (განახორციელოს შესაბამისი მონიშვნა), რომლის წარმოდგენის ვალდებულება წარმოეშობა მიმდინარე საანგარიშო პერიოდის მიმართ. იმ შემთხვევაში, თუ პირს არ გააჩნია საინფორმაციო ბარათში ასახული დეკლარაციის წარმოდგენის ვალდებულება, იგი ვალდებულია საინფორმაციო ბარათში ასახოს აღნიშნული ინფორმაცია (გააუქმოს შესაბამისი მონიშვნა) ან შესაბამის საანგარიშო პერიოდში საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დეკლარაცია, რომლის საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი თანხა ნულის ტოლია.
ვინაიდან საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მომჩივანი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებები, საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ აღნიშნული ინსტრუქციის 111 მუხლის მოთხოვნათა შეუსრულებლობით, მომჩივანმა არ შეასრულა საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვალდებულება, რაზეც ამავე კოდექსის 291-ე მუხლით გათვალისწინებულია შესაბამისი სანქცია.
გასაჩივრებულ გადაწყვეტილებებში არ არის მსჯელობა მომჩივნის არგუმენტებზე. ამასთან, გადასახადის გადამხდელი არ ყოფილა დაბარებული შემოსავლების სამსახურში საჩივრების განხილვისას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
„დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები“.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებები უნდა გაუქმდეს და საჩივრები ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და
გადაწყვიტა:
1. საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 19.12.2022 წლის №003627; 28.12.2022 წლის №003655; 11.01.2023 წლის №003695 და №003696 ბრძანებები და საჩივრები ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.