გადაწყვეტილება №24198/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 27.11.2024
№ დოკუმენტი 24198/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

№24198/2/2024

27 ნოემბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს ,,---“ (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 22.11.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს --- ს 27.10.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24198/2/2024).

 

დავის საგანი:

1. დღგ-ის დეკლარაციებში აუსახავი ოპერაციების დაბეგვრა;

2. ურთიერთდამოკიდებულ ფიზიკურ პირზე მიწის სანაცვლოდ გადახდილი თანხის (რომელიც აჭარბებდა მიწის საბაზრო ღირებულებას) ფიზიკური პირის მიერ მიღებულ ფულად სარგებლად განხილვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 26.07.2024 წლის №021-61 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 18.09.2024 წლის №20509 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 79 267,47 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 43 362

დღგ - 22 845

საშემოსავლო გადასახადი - 20 517

ჯარიმა - 21 006

საურავი - 14 899,47

 

პროცედურული გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის 28.06.2024 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2021 წლიდან 1.01.2024 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 26.07.2024 წლის №021-61 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 18.09.2024 წლის №20509 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. დღგ-ის დეკლარაციებში აუსახავი ოპერაციების დაბეგვრა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

კომპანიის მიერ წარდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციისა (მ.შ. საბანკო ამონაწერები, ხელშეკრულებები, შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტები, გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და სხვა) და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების შესწავლით დადგინდა, რომ საწარმოს შესრულებული აქვს სხვადასხვა სამუშაო იურიდიულ პირებზე, მათ შორის სახელმწიფო ტენდერების ფარგლებში, თუმცა სრულად არ აქვს ასახული წარდგენილ დღგ-ის დეკლარაციებში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებს შორის გამოვლენილ სხვაობაზე საწარმოს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 168-ე მუხლის პირველ ნაწილზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე. შემოწმებით დადგენილია, რომ საწარმოს შესრულებული აქვს სხვადასხვა სამუშაო იურიდიულ პირებზე, მათ შორის სახელმწიფო ტენდერების ფარგლებში, თუმცა სრულად არ აქვს ასახული წარდგენილ დღგ-ის დეკლარაციებში. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ დღგ-ში საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი არ ეთანხმება დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ არასწორია შემოსავლების სამსახურის განმარტება, რომ თითქოსდა კომპანიის მიერ წარდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციისა (მ.შ. საბანკო ამონაწერები, ხელშეკრულებები, შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტები, გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და სხვა) და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებით საწარმოს არა აქვს ასახული წარდგენილ დღგ-ის დეკლარაციებში გადარიცხული თანხები. საწარმოს მიერ წარდგენილი იქნა ყველა გადარიცხვა, რომელზედაც დღგ-იც იყო გათვალისწინებული და აღრიცხული, რატომ ვერ ნახა აღნიშნული შემოსავლების სამსახურმა გაუგებარია.

 

2. ურთიერთდამოკიდებულ ფიზიკურ პირზე მიწის სანაცვლოდ გადახდილი თანხის (რომელიც აჭარბებდა მიწის საბაზრო ღირებულებას) ფიზიკური პირის მიერ მიღებულ ფულად სარგებლად განხილვა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შემოწმების ხელთ არსებული სააღრიცხვო დოკუმენტაციით (მათ შორის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერები, ხელშეკრულება და სხვა დოკუმენტაცია) დადგინდა, რომ კომპანიას 8.06.2022 წლის ხელშეკრულების საფუძველზე შეძენილი აქვს 1 500 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ ----) 89 000 ლარად (1 კვ.მ. 59.33 ლარად). ამასთან, გამყიდველს წარმოადგენს საწარმოს ურთიერთდამოკიდებული პირი, კერძოდ, კომპანიის დირექტორის და ერთპიროვნული დამფუძნებლის ---ის მამა - ---. შემოწმების პროცესში მოკვლეულ იქნა იმავე ტერიტორიაზე ანალოგიური კატეგორიის მქონე მიწის ნაკვეთის საბაზრო ფასი.

დადგინდა, რომ საშუალოდ 1 კვ.მ. მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება შეადგენდა 4.62 ლარს. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განხორციელებულ ოპერაციას მისი ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეეცვალა კვალიფიკაცია და ურთიერთდამოკიდებულ ფიზიკურ პირზე მიწის სანაცვლოდ გადახდილი თანხა, რომელიც აჭარბებდა მიწის საბაზრო ღირებულებას, საგადასახადო კოდექსის 103-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ჩაითვალა ფიზიკური პირისთვის ---თვის ხელზე მიღებულ ფულად სარგებლად, რაც საგადასახადო კოდექსის 79-ე, მე-80, 81-ე და 154-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. მომჩივანს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, მე-18 მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებზე, მე-11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-19 მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 103-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 101-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე. შემოწმებისთვის არსებული სააღრიცხვო დოკუმენტაციით (მათ შორის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერები, ხელშეკრულება და სხვა დოკუმენტაცია) დადგინდა, რომ კომპანიას 2022 წლის 8 ივნისის ხელშეკრულების საფუძველზე შეძენილი აქვს 1 500 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 89 000 ლარად (1 კვ.მ. 59.33 ლარად). ამასთან, გამყიდველს წარმოადგენს საწარმოს ურთიერთდამოკიდებული პირი, კერძოდ, კომპანიის დირექტორის მამა ----.

შემოწმებამ მოიკვლია იმავე ტერიტორიაზე ანალოგიური კატეგორიის მქონე მიწის ნაკვეთის საბაზრო ფასი, რის შედეგადაც დადგინდა, რომ საშუალოდ 1 კვ.მ. მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება შეადგენდა 4.62 ლარს. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით, ურთიერთდამოკიდებულ ფიზიკურ პირზე მიწის სანაცვლოდ გადახდილი თანხა, რომელიც აჭარბებდა მიწის საბაზრო ღირებულებას, წარმოადგენს ფიზიკური პირის სარგებელს და მისი გადახდის წყაროსთან დაბეგვრა მართლზომიერია, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახურმა ისე დაადგინა 1 კვ.მ.-ის ღირებულება 4,62 ლარად, არ გამოუკვლევია მისი საბაზრო ფასი, არ შეუსწავლია და არ დაუნიშნია რეალურად ექსპერტიზა, მაშინ როცა შპს „---ის“ ქონების შეფასების საექსპერტო დასკვნის მიხედვით კვ.მ. მიწის ნაკვეთის ღირებულება არის 65 ლარი (ხელშეკრულების დადების პერიოდისათვის). შესაბამისად ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება ჯერ თანხის დარიცხვის და შემდეგ საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ არის უკანონო.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხებთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვა განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობის გარეშე. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხები საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 18.09.2024 წლის №20509 ბრძანება;

3. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. დღგ-ის დეკლარაციებში აუსახავი ოპერაციების დაბეგვრა;

2. ურთიერთდამოკიდებულ ფიზიკურ პირზე მიწის სანაცვლოდ გადახდილი თანხის (რომელიც აჭარბებდა მიწის საბაზრო ღირებულებას) ფიზიკური პირის მიერ მიღებულ ფულად სარგებლად განხილვა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმებით დადგინდა, რომ საწარმოს შესრულებული აქვს სხვადასხვა სამუშაო იურიდიულ პირებზე, მათ შორის სახელმწიფო ტენდერების ფარგლებში, თუმცა სრულად არ აქვს ასახული წარდგენილ დღგ-ის დეკლარაციებში. დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებს შორის გამოვლენილ სხვაობაზე საწარმოს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

შემოწმების ხელთ არსებული სააღრიცხვო დოკუმენტაციით დადგინდა, რომ კომპანიას შეძენილი აქვს 1 500 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 89 000 ლარად (1 კვ.მ. 59.33 ლარად). ამასთან, გამყიდველს წარმოადგენს საწარმოს ურთიერთდამოკიდებული პირი, კერძოდ, კომპანიის დირექტორის და ერთპიროვნული დამფუძნებლის მამა. შემოწმების პროცესში მოკვლეულ იქნა იმავე ტერიტორიაზე ანალოგიური კატეგორიის მქონე მიწის ნაკვეთის საბაზრო ფასი.

დადგინდა, რომ საშუალოდ 1 კვ.მ. მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება შეადგენდა 4.62 ლარს. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განხორციელებულ ოპერაციას მისი ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეეცვალა კვალიფიკაცია და ურთიერთდამოკიდებულ ფიზიკურ პირზე მიწის სანაცვლოდ გადახდილი თანხა, რომელიც აჭარბებდა მიწის საბაზრო ღირებულებას, საგადასახადო კოდექსის 103-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ჩაითვალა ფიზიკური პირისთვის ხელზე მიღებულ ფულად სარგებლად.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხები საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 (1, ბ).